არაჯანსაღი კონკურენცია და შოთა ჟვანიას მიერ წამოწყებული ომი პირადი ანგარიშსწორების საფუძველზე
სატრანსპორტო კომპანია CAREXPRESS FORWARDER 2007 წელს დაფუძნდა. ის ერთი წელია, უკონკურენტოდ მუშაობს ტრანსპორტის ლოგისტიკის სფეროში. ამ მცირე დროში კომპანიამ ბაზრის 80 პროცენტის მოპოვება შეძლო. ის ემსახურება ავტომობილების საკონტეინერო გადაზიდვებს იაპონიიდან საქართველოში და ამ მიმართულებით CAREXPRESS FORWARDER პირველია ქვეყნის ბაზარზე. კომპანიის წარმატებით მუშაობაზე უამრავი ფაქტორი მეტყველებს, მათ შორის: კლიენტის მომსახურების მაღალი ხარისხი, მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებით, სანდო პარტნიორობა, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ხარისხის მუდმივი შიდა კონტროლი. კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნოს ტვირთების გეოგრაფიულ კოორდინატებს და აწარმოოს ჩანაწერები შესრულებული სამუშაოების მიხედვით.
ბოლო პერიოდში, CAREXPRESS-ის თანადამფუძნებელმა შოთა ჟვანიამ, რომლის კომპანიაც კონკურენციას უწევს CAREXPRESS FORWARDER-ს, არაკეთილსინდისიერი თამაში წამოიწყო. ომი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, აბსურდული ბრალდებებისა და არაადეკვატური მხილებების ფონზე მიმდინარეობს. კონკურენტის მიერ წამოწყებული დაპირისპირება CAREXPRESS FORWARDER-ის სახელის შელახვას ისახავს მიზნად. „უკანონო გადარიცხვები“, „ფულის გათეთრება“ და „შეთქმულების თეორია“ საუკეთესო გზაა კონკურენტის ჩასაძირად.
CAREXPRESS-ის დირექტორი შოთა ჟვანია, ცოლ-ქმრის – დავით ჯეჯელავასა და თამარ გვარაძის უკანონო საქმიანობის შესახებ პირადი „ფეისბუქის“ გვერდიდან იუწყება; იქვე საუბრობს დავით ჯეჯელავას მიერ თამარ გვარაძის კომპანიაში გადარიცხულ მილიონობით დოლარზე, მაგრამ, შოთა ჟვანიას ყურადღებიდან რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებსაც მისი ბრალდებების უტყუარობაში ეჭვი შეაქვს:
1. დავით ჯეჯელავა და თამარ გვარაძე ქორწინებაში არ იმყოფებიან, მათ მხოლოდ საერთო შვილები ჰყავთ;
2. კომპანია CAREXPRESS FORWARDER 2007 წელს დაარსდა და არა 2014 წელს – ამ ინფორმაციას შოთა ჟვანია ავრცელებს ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას;
3. თუ დავით ჯეჯელავას მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, როგორც შოთა ჟვანია ამბობს, იმავე დანაშაულისთვის სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული თამარ გვარაძის მიმართაც. თამარ გვარაძესთან დაკავშირებით კი სამართალმდაცველებს არანაირი ბრალდება არ გააჩნიათ.
რამდენიმე დღეა, შოთა ჟვანია საეჭვო წარმომავლობის ინტერნეტ-პორტალებისა და სპეციალურად შეძენილი მედიასივრცის გამოყენებით ინტენსიურ დარტყმას აყენებს მთავარ კონკურენტს – CAREXPRESS FORWARDER-ს. მას არ შესწევს ჯანსაღი კონკურენციის უნარი და ამიტომ, სხვადასხვა ხრიკით ცდილობს კომპანიის ჩაძირვას. მისი მთავარი მიზანი კომპანიის სახელის შელახვა და ყოფილ ცოლ-ქმართან პირადი ანგარიშსწორებაა... ზუგდიდიდან ახალჩამოსული შოთა ჟვანია დავით ჯეჯელავასთან თავდაპირველად რიგით თანამშრომლად მუშაობდა, მაშინ დავითი CAREXPRESS-ის ერთპიროვნული მმართველი იყო. შოთა ჟვანიამ, შანტაჟის შედეგად, კომპანიის 49 პროცენტი გადააფორმებინა დავითს თავის სახელზე: ის დავითს ფოტოებით ემუქრებოდა და ჰპირდებოდა, რომ, თუ კომპანიის წილს მიიღებდა, მაშინ ფოტოებსაც გაანადგურებდა. მიუხედავად თავისი სურვილის დაკმაყოფილებისა, სწორედ ეს სურათები გახდა დავით ჯეჯელავას ოჯახის დანგრევის მიზეზი. თამარ გვარაძემ, უკვე მარტომ, 2007 წელს დაარსებული საკუთარი კომპანია ისევ აღადგინა და დაარქვა CAREXPRESS FORWARDER. შესაბამისად, ამ კომპანიასთან დავით ჯეჯელავას არანაირი შეხება არ აქვს, რაც შოთა ჟვანიას ბრალდებებს ნათლად გამორიცხვას. ამ ეტაპზე, შოთა ჟვანიას წილი CAREXPRESS-ში დაყადაღებულია სასამართლოს მიერ, რადგან დავით ჯეჯელავამ შეიტანა სარჩელი უსასყიდლოდ გადაფორმებული წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
კიდევ არსებობს პირადი მიზეზი, რის გამოც შოთა ჟვანია დავით ჯეჯელავას უპირისპირდება. ეს საკითხი შოთა ჟვანიას პირად ცხოვრებას ეხება და ამიტომ ამ საკითხის განხილვისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ, თუმცა, ბოლოს ყველაფერს მაინც პირად ანგარიშსწორებამდე მივყავართ და არა ჯანსაღ კონკურენციამდე...
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს CAREXPRESS FORWARDER-ის დამფუძნებელი თამარ გვარაძე: „უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებიც ჩვენთან, CAREXPRESS FORWARDER-თან თანამშრომლობენ.
ბოლო პერიოდში სრულიად უსაფუძვლოდ ვრცელდება დაუსაბუთებელი ინფორმაციები, თითქოს CAREXPRESS FORWARDER გაკოტრების ზღვარზეა და ვეღარ ემსახურება თავის მომხმარებლებს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი კომპანია წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებასა და წინსვლაზე.
რაც შეეხება კომპანიის მიმართ ცრუ ინფორმაციას, ის მიზანმიმართულად ვრცელდება კონკურენტი ფირმებისა და კერძო პირების მიერ, რათა კომპანიას სახელი შეელახოს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში მივმართავთ სასამართლოს, კერძოდ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების შედეგად მოყენებული ზიანის ასანაზღაურებლად“.