როგორ გადაარჩინა ეკატერინე გაბაშვილმა განადგურებას ახლად დაბადებული ნაძალადევის უბანი
ვაკე, საბურთალო, ვერა, ოქროყანა, სოფელი თხინვალა – გაბაშვილების მამულების ნუსხაში შედიოდა. გაბაშვილების საცხოვრებელი სახლი რუსთაველზე, როგორც მაშინ უწოდებდნენ გოლოვინის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ადგილას იდგა. ამ სახლში ცხოვრობდა გლახაკთა ქომაგი, დღესაც საყვარელი, გამორჩეული, ცნობილი მწერალი ეკატერინე გაბაშვილი. გაბაშვილი მისი მეუღლის გვარი გახლდათ. თვითონ თარხნიშვილის ქალი იყო, დაბადებული 1851 წელს ქალაქ გორში.
ეკატერინეს მამა – რევაზ თარხნიშვილი (თარხან-მოურავი) ლიბერალურ თავად-აზნაურობას განეკუთვნებოდა. დამთავრებული ჰქონდა პირველი გიმნაზია. იყო სასამართლოს მდივანი, შემდეგ – ვექილი. დედა – სოფიო ბაგრატიონი-დავითაშვილისა, კეთილშობილი ქალბატონი, ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ეკატერინე მაშინ 5 წლის გახლდათ. ამის შემდეგ ეკატერინესა და მისი ძმის აღზრდა დიდედა ბაბალემ (დედის მხრიდან) იტვირთა. ის მეტად ანჩხლი და მძიმე ხასიათის ქალბატონი ყოფილა. წინააღმდეგი იყო ქალის ფართო განათლებისა. მიაჩნდა, რომ ეკატერინესთვის მხოლოდ წერა-კითხვის შესწავლა და დიასახლისობა საკმარისი იყო. სულ სხვა აზრის გახლდათ ამასთან დაკავშირებით, ეკატერინეს მამა, რომელიც არ შეეპუა სიდედრის აზრს და 7 წლის ეკატერინე გორში, პოლკოვნიკ ფავლენიშვილის ქვრივს მიაბარა სასწავლებლად. მან ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ წერა-კითხვა და რამდენიმე ლოცვა შეასწავლა გოგონას. ამის შემდეგ პატარა კატო თბილისში ჩამოიყვანეს და ჯერ გერმანულ სკოლაში მიაბარეს, ხოლო, როდესაც 12 წლის შეიქნა, მადამ ფავრის ცნობილ პანსიონში განაგრძო სწავლა. იმ დროისთვის ეს მეტად ცნობილი პანსიონი გოლოვინის პროსპექტზე მდებარეობდა.
1868 წელს ეკატერინე გორში ბრუნდება. უსახსრობისა და უცხოეთში გამგზავრებისთვის საჭირო სახსრების უქონლობის გამო, მან უმაღლესი განათლება ვერ მიიღო, თუმცა ეწეოდა თვითგანათლებას. 17 წლის ასაკში ეკატერინემ მასწავლებლობა დაიწყო. ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას.
ერთ დღეს, თბილისში ყოფნისას, წერეთლის ოჯახში „კაცია ადამიანის” საჯარო კითხვაზე, რომელსაც ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ესწრებოდა, ეკატერინემ გაიცნო ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე გაბაშვილი. ეკატერინე მაშინვე მოიხიბლა ალექსანდრეს საქმიანი კილოთი. ისინი დაახლოვდნენ. მალე მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. სიყვარულით შეიქმა მათი ოჯახიც... ალექსანდრესა და ეკატერინეს 11 შვილი შეეძინათ – 7 ვაჟი და 4 ქალი. ჩანს, ისეთი არ აღმოჩნდა გათხოვილი ქალის ცხოვრება, როგორც ეს გათხოვებამდე წარმოედგინა ეკატერინე გაბაშვილს. მომავალში ის დაწერს: „დღიდან გათხოვებისა, დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთილშობილური ზრახვანი. ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა.“
შვილები გაზარდა... ამის პარალელურად, ეწეოდა საზოგადო საქმეს. 1895 წელს, თბილისში, თავის სახლში მან მოაწყო ქალთა ხელსაქმის (ჭრა-კერვის) ხუთწლიანი სკოლა, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. სკოლა შეწირულობით არსებობდა და ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო საგნებსაც. „მე, იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას უძახიან და რომელიც შთანთქავს ხშირად დედაკაცის სულიერ არსებობას, პატარა ჭუჭრუტანა გავუკეთე და იქიდან მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას,” – ამბობდა ის. სკოლაში მოღვაწეობის გარდა, ეკატერინე გაბაშვილი გახლდათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, აწყობდა საქველმოქმედო ბაზრობებს, მონაწილეობდა ბიბლიოთეკის გახსნაში, წერდა მოთხრობებს. ეკატერინე გაბაშვილის პოპულარობას ხელი შეუწყო საბავშვო ჟანრის შემოქმედებამ, რომელიც გამთბარია ბავშვების უსაზღვრო სიყვარულით. მოთხრობაში მწერალს მრავალი აღმზრდელობითი ამოცანა აქვს დასმული და გადაჭრილი. ეკატერინე გაბაშვილის სახელთანაა დაკავშირებული ერთი მეტად მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჟანრის, მცირე მოთხრობის, ანუ ნოველის დამკვიდრება ქართულ მწერლობაში.
1911 წლის პირველ მაისს, ცნობილ ქართველსა და საზოგადო მოღვაწეს სალიტერატურო და საზოგადო მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადეს. პირადად აკაკიმ გამოიყვანა ამ საღამოზე ეკატერინე საზოგადოების წინაშე. იყო ტაში, მადლიერების გამომხატველი სიტყვები, მილოცვები... სწორედ ამ საღამოზე მიიღო დიდმა მწერალმა ერთი განსაკუთრებული წერილი, რომლის საშუალებითაც ეკატერინე გაბაშვილს ულოცავდა თბილისის დუმა, სათათბირო, თბილისის ქალაქის თავი და თვით გენერალი, კნიაზი არღუნსკიც (ნიკოლოზ არღუთაშვილი). ბოლოში კი აღნიშნავდნენ, რომ კნეინა ეკატერინე გაბაშვილს, დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის განაშენიანებაში. ეკატერინე დააბნია ამ წერილის შინაარსმა. იკითხა კიდეც, მე რა წვლილი მიმიძღვის ქალაქის განაშენიანებაშიო. მის კითხვას ასეთი პასუხი მოჰყვა: სწორედ ეკატერინე გაბაშვილის დამსახურებაა, რომ თბილისში არსებობს ახალი უბანი – ნაძალადევი, როგორც ხშირად ვუწოდებთ ხოლმე შინაურულად, ნახალოვკასო.
საქმე ისაა, რომ ნაძალადევი, სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ნაძალადევად, ყოველგვარი კანონის დარღვევით იყო დასახლებული. ეს დასახლება თბილისში სამსახურის საძიებლად ჩამოსულთაგან დაარსდა, თუ გაჩნდა. „ნახალოვკა” შენდებოდა მახათას მთის ძირიდან და თავდაპირველად, მის მოსახლეთა რაოდენობა 10-12 კომლს შეადგენდა. ბუნებრივია, ქალაქის მთავრობას არ გამოპარვია ამ დასახლების შესახებ და სასწრაფოდ პოლიცია მიავლინა იმ მიდამოებში. პოლიციელებს მოსახლეობა ხელკეტებითა და ცულებით შეიარაღებულები დახვდნენ, გვარიანად მითეთქვეს პოლიციელები და უკუაქციეს. რა თქმა უნდა, ამ ამბავს რეაგირება მოჰყვებოდა. სასწრაფოდ ჩატარდა საქმის განხილვა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო ნახალოვკელთა ბედი. სადავო არაფერი იყო – ეს ხალხი უნდა აეყარათ და ამ გადაწყვეტილებას ხმასაც მისცემდნენ ქალაქის მთავრობის მაშინდელი მესვეურები. ხმის მიცემისას, ფეხზე ადგა ერთ-ერთი „ხმოსანი” და განაცხადა: ერთ პატარა მოთხრობას წავიკითხავ, მომისმინეთ და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებაო. მან წაიკითხა ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „მშიერაძის ოჯახი”, რომელშიც აღწერილი იყო უსახლკარო ოჯახის ამბავი, რომელთაც საკუთარი ძალებით შეიჭედეს მცირე ზომის ქოხი. მოთხრობის დედააზრი კი ის იყო, რომ, როცა ადამიანები კარგები და კეთილები არიან, პატარა ქოხშიც ბედნიერად ცხოვრობენ. მოთხრობის დასრულების შემდეგ, დავა აღარ გაგრძელებულა, ყველამ ერთხმად მიიღო გადწყვეტილება – ჯანდაბას, ნუ ავყრით ამ საწყალ ხალხს. დავადგინოთ სიმბოლური თანხა იმისთვის, რომ მათ სახლის აშენების ნებართვა იყიდონო. ასეც მოხდა. ამის შემდეგ სწრაფად გაიზარდა თბილისის ეს ყველაზე მუშური უბანი. ასე რომ, ეკატერინე გაბაშვილს ნამდვილად მიუძღვის გადამწყვეტი როლი ნაძალადევის არსებობაში.
ისტორიამ გვიჩვენა, რომ სწორედ ეს უბანი შეიქმნა იმ რეჟიმის მესაფლავე, რომელმაც თავის დროზე მას არსებობის უფლება მისცა...
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეკატერინე გაბაშვილს მამულები ჩამოერთვა. მისი ვაჟი – რევაზი ემიგრაციაში წავიდა, თვითონ მწერალი არ დაუპატიმრებიათ – „მაგდანას ლირჯას“ ავტორი ცნობილი პიროვნება იყო. ის ხალხს უყვარდა და მთავრობას ესმოდა, რომ მისი სამაგალითო დასჯა, წითლების რეპუტაციაზე ცუდად აისახებოდა. ესმოდათ ისიც, რომ უკვე მოხუცებული ეკატერინე გაბაშვილი მათთვის ზიანის მომტანი ვერ იქნებოდა. თვალს ხუჭავდნენ იმაზეც, თუ როგორ ამკობდა კარგა-გვარიანად, მთავრობის სახლის წინ გამოსული 86 წლის ეკატერინე გაბაშვილი საბჭოთა ხელისუფლებას.
ასაკის მომატებასთან ერთად, სმენის პრობლემამაც იჩინა თავი. ხშირად ხედავდნენ, როგორ ლაპარაკობდა საკუთარ სიჩუმეში ჩაძირული, ეკატერინე გაბაშვილი გამოცდილი სიმართლით.
საკუთარი სახლის მეორე სართულზე ერთ ოთახში შეყუჟეს ის რძალთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, სახლის დანარჩენ ნაწილში კი სხვები შეასახლეს. ახლა ის ხალხის მტრად ითვლებოდა... ეკატერინე გაბაშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 7 აგვისტოს. ეკატერინეს გარდაცვალებისთანავე, მისი შვილიშვილი და რძალი შორეულ აღმოსავლეთში განაწესა მთავრობამ. ცნობილი მწერალი დასაფლავებული იყო ვაკის სასაფლაოზე, შემდეგში მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.