მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ზოგიერთ ტაძარში გარედან შეტანილ სანთლებს არ გვანთებინებენ. ეს სწორია თუ არა?
პასუხი: ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ეკლესიაში შეგვიძლია დავანთოთ ჩვენივე ხელით ჩამოქნილი სანთელიც – სანთელი ღვთისადმი შესაწირავია. მაგრამ, როდესაც ეკლესიაში იქვე შეძენილ სანთელს ვანთებთ, ეს არა მარტო შესაწირავია, არამედ მოწყალების გაღებაც არის ტაძრისა და მის მსახურთა მიმართ. ასეთ დროს უფალსაც სწირავთ და მოწყალებასაც გაიღებთ. ამიტომ, აჯობებს, თუ სანთელს ეკლესიაშივე შეიძენთ.
კითხვა: როდის ხდება ტაძარში ზარების რეკვა?
პასუხი. მართლმადიდებელ ეკლესიებში ზარებს რეკენ: ღვთისმასახურების წინ, მორწმუნეთათვის საღმრთო მსახურების დაწყების შესატყობინებლად; ლიტანიობისას, რათა მას განსაკუთრებით სადღესასწაულო ელფერი მიეცეს; გარდაცვლილთა დაკრძალვისას; სხვა მნიშვნელოვან და სადღესასწაულო მომენტებში.
კითხვა: ამბობენ, რომ საქართველოში ინახება ის ლურსმანი, რომლითაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს. ეს მართალია?
პასუხი: ის ჯვარი, რომელზეც აცვეს მაცხოვარი იერუსალიმში ჩასულმა ელენე დედოფალმა (რომის პირველი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედა) მოიძია. იქვე აღმოჩნდა ოთხი სამსჭვალიც (ლურსმანი). მათგან ერთ-ერთი მართლაც ინახება საქართველოს საპატრიარქოში, ერთი კი, მეჩვიდმეტე საუკუნეში არჩილ მეორემ რუსეთში წაიღო.
კითხვა: როგორ მივიღოთ ის საქებარი სიტყვები, რაც ჩვენი მისამართით გამოიმეტეს?
პასუხი: როდესაც თქვენს ქებას დაიწყებენ, გაიხსენეთ თქვენი ნაკლოვანებები, რათა ხიბლში არ ჩავარდეთ.