როდის აპირებს ნანუკა ჟორჟოლიანი ქორწილის გადახდას და რაზე აქვს მას ძალიან მძიმე რეაქცია
ტელეწამყვანი და გულწრფელი რესპონდენტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ყოველთვის ყურადრების ცენტრშია. ძალიან მალე „ნანუკას შოუს“ სტუდიას არაორდინარული ვიზუალი ექნება. როგორც თავად ამბობს, 17 წლიდან აგურ-აგურ ნაშენები კარიერა მესამე შვილივთ ჰყავს, რომლის გარეშე ბედნიერი ვერ იქნება. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ნანუკა ცხოვრებას ყოველთვის ოპტიმისტის თვალით უყურებს.
– მთლიანად განვაახლებთ, „ნანუკას შოუს“ სტუდიას და, აქედან გამომდინარე, ნაწილობრივ შეიცვლება შოუს ფორმატიც. ახალი სტუდია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დისკუსია გაიმათოს რესპონდენტებს შორის. ძალიან არაორდინარული ვიზუალი ექნება – სახლის ფორმატის მსგავსი, ანუ, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო სულ თავიდან. ვფიქრობ, სახლის იერი ახლაც აქვს – საწოლი და სხვადასხვა ავეჯი ამის ასოციაციას ნამდვილად ქმნის, მაგრამ, უფრო სტუდიური ელემენტები ჭარბობს მასში. ინტერიერის შეცვლა, მომცემს საშუალებას ცოტა სხვა თემებიც შევიტანოთ გადაცემის ფორმატში. რაც შეეხება „ფრეშ ნიუსს“, ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი საშუალება სტუდენტებისთვის, რომ ნახონ, როგორ კეთდება ნიუსი. ეს არ არის მაღალბიუჯეტიანი ტელევიზია. მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ჩვენ ბავშვები მივიღეთ ქუჩიდან, აბსოლუტურად უცნობი ხალხი ავიყვანეთ სამსახურში. შესაბამისად, მათ შორის არცერთი ჩემი ახლობელი, მეგობარი და ნაცნობი არაა. გვინდა, რომ სოციალური მედია აქტუალური იყოს, რისთვისაც ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და, ვფიქრობ, რომ შედეგსაც კარგს ვაჩვენებთ. სულ ორი თვეა „ფრეშ ნიუსი“ არსებობეს და ამ ეტაპზე ძალიან კარგი რეიტინგი აქვს.
– თქვენს რეჟიმს „ფრეშ ნიუსიც“ დაემატა. როგორ ახერხებთ დროის შეთავსებას ოჯახთან და სამსახურთან?
– საერთოდ არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ, მართლა ძალიან ვიღლები. ჩემი დრო მიაქვს: „ფრეშ ნიუსს“, „ნანუკას შოუს“, მონტაჟს, ანონსის კეთებას, გადაცემის დაგეგმვას, სტუმრების რედაქციას, გადაცემის ჩაწერის წინ მომზადებას, უმაგრეს შოუს – „ნიჭიერს“, მეგობრებს, პერიოდულ ფრენას; საბას, რომელსაც დიდ დროს ვერ ვუთმობ და ამისთვის ბოდიშს ვუხდი. ეს რომ დაიწერება შევუნახავ და, დიდი ბიჭი რომ გაიზრდება, წავაკითხებ (იცინის). ჩემი დრო მიაქვს მარიამს, რომელსაც იანვარში მისაღები გამოცდები ეწყება და, შესაბამისად, დეკემბრის დასაწყისი განსაკუთებით მძიმეა ჩემთვის. ამ ბოლო დროს სულ ვხუმრობ – თუ დავეცემი, ჩემი პანაშვიდი აუცილებლად კარგი შოუ უნდა იყოს-მეთქი (იცინის). სერიოზულად ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა დრო დამრჩა და ბევრ რამეს ვერ მოვასწრებ. მეუბნებიან, რომ ეს არის დეპრესიის ნიშნები, არადა, საერთოდ არ მაქვს დეპრესია, უფრო ნევროზია, ალბათ (იცინის). ერთს ვიბარებ: უნდა დავიკრძალო ისე, როგორც კათოლიკეებს კრძალავენ, ანუ, უნდა იყოს სიმღერა, კადრები – მოკლედ, ლამაზი შოუ უნდა დამიდგათ (იცინის). არ დავინახო მხოლოდ ტირილი და შავებში ჩაცმული ხალხი... რას დავინახავ, მაგრამ, მაინც (იცინის). თუ სადღაც გულმა მიმტყუნა, ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს (იცინის). თუმცა ჯერ მთელი ცხოვერება წინ მაქვს. ძალიან მაინტერესებს, როგორი ვიქნები 45 წლის ასაკში. მინდა, ზუსტად ისეთი ვიყო, როგორიც ახლა ვარ. ველოდები ჩემი და ირაკლის 10 წლის იუბილეს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღია.
– 10 წლის აღსანიშნავად ქორწილს ხომ არ გეგმავთ?
– ვაპირებთ და, გვინდა, რომ ზუსტად 10 წელს დავამთხვიოთ. ჩვენ ოფიციალური ცოლ-ქმარი არ ვართ, მე ჯერ კიდევ ვფიქრობ, გავყვე თუ არა ცოლად ირაკლი კოდუას (იცინის). თუმცა, მინდა გითხრათ, რომ საინტერესოდ ხელი მასაც არ უთხოვია. უბრალოდ – „გამომყევი ცოლად” – არ მომწონს. თუ რამე საინტერესოს მოიფიქრებს, იმ შემთხვევაში გავყვები ცოლად. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევარი აქვს მოსაფიქრებლად დარჩენილი (იცინის). ქორწილი აუცილებლად საქართველოში გვექნება, თეთრ კაბას ჩავიცვამ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, არ გამოვრიცხავ.
– „ფეისბუქზე“ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნეთ, სადაც საბას თქვენს მოლოდინში ჩასძინებია. ამაზე რა რეაქცია გაქვთ?
– ძალიან მძიმე რეაქცია მაქვს. შეიძლება მქონდეს შემდგარი კარიერა, ვიყო ძლიერი და ასე შემდეგ, მაგრამ, მეც მაქვს ადამიანური სისუსტეები, ემოციები. ამ ყველაფრის ფონზე, დასაძინებლად შვილთან მისვლას რომ ვერ ვახერხებ, მართლა ძალიან მძიმეა ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ბიჭების გარდატეხაში მონაწილეობას მამები იღებენ. ჩემი შვილია მარიამი, თავის ყველა საიდუმლოს მიყვება. არ არსებობს ისტორია, რომელიც მე არ ვიცი მის შესახებ; აქედან გამომდინარე, არ არსებობს თემა, რომ მარიამს ვერ გავუგო. შესაბამისად, ბიჭს მამასთან უფრო ახლო ურთიერთობა ექნება. საბა ჯერ პატარაა, მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მამასთან გავუშვებ – ის მისგან უფრო მეტს ისწავლის, ვიდრე ჩემგან. ირაკლის აქვს ის თვისებები, რაც მინდა, რომ საბას აუცილებლად ჰქონდეს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ისეთივე კაცური ბიჭი იყოს, როგორიც მამამისია. ქალების გარემოცვაში გაზრდილი საბა არ მომწონს – ძიძები, დედაჩემი და ჩვენ... კიდევ კარგი, ჩემს ძმას ორი ბიჭი ჰყავს და იმათთან თამაშობს ხოლმე (იცინის). ერთი მამაკაცი გვყავს ოჯახში, სეპარატისტი მეგრელი (იცინის). ყველაზე მეტად რაც მაკლია, შვილებთან ურთიერთობაა. ხანდახან ვფიქრობ: ხომ შემიძლია, ავდგე და წავიდე, რომ მივუსწრო საბას. მაგრამ, უმადური არ უნდა იყო. ზოგს საერთოდ არ ჰყავს მშობელი, ან, ისეთი რთული სოციალური პირობები აქვს, რომ ელემენტარული რაღაც ენატრება. ამიტომ, იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს, მადლობელი ვარ ღმერთის. იმდენად მძიმედ ცხოვრობს ხალხი, იმათ ფონზე ნანუკა ჟორჟოლიანმა რომ იწუწუნოს, თავხედი უნდა იყოს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს ბრალწარდგენილი ქმარი თუ სხვა, ყოველთვის მადლობელი ვიქნები ღმერთის.
– მარიამს, მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, ალბათ დედის „ლექციების“ მოსმენაც ხშირად უწევს.
– არა. მარიამი არის ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ცხოვრებაში მაქვს. ისე არ გაიგოთ, თითქოს საბა არ მიყვარს ან რამე მსგავსი. რა სისულელეა! როგორ შეიძლება, შვილები განასხვავო! უბრალოდ, მარიამს იმხელა წვლილი აქვს ჩემს ცხოვრებაში შეტანილი, რომ მისი მადლობელი ვიქნები სოცოცხლის ბოლომდე. ძალიან მაგარი გოგოა, იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილია, უბრალოდ, საოცარი ადამიანური თვისებები აქვს. სულ მინდოდა, რომ ჟურნალისტი ყოფილიყო. ერთხელაც, მომიბრუნდა და მითხრა: „ჟურნალისტიკაში რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ შენთან არ შემადარონ და არ მაძახონ, რომ ნანუკას შვილი ვარ. თავი დამანებე, არ მინდა ჟურნალისტობა. შენი მიმდევარი დავრჩები ბოლომდე და, არ მინდა ასე ვიყო. სულაც მკერავი რომ გამოვიდე, ვიქნები მაგარი მკერავი, ოღონდ, შენს საქმეს არ გავაგრძელებ.” მაშინ აღმოვაჩინე, რომ უკვე მყავს დიდი შვილი, შემდგარი პიროვნება, რომელიც გაცილებით უფრო სწორად ხედავს ცხოვრებისეულ საკითხებს, ვიდრე მე. შესაბამისად, მარიამს ვაძლევ სრულ თავისუფლებას: მას აქვს უფლება, სამი კვირით წავიდეს მეგობრებთან ერთად და გვიან მოვიდეს სახლში – ბოლომდე ვენდობი. არის ასაკობრივი შეცდომები, რაც გამოუცდელობის გამო გემართება, ამიტომ, მარიამი თან გაშვებული მყავს, თან – ძალიან ახლოს. ვფიქრობ, თუ რაღაც სატკენები არ მიიღო, ვერ ისწავლის ჭკუას, აუცილებლად უნდა დაარტყას ცხვირი. ისეთი ბიჭი უნდა შეუყვარდეს ცხოვრებაში, რომელიც ატკენს. მე რომ გამუდმებით ველაპარაკო დე, ეს ბიჭი ის არ არის, აზრი არ აქვს. ამიტომ, არის საკითხები, სადაც ბოლომდე ვუშვებ. ერთადერთი, რაც მან უნდა გამიკეთოს, არის ის, რომ დამიბრუნოს ჩემი ინვესტიცია, რაც მის განათლებაში ჩავდე. მაშინ დამიბრუნებს ამ ყველაფერს, როდესაც კარგ უნივერსიტეტში მოეწყობა. თუ ამას ვერ შეძლებს, ჩავთვლი, რომ აბსოლუტურად შევმცდარვარ მასში. ერთადერთი, რასაც ვთხოვ, არის განათლება. მარიამმა უნდა დამირეკოს და მითხრას, რომ მაგარ უნივერსიტეტში მოეწყო.
– მარიამის ასაკში თავად როგორი იყავით?
– ბევრად გიჟი ვიყავი. დედაჩემმა ზუსტად იცოდა, რომ პრობლემების შემქმნელი შვილი ვიქნებოდი. ბიჭივით შეჭრილი თმა მქონდა, სულ ბიჭებთან ვმეგობრობდი, ძალიან აქტიური ვიყავი, სულ ვერეოდი ჩხუბებში, წარბიც კი მაქვს გახეთქილი (იცინის). ყოველთვის ყველაფრის წინააღმდეგი ვიყავი და არასოდეს არ მომწონდა, რასაც მეუბნებოდნენ, სულ რაღაც განსხვავებულს ვეძებდი. ძალიან რთულად აღსაზრდელი ბავშვი ვიყავი (იცინის). ბავშვობიდან ჩემს სახლში აქტუალური ფრაზა იყო: „კიდევ კარგი, ეს ბიჭად არ დაიბადა“. ჩემი ძმა რადიკალურად განსხვავებული, უფრო დინჯი და წყნარია.
- ალბათ, მეუღლისგან შორს ყოფნა რთულია...
– საერთოდ, ყველა ურთიერთობას აქვს ეტაპები, რომლებიც აუცილებლად საინტერესო უნდა იყოს. თუ ურთიერთობა არ არის საინტერესო, მაშინ ყველაფერი ხანმოკლეა. ჩემთვის ქორწინება და კაცთან ყოფნა არის ის, რომ მის ცხოვრებაზე აიღო პასუხისმგებლობა. მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიის ადამიანს აირჩევ მეგზურად, უბრალოდ, ეს კარგად უნდა გქონდეს გააზრებული. მე რომ ეს გააზრებული არ მქონოდა, ვერ გავუძლებდი იმ ზეწოლას, რაც საზოგადოებისგან იყო. რაღაცეები გათავისებული რომ არ მქონოდა, ამდენს ვერ შევძლებდი. როცა ზუსტად იცი, ვისი ცოლი ხდები, ძალიან კარგად იტან ირგვლივ არსებულ პრობლემებს და აღარ გიჭირს. სწორედ იმიტომ, რომ ირაკლის ცხოვრება კარგად მქონდა გააზრებული, ძალიან კარგად ავიტანე ის პრობლემები, რაც მის ირგვლივ ტრიალებდა და ტრიალებს. მე რომ ვყოფილიყავი ცოლი, რომელსაც ეს არ მეცოდინებოდა და უცებ აღმოვაჩენდი, რომ, ვაიმე, რა ყოფილა, მაშინ ყველაფერი დამთავრდებოდა. ეტაპები ყველა ცოლ-ქმრის ცხოვრებაშია. თუ ჩემთვის პიროვნება არაა საინტერესო, ვერ შევძლებ მასთან ყოფნას. უინტერესო ურთიერთობის დროს ვნება და ყველაფერი ქრება. ცხოვრება საინტერესოა, მერე რა, რომ პრობლემებია, ვის არ ჰქონია პრობლემა. ეს ყველაფერი მივიღე, როგორც გამოწვევა და, ასე ცხოვრება, დამიჯერეთ, ბევრად საინტერესოა. რომანტიზმი რომ შემოგეპარება წლების შემდეგ კარგია. ადრე არ ვემზადებოდი ირაკლისთან შეხვედრის წინ, ახლა კი, როცა მასთან მივდივარ, ყურადღებას ვაქცევ ჩაცმულობას, ვარცხნილობას და ასე შემდეგ.
– ხშირად ნახულობთ?
– ხან ორ კვირაში ერთხელ, ხან კი უფრო დიდხანსაც ვერ ვნახულობ. ყველაზე დიდხნიანი შუალედი იყო თვე-ნახევარი. წელს უნდოდა საბას წაყვანა, მაგრამ, არ დავთმე შვილი (იცინის). არავითარ შემთხვევაში-მეთქი, ბავშვს ის ტრავმაც ეყოფა, რომ ერთად იშვიათად გვხედავს. სამაგიეროდ, ირაკლის ვაჩუქე ძაღლი – ლაქი, ლაბრადორი, რომელიც ჩემმა მაყურებელმა მაჩუქა. მას თავის შვილთან ერთად ჩავუყვან. გიჟდება ირაკლი ძაღლებზე და ჩემგან ეს საჩუქარი ექნება. თვითონაც ხშირად მიკეთებს სიურპრიზებს, ახლა უფრო ხშირად, ვიდრე ადრე (იცინის).
– „კარუზოს” ინტერვიუმ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორ იმოქმედა ამ ამბავმა თქვენზე?
– როდესაც რესპონდენტი ამბობს, რომ შვილს დაბადების დღეს ვერ უხდიდა, ეროვნულ ჰიმნს ვერ ასრულებდა, ჯარში ვერ მიდიოდა და კიდევ ბევრ სხვა რამეს, არ მაქვს უფლება, რომ ვთქვა – „ბნელა?!” ისინი, ვინც მარტო მართმადიდებელ მამაოებს აკრიტიკებენ და სხვა რელიგიაში რაც არ უნდა მოხდეს, არ ერევიან, ვფიქრობ, არ არის სწორი მიდგომა. უმცირესობა არ ნიშნავს ხელშეუხებლობას, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება სექსუალური, რელიგიური თუ ეთნიკური. გასაგებია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უფრო მეტად უნდა იყოს მათი უფლებები დაცული, მაგრამ, იმის გამო, რომ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ, ჩვენ არ უნდა შევეხოთ, აბსოლუტურად მცდარი პოზიციაა. ამიტომ, ჩვენ არ ვიღებთ ამ შენიშვნას. ჩემი გადაცემა არის ადამიანებსა და მათ ისტორიებზე, თუ ჩემთან მოვა პიროვნება, რომელიც მეტყვის, რომ ეკლესიის მიღმა დარჩა, ვინაიდან მისი მამაო იყო ძალიან კატეგორიული და რადიკალური; თუ მეტყვის, რომ მამაოს კურთხევის გარეშე ვერ იწყობს პირად ცხოვრებას და ასე შემდეგ, მე მას ვკითხავ: ბნელა?! ისევე, როგორც ვკითხე „კარუზოს”. ნებისმიერი ადამიანი რომ მოსულიყო ჩემთან და მოეყოლა პირადი ისტორია, ეთქვა, რომ ქმარი სცემდა, ემუქრებოდა და ასე შემდეგ, მაშინ ვეტყოდი: ისეთებს ყვები, ხომ არ მომიცვივდებიან-მეთქი. ეს იყო იუმორში ნათქვამი. ბოლოს, ვიცინი მაგრამ, ჯანდაბას, იყოს შეცდომა, ამის იქით კი არ ვიღებ არცერთ შენიშვნას, რადგან, ეს ადამიანები მიეჩვივნენ ორმაგ სტანდარტს. მარტო უმცირესობა არაა ქვეყანა; მათი ასეთი დაცვით, მგონი, ჩვენ უფრო გამოვდივართ უმცირესობის მდგომარეობაში. პატივს ვცემ ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს, მყავს უამრავი კათოლიკე მეგობარი, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემაში მოსულ პიროვნებას, იმის გამო, რომ უმცირესობას წარმოადგენს, კითხვა არ დავუსვამ.