ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა გამომძიებელს პირისთვის ბრალის წაყენების უფლება და რა შემთხვევებში წარედგინება მას ბრალი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. პირს ბრალი წაეყენება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომიდან რა მაქსიმალური ვადით შეიძლება, შეეფარდოს ბრალდებულს პატიმრობა წინასასამართლო სხდომამდე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, ზოგადად, ბრალდებულის პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 60 დღეს.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვის შეიძლება შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიების სახედ „სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა“? რას გულისხმობს აღკვეთის ღონისძიების ეს სახე და როგორ ხორციელდება მისი აღსრულება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება, გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და, გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში, ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განაწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება; არ გაიგზავნოს მარტო ნაწილის გარეთ სამუშაოდ, არ გათავისუფლდეს ნაწილიდან და იმყოფებოდეს სამხედრო მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღმკვეთი ღონისძიება. სასამართლოს განჩინება აღკვეთის ამ ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ, სავალდებულოა სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობისთვის. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს პროკურორს ან სასამართლოს. სამხედრო მეთაური, რომელიც მეთვალყურეობს ბრალდებულს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა აღკვეთის ეს ღონისძიება. ამ შემთხვევაში, პროკურორის შუამდგომლობით უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.