რაზე აქვთ კონფლიქტი აკეს და ანას და როგორ გადაწყვიტეს „ბრავოს“ ფინალისტებმა დუეტში სიმღერა
აკე და ანას დუეტმა მაყურებელი ჯერ კიდევ „X ფაქტორიდან“ მოხიბლმა, სულ ახლახან კი, ისინი „ბრავოს“ ფინალისტები გახდნენ, თუმცა ეს მათთვისაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. ადამიანს არა მხოლოდ ამ მშვენიერი წყვილის ნამღერის მოსმენა სიამოვნებს, არამედ მათი ყურებაც, რადგან ძალიან უხდებიან ერთმანეთს.
აკე: თავიდან რომ გავიგეთ მარიკოს ვხვდებოდით, ვიფიქრეთ: უეჭველი ვერ გადავალთ და მოდი, „აიპადისთვის“ მაინც დავაგროვოთ ხმები-მეთქი. ბოლო წამებამდე არ ვფიქრობდით, რომ გადავიდოდით.
ანა: ნერვიულობის შეგრძნება იმდენად არ მქონდა, რამდენადაც შიშის. მაგრამ გაგვიმართლა და გადავედით ფინალში. ლობისტი გვყავს ძალიან მაგარი. მანამდე არ ვიცნობდით, ყველაფერი გააკეთა. თან, თურმე, ძალიან რთულია, ვოვა ასეთ რაღაცეებზე დაითანხმო. მაგრამ, ჩვენ გამო წავიდა ამ საქმეზე და გაყო თავი შარში.
აკე: თან, ვინც ვიყავით იქ, არავის არ იცნობდა. სულ სხვა განზომილებაშია, სპორტი მაინც სულ სხვა რამ არის.
– რამე შეიცვალა ამ კონკურსების შემდეგ, შემოთავაზებების მხრივ?
– რაღაც ლაივები არის ხოლმე. თუმცა, ადრეც ვუკრავდი ბენდებში.
ანა: ჩემთვის შეიცვალა, აკეს ცხოვრება ეს არის: ბენდი, მუსიკა. მე ამიყოლია, ჩამითრია და დავიკარგე, ვეღარ გამოვდივარ. ხატვას ცოტა მივუშვი ხელი, მეშინია უკვე. თუმცა, აუცილებლად დავუბრუნდები.
– შენი ამღერება აკეს დამსახურებაა?
– ძალიან ადრე ვმღეროდი და მერე რაღაც კომპლექსები გამიჩნდა. ახლა აკემ ისევ ამომაღებინა ხმა, მისი დამსახურებაა.
აკე: „მაგთიფანში“ მე, გიორგი ბერიძემ, თორნიკე ყიფიანმა, ანრი ღუდუშაურმა, ანუ ვინც ვიყავით გამარჯვებულები, ვიფიქრეთ: ხომ არ გავიდეთ „X ფაქტორშიო“, მაგრამ მე მარტო არ მინდოდა გამოსვლა. ბიჭებმა – ყველანი გავდივართო და მე ანას ვუთხარი: წამოდი, ჩვენც წავიდეთ-მეთქი. ამდენი წელია, ერთად ვართ, მაგრამ კონკრეტული რაღაც სიმღერები არ გვქონია არჩეული.
ანა: ისე, მანამდე მხოლოდ აკეს სიმღერებს ვმღეროდით ერთად, ვიდრე ქავერებს. მოკლედ, არჩევანი არ დამიტოვა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რაზე მივდიოდი, თორემ...
– თან, ახალი დანიშნულები იყავით, მალევე დაქორწინდით და ეიფორიული მომენტიც გექნებოდათ.
– კი, აფორიაქებული პერიოდი გვქონდა.
– აკეს მუსიკაში უფრო დიდი გამოცდილება აქვს და ხომ არ არის მკაცრი შენ მიმართ?
– პირიქით, მე ვარ საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული.
აკე: ანას გამბედაობა აკლია.
ანა: გამბედაობაც მაკლია და მუშაობაც საკუთარ თავზე.
აკე: იმ ფონზე, რომ რამდენიმე თვეა, დაიწყო სიმღერა, ძალიან მაგარია. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს არ ესმის, რომ მშვიდად იმღერო – კარგია.
– ამეცადინებ ანას?
– ერთმანეთს ვამეცადინებთ.
ანა: აკე მკაცრია – „ანა, დაჯექი, იმეცადინე, ისწავლე ტექსტი!“
– იმან, რომ აკე მომღერალია, მუსიკოსი, თქვენს ურთიერთობაზე გარკვეული გავლენა მოახდინა?
– როგორ არა, სულ ვოცნებობდი, ხელოვანი ქმარი მყოლოდა. სხვათა შორის, ორი ხელოვანის ერთად ცხოვრება ძალიან კარგი აღმოჩნდა. ერთი ჭკუისები ვართ, ვუგებთ ერთმანეთს ყველაფერში. რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრიც გვაქვს რაღაცეებზე, განსხვავებულებიც ვართ, მინუსი და პლუსი გამოვდივართ, ვიდრე პლუსი და პლუსი. მე მინუსი ვარ, ეს – პლუსი, პრინციპში, სულერთია.
– დიდი ხანია, იცნობთ ერთმანეთს?
– შვიდი წელია. ბათუმში გავიცანით ერთმანეთი, როდესაც მას კონცერტი ჰქონდა.
აკე: სხვათა შორის, მე და ნიკა კიკნაძეს ერთად გვქონდა ბენდი, ერთად ვუკრავდით. ჩვენს კონცერტზე ანა იყო მოსული. მერე სოციალური ქსელის დახმარებით გვქონდა ერთმანთთან ურთიერთობა, საერთო მეგობრები გვყავს. ერთ დღესაც მეგობრები მწვანე კონცხზე წავედით, თან ჩვენი ინსტრუმენტები წავიღეთ, იქ გავიცანი და მანდ დაიწყო ყველაფერი. შემდეგ თბილისში ჩამოვედი, მე და თორნიკე ყიფიანი ერთად ვუკრავდით ბენდში. რუსთავში გვქონდა კონცერტი და იქ გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში.
ანა: ასე, არ მახსოვს, როდის გაჩნდა ჩვენს შორის გრძნობა. მწვანე კონცხზე რომ ვიყავით, უკვე მოხიბლული ვიყავი. რუსთავის კონცერტზე კი დავრწმუნდი, რომ მიყვარდა. საკმაოდ მოკლე დროში მოხდა ეს ყველაფერი. ამის მერე, 5 წელი ვიყავით შეყვარებულები. დიდი გამოცდილების მქონე წყვილი ვართ.
– ჯვარიც დაიწერეთ?
აკე: კი, ყაზბეგში გერგეთზე. ჯვრისწერა ჩვენს ხუშტურებზე გავაკეთეთ, ნიშნობა უფრო ტრადიციული იყო. გვინდოდა, ჯვრისწერაზე ახალგაზრდები ვყოფილიყავით: მე, ანა, მეგობრები წავედით. სამ-სამი მეჯვარე გვყავდა და ძალიან კარგად, მხიარულად ჩავატარეთ ყველაფერი.
– ჩაცმის სტილიც ძალიან კარგი გაქვთ. გიხდებათ და უხდება სცენას.
ანა: ჩაცმა მეხება მე. მომწონს სხვანაირი რაღაცეები, აკეც დავიყოლიე, მომყვება. არ მიწევს წინააღმდეგობას და სანამ გამომდის, კარგია.
აკე: ადრეც ასე ვიყავი. სკოლის ბანკეტზე მე და ჩემი მეგობარი ისე მივედით, „ჩანგალზე დაპატიჟებული“ ვეგონეთ ხალხს. ჩაცმულობა არ არის ჩემთვის პირველი, თუმცა ახლა საჭიროა. ადრე კიდევ უფრო სხვანაირად ვიცვამდი. ახლა წლები მომემატა, ოჯახი მაქვს. ცოლი მოვიყვანე.
– რაში არ ემთხვევა თქვენი გემოვნება?
ანა: ყველაფერში ემთხვევა, უბრალოდ, სახლის საქმეებში არ მეხმარება. ხანდახან, თუ ძალიან ვთხოვ რაღაცას, მაშინ შეიძლება, დამეხმაროს. თვითონ კი არ მიხვდება: ვაიმე, ახლა ჩემი ანა მოვა, დაღლილი იქნება – არა.
აკე: გათხოვება გინდოდა?
ანა: მინდოდა, ვიფიქრე შემეხიდებოდი, მაგრამ, ტყუილი აღმოჩნდა ჩემი იმედები. როცა საჭიროა, ყველაფერი ახსოვს, ფიქრობს, მაგრამ, თუ არ უნდა, შანსი არ არის, არ გააკეთებს.
აკე: შენ, როცა რაღაც არ გინდა, მე ხომ არ გაძალებ.
– საქმეები ვერ გადაინაწილეთ?
ანა: მე კი გადავანაწილე, მაგრამ ვისაც მოვალეობა მივანიჭე, არ ასრულებს. ისე, სამზარეულოში მეხმარება. ისეთ კარგ რაღაცეებს აკეთებს.
აკე: როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, მარტო ვიყავი და მიწევდა რაღაცეების კეთება. არეული რომ არის სახლში რაღაცეები, აქედან არის. იცოდა, რომ ასეთი არეული ვიყავი. ჩემთან ვიკრიბებოდით ხშირად მეგობრები და სულ არეულ-დარეული იყო სახლი.
ანა: მაშინაც მე ვულაგებდი. ერთ რამეზე გვაქვს კონფლიქტი: ტელეფონსა და კომპიუტერში თამაშობს 24 საათის განმავლობაში. ვეტერანი გეიმერია, მინდა, საერთოდ არ ითამაშოს და ცოტა შემეხიდოს.
აკე: ძალიან გემრიელ კერძებს აკეთებს, ეგზოტიკურს. იგონებს ხოლმე, თავისი რეცეპტები აქვს, თავისი გაფორმებებით, ყველაფრით.
– რას აპირებთ „ბრავოს“ შემდეგ?
– „ბრავომდე“ გვინდოდა მოგზურობა, მაგრამ აღარ გამოგვდის, ჩაგვეშალა „ბრავოს“ გამო. მე, ანას და ჩვენს მეგობარ მუსიკოსებს გვინდოდა, ევროპაში მოგზაურობა და თან, სხვადასხვა ქალაქში დაკვრა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და უჩვენოდ წავიდნენ.
ანა: ყველაფერი წინ გვაქვს, შენ არ იდარდო, აკე. ყველგან გვინდა მოგზაურობა – ჯერ ევროპა, შემდეგ აღმოსავლეთი, რომელიც ძალიან მიტაცებს.