კატამ „ჩაუშვა“
ბენმა მაშინ გადაწყვიტა ამ სახლის გაქურდვა, როცა დარწმუნდა, რომ მისი მფლობელები ქალაქში არ იმყოფებოდნენ. მას ამაში დარწმუნების თავისი, ორიგინალური მეთოდი ჰქონდა და კვალიფიციური დამხმარეებიც ჰყავდა – ესენი იყვნენ კატები; დიახ, არც მეტი და არც ნაკლები – ოთხფეხა და კუდფუმფულა კატები... ეს პირველი სახლი არ იყო, რომელიც ოსტატურად გაძარცვა. ერთი შეხედვით, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა, მაგრამ, წარმატება ყოველთვის გარანტირებული ჰქონდა. მთავარი კოზირებიც და ოპერაციის სასურველი შედეგით დასრულების გარანტებიც კატები იყვნენ – სწორედ ისინი დებდნენ უტყუარ ინფორმაციას ოჯახის მატერიალური კეთილდღეობისა და სახლის მობინადრეების არყოფნის შესახებ. ბენი ხშირად სეირნობდა მდიდრების უბანში და, რომელი სახლის წინაც დაინახავდა კომპანია „კატების ბედნიერების“ მინი-ვენს, სწორედ იმ სახლს ამოიღებდა მიზანში. ახლა, რაში იყო საქმე: კომპანია „კატების ბედნიერება“ კატების მდიდარ პატრონებს სთავაზობდა სრულ და კომფორტულ სერვისს იმ პერიოდში, როცა ისინი სახლში არ იქნებოდნენ, ანუ, მივიდოდნენ კატასთან, დაბანდნენ, აჭმევდნენ, დაუსუფთავებდნენ იქაურობას და წავიდოდნენ. კომპანიის მომსახურებით მხოლოდ შეძლებული მოქალაქეები სარგებლობდნენ, რადგან, სერვისი იაფი ნამდვილად არ ღირდა. წარმოიდგინეთ, როგორი უზრუნველი ცხოვრება უნდა ჰქონოდა ადამიანს, რომ თავისი ძვირფასი კატუნიასთვის სასათბურე პირობები შეექმნა მაშინაც კი, როცა თავად სახლში არ იმყოფებოდა. მოგეხსენებათ, კატები, ძაღლებისგან განსხვავებით, ცუდი დარაჯები არიან, ჰოდა, ბენიც არაჩვეულებრივად იყენებდა კატების ამ ფრიად „დასაფასებელ“ თვისებას. თვითონ ძაღლი ჰყავდა, ბულდოგი და, როცა საქმეზე მიდიოდა, მანქანაში ტოვებდა. მაგრამ, სწორედ იმ დღეს, როცა ერთ-ერთი სახლის გაქურდვა გადაწყვიტა, ძაღლს რაღაც უცნაური დაემართა – ვერაფრით ვერ გამოიყვანა სახლიდან და, შესაბამისად, ვერც მანქანაში ჩასვა. გაბრაზდა, მაგრამ, ამ დეტალისთვის ყურადღება არ მიუქცევია – იფიქრა, ძაღლსაც აქვს ხასიათიო და მაინც ხალისით გაემართა საქმეზე... მანქანა ერთი ქუჩის მოშორებით გააჩერა და ჯერ დაზვერვაზე წავიდა... სანამ გასაძარცვად შეგულებულ სახლს მიუახლოვდებოდა, გვერდით საპატრულო მანქანამ ჩაუარა... სასწრაფოდ ბოლომდე ჩამოიფხატა შუბლზე ქუდი, რომ სახე უკეთესად დაემალა, თავის დაქნევით მიესალმა და ნაბიჯი შეანელა. ჯერჯერობით ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მიდიოდა. სახლს მიუახლოვდა და ჭიშკარი შეათვალიერა: გალავანი მაღალი არ იყო. ორ ადგილას კი მის პატრონებს პატარა აბრა-განცხადება გაეკრათ: „ფრთხილად, სახლში ავი კატაა!“ გაეცინა. ჩვეულებრივ, ცოტა სხვანაირი შინაარსის აბრები ხვდებოდა: „ფრთხილად, ეზოში ძალიან ავი ძაღლია“, ან – „სახლს კამერებით ვიცავთ“; აქ კი – ავი კატააო... მსგავსი გაფრთხილება ჯერ არსად ენახა. ბენს სერიოზულად არ მიუღია ეს განცხადება. ავი კატა დაუპატიჟებელ სტუმრებს მშვიდად არ მიიღებდა. საუბარი იყო კომპანია „კატების ბედნიერების“ თანამშრომლებზე. ბენი უკან, მანქანასთან დაბრუნდა. ნელი მოძრაობით წამოვიდა და გასაძარცვ სახლს უკნიდან შემოუარა. გალავნის გადასალახავად სულ ორი ნახტომი დასჭირდა. მხიარული აზრები მოსდიოდა თავში. ისიც კი იფიქრა, „კატების ბედნიერებას“ რეკლამა ხომ არ გავუკეთო, ისე კარგად მეხმარება მუშაობაშიო... დაავიწყდა, დილით, სახლიდან ახლად გამოსულმა, როგორი გამეტებით შეიგინა, როცა გზაზე შავმა კატამ გადაურბინა. ცრუმორწმუნე რომ ყოფილიყო, შეიძლება, იმ დღეს ხელიც კი აეღო სახლიდან გამოსვლაზე.
ფანრის წვრილი შუქით ჯერ შესასვლელი გაანათა... ალღოს არ უმტყუნია – სახლიდან ბევრი რამ იყო წასაღები, განსაკუთრებით კი ტელევიზორი მოეწონა. ამას, ალბათ, ჩემთვის დავიტოვებო, – გაიფიქრა. გასაწევი მინის კარი-ვიტრაჟის სიახლოვეს კატისთვის მოწყობილი, კომფორტული კალათა-სათბურა იდო. იქვე იყო წყლისა და საკვების ჯამი. ყველაფერი იდეალურ წესრიგში გახლდათ – „კატების ბედნიერება“ ფულს ტყუილად არ იღებდა... მაგრამ, თავად კატა არსად ჩანდა. ბენს ნაკლებად აღელვებდა ეს ამბავი. ერთბაშად, წარწერა გაახსენდა – „ამ სახლს იცავს ავი კატა“ – და გაიცინა. მაინც, როგორი უცნაურები და გულუბრყვილოები არიან ადამიანები, რას აღარ მოიგონებენო, – გაიფიქრა. ყველა ოთახი რომ შემოიარა და მოსაპარი ნივთები შეაგროვა, გარაჟის კარს დაუწყო ძებნა – ყველაფერი ერთიანად უნდა გაეტანა, მერე ნელ-ნელა ჩაეწყო მანქანაში, მაგრამ, ჯერ მანქანა უნდა შემოეყვანა... ესეც ადვილად მოახერხა. უხმაუროდ გახსნა კარი – ამისთვის სპეციალური ხელსაწყო ჰქონდა. კატა ისევ არსად შეუნიშნავს. თავისი მანქანა უკუსვლით შეაყენა გარაჟში და ნივთების გამოტანა და მათი საბარგულში ჩაწყობა დაიწყო: პორტატული კომპიუტერი, მაგნიტოფონი, მუსიკალური ცენტრი, სამკაული, რამდენიმე სამშვენისი, ტელევიზორი, რომელსაც აუცილებლად თავისთვის დაიტოვებდა... კიდევ იყო რამდენიმე ნივთი, მალევე რომ გაყიდდა და კარგ ფულსაც მისცემდნენ... კმაყოფილმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა ოთახები. გარაჟსა და მისაღებ ოთახებს შორის პატარა ტუალეტი და ვიწრო დერეფანი იყო – გარაჟიდან სახლში შესულს, შეგეძლო, ხელები დაგებანა ან შხაპი მიგეღო და ისე შესულიყავი ბინაში. გადაწყვიტა, ცოტა მოწესრიგებულიყო. დროც ჰქონდა. არ ჩქარობდა. უკვე კარგადაც ჩამობნელდა გარეთ... ხელისცეცებით მოძებნა ონკანი და, ის იყო, წყალი უნდა მოეშვა, რომ, რაღაც ბანჯგვლიანი და მძიმე, პირდაპირ მკერდზე მიახტა. შეშინებაც ვერ მოასწრო წესიერად, რომ კატის ბასრი კლანჭები სახეში ჩაესო. მთელი ხმით იბღავლა, ორივე ხელით მოიგლიჯა კატა სხეულიდან, კედელს მიანარცხა და გარაჟისკენ გაიქცა. მანქანა სწრაფად გამოიყვანა გარაჟიდან და გზაზე გავიდა... პირველივე განათებულ მოსახვევში სარკეში ჩაიხედა... სისხლიანი ნაკვალევი აშკარად ამხელდა მომხდარს. შეიგინა და სიჩქარეს მოუმატა, თან, კატას აგინებდა. ახლა მთავარი იყო, სახლამდე მიეღწია – იქ სახეს მოიბანდა, რამდენიმე დღეში კი ნაკაწრებიც მოურჩებოდა... ერთი კვარტლის შემდეგ, პირდაპირ გზაზე, საპატრულო მანქანა შენიშნა. სიჩქარეს უკლო. ისე უნდა ჩაევლო, რომ პოლიციელებს მისი დაკაწრული სახე არ შეენიშნათ. როგორც კი ოდნავ მიუახლოვდა, სრულიად მოულოდნელად, კატის ავბედითი ჩხავილი გაიგონა, მერე კი მძიმე და ბანჯგვლიანი გორგალი კისერზე დაახტა და ბრჭყალები ჩაასო... ბენმა საჭეს ხელები უშვა, მანქანა ინერციით გავარდა წინ და საპატრულო მანქანას შეასკდა...
როცა ხელბორკილებს ადებდნენ, ბენმა უკან მოიხედა – შეიძლება, თავისი დამტვრეული მანქანის დანახვა სურდა, მაგრამ, დაინახა (ან, იქნებ, მოეჩვენა) მანქანის საბარგულზე ჩამომჯდარი კატა, რომელიც იცინოდა... „ფრთხილად, სახლს იცავს ავი კატა!“ – გაახსენდა წარწერა აბრაზე და ამოიოხრა, მაგრამ, უკვე გვიან იყო...