როგორ ირჩევდნენ აცტეკები ქურუმებს და რას დაარქვეს მათ „ყვავილების ომები“
აცტეკები უიტსილოპოჩტლის მსხვერპლად შესაწირი ადამიანებით რეგულარულად უზრუნველყოფისთვის ურიცხვ ომს აწარმოებდნენ. მაგრამ, რადგანაც რეალური მტრები არ კმაროდა, შემოიღეს ეგრეთ წოდებული „ყვავილების ომები“ – მოკავშირე ქალაქების არმიები ისე ერკინებოდნენ ერთმანეთს, რომ, არც ურთიერთსიძულვილს განიცდიდნენ და არც არავითარ პოლიტიკურ ამოცანებს წყვეტდნენ ერთმანეთში. ამ რიტუალური ომების ერთადერთი მიზანი იყო აუცილებელი რაოდენობის (ზოგჯერ მრავალი ათასი) ტყვეთა ხელში ჩაგდება, რომლებსაც მსხვერპლშეწირვებისთვის იყენებდნენ; გარდა ამისა, ბრძოლის ველზე დაქცეული სისხლიც მსხვერპლშეწირვად ითვლებოდა. „ყვავილების ომისათვის“ სპეციალური ტერიტორიები გამოიყოფოდა, სადაც ხდებოდა ჯარების განლაგება და იწყებოდა ბრძოლა წინასწარ შეთანხმებული წესებით. ამ ომებმა ასეთი რომანტიკული სახელწოდება იმიტომ მიიღო, რომ აცტეკები ადამიანთა გულებს ყვავილებს ადარებდნენ.
ტყვედ აყვანილებს აცტეკები ამწყვდევდნენ და საჭიროების მიხედვით „ხარჯავდნენ“; ასევე იქცეოდნენ აცტეკთა მონათესავე ტომები. ბერნალ დიასი წერდა, რომ ტლაშაკალაში (ქალაქი-სახელმწიფო, რომელიც აცტეკებს ექვემდებარებოდა) არაერთხელ ჰქონდა ნანახი ხის გალიები, რომლებშიც დამწყვდეული იყვნენ მსხვერპლად შესაწირი კაცები, ქალები და ბავშვებიც.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტყვეები, რომლებიც მსხვერპლად უნდა ყოფილიყვნენ შეწირული, როგორც წესი, არ ცდილობდნენ გაქცევას და არც მათი ოჯახის წევრები ცდილობდნენ მათ გამოსყიდვას. წარჩინებული მებრძოლისთვის გაქცევა ან გამოსყიდვა დიდ სირცხვილად ითვლებოდა. მას ან ომიდან უნდა მოეყვანა ტყვეები, ან თვითონ უნდა ჩავარდნილიყო ტყვედ და შეეწირათ მსხვერპლად – ეს სასახელო საქმედ ითვლებოდა; ამასთანავე, სამსხვერპლოზე სიკვდილი, მათი აზრით, უზრუნველყოფდა მსხვერპლად შეწირულის ღვთაებასთან შეერთებას იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ცნობილია შემთხვევები, როცა ტყვეებს ათავისუფლებდნენ ხოლმე, მაგრამ ისინი უარს ამბობდნენ თავისუფლებაზე და ითხოვდნენ, რომ მსხვერპლად შეეწირათ.
ერთხელ, მეზობელ კოლუაკანთან აცტეკების სამხედრო კონფლიქტის დროს, აცტეკთა ბელადი იუტსილიუიტლი და მისი ქალიშვილი აიყვანეს ტყვედ. მათი ნათესავები ცდილობდნენ, გამოესყიდათ ისინი და კოლუაკანელებიც თანახმა იყვნენ ამაზე, მაგრამ, ტყვეებმა განაცხადეს, რომ არ სურდათ უიტსილოპოჩტლის ნების წინააღმდეგ წასვლა და თვითონვე გაიპეს მკერდი იმ ადგილას, სადაც გულია. ქრონიკოსებს სხვა მსგავსი შემთხვევებიც აქვთ აღწერილი, მაგალითად, ტლიშკალის ბელადი – ტლაუიკოლი ტყვედ აიყვანეს აცტეკებმა და თავიანთ არმიაში შესთავაზეს ერთ-ერთი რაზმის მეთაურობაც, მაგრამ, ერთ-ერთი ლაშქრობიდან გამარჯვებით დაბრუნებულმა, მოითხოვა, იგი ღმერთებისთვის შეეწირათ.
გარდა „ყვავილების ომებისა“ აცტეკებში შეჯიბრების კიდევ ერთი სახეობა იყო გავრცელებული, რომლის შედეგების მიხედვით, ადამიანებს, სავარაუდოდ, მსხვერპლად სწირავდნენ. ეს იყო ბურთით თამაში. რომელიც ერთობ პოპულარული იყო მთელ სამხრეთ ამერიკაში. დღემდეა შემორჩენილი მრავალი სტადიონის ნანგრევები, სადაც აცტეკთა გუნდები ქვის რგოლებში ბურთის ჩაგდებაში ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. ამ თამაშით გატაცებული იყო მაიას ტომიც. მოიპოვება ცნობები (თუმცა, არცთუ მთლად უეჭველი), რომ თამაშის დამთავრების შემდეგ მოთამაშეთა ნაწილს სწირავდნენ თავიანთ ღმერთს. მაგრამ, მკვლევრები ვერ შეჯერდნენ ერთიან დასკვნაზე, კერძოდ, ვის კლავდნენ: გამარჯვებულებს, დამარცხებულებს თუ ერთ-ერთი გუნდის კაპიტანს. იმის გათვალისწინებით, რომ აცტეკები სამსხვერპლოზე სიკვდილს დიდ პატივად მიიჩნევდნენ, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი გამარჯვებულები იქნებოდნენ მსხვერპლად შეწირულნი.
აცტეკებში უაღრეს პატივად და ღირსებად ითვლებოდა ქურუმთა თანამდებობა, რომლებიც ქვეყნის ასეულობით ტაძარში ყოველდღიურად პირადად ატარებდნენ სისხლიან რიტუალებს. უმაღლეს ქურუმს მისი დამსახურების მიხედვით ირჩევდნენ და დიდ პატივს სცემდნენ აცტეკები. ბერნარდინო სააგუნი წერდა:
„არჩევნების დროს ყურადღებას არ აქცევდნენ განსწავლულობას, მხედველობაში იღებდნენ მხოლოდ ჩვეულებებსა და საქმეებს, დოქტრინებსა და კარგ ცხოვრებას. თუ ქურუმებს ყველაფერი ეს გააჩნდათ, თუ უმწიკვლო ცხოვრებას ეწეოდნენ და ყველა წეს-ჩვეულებას იცავდნენ, მათგან ირჩევდნენ იმას, ვინც განსაკუთრებით თავმდაბალი, მშვიდობისმოყვარე, პატივსაცემი და კეთილგონიერი იყო და არა ქარაფშუტა; ვინც სერიოზული, მკაცრი, წეს-ჩვეულებების აღსრულებაში ბეჯითი, მშვიდი, გულმოწყალე, თანამგრძნობი, ყველას მეგობარი, ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში იყო. ამ ქურუმებიდან საუკეთესოებს ირჩევდნენ უმაღლეს ქურუმად, რომლებსაც უწოდებდნენ „კეტსალკოატლის მიმდევრებს“...