რა სასჯელს იღებენ ადამიანები, რომლებიც სხვებს აბრკოლებენ და რატომ არ იწოდებიან ქრისტიანებად მარხვის არშემნახველები
წელიწადში ოთხი მარხვიდან შობის მარხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, თუმცა, ხშირად მისი დაცვა ბევრს უჭირს. ამის მიზეზი კი ახალი წელია. გარდა ამისა, უმეტესობა მმარხველებისა ვერ ხვდება, სწორად მარხულობს თუ არა; არ იციან, რა არის მარხვის შედეგები. ამიტომ, ამ საკითხის შესახებ გვესაურება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– მარხვა თავიდან იყო უზმო, ანუ დილიდან საღამომდე არ ჭამდა არავინ არაფერს. მეოთხე საუკუნეში მონასტერში მოღვაწე ბერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი საკვები არის სამარხვო და ზოგიერთი – არა. ადამიანი, განსაკუთრებით – თანამედროვე ადამიანი, რომელიც გარკვეულ მოღვაწეობას იწყებს, ამას ქრისტიანულ ენაზე ღვაწლი ჰქვია. თუ ვინმემ დაიწყო რაღაც ბიზნესის კეთება, დიეტა თუ სხვა რამ, მას მაშინვე აინტერესებს შედეგი. ბუნებრივია, ჩვენც უნდა გვაინტერესებდეს, რა შედეგი გამოიღო მარხვამ ჩვენს ცხოვრებაში – როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური. უმეტესობა სარკეში იყურება და უხარია, რომ რაღაც კილოგრამები დაიკლო, ესე იგი, კარგად იმარხულა. მე ხშირად ვეკითხები ჩემს მრეველს, როგორ მარხულობენ და სულ მპასუხობენ: კარგად, დიდებულად, არ მიჭირს მარხვის შენახვა. იმდენი სამარხვო საკვებია გამოსული, რომ, ბუნებრივია, მარხვის დაცვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა აღარ არსებობს. მაგრამ, მარხვა რომ საკვების მოკლება იყოს, მთელი საქართველო მარხვაზე იქნებოდა. მარხვა და გაჭირვება ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ. მარხვა ხდება ნებაყოფლობით. როდესაც მთვარეული ჭაბუკის მამა მაცხოვართან მივიდა საყვედურით: შენმა მოწაფეებმა ვერ განკურნეს ჩემი შვილი, რომელიც ბავშვობიდან შეპყრობილიაო, მაცხოვარმა უსაყვედურა ებრაელ ხალხს: როდემდე ვიქნები თქვენთან და შევრისხავ არაწმიდა სულს, რომლის შედეგადაც წმიდა სული ტოვებს ჭაბუკის სხეულს. მაცხოვარი კი ამბობს: ეს მოდგმა (ეშმაკის მოდგმაზეა საუბარი) განიდევნება მხოლოდ ლოცვითა და მარხვითო, ანუ, მარხვის მთავარი მიზანია არა წონაში დაკლება, არამედ, ჩვენგან არაწმიდა სულის განდევნა, ბოროტი საქმეების დატევება, სიკეთის აღსრულება.
– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, სწორად მარხულობს თუ არა?
– მთელი მარხვის განმავლობაში უნდა ვეცადოთ, რომ დაცხრეს ჩვენი მრისხანება; არ ვიყოთ ისეთი სასტიკები, როგორებიც ვიყავით; რომ არ განვიკითხავდეთ სხვებს და ვიყოთ უფრო მეტად მიმტევებელები. ღმერთი გვთხოვს, რამდენიმე დღე შევწიროთ უფალს და ესეც ჩვენი სულის ცხონებისთვის არის საჭირო. თუ მთელი წლის განმავლობაში არ ვმარხულობდით ან არასწორად ვმარხულობდით, შეგვიძლია, ახლა ვიმარხულოთ, გარკვეული ღვაწლი გავწიოთ. თუ ჩვენ ისევ განკითხვასა და მრისხანებაში ვართ, გვიჭირს იმ ადამიანისთვის მიტევება, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრია, მშობელი, მეუღლე, ან ნათესავი, მეზობელი ან თანამშრომელი ამ დროს, ფარისევლებივით ვმარხულობთ. როდესაც განკაცებულმა ღმერთმა დაიწყო მოღვაწეობა, უნდა გახსოვდეთ, ვინ ამხილა მან: უპირველეს ყოვლისა, არა ცოდვილები, მეძავები და მრუშები, არამედ, იმ დროს გამეფებული კლასი, რომელსაც ერქვა სადუკეველები, ფარისევლები, ვინც პოზიორობდა ერის წინაშე და დიდი მორწმუნე ეგონა თავი. მათეს სახარების მეხუთე თავს თუ წავიკითხავთ, ვნახავთ, როგორ იწყება 9 ნეტარება, როგორ ამხობს ცრუ სარწმუნოებას, როგორ ამხელს მაცხოვარი მათ და „თეთრად შეფეთქილ საფლავებს” უწოდებს. მაცხოვარი არა მხოლოდ მათ ამხელს, არამედ ჩვენც, თანამედროვე მოძღვრებს, ვინც სხვას ეუბნება, მკაცრად შეინახეთ მარხვაო და თვითონ არ მარხულობს მკაცრად; ვეუბნებით: ილოცეთო და ჩვენ არ ვლოცულობთ კარგად; თავად ვართ მრისხანები, განვიკითხავთ სხვებს, სხვა მოძღვრის ცხოვრება არ მოგვწონს... ანუ, ყველაფერი საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. მთავარია, საკუთარი ცოდვები დავინახოთ და არა სხვების განკითხვაში ვიყოთ; მთავარი ჩვენი ცოდვების დანახვაა. ეკლესიისგან, წმიდანებისგან, მარხვისგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივიღოთ სულიერი განწმენდა, რომ ჩვენიდან გავიდეს არაწმიდა სული. თუ ჩვენიდან არაწმიდა სული გავა და სათნო ვეყოფით ღმერთს, მერე ღმერთი დანარჩენ სურვილებს შეგვისრულებს: ეძებეთ სასუფეველი თქვენი და ყველაფერი მოგეცემათ. მთელი წლის განმავლობაში ხომ ვკეკლუცობთ, მცონარე ქრისტიანები ვართ, თავი მოგვაქვს ქრისტიანებად, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. თუ ამ დღეებში მადლს ვერ მოვიპოვებთ, მთელი წელი ცარიელები და შიშვლები ვიქნებით. ამიტომ, მარხვაში უნდა მოვიპოვოთ მადლი, რომ მერე ის უფლის წყალობითა და ჩვენი პირადი ღვაწლით მთელი წელი გაგვყვეს. ქრისტიანები უფლის მიერ დადგენილ მარხვებს ისეთი დამშვიდებული სინდისით არღვევენ და არ ასრულებენ, თითქოს უმნიშვნელო საქმეს ეხებოდნენ. ყველამ უნდა შეიგნოს ეკლესიის განჩინება მარხვის უარმყოფელთა მიმართ (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საპატიო მიზეზის მქონეთ): მარხვის დამრღვეველნი რამდენიმე წლით განიკვეთებიან ეკლესიიდან ან წმიდა საიდუმლოებებისგან, განსაკუთრებით კი – ზიარებისგან. წმიდა სერაფიმ საროველი პირდაპირ ამბობდა: „იგი, ვინც მარხვას არ იცავს, არ არის ქრისტიანი, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავს თვითონ“. მარხვა გარეგანი კუთხით წარმოჩინდება როგორც დედაეკლესიისადმი შვილობრივი მორჩილების დასტური და არა რაიმე უარსაყოფი და ფეხქვეშ გასათელი. სულიერების თვალსაზრისით, მარხვა ყოველთვის ჯერ სულიერია და შემდეგ – ხორციელი; მარხვა არის გმირობა თავშეკავებისა და თვითშეზღუდვისა, რადგან, მისი მკაცრი დაცვა ადამიანის ნებისყოფას აწრთობს, სინდისს წმენდს და რელიგიურ მრწამსს განამტკიცებს. მარხვა მკაცრად უნდა იყოს შეფარდებული ადამიანის ჯანმრთელობასთან; მარხვის დაწყებისთვის აუცილებელია მოძღვრის ლოცვა-კურთხევა. დღეს ბევრი მარხულობს ეკლესიური ცხოვრებისა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე, რაც, უმეტეს შემთხვევაში დიეტას ემსგავსება და ხშირად მძიმე ავადმყოფობით მთავრდება.
– ზოგიერთი მარხულობას მარხვის შუაში იწყებს, ან ბოლოსკენ.
– ბოლო ერთი საათიც რომ იმარხულოს ქრისტიანმა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ჩვენთვის მთავარი დღეების ხაგრძლივობა და შინაარსი არ არის. შეიძლება, ადამიანმა 127 დღე იმარხულოს, მაგრამ, მის ცნობიერებაში, პიროვნებაში არაფერი შეიცვალოს. ის უნდა შეიცვალოს მარხვით და, როდის მოხდება ეს – სამ დღეში, ერთ თვეში, 47 დღეში თუ ერთ დღეში – ეს უკვე საიდუმლოებაა. მე-12 ჟამზე ვინც მოვა, ისიც იმავეს მიიღებს, რომელიც ბავშვობიდან მარხულობდა – ეს არის ჩვენი რელიგია, რომელიც ყველას აძლევს ცხონების საშუალებას. ჩვენთვის არის კარგი მარხვა, ლოცვა, ზიარება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვანაირად ქვეყანა ვერ დადგება ფეხზე, ვერ გადარჩება. თუ ერში არ იქნება ზნეობა, მარხვა, ლოცვა, ერს მომავალი არ ექნება..
– ზოგიერთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დადის ეკლესიაში, ზოგჯერ საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევს, რომ სხვებს უთხრას: რატომ იცავ მარხვას, თუკი არ დადიხარ ეკლესიაში? ასეთ მარხვას აზრი არ აქვსო და ამის გამო ზოგიერთები უარს ამბობენ მარხვაზე, შუა გზაზე ანებებენ თავს მარხულობას.
– სამწუხაროდ, დღეს ბევრი, რომლებსაც ძალიან განათლებული ჰგონიათ თავი (ეს ხშირად ეხება მესანთლეებს, მგალობლებს, სტაჟიან მრევლს), ზოგჯერ მღვდლის უფლებებს „ითავსებენ” და ეღობებიან, შენიშვნას აძლევენ ქრისტიანებს და ეუბნებიან: რა აზრი აქვს, რისთვის დაიცავი მარხვაო, რითაც აბრკოლებენ მათ, იმის ნაცვლად, რომ შეაქონ. სახარებაში წერია: ერთ ადამიანსაც თუ დააბრკოლებთ, ჯობია, წისქვილის ქვა ჩამოიკიდოთ გულზეო. არ გეშინიათ, ასე რომ აბრკოლებთ ხალხს? ადამიანის ბუნება ისეთია, რაც უფრო მეტად შეაქებ, უფრო გაახარებ და მეტ სტიმულს მისცემ. შენ კი ეკლესიაში სულს აბრკოლებ და ეუბნები: რა აზრი ჰქონდა შენს მარხვასო; ან, თუ შარვალი აცვია, ეკლესიიდან აგდებ; ტუჩსაცხი უსვია და – ჰკრავ ხელს. პირიქით, საკუთარი თავი ვამხილოთ, საკუთარ თავს მოვკითხოთ პასუხი. შენ რომ სხვა ადამიანი დააბრკოლე, ის აღარ მოვიდა წირვაზე, სამაგიეროდ, შენ ყელმოღერებული დგახარ წირვაზე და, ამიტომ, კარგი ქრისტიანი ხარ? რუსული სათამაშო რომ არის, ხომ იცით – „ვანკა-ვსტანკა“?! – თუ დაეცემით, უნდა ადგეთ. წაიქეცი?! – ადექი, წაქცეული არ უნდა დარჩეთ. ადექი, გაისწორე სამოსი, გაისუფთავე და განაგრძე მარხვა; მოდი ეკლესიაში და თქვი აღსარება – ღმერთი მოწყალეა და ის აუცილებლად მიგვიღებს.