კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-48(727) 

– კალმარო, შენ ხარ? – მოესმა ოთახში შესულ კალმარს ქალის სასიამოვნო ხმა.

– შენ გარდა ვერავინ იგებს ჩემს მოსვლას, – თქვა კალმარმა და სავარძელში მოკალათებულ ნონა ბუთბას მიაპყრო მზერა, რომელიც „ნაგანის“ ცილინდრს ატრიალებდა.

– კარგი მასწავლებელი მყავდა და ამიტომ, – მიუგო გოგონამ.

– მე კი – კარგი მოსწავლე, – თქვა კალმარმა და დაამატა: – რას იტყვი ჯაფარიძეზე?

– როგორც მამაკაცს, ვერ დაიწუნებ, არც საქციელი ეშლება. პრისტუპნიკს არ ჰგავს.

– პრისტუპნიკია, წყალი არ გაუვა. გადავამოწმე და ზუსტად ვიცი, მაგრამ...

– რაში გეპარება ეჭვი?

– ხომ არ „დაავერბოვკეს“.

– რატომ ფიქრობ ასე?

– იმიტომ, ჩემო გოგონა, რომ დიდ საქმეს მოვკიდეთ ხელი და, თუ ზუსტად არ გვეცოდინება, ვისთან გვაქვს საქმე, ყველას გაგვაბამენ.

– არა მგონია, რომ ნასედკა იყოს.

– ნუ ჩქარობ, ნონა. ხომ გახსოვს, რას გასწავლიდი? – ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან. იმიტომ მიგამაგრე მასთან, რომ კარგად დააკვირდე და გაშიფრო, ხოლო, თუ ნასედკაა, დაბრიდო.

– რუზგენას დაბრედას როდის მიბრძანებ? ერთი სული მაქვს, სანამ მაგ ბოზს შუბლში ტყვიას დავახლი და მამაჩემის აბაროტს ავუღებ, – თქვა ნონა ბუთბამ და „ნაგანის“ ცილინდრი დაატრიალა.

– მაგის დროც მოვა. მანამდე კი თვინიერი გოგონას როლის თამაში განაგრძე და თავი არ გაამჟღავნო.

– არ გავამჟღავნებ, – მტკიცედ თქვა გოგონამ.

– ჯერ კიდევ საჭიროა ეგ ბოზი, – დიდი ძალა ჰყავს და, რომ მოვიშოროთ, საქმე ჩაგვეშლება. თანაც, ჯერ კიდევ ადრეა შენთვის ჩოჩიანის ადგილის დაკავება.

– გეთანხმები, – მიუგო ნონამ კალმარს და დაამატა: – კალმარო, ჩოჩიანმა მამაჩემი რატომ მოკლა?

– კონკურენციის გამო. დომარისა და დაურის სახელები მთელ აფხაზეთში ჰქუხდა, რუზგენს კი პირველობა უნდოდა, მამაშენს თბილისში შეხვედრა დაუნიშნა და ვერაგულად მოკლა.

– ბიძაჩემიც რუზგენმა მოკლა?

– აი, ეგ კი მეც არ ვიცი, თუმცა, არაა გამორიცხული. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, დაურიც რუზგენის მოკლული უნდა იყოს, მაგრამ, მკვლელად ჯონდო სარია გამოაცხადეს.

– ყველა იმას ამბობს, ჯონდოს ტყუილად დააბრალესო, – თქვა ნონამ.

– ვიცი, მაგრამ, სწორედ სარია და ბიცოლაშენი დახოცა ბიძაშენმა; სარიას ტყვიით კი დაურია მოკლული. თუ ეს ასე არ იყო, მაშინ, ვერ ვხვდები, ვინ და როგორ შეძლო ამ სცენის დადგმა.

– როგორც ვიცი, ბიცოლა პატიოსანი ქალი იყო და არ იბოზებდა, თანაც, ბიძაჩემის შიშით ვინ გაბედავდა, მის ცოლს შეხებოდა.

– ეგ მეც გამიგია. თუმცა, ვინ იცის? – მხრები აიჩეჩა კალმარმა, – ნონა, ჩემო გოგონა, ნუ ფიქრობ მაგაზე. მთელი ყურადღება გივი ჯაფარიძეზე გადაიტანე და კარგად დააკვირდი. შენი შეფასება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და შენს დასკვნას უნდა დავეყრდნო.

– ვეცდები, კალმარო.

– კარგი, ახლა წადი და გამოიძინე. ხვალ დილის ცხრა საათზე გივი ჯაფარიძე აეროპორტში დაგელოდება.

  – ნახვამდის.

  – ნახვამდის, ჩემო გოგონა, – კალმარმა ნონა ბუთბა კონსპირაციული ბინიდან გაისტუმრა. ერთი საათის შემდეგ კი პოლკოვნიკ პატარიძეს ფუნიკულიორის პლატოზე საკუთარ მანქანაში შეხვდა და ჰკითხა:

– რა ქენი, გამიგე, რაც მინდოდა?

– მხოლოდ ბინის ტელეფონის ნომერი. თუმცა, ნომრის მიხედვით ვაჟა ზვიადაურის საცხოვრებელი რაიონის დადგენაც იოლია. აი, ნომერი, – პოლკოვნიკმა კალმარს ქაღალდზე მიწერილი ნომერი მისცა.

– ცოტაა. მე ბინის მისამართი მჭირდება.

– ტელეფონების წიგნში არც ნომერია დაფიქსირებული და არც მისამართი. ესეც ძლივს გავიგე. კოტე სოხაძე რესტორანში დავპატიჟე და, ტუალეტში რომ გავიდა, ბლოკნოტი გავუჩითე. კინაღამ „დავიწვი“, – თავი იმართლა კადრების განყოფილების უფროსმა.

– ფრთხილად იმუშავე, – შეუღრინა პატარიძეს კალმარმა, – მზად იყავი. მაქსიმუმ სამ კვირაში უსერიოზულესი დავალება უნდა შეასრულო და არ ჩაიჯვა.

– რა დავალება?

– ყველაფერს თავის დროზე გაიგებ, ახლა კი თავისუფალი ხარ.

– ნახვამდის, – თქვა ყურებჩამოყრილმა პატარიძემ და მანქანიდან გადასვლა დააპირა. კალმარმა კი ცინიკურად გაუღიმა, ხელი გაუწოდა და უთხრა:

– ნახვამდის, პოლკოვნიკო. მომავალ შეხვედრამდე!

***

რუზგენ ჩოჩიანისგან წამოსულმა გივი ჯაფარიძემ რამდენიმე მანევრი გააკეთა და რომ დარწმუნდა, არ „აძოვებდნენ“, ჯერ ვაჟა ზვიადაურს ელაპარაკა, შემდეგ კი კონსპირაციულ ბინაში მივიდა და უთხრა:

– როგორ ხარ, შე ძველო?

– შენ?

– ჯიგრულად.

– დააკონკრეტე.

– ხვალ დილით დუშანბეში მივფრინავ.

– მეორე ზახოდზე, ხომ?

– თანაც, როგორზე!

– მაინც?

– ნახევარი მილიონის ტავარი უნდა წამოვიღოთ.

– ყოჩაღ! უკვე თბილა.

– ჯერ ადრეა. არ მენდობიან.

– რას გულისხმობ?

– მეთვალყურე მომიჩინეს.

– მეთვალყურე?

– ჰო. თანაც, როგორი!

– როგორი?

– ჰოლივუდის კინოვარსკვლავს ჰგავს, ისეთი გოგოა.

– ქალია?

– დომარ ბუთბას ქალიშვილი.

– რას მელაპარაკები!

– აბა?! თურმე, ქალი-რემბოა და ტყვიას ტყვიაში აჯენს.

– საიდან სადაო?

– რუზგენ ჩოჩიანს მოუწყვია უმაღლესში და ოთხი ენა იცის.

– რემბო?

– მთის სოფელში გაიზარდა და ბავშვობაში დაამუღამაო.

– ბანდაში რას აკეთებს?

– ერთი შეხედვით, რუზგენის უერთგულესი ადამიანია და მის პირად ბრძანებებს ასრულებს, თუმცა, მთლად მასე არა მგონია.

– მაინც, რას ფიქრობ?

– ჯერ არ ვიცი, უნდა დავაკვირდე.

– ლოგინში გაარკვევ, – გაეცინა ზვიადაურს.

– გამორიცხულია.

– რატომ?

– ქალწულია.

– დასკვნა გიჩვენა?

– ამას დასკვნა არ სჭირდება.

– პატიოსან ქალს ბანდიტებთან რა საქმე აქვს?

– ვფიქრობ, რომ რაღაც მისია აკისრია, მაგრამ, რა – არ ვიცი.

– ხომ არ ართულებ?

– არა.

– ვერსიები?

– თავად ნონაა ჩოჩიანზე მიჩენილი.

– როგორ? ვის მიერ?

– იმის, ვისაც მისი კონტროლი უნდა.

– თუ ჩოჩიანმა შვილივით უპატრონა, ასეთ რამეზე რატომ მოაწერდა ხელს?

– მიზეზი ექნება.

– რა მიზეზი?

– არ ვიცი, მაგრამ, მასე ვფიქრობ. მოკლედ, ეგ გოგო საგულისხმო ვინმეა და ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამ სუსტი არსების მიღმა დაუნდობელი პიროვნება იმალება.

– ხომ არ ნერვიულობ?

– ვნერვიულობ.

– ნერვიულობ?

– რა თქმა უნდა, – გაეღიმა ჯაფარიძეს, – ვგრძნობ, რომ თეა ძალიან ნერვიულობს ჩემ გამო და მეც გადმომედო.

– მაგაზე ნუ იღელვებ, შენები კარგად არიან.

– მიხედე, იცოდე. წავედი, ცოტას წავუძინებ – ცხრაზე აეროპორტში უნდა ვიყო.

– ნახვამდის, – ზვიადაურმა ჯაფარიძე კონსპირაციული ბინიდან გაისტუმრა, ცოტაც მოიცადა და სახლში წავიდა.

ღამის 3 საათი იყო, როდესაც ბინაში შევიდა და ტანსაცმლიანად საწოლზე მიეგდო. ის-ის იყო, უნდა ჩაეთვლიმა, რომ ტელეფონმა დარეკა.

– გისმენთ, – უპასუხა პოდპოლკოვნიკმა.

– გამარჯობა, ამხანაგო ვაჟა, – მოესმა ზვიადაურს მამაკაცის ხმა და მიხვდა, რომ ვიღაც ატყუებდა, რადგან ამ დროს მას არავინ ურეკავდა ხოლმე კოლეგების გარდა, თანაც ისინი შეთანხმებული პაროლით იწყებდნენ საუბარს.

– გაგიმარჯოს.

– კარგად მომისმინეთ, ღია ტექსტით უნდა გელაპარაკოთ.

– წადი, შენი დედაც! აღარ გამაღვიძო, თორემ, გამოგიჭერ და ფეხებით დაგკიდებ! – უღრიალა ზვიადაურმა და ყურმილი დაკიდა, თან მოუთმენლად დაელოდა მორიგ ზარს.

ორიოდე წუთის შემდეგ ტელეფონმა კვლავ დარეკა. ზვიადაურმა კარგა ხანს არ აიღო ყურმილი. შემდეგ ჩაახველა და ნამძინარევი ხმით უპასუხა:

– გისმენთ.

– ამხანაგო ვაჟა, არ დაკიდოთ, მართლა საქმე მაქვს თქვენთან.

– მეტი საქმე არ გაქვს?

– ამხანაგო ვაჟა, სასწრაფო შეტყობინებაა და ღია ტექსტით უნდა მოგახსენოთ.

– გიჟი ხარ?

– არა, მაიორი ფურცელაძე „კაგებედან“.

– გისმენ, მაიორო ფურცელაძე, – ამოიხვნეშა ზვიადაურმა, ვითომ გიჟს ელაპარაკებოდა.

– ამხანაგო ვაჟა, სასწრაფოდ გადაეცით გივი ჯაფარიძეს, რომ ფსკერზე დაწვეს. ჩვენ მას ვერ ვუკავშირდებით.

– კარგი, ფურცელაძე, გადავცემ. ღამე მშვიდობისა, – მიუგო ზვიადაურმა უცნობს, ყურმილი დადო და ჩაილაპარაკა: – „მაგრად არ ენდობა გივის ვიღაცა და ამოწმებს. მაგრამ, ჩემი ტელეფონი საიდან?.. არა უშავს, გივი არ გაიშიფრება“.

ყურმილი დაკიდა კალმარმაც, რომელმაც ზვიადაურს ქუჩის ტელეფონიდან დაურეკა და ჩაილაპარაკა: „ნუთუ მართლა სუფთაა ჯაფარიძე და „ძაღლების” საფარქვეშ არ მუშაობს? ვნახოთ. ამას მაქსიმუმ ერთ თვეში გავარკვევ“.

***

დუშანბე-სოჭი-ბათუმის მეორე ვოიაჟს მესამე მოჰყვა და ნარკოტიკების ტრასა „ამუშავდა“. რუზგენ ჩოჩიანი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო და გივი ჯაფარიძე ძალიან დაიახლოვა. პოდპოლკოვნიკი ვერც ნონა ბუთბამ გაშიფრა. მეტიც, მას ჯაფარიძისადმი სიმპათიები გაუჩნდა და ცდილობდა, თავი მოეწონებინა მისთვის. თუმცა ჯაფარიძე შეგნებულად იჭერდა მასთან დისტანციას და ამით მეტ ინტერესს უღვივებდა თავმოყვარე გოგონას.

– ნონა, ჩემო კარგო, თავი არ დაკარგო და უფრო ყურადღებით იყავი, – უთხრა კალმარმა ერთ-ერთ კონსპირაციულ შეხვედრაზე ნონა ბუთბას. გოგონამ კი მიუგო:

– ხომ იცი, როგორ პატივს გცემ?

– ვიცი.

– ისიც ხომ იცი, რომ ჩემი გაცურება არაა ადვილი?

– ეგეც ვიცი.

– ჰოდა, დამიჯერე – გივი ჯაფარიძე სუფთაა და გამორიცხულია, რომ „ძაღლებზე” მუშაობდეს.

– დარწმუნებული ხარ?

– თავს დავდებ.

– თავს გაუფრთხილდი და ნაჩქარევ დასკვნას ნუ გამოიტან.

– ყველაფერი კარგად გავაანალიზე.

– მაინც ნუ იჩქარებ. ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა და მერე ვილაპარაკოთ.

– ერთ კვირაში მეოთხე ზახოდზე მივემგზავრებით.

– ვიცი, მაგრამ, შეიძლება პაეზდკა არ შედგეს.

– კი მაგრამ, რატომ?

– ვფიქრობ, რომ ზუსტ ინფორმაციას მივიღებ და იმიტომ.

– რა ინფორმაციას?

– ამას მაშინ გეტყვი, როცა მივიღებ. ახლა კი წადი და ყურადღებით იყავი, – კალმარმა ნონა ბუთბა კონსპირაციული ბინიდან გაისტუმრა, ერთი საათის შემდეგ კი პოლკოვნიკ პატარიძეს ჩვეულ ადგილზე შეხვდა და უთხრა:

– მზად ხარ დავალების შესასრულებლად?

– კი.

კალმარმა პატარიძეს საშუალო ზომის ხვეული გადასცა, ათიოდე წუთი ელაპარაკა და ბოლოს უთხრა:

– რამე რომ შეგეშალოს, ყველანი დავიწვებით, ყველაზე მეტად კი შენ დაზარალდები.

– გასაგებია.

– აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ.

პატარიძე კალმარს გამოემშვიდობა და ტაქსით სახლში გაემგზავრა. შემდეგ თავის კაბინეტში ჩაიკეტა და კალმარის მიცემული ყუთი გახსნა. პოლკოვნიკმა შიგთავსი ფრთხილად ამოალაგა და დილამდე უკირკიტებდა, მერე ყველაფერი კვლავ ყუთში ჩააბრუნა, შეფუთა და სამსახურში წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსი დილის ცხრის ნახევარზე მივიდა სამსახურში. სანამ კაბინეტში შევიდოდა, მას მინისტრის მოადგილე კოტე სოხაძე შეხვდა.

– ცხრაზე თათბირია და არ დააგვიანო, – უთხრა კოტემ პოლკოვნიკს და გზა განაგრძო.

პატარიძე კაბინეტში ჩაიკეტა, ყუთიდან ორი ცალი წებოვანი, საშლელისოდენა პლასტმასისგან დამზადებული მოწყობილობა ამოიღო და ჯიბეში დამალა, ყუთი კი სეიფში ჩაკეტა და კაბინეტის კარი გააღო. ცხრას რომ ხუთი წუთი აკლდა, კაბინეტიდან გამოვიდა და ოპერატიულ თათბირზე გაემართა.

ზუსტად ცხრა საათზე მერაბ გამრეკელი კაბინეტში შევიდა, თითოეულ თანამშრომელს ხელი ჩამოართვა და თათბირი დაიწყო.

პატარიძე დაძაბული იყო და მუხლები უკანკალებდა. თან, მალულად უყურებდა ვაჟა ზვიადაურს, რომელიც ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა. პატარიძემ მთელი ნებისყოფა მოიკრიბა, ჯიბიდან ჯერ ერთი მოწყობილობა ამოაცურა და ჩუმად მიაკრა მაგიდის ქვეშ, შემდეგ მეორე და, უცებ დამშვიდდა...

– ამხანაგებო, თათბირი დასრულებულია, თავისუფლები ხართ! – გამოაცხადა მერაბ გამრეკელმა და დაამატა: – პოდპოლკოვნიკი ზვიადაური დარჩეს. საქმე მაქვს!

ყველანი რომ წავიდნენ და მინისტრის კაბინეტში ვაჟა ზვიადაური და მერაბ გამრეკელი დარჩნენ, გენერალმა პოდპოლკოვნიკს უთხრა:

– საქმე როგორ მიდის, ვაჟა?

– კარგად, ამხანაგო გენერალო. გივი ხვალ მეოთხე ვოიაჟს ატარებს, – ცხელა. უკვე მივუახლოვდით მიზანს და ოპერაცია გადამწყვეტ ფაზაში შედის. – მიუგო გამრეკელს ზვიადაურმა. 

– ესე იგი, მეტი თავსატეხი გაგვიჩნდება და მეტი მობილიზება გვმართებს.

– სრულად მობილიზებულები ვართ, ბატონო მერაბ. ყველა ჩემმა თანამშრომელმა იცის, თუ როდის, რა უნდა გააკეთოს და ისეთი ქსელი გავაბით, რომ ბანდის ვერც ერთი წევრი ვერ დააღწევს თავს სასჯელს. ისე მოულოდნელად და სუფთად ავყრით, რომ დახველებასაც ვერ მოასწრებენ.

– ეს ყველაფერი ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე უნდა მოხდეს.

– თავისთავად.

– მე სხვა რამეს ვგულისხმობ.

– რას? – ვერ მიხვდა ზვიადაური.

– მორფინას.

– თქვენ, ალბათ, მორფინას თავიდან მოშორებას და ნარკოარხის ხელში ჩაგდებას გულისხმობთ.

– კი, – დაუდასტურა მინისტრმა და ჰკითხა, – ამ მომენტს როგორ გაანეიტრალებთ?

– ეს ეპიზოდი ჩვენი ოპერაციის ყველაზე ბუნებრივი და დამაჯერებელი მომენტია და ჩოჩიანს მორფინას მკვლელობას ავაცილებთ.

– როგორ?

– მორფინას თურქი ჩამოჰყვება, ვითომდა სტუმრად და მორფინა გულაობის დროს დაიღუპება.

– ვითომ და თურქი ნარკომოვაჭრე, გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომელი იქნება. მაგრამ, მორფინას დაღუპვის მომენტი ვერ გავიგე, – სიტყვა გააწყვეტინა გენერალმა ზვიადაურს.

– მორფინა იახტაზე გულაობისას, შუა ღამით, შუა ზღვაში მთვრალი ჩავარდება და დაიხრჩობა. სინამდვილეში კი მას ჩვენი მყვინთავები გაიყვანენ სამშვიდობოზე. გვამს, რა თქმა უნდა, ვერ იპოვიან და მორფინა ამგვარად გავა თამაშიდან.

– გონებამახვილურია, – გაეცინა მინისტრს, – შემდეგ?

– შემდეგ, თურქ ნარკომოვაჭრეებთან დამაკავშირებელი მთვარი რგოლი გივი გახდება. თურქი თვითონ მოითხოვს ამას და რაც მთავარია, თანხის გადახდას ვალუტით, ანუ ამერიკული დოლარებით შესთვაზებს მომწოდებლებს.

– დოლარებით რატომ? – თქვა გამრეკელმა.

– ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია, ბატონო მერაბ. სწორედ ამაზე ჩავავლებთ ჩოჩიანს.

– უფრო კონკრეტულად?

– ახლავე, ამხანაგო გენერალო, – გაეცინა ზვიადაურს, – ასეთი თანმიმდევრული ჯაჭვი აეწყობა: თურქი იტყვის, რომ თითქოს თურქები მორფინასგან დოლარებზე ყიდულობდნენ ნარკოტიკებს და მიღებულ წესს ვერ შეცვლიან. როდესაც გივი ნარკოტიკების დიდ პარტიას ჩოჩიანის ხალხთან ერთად ბათუმში ჩაიტანს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, თურქი იქვე ჩაუთვლის მათ ვალუტას და ნარკოტიკებს მიიღებს, ვითომდა თურქეთში გასატანად.

– ანუ, – კვლავ სიტყვა გააწყვეტინა მინისტრმა ზვიადაურს, – მორფინას მსგავსად გივი არ იქნება ნარკოტიკების ჩამტანი თურქეთში?

– რა თქმა უნდა, არა და აქაა სწორედ ჩვენს ოპერაციაში მეორე ძაღლის თავი დამარხული, – გაეცინა ზვიადაურს, – ამ მომენტს თურქი იმით ახსნის, რომ ნარკოტრასაზე მორფინას გარდა, უცხო კაცის გამოჩენამ შესაძლოა, ეჭვი გამოიწვიოს და ნარკოკანალი გაიშიფროს. ერთი სიტყვით, საჭიროა, რომ ფული, ანუ ვალუტა და დიდი რაოდენობით ნარკოტიკები ჩვენს ტერიტორიაზე დავაფიქსიროთ. სწორედ ამ დროს დაადგება მათ ჩვენი ოპერატიული რაზმი და ატყდება ურთიერთსროლა. თურქს და გივის დავხოცავთ. დანარჩენებს კი ფაქტებზე ავყრით. როდესაც ჩოჩიანის ხალხს დოლარებსა და ნარკოტიკებს ხელში დავუჭერთ და ბრალდებას წავუყენებთ, ისინი ჩოჩიანზე გაგვიყვანენ და რუზგენსაც ჩავავლებთ. აი, ასე გავახვევთ მათ ბადეში.

– გენიალურია, – გაეცინა მერაბ გამრეკელს, – ნარკოტიკებზე თხუთმეტწლიანი პატიმრობაა. დიდი რაოდენობით სავალუტო სპეკულაციაზე კი – დახვრეტა და სწორედ დახვრეტის შიშით ამოიდგამენ ენას ჩოჩიანის ხალხი და თავის შეფს ჩაგვაბარებენ.

– თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ბატონო გენერალო, – ღიმილით მიუგო გამრეკელს ზვიადაურმა, – დახოცილი თურქი და გივი ავტოპროფილაქტიკაში ჩანახშირდებიან და ამგვარად, გავლენ თამაშიდან. ყველაფერი კანონიერად გაფორმდება. პათანატომი დასკვნას დაწერს. პროკურატურა კი „დააპეჩატებს“ და არავის ეცოდინება, რომ ორი დანახშირებული გვამი, სინამდვილეში, პროზექტურიდან წამოღებულ უპატრონო მიცვალებულებს ეკუთვნის.

– სწორია. მარტო ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ საქმის რეალური არსი, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს, – თქვა გამრეკელმა, – გივისთან მორიგი კონტაქტი გქონდა?

– ამაღამ უნდა შევხვდე.

– ჩემგან მოკითხვა გადაეცი და უთხარი, რომ ძალიან ფრთხილად იმოქმედოს.

– გადავცემ. მეტი კითხვები აღარ გაქვთ, ბატონო მერაბ?

– ჯერჯერობით, არა. შეგიძლია, წახვიდე, – მიუგო გამრეკელმა ზვიადაურს და კაბინეტიდან გაისტუმრა.

როგორც კი მინისტრისა და ვაჟა ზვიადაურის საუბარი მოისმინა, ვახტანგ პატარიძემ, ყურსასმენები მოიხსნა, ფარულჩანაწერიანი კასეტა სპეცაპარატურიდან ამოიღო და პიჯაკის ჯიბეში შეინახა. შემდეგ, მოსასმენი სპეცაპარატურა სეიფში ჩაკეტა და ჩაფიქრდა. ოციოდე წუთი გაუნძრევლად იჯდა. ბოლოს შიდა ტელეფონზე დარეკა და მინისტრის თანაშემწეს უთხრა:

– გენერალი დაკავებული ხომ არ არის?

– არა, ბატონო ვახტანგ, შეგაერთოთ? – მიუგო გამრეკელის თანაშემწემ.

– თუ არ შეწუხდებით.

ათიოდე წამის შემდეგ მერაბ გამრეკელმა პატარიძეს უპასუხა:

– გისმენ, ვახტანგ.

– მერაბ კონსტანტინოვიჩ, თუ ძალიან არ გჭირდებით, შეგიძლიათ, სახლში გამიშვათ დღეს?

– ხომ მშვიდობაა, ვახტანგ?

– მშვიდობაა, მშვიდობა. უბრალოდ, ტანში მამტვრევს. როგორც ეტყობა, გავცივდი წუხელ.  ერთი სული მაქვს, დავწვე და თბილად დავიძინო.

– თათბირზე მეც შეგატყვე, რომ კარგად ვერ იყავი. წადი, გამოშუშდი. შეგიძლია, ხვალაც არ მოხვიდე.

– დილამდე კარგად ვიქნები და თათბირზე აუცილებლად მოვალ. გმადლობთ, ამხანაგო გენერალო.

– რის მადლობა. გამოჯანმრთელებას გისურვებ. ნახვამდის.

– ნახვამდის, მერაბ კონსტანტინოვიჩ, – მიუგო გამრეკელს პატარიძემ და ყურმილი დაკიდა. შემდეგ სამინისტროდან გამოვიდა და სამსახურებრივი მანქანით სახლში გაემგზავრა. მძღოლი გაუშვა და ბინაში ავიდა.

ნახევარიოდე საათის შემდეგ ვახტანგ პატარიძეს ცარიელ ბინაში კალმარი ესტუმრა. ახალმოსული სავარძელში მოკალათდა და მასპინძელს ჰკითხა:

– ხომ მარტონი ვართ აქ?

– კი.

– საუბარს ხომ არ იწერ?

– გიჟი ვარ? რაში მჭირდება?

– ვინმეს ელოდები?

– არა. ჩემები ხვალ ჩამოვლენ.

– რატომ დამიძახე?

ვახტანგ პატარიძემ ორკასეტიან მაგნიტოფონში ფარულჩანაწერიანი კასეტა ჩართო და კალმარს უთხრა:

– მოუსმინე და გაიგებ.

– წესიერად მელაპარაკე! – შეუღრინა კალმარმა მასპინძელს და მინისტრის ხმას რომ მოჰკრა ყური, პატარიძეს ჰკითხა:

– მერაბ გამრეკელია?

– ეგ და ზვიადაური, – მიუგო პატარიძემ და ორივე ჩანაწერის მოსმენას შეუდგა.

ფარული ჩანაწერი რომ მოისმინა, გაფითრებულმა კალმარმა სიგარეტს ხელის კანკალით მოუკიდა. გააბოლა, წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. ბოლთის ცემა რომ დაასრულა, სახე წამოეჭარხლა და ცივი ხმით ჩაილაპარაკა:

– კიდევ კარგი გავშიფრე, თორემ ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა.

– როგორი ნამუშევარია? – ჰკითხა პატარიძემ კალმარს და თვითკმაყოფილმა ჩაიცინა.

– ყოჩაღ, უმაღლესად შეასრულე, – გაუღიმა კალმარმა მასპინძელს, შემდეგ კი კოპებშეკრულმა დაამატა, – სიტყვა არავისთან დაგცდეს. გასაგებია?

– რა, გიჟი ვარ?

– აი, ეს შენ, – კალმარმა დაბალ მაგიდაზე ხუთი ათასი დოლარი დაუგდო პატარიძეს, – ბევრად მეტს მიიღებ, თუკი დამემორჩილები. გასაგებია?

– კი.

– მე წავედი. შენ კი ახლა ტელეფონი გამორთე და დაიძინე. ხვალ დილით კი სამსახურში დაბრუნდი. მუშაობა განაგრძე და არაფერი შეიმჩნიო.

– რას აპირებ, კალმარო?

– რას გულისხმობ?

– ჩანერგილ აგენტებზე გეკითხები. რას უპირებ?

– არაფერს.

– არაფერს?

– შენი აზრით, რას უნდა ვუპირებდე?

– იცოდე, არ მოკლათ. ეს ამბავი მაინც გასკდება და ყველას მოგვსპობენ. არავინ გვაპატიებს მილიციის ოფიცრის მკვლელობას.

– არც მიფიქრია, – მხრები აიჩეჩა კალმარმა, – უბრალოდ, რუზგენს ვეტყვი, რომ მასთან საქმე აღარ დაიჭიროს. დანარჩენზე კი ფეხებს ვერავინ მოსჭამს და ვერც ჩვენ მოგვწვდებიან.

– ბრძენი ხარ კალმარი, – გაეღიმა პატარიძეს.

– ვიცი, – ღიმილითვე მიუგო კალმარმა და წამოდგა. წამოდგომა დააპირა მასპინძელმაც. მაგრამ, კალმარმა უცებ მაყუჩიანი პისტოლეტიდან ორი ტყვია ესროლა პატარიძეს. ერთი თვალში მოარტყა, მეორე შუბლში და სავარძელში დატოვა.

კალმარმა ჯერ მკვლელობის იარაღს კარგად გაუწმინდა კორპუსი და პისტოლეტი დაბალ მაგიდაზე დადო. მაგიდიდან ხუთი ათასი დოლარი აიღო და ჯიბეში შეინახა. ბოლოს ცხვირსახოცი შემოიხვია ხელზე და კარი გააღო. გარეთ გავიდა. მანამდე კი პატარიძის ბინის ტელეფონი გამორთო და უჩუმრად დატოვა იქაურობა.

– ეს ერთი, – ჩაილაპარაკა კალმარმა, თან პიჯაკის ჯიბეზე დაირტყა ხელი, სადაც ფარულჩანაწერებიანი კასეტა ედო, რომელიც პოლკოვნიკ ვახტანგ პატარიძის ბინიდან წამოიღო და მანქანა ადგილიდან დაძრა. 

კალმარმა ერთ-ერთ მყუდრო ქუჩაზე გააჩერა მანქანა და ტელეფონის ჯიხურიდან ნონა ბუთბას დაურეკა.

– გისმენთ, – მოესმა კალმარს ქალის სასიამოვნო ხმა.

– როგორ ხარ, ჩემო გოგო?

– კარგად. შენ?

– მეც კარგად. რამდენ ხანში შეგიძლია, შემხვდე?

– ნახევარ საათში. მოხდა რამე?

– შენთვის სიურპრიზი მაქვს.

– ცუდი თუ კარგი?

– რა თქმა უნდა, კარგი.

– მოვდივარ.

– გკოცნი, – მიუგო კალმარმა ნონა ბუთბას და ყურმილი დაკიდა. შემდეგ ჯიხურიდან გამოვიდა. ფეხით განაგრძო გზა და თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ პლეხანოვის გამზირზე მდებარე კონსპირაციულ ბინაში პირველი მივიდა.

თხუთმეტ წუთში ნონაც მოვიდა და კალმარს ჰკითხა:

– აბა, რა სიურპრიზი გაქვს ჩემთვის?

– დაჯექი და მომისმინე.

გოგონა სავარძელში ჩაეშვა და კალმარს უთხრა:

– გისმენ.

– შენი აზრი მაინტერესებს გივი ჯაფარიძეზე.

– ხომ გითხარი უკვე.

– გაიმეორე.

– გივი ნამდვილი მამაკაცია და თავისი საქმე არ ეშლება. რატომ მეკითხები?

– არ შეეშლებოდა, მე რომ არ გამეშიფრა, – ჩაეცინა კალმარს და ირონიით დაამატა, – სიყვარული ბრმაა, ჩემო გოგონა. კაცი არ გინახავს და ძალამ გაგაბითურა.

– რას გულისხმობ? – კოპები შეკრა ნონა ბუთბამ.

– იმას, რომ გივი ჯაფარიძე ნაბოზარია და ძაღლებზე მუშაობს.

– ხომ არ გეშლება?

– მე არასდროს არაფერი მეშლება, – ღიმილით მიუგო კალმარმა გოგონას. მიუახლოვდა. დაიხარა, რომ თავზე ეკოცნა. მაგრამ, უცებ ორპირა, ალესილი ხანჯალი მზის წნულში გაუყარა. მთელი ტანით მიაწვა და ნახევარიოდე წუთს დაელოდა. თან, მარცხენა ხელი პირზე ააფარა.

გოგონამ გაფართხალებაც ვერ მოასწრო, ისე დალია სული. კალმარი გასწორდა და ცხვირსახოცით ხანჯლის ტარი გაწმინდა. შემდეგ მოკლულ ნონა ბუთბას შეავლო მზერა და თქვა:

– ესეც მეორე. ახლა დანარჩენებს მივხედავ...

კალმარი ქუჩაში გავიდა და თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, უკვე რუზგენ ჩოჩიანის სახლისკენ მიემართებოდა მანქანით. „ჟიგული“ მან საკმაოდ მოშორებით გააჩერა. გზა ფეხით განაგრძო და ჩოჩიანის სახლში საიდუმლო გვირაბით შევიდა. ამ გვირაბის არსებობა მხოლოდ მან და ჩოჩიანმა იცოდნენ. გვირაბის გათხრა და შენიღბვა კალმარის იდეა იყო და რუზგენ ჩოჩიანმა სწორედ მისი რჩევით გაათხრევინა გვირაბი ორ მუშას. შემდეგ ეს მუშები დახოცა და გვირაბშივე დამარხა.

– რა მოხდა, კალმარო? სასწრაფოდ რამ მოგიყვანა? – ჰკითხა რუზგენ ჩოჩიანმა კალმარს.

– გივი ჯაფარიძე სადაა?

– ერთ საათში მოვა.

– ესე იგი, ხუთზე.

– არ იტყვი, რა მოხდა?

– ჯაფარიძე და მორფინა ნაბოზრები არიან, – კბილებში გამოსცრა კალმარმა.

– რას ბოდავ!

– სიტყვები შეარჩიე, რუზგენ, – კალმარმა კასეტა ამოაცურა ჯიბიდან. მაგიდაზე დადო,  – აი ფაქტი.

– რა ფაქტი?

– რა და, მთელი ეს ნარკოტრანზიტი ძაღლების კონტროლით ხორციელდებოდა. ამ კასეტაზე მერაბ გამრეკელისა და ვაჟა ზვიადაურის საუბარია ჩაწერილი. თუ დროზე არ მოვიშორებთ ჯაფარიძეს და მორფინას, მთელ თქვენ „შაიკას“ აყრიან

– მომასმენინე.

– ჯერ მე მომისმინე.

– გისმენ.

– ახლავე გაგზავნე ხალხი სოჩაში და მორფინა მოიშორონ. ჯაფარიძე რომ მოვა, გაკოჭონ და სარდაფში ჩააგდონ. ჩვენ მივხედავთ.

– ხომ არ გეშლება?

– რუზგენ, დრო არ ითმენს. ჩქარა ქენი, თორემ ერთ-ერთიც რომ ხელიდან წაგვივიდეს, ცუდად გვექნება საქმე.

– ახლავე ვეტყვი ბიჭებს, – თქვა ჩოჩიანმა და წამოდგა.

– სუფთად იმუშაონ. როგორც კი მორფინას გაასაღებენ, ეგრევე უკან დაბრუნდნენ. მანამდე კი დაგირეკონ და გაგაგებინონ, რა ქნეს.

ჩოჩიანი რომ გავიდა, კალმარმა ფრანგული კონიაკი დაისხა. მოწრუპა და სიგარეტი გააბოლა. რუზგენი ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა და კალმარს უთხრა:

– უკვე გაემგზავრნენ. ყველაფერი რიგზეა. ჯაფარიძეს კი ელოდებიან და გაკოჭავენ.

– ძალიან კარგი. ახლა კასეტა ჩართე და მოუსმინე.

რუზგენ ჩოჩიანმა რომ სრული ჩანაწერი მოისმინა, სახეწამოჭარხლებული წამოხტა სავარძლიდან და თქვა:

– ნაბოზრები. ხედავ, რას გვიპირებდნენ. კიდევ კარგი, რომ ყველაფერი გავიგეთ.

– შენ კი არ გჯეროდა.

– მაგარი ხარ, კალმარო. მაინც, როგორ მოახერხე ეს?

– მაგარი ვარ, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა კალმარმა.

– ვაჟა ზვიადაური ვინაა?

– ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი განყოფილების უფროსი.

– ეგეც დასაბრედია. ნაბოზარი. რა ჩათლახურად მოუფიქრებია ყველაფერი.

– ეგ მოგვიანებით. ჯერ ამ ნაბოზრებს მივხედოთ.

– არც მერაბ გამრეკელს ვაცოცხლებ. მაგისი დროც მოვა. მაგრად ვყავარ გამწარებული.

– მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. წადი, გაიგე, რა ხდება. თუ ჯაფარიძე უკვე გაკოჭილი ჰყავთ, სარდაფში ჩააგდონ და არავინ გაეკაროს. მე და შენ მივხედოთ.

ჩოჩიანი წავიდა. ათ წუთში დაბრუნდა და კალმარს უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა. ჩავედით.

კალმარი და ჩოჩიანი საიდუმლო კიბით ჩავიდნენ სარდაფში. სარდაფი ისე იყო მოწყობილი, როგორც საწამებელი საკანი და რუზგენ ჩოჩიანის „გალავარეზები“ ხშირად იყენებდნენ მას დანიშნულებისამებრ. იქვე იდგა ჩაბეტონებული რკინის საწოლი. მასზე გატაცებულ ადამიანებს აწვენდნენ და ხელბორკილებით აბამდნენ.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3