რით შეიძლება დავაზიანოთ ჩვენი ავტომობილი
ქართულ საავტომობილო ბაზარზე მანქანის მოვლის უამრავი საშუალება იყიდება, ეგრეთ წოდებული, „ლუბრიკანტები“. რამდენად კარგია ესა თუ ის გამწმენდი ან გამაძლიერებელი საშუალება, ამაზე საავტომობილო ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი მევლუდ მელაძე გვესაუბრა: ავტონაწილების მაღაზიაში უამრავი დანამატი იყიდება: ზეთი, ანტიფრიზი, შუშის საწმენდი, პოლირების კრემები და სხვა, მაგრამ, მძღოლების უმრავლესობამ არ იცის, რა არის კარგი და რა ცუდი. ვთქვათ, მაღაზიაში ან ბაზრობაზე შევედით და იქ გამყიდველი „გვაბოლებს“, რომ, თუ ზეთში ამ „რაღაცას“ ჩაამატებ, ის იქ რაღაც რკინას შეავსებს და ზეთი არ დაიქცევაო, ის ცდილობს, ათასგვარ სისულელეში დაგვარწმუნოს, თან, ისეთ რაღაცას გვეუბნება, რისი გადამოწმების საშუალებაც არ გვაქვს. ჩვენც, გვჯერა, რომ ეს სითხე ძრავას „მოუხდება“, ანუ, გამოდის, რომ მხოლოდ „იმედი“ ვიყიდეთ. ჯერ ერთი, შეცდომაა, როდესაც ავტომობილის მიერ გავლილი კილომეტრების მიხედვით წყვეტენ ხელოსნები, მინერალური ზეთი სჭირდება ავტომობილს, ნახევრად სინთეტიკური თუ სინთეტიკური. იცოდეთ, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ ძრავაში, ყოველთვის სინთეტიკური ზეთის ჩასხმა ჯობია. რაც უფრო ძვირად ღირებულ ზეთს ჩაასხამთ ძრავაში, მით უფრო დიდხანს და „ჯანმრთელად” იმუშავებს ის. მინერალურ ზეთში ბევრი არასაჭირო მინარევია, რის გამოც ის იოლად შავდება, იოლად ფუჭდება და ძრავას უხეშად ფხაჭნის. სინთეტიკურში კი ყველაფერი ხელოვნურია, რაც ნიშნავს, რომ არასასარგებლო მინარევებისგან მთლიანად გაწმენდილია და, შესაბამისად, ის ძრავას არ აზიანებს. მართალია, სინთეტიკური ზეთი ძვირია, მაგრამ, ძრავის დაზიანებას ან მინერალური ზეთისთვის რაღაც უაზრო ხსნარების დამატებასა და ფულის ტყუილად გადაყრას, ჯობია, სინთეტიკური ზეთი გამოვიყენოთ.
რაც შეეხება დანამატებს: ავტომობილი იმ დონემდე არ უნდა მივიყვანოთ, რომ ძრავიდან ხმები გვესმოდეს და სიჩქარის კოლოფი ჩხრიალებდეს, რაღაცეები ღმუოდეს; მაგრამ, თუ ასეთი რამ უკვე ხდება, მაშინ დანამატები და რაღაც სიახლეები აღარ გვიშველის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დეტალი შესაცვლელია. რაღაც ასეთმა დანამატებმა, შესაძლოა, ხმა დროებით მიაჩუმოს, მაგრამ, საბოლოოდ, არაფერს შეცვლის, გატეხილ რკინას ვერ აღადგენს. აქ კიდევ ერთი მომენტია: როდესაც ძვირად ღირებულ ზეთს ძრავაში პირველად ვასხამთ, შესაძლოა, ის მალე გაშავდეს და ზეთის კლებაც კი დაიწყოს, მაშინ, როცა მსგავსი არაფერი მოსდიოდა მინერალურ ზეთზე. ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, ზეთი არ ვარგოდაო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ძვირად ღირებულმა ზეთმა მთელი ის ნაგავი და ჭუჭყი მოაშორა ძრავას, რისთვისაც დამატებით ხსნარებს ვიყენებთ ხოლმე, ანუ, სინთეტიკური ზეთი ამ ხსნარებს შეიცავს, ესე იგი, მან თქვენი ძრავა გაწმინდა, „სალნიკებთან“ და „კოლიცოებთან“ დაგროვილი ნაგავი მთლიანად გამოასუფთავა, რაც რეზინების გაჭედვასა და ზეთის კლებას იწვევს. ასეთ დროს გირჩევთ, ზეთი გამოცვალოთ და ძრავაში ისევ ძვირად ღირებული, სინთეტიკური ზეთი ჩაასხათ. რაც შეეხება საწმენდებსა და სითხეებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პრიორიტეტი უკვე დამკვიდრებულ ბრენდებს მიანიჭეთ. შეიძლება, ვიღაც ჯერ კიდევ უცნობმა ფირმამ ძალიან კარგი პროდუქცია გამოუშვას, მაგრამ, მაინცდამაინც ჩვენ და ჩვენი მანქანა რატომ უნდა ვიყოთ საექსპერიმენტო თაგვების როლში?! გარდა ამისა, არსებობს საპრიალებლები, ტორპედოს გასაშავებლები, სალონში კარგი სურნელის დამყენებლები, ბორბლებისა და ბამპერის გასაშავებლები. შეიძლება, გამყიდველმა ძალიან ბევრი რამე გვითხრას, მაგრამ, ეს საშუალებები მხოლოდ ხელოსანმა უნდა შეიძინოს, რადგან, სახლის პირობებში ავტომობილისთვის პოლირების გაკეთება თითქმის შეუძლებელია. იმ ხსნარების გარდა, პოლირებას უამრავი ხელსაწყო სჭირდება, ანუ, იმისთვის, რომ მანქანა გავაპრიალოთ, მხოლოდ ხსნარი არ გვეყოფა.
– რა უნდა გაკეთდეს, რომ ავტომობილმა იპრიალოს და რა ჯდება ეს?
– ეს ჯდება დაახლოებით 80 ლარი – საშუალო ფასს ვამბობ; თან, გააჩნია, ვინ აკეთებს. რაც უფრო ძვირად ღირებული ხსნარებით აპრიალებ ავტომობილს, უფრო დიდხანს ძლებს. ავტომობილს პოლირება მაქსიმუმ ორჯერ უკეთდება, რადგან მეტჯერ უკვე მთლიანად დავაზიანებთ საღებავს. იმისთვის, რომ მანქანამ კარგად იპრიალოს, ჯერ ნულოვანი ზუმფარით „შკურკავენ“ და მერე აპრიალებენ საპრიალებლით. „გაშკურკვა“ თითქმის აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ მანქანა თბილისშია შეღებილი (აქაური პულვერიზატორები საღებავს ცუდად აფრქვევს და ზედაპირზე ხორკლებს აჩენს). რეალურად კი ასეთი გაკეთებული პოლირება სწორი არ არის, რადგან ასე ავტომობილს საკუთარი ხელით ვაზიანებთ. მხოლოდ ცოტა ხნით გვეყოლება ლამაზი მანქანა, რამდენიმე თვეში კი იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე პოლირებამდე იყო. ზუმფარის მაგივრად, წესით, უნდა იყენებდნენ პოლირების საშუალებას, რომელიც ქვიშასავითაა, უფრო სწორად, „რაქშა“ რომ არის, სახეხი, დაახლოებით იმ შემადგენლობისაა, ანუ, მანქანის ზედაპირი ჯერ ამით უნდა გაიხეხოს და შემდეგ გადაესვას ლაკი.