როგორ დააღწიეს სნაიპერებს თავი საახალწლო მურაბის მოსაპოვებლად წასულმა მანანა კოზაკოვამ და მისმა მეგობრებმა
ჩვენს რუბრიკაში ერთი და იმავე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მდგომ ცნობილ ადამიანებს.
– ვინ ხართ? გაგვეცანით.
– მანანა კოზაკოვა, მსახიობი.
– ყველაზე მძაფრი შეგრძნება ბავშვობიდან
– ბაბუა რომ გარდამეცვალა. ძალიან მიყვარდა. მეგონა, რომ სამყარო დამთავრდა, მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და ეგრეც იყო – რაღაცა ნაწილი ბავშვობის მართლაც დავტოვე. მაშინ 10 წლის ვიყავი.
– დაახასიათეთ საკუთარი თავი.
– რთულია საკუთარი თავის შეფასება, იმიტომ რომ, ხშირად ის რაღაცნაირი გვეჩვენება, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანი მაინც ყველასთან სხვადასხვანაირია: ვთქვათ, ჩემი შვილისთვის სხვა ვარ, ქმრისთვის – სხვა, თანამშრომლებისთვის – სხვა და ასე შემდეგ. ალბათ, როგორი მინდა, ვიყო, უფრო ამას ვიტყოდი. მინდა უფრო მოთმინებით ვუყურებდე რაღაცეებს, ვიდრე ახლა აღვიქვამ, რადგან ხშირად გაგვირბის ხოლმე აზრი, გადაწვეტილება. მერე კი, დრო რომ გავა, გაცილებით ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ვიღებთ და ვნანობთ, ზოგჯერ უკვე გვიანია. ფსიქოლოგებსაც აქვთ – ტრენინგივითაა: როცა გაბრაზდები, დაითვალე რაღაც რიცხვამდე. სწორია ეს დათვლა, მართალია არა ბუკვალურად, მაგრამ, დრო რომ გადის, უფრო სწორ შეფასებებს აკეთებ და მერე ნანობ რაღაც საქციელებს.
– ყველაზე სასაცილო და არარეალური, რაც საკუთარ თავზე გსმენიათ.
– რომ გითხრათ, რაღაც განსაკუთრებული ჭორები მსმენია, ან დავინტერესებულვარ-მეთქი... არასდროს მაინტერესებდა, არც ვაგროვებდი და არც ვიღვწოდი იმისთვის, გამეგო რაიმე. როცა ბავშვობაში პირველად განვიცადე ეს, ბებიაჩემმა მითხრა, ვისიც ძალიან მჯეროდა: რა გატირებს, რადგან ჭორაობენ, ესე იგი, არც ისეთი მახინჯი ხარ და არც ისეთი სულელიო.
– სწორი არჩევანი გააკეთეთ ცხოვრებაში?
– ვფიქრობ, რომ კი. უკვე შემიძლია რაღაცეები შევაფასო. ახლა ზუსტად 22 წელი გავიდა მე და ლევანის ქორწინებიდან და პრინციპში, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება, არჩევანი გავაკეთე, ხოლო რაც შეეხება პროფესიაში – რაც ძალიან მინდოდა, ზუსტად ის მივიღე.
– როგორი ჰგონიხართ სხვებს და სინამდვილეში როგორი ხართ?
– ალბათ, სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირი ვგონივარ. მივხვდი, რომ ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნები. რაღაც ასაკს აქვს რაღაც პლუსები. ვთქვათ, ჩემი შვილის ასაკი – გადასარევია, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა. მაგრამ, კომპლექსებით სავსე ხარ – ფიქრობ, ვის თვალში როგორი გამოჩნდები, რაღაცას უმტკიცებ საკუთარ თავს, სამყაროს და ასეც არის. ჩემს ასაკში კი, უკვე იცი, რომ რაღაცეებზე არც უნდა დახარჯო ენერგია, რადგან ვიღაცისთვის აუცილებლად ძალიან ცუდი ვარ, ვიღაცისთვის – ძალიან კარგი და ვიღაცას საერთოდ არ ვაინტერესებ. ამასაც მერე იგებ და იღებ აბსოლუტურად ორგანულად.
– ვინ გინდოდათ, ყოფილიყავით და ვინ ხართ რეალურად დღეს?
– ვინ მინდოდა ვყოფილიყავი? – ალბათ ის, ვინც ვარ რეალურად.
– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– მომწონს ალბათ ის, რომ შემიძლია საკუთარ თავთან მარტო ყოფნა და ეს არ მწყინდება. არ მომწონს, რომ ამდენმა ინფორმაციამ და სოციალურმა ქსელებმა ცოტათი ბავშვებს საკუთარ თავთან დარჩენის მუღამი წაართვა. მე მომწონს, რომ საკუთარი თავი შემიძლია, მშვენივრად გავართო. მაგალითად, დავრჩე ბეთანიაში, ჩვენს აგარაკზე სრულიად მარტო და 3-4 დღე ისე ვიყო, საერთოდ არ მომწყინდეს.
რაც არ მომწონს? – ბევრი ისეთი თვისება მაქვს, რაც არ მომწონს...
– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ?
– სისულელე ბევრი ჩამიდენია, განსაკუთრებით, რაღაც ასაკში. ეტყობა, სწორად არის გათვლილი, რომ, მაგალითად, 21 წლამდე ალკოჰოლს არ მიჰყიდიან, ან ბარში არ უშვებენ უცხოეთში. იმიტომ რომ, ასაკია ისეთი, როცა თავში გიქრის, უშიშარი ხარ. ერთხელ, მაგალითად, რუსთაველზე რომ ომი იყო, ისროდნენ და სნაიპერები იყვნენ, ახალი წელი მოდიოდა, ახალგაზრდობა თავისას შვრება და გვინდოდა, აღგვენიშნა. ვიცოდით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის ბებიას სახლში მურაბები ჰქონდა და ასე, გადარბენებით, სახლში რომ შევედით, ნასროლი ტყვიების გილზები ნოხივით იყო იატაკზე დაფენილი. ეს მურაბები ავიღეთ... მოკლედ, ახალი წლისთვის მოვიპოვეთ მურაბა და კომპოტი. ახლა საერთოდ ვერ წარმომიდგენია, რა გავაკეთე, რა ჭკუით... ეს, ეტყობა, ასაკის ერთ-ერთი თანმდევი ნაწილია.
– ყველაზე მეტად მიყვარს...
– ჩემი შვილი.
– რომელ ეპოქასა და ცივილიზაციაში იცხოვრებდით და რას გააკეთებდით?
– ალბათ მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მეოცის დასაწყისი. უფრო რომანტიკული და უფრო... მიყვარს ის პოეზია, ჩაცმულობა... ალბათ, იგივეს გავაკეთებდი, რასაც დღეს, ხელოვნებასთან ვიქნებოდი კავშირში.
– დღეს, იქ ხართ, სადაც თქვენი ადგილია?
– კი, მე ძალიან მიყვარს საქართველო. შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში, მით უმეტეს, ეს ძალიან რეალური იყო, რომ სხვაგან ვყოფილიყავი. ვერც წარმომიდგენია, იმ ქვეყანაში მეცხოვრა, რომელშიც საერთოდ არც მაინტერსებს ცხოვრება.
– საერთოდ ფიცხი ხართ? როგორი ხართ გაბრაზებული?
– ალბათ ცუდი, ავი... გააჩნია სიტუაციას, ავი ვხდები, ავი აზრები მომდის (იცინის)...
– რა შემთხვევაში კარგავთ თავს?
– ძალიან იშვიათად. საერთოდ, არ ვარ მოჩხუბარი. მაგალითად, მძღოლი ვარ და თითქმის არც არასდროს ვასიგნალებ ზედმეტად და არც ცუდ სიტყვებს ვამბობ. მაგრამ, როცა „ხამსტვას”, უზრდელობას ვაწყდები, ვერ ვიტან. იმას ვითხოვ, რასაც გავცემ.
– კომფოტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა...
– კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ჭკვიან ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა.
– ხშირად თუ დამთვრალხართ და როგორი ხართ ამ დროს?
– დავმთვრალვარ, მაგრამ... არ ვიცი, დიდად არ გამოვირჩევი, ვიძინებ. ჩემი სიმთვრალე არის ძილი.
– როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი ჩვეულებრივ, ანუ მაშინ, როცა არავის ელით?
– არეულად.
– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგათ და რა იყო მისი შინაარსი?
– სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რჩევები იყო, რომელიც დღემდე მახსოვს. დედაჩემი მარიგებდა: შენი არჩევანი ყოველთვის იყოს შენი „ოპერის” ხალხი, ანუ ოპერა გადატანითი მნიშვნელობით – ნუ იქნება შენზე მეტი და ნურც ნაკლები. შეგეძლოს რეალური შეაფასება საკუთარი თავის და შენი გარემოცვის. კიდევ მირჩია, ისწავლე სიტყვა: არ შემიძლია და არ მინდა! ნუ ეჭიდავები საკუთარ თავს, რადგან, იმას, რაც ძალიან არ გინდა, მაინც არ გააკეთებ. საკუთარ თავს დააძალებ და მერე მაინც სადღაც... ამიტომ, ისწავლე დროზე ამის თქმა და შინაგანად გადაწყვიტე, რა არ შეგიძლია და რა არ გინდა.
– ცხოვრებამ მასწავლა, რომ...
– დიდი მოთმინებით ავიღოთ რაღაცა გეზი და ისე გავაგრძელოთ ცხოვრება.
– მინდა, ყველამ იცოდეს, რომ...
– ძალიან მიყვარს სამშობლო.
– რისთვის ღირდა ცხოვრება?
– იმისთვის, რომ რაღაცა შექმნა, დატოვო. როგორც მამაკაცები ამბობენ: უნდა ააშენო სახლი, დარგო ხე, გააჩინო შვილი და შექმნა პროფესიაში რაღაც. მე ხე არ დამირგავს, სახლი ავაშენე, პროფესიაც მაქვს და შვილიც გავაჩინე – ამისთვის კი ღირდა ცხოვრება (იცინის). ხეც თითქმის დამირგავს, ვეხმარებოდი.
– როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი სიბერეში?
– სიბერეში საკუთარი თავი წარმომიდგენია ძალიან მსუქანი (იცინის), ბევრ შვილიშვილებში ჩაფლული ბებია.
– რას დაწერენ თქვენზე 22-ე საუკუნეში?
– არაფერსაც არ დაწერენ, ზუსტად ვიცი. ამისი ამბიცია არც მაქვს.