როგორ დააჭერინა ცოლმა ქმარი 11 მილიონი მანეთის გატაცების გამო
უპრეცედენტო ძარცვა
დილის 11 საათი სრულდებოდა, როდესაც მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს სამორიგეოში ტელეფონმა დარეკა.
– კაპიტანი ბიტოვი გისმენთ, – უპასუხა „მურის“ მორიგემ.
– ავტოინსპექტორი, ლეიტენანტი მარკოვი ვარ. ქუჩიდან გირეკავთ. მორზეს შესახვევში მდებარე შემნახველ სალაროში ნიღბიანი ბანდიტები შეიჭრნენ. ხალხი მძევლად აიყვანეს და ვერტმფრენს ითხოვენ გასაქცევად. ჩემი მეაწყვილე ხესთანაა ჩასაფრებული. ორნი ვერ გავუმკლავდებით და მაშველი ძალა გამოგზავნეთ! – მოესმა ბიტოვს მამაკაცის აღელვებული ხმა.
მორიგე კაპიტნისთვის იმდენად დაუჯერებელი იყო ეს ინფორმაცია, რომ ლოთის ბოდვად მიიჩნია და შეუღრინა:
– წადი და გამოიძინე, თორემ, თხუთმეტი დღით ჩაგაყუდებ! – შემდეგ ყურმილი აპარატზე დადო და გაეცინა.
მორზეს შესახვევში მდებარე შემნახველი სალარო ყველაზე დიდი ფინანსური დაწესებულება იყო მოსკოვში სახელმწიფო ბანკის შემდეგ და იქ ათეულობით ადამიანი იყრიდა თავს. თორმეტსექციიანი, უზარმაზარი ფართობი სამი მხრიდან ბეტონის ყრუ კედლებით იყო დაცული, შესასვლელი კი შემინული ჰქონდა და მას ორი უიარაღო მორიგე მილიციელი იცავდა. სალაროში 35 თანამშრომელი მუშაობდა. ყოველ სექციაში ერთი ცეცხლგამძლე სეიფი იდგა. სარდაფში კი უზარმაზარი სეიფი იყო დამონტაჟებული. სარდაფში ჩასასვლელი კიბეები სალაროს გამგის კაბინეტში მდებარეობდა. შენობაში იყო განთავსებული ორი ტუალეტი და ექვსი კაბინეტი.
– დაკავებაზე გავდივართ! ჩქარა, ბიჭებო, ჩქარა! – მოესმა კაპიტან ბიტოვს. სამორიგეოდან გაიხედა და კოლეგებს მოჰკრა თვალი, რომლებიც „მურის“ შენობიდან სწრაფად გადიოდნენ.
– ვანია, რა ხდება? – გასძახა ბიტოვმა მაიორ ივანე სუროვს, რომელიც სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა გასასვლელისკენ.
– ძარცვაა. შემსალაროს ბანდიტები დაესხნენ თავს. მოლარის სიგნალი მოვიდა და მორზეს შესახვევში მივდივართ, – მიაძახა მორიგეს კოლეგამ და გაიქცა.
ამ დროს კვლავ ავტოინსპექტორმა მარკოვმა დაურეკა ბიტოვს. კაპიტანმა მისი ხმა იცნო და უთხრა:
– გამაგრდით, ლეიტენანტო. მაშველი ძალა ხუთ წუთში მოვა!
1973 წლის 25 აპრილს, დილის 10 საათსა და 50 წუთზე, შემნახველ სალაროში რვა ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. ორ მათგანს ავტომატები ჰქონდა, დანარჩენ ექვსს კი – პისტოლეტები. ამ დროს დაწესებულებაში 67 ადამიანი იმყოფებოდა. მოლარე კლარა სოკოლოვამ შეიარაღებული მძარცველები რომ დაინახა, სასიგნალო ღილაკს თითი მიაჭირა და შეტყობინება გაგზავნა მილიციაში. მძარცველებმა ხალხს იატაკზე დაწოლა უბრძანეს, მოლარეებს კი სეიფების გახსნა და უფლის გამოტანა მოსთხოვეს. ერთ-ერთი უიარაღო მილიციელი კი ქუჩაში გაუშვეს და უთხრეს, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაერეკა და ვერტმფრენის გამოშვება მოეთხოვა, რათა მძარცველები გაქცეულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიღბიანები ხალხის დახოცვითა და სალაროს აფეთქებით იმუქრებოდნენ. დაბნეულმა მილიციელმა ბანდიტების მოთხოვნა ავტოინსპექტორ მარკოვს გადასცა, ანუ, სწორედ მან დარეკა „მურში“.
11 საათსა და 20 წუთზე შემნახველი სალარო შეიარაღებულმა მილიციელებმა ალყაში მოაქციეს. შემთხვევის ადგილზე უამრავი მოქალაქე შეიკრიბა; ასევე, მივიდნენ მოსკოვში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც ფოტოებს იღებდნენ და თან ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ.
11 საათსა და 25 წუთზე ამ შემთხვევის შესახებ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნიკოლაი შჩოლოკოვს შეატყობინეს.
– შტურმით აიღეთ შენობა! მძარცველები ან შეიპყარით, ან გაანადგურეთ! – ბობოქრობდა გენერალი.
როდესაც შჩოლოკოვს მოახსენეს, რომ შემნახველ სალაროში ასზე მეტი მძევალი იმყოფებოდა და ყველაფერ ამას უცხოელი ჟურნალისტები აშუქებდნენ, თქვა:
– გაარკვიეთ, რა სურთ მძარცველებს! ყველაფერს შეჰპირდით, მაგრამ, არცერთი არ გაგექცეთ. სუფთად იმუშავეთ. უცხოელ ჟურნალისტებს კი საბაბი არ მისცეთ, რომ ხალხის ხოცვაში დაგვადანაშაულონ. იმოქმედეთ!
ნიღბიან მძარცველებთან მოსალაპარაკებლად, პოლკოვნიკი ზახაროვი უიარაღოდ, ზუსტად 12 საათზე შევიდა შემნახველ სალაროში. ნახევარი საათის შემდეგ კი უკან დაბრუნდა და შემთხვევის ადგილზე მისულ „მურის“ უფროსს მოახსენა:
– ამხანაგო გენერალო, მძარცველები ვერტმფრენ „მი-12-ს“ ითხოვენ – მოედანზე დასვით და ჩვენ წავიყვანთო. რვანი არიან და ოც მძევალს გამოვიყვანთო. თან, ასაფეთქებლები აქვთ და, ასე თქვეს, თუ წინააღმდეგობის გაწევას დააპირებთ, ყველაფერს ავაფეთქებთო. რა ვქნათ?
– დრო უნდა გავწელოთ. შედით და უთხარით, რომ ვერტმფრენის საკითხს განვიხილავთ. უკვე ყველაფერი მოფიქრებულია: 3 საათისთვის სპეციალურად აღჭურვილ ვერტმფრენს მოედანზე დავსვამთ და მძარცველებს გავუშვებთ. სასიგნალო მოწყობილობით მის გადაადგილებას დავაკვირდებით. დაშვების ადგილზე კი მათ სპეცჯგუფი დახვდება და აიყვანენ.
ზახაროვი კვლავ შემნახველ სალაროში შევიდა, ათ წუთში უკან დაბრუნდა და გენერალს უთხრა:
– ასე თქვეს, 3 საათს წამიც რომ გადასცდეს, ყველაფერს ავაფეთქებთო.
– არ გადასცდება, – თქვა გენერალმა და საათს დახედა, – პირველს ხუთი უკლია. ორ საათში სპეცვერტმფრენიც მოფრინდება.
ზუსტად 3 საათზე სალაროს წინ შეპირებული ვერტმფრენი დაჯდა. პოლკოვნიკი ზახაროვი სალაროში შევიდა, რომ მძარცველებისთვის ეთქვა – გამოსულიყვნენ. მაგრამ, გაოგნდა – სალაროში არც ნიღბიანი მძარცველები იყვნენ და არც ფული. იქ მხოლოდ 103 მძევალი იმყოფებოდა. როდესაც სალაროში შესულმა მილიციელებმა იქაურობა დაათვალიერეს, დაადგინეს, რომ ნიღბიანი ბოროტმოქმედები ტუალეტამდე გათხრილი გვირაბით გაპარულიყვნენ, რომლის სიგრძე 109 მეტრი იყო და ვარდების ქუჩაზე, ერთ-ერთი ძველი სახლის სარდაფში ამოდიოდა. შემნახველი სალაროს ყველა სეიფი აბსოლუტურად ცარიელი აღმოჩნდა, საერთო ჯამში კი 11 მილიონ 290 ათასი საბჭოთა მანეთი იყო გატაცებული...
13 წლის შემდეგ
მორზეს შესახვევში მომხდარი ძარცვა იმდენად არაორდინარული და უპრეცედენტო იყო, რომ დამნაშავეების კვალს „კაგებემაც“ კი ვერ მიაგნო. ამ საქმეზე საუკეთესო საბჭოთა მაძებრები მუშაობდნენ: ჩატარდა კომპლექსური და მრავალჯერადი ექსპერტიზები; გამოიკითხა ათასობით ადამიანი; ფეხზე დააყენეს აგენტურული ქსელი, თუმცა, შედეგი ვერ მიიღეს და ძალოვან სტრუქტურებს კი მინიმალური ხელჩასაჭიდიც არაფერი არ გააჩნდათ. ეს საქმეც, ისევე, როგორც უამრავი სხვა საქმე, შეიძლება ითქვას, შემთხვევით გაიხსნა. ყველაფერი კი ერთი ინციდენტით დაიწყო: 1986 წლის 23 მაისს, მოსკოვურ კოოპერატივ „ზოლოტოე რუნოში“ ანა კაშია ქმარს, კოოპერატივის თავმჯდომარე ომარ ლომიძეს მიუვარდა და ის საყვარელთან თავისავე კაბინეტში ინტიმურ ურთიერთობაში ამხილა. ცოლქმრული ჩხუბის დროს ქალმა ქმარს წამოაძახა: „გათახსირებულო, ხომ ხარ ღირსი, რომ თერთმეტი მილიონის ძარცვისთვის ციხეში ლპებოდეო... “ ეს სიტყვები კოოპერატივის რამდენიმე თანამშრომელმა გაიგონა, „კაგებეს“ ყურამდეც მივიდა და 56 წლის ლომიძეს კუდზე დაასხდნენ. შესაბამისად, ამოიწია მისი დოსიე, გაანალიზდა უამრავი ინფორმაცია და ძიებამ ძარცვაში ლომიძის მონაწილეობის შესახებ ირიბი სამხილები მოიპოვა. დადგინდა, რომ 1973 წელს ომარ ლომიძე მოსკოვის გვირაბმშენში ინჟინრად მუშაობდა და სწორედ მის მიერ იყო დაპროექტებული 109 მეტრი სიგრძის გვირაბი. სამთვიანი ძიებისა და ფარული თვალთვალის შემდეგ, 1986 წლის 29 აგვისტოს, უშიშროების კომიტეტმა მოსკოვსა და თბილისში რვა ადამიანი აიყვანა. ომარ ლომიძის გარდა, დაპატიმრებულები იყვნენ ლომიძის მოადგილე ვარლამ ადეიშვილი, თადარიგის მაიორი უშანგი კოდუა, გეოდეზიის ინსტიტუტის დირექტორი მერაბ კაშია, ტანვარჯიშის მწვრთნელები, ძმები ანზორ და ნოე ფირცხალავები, აგრონომი ჯიმშერ ჯიბუტი და მაღაზიის გამგე რევაზ ტაბიძე. რვავე დაპატიმრებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და დაადასტურა, რომ მორზეს შესახვევში განხორციელებულ ძარცვას ერთი წელი ამზადებდნენ. როგორც გაირკვა, გვირაბის გათხრას 9 თვე მოანდომეს, ცეცხლსასროლი იარაღები იმ პერიოდისთვის კაპიტანმა უშანგი კოდუამ გამოიტანა მოსკოვის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილიდან, სადაც ის შეიარაღების უფროსის მოადგილე იყო, ძარცვის მერე კი უკანვე დააბრუნა. როგორც გაირკვა, გატაცებულ თანხას 1985 წლამდე ინახავდნენ და მხოლოდ თორმეტი წლის მერე, „პერესტროიკის“ დროს გაინაწილეს. სწორედ ამ ფულით გახსნა ომარ ლომიძემ კოოპერატივი „ზოლოტოე რუნო”, დანარჩენებმა კი თავიანთი წილი საჭიროებისამებრ გამოიყენეს. ამ რეზონანსული საქმის განაჩენი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1987 წელს გამოიტანეს: რვავე მძარცველს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მთელი ქონება ჩამოართვეს.