როგორ დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი წლების წინ და ვის ეძებენ ხარაგაულის რაიონში
67 წლის სილვა ბიწაძე ეძებს დაახლოებით 65-69 წლის მადლენა ცისკაძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, დაახლოებით 65-69 წლის მადლენა ცისკაძეს. ჩვენ ერთმანეთი დიდი ხანია, არ გვინახავს და, უკვე წლებია მას ვეძებ. ბოლოს მადლენა დაახლოებით 70-იან წლებში ვნახე. სამწუხაროდ, მისი სურათი არ გამაჩნია და აღარც მისი ზუსტი ასაკი მახსოვს, რადგან, კარგა ხანია, რაც მასთან კავშირი შემიწყდა. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში. თავად მე ჯვარში ვცხოვრობ, მადლენა კი, როგორც მახსოვს, ხარაგაულის რაიონიდან (ან თვითონ ხარაგაულიდან) იყო. გიგზავნით ჩემს ორ ფოტოს, რომლებიც იმ პერიოდშია გადაღებული და, იმედია, მადლენა მათზე მე ადვილად მიცნობს.
– გვიამბეთ თქვენი დამეგობრების ისტორიაც და ისიც, თუ როგორ დაკარგეთ ერთმანეთი.
– მე და მადლენა იმ პერიოდში თბილისში ვსწავლობდით. მან სასოფლოში მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი დაამთავრა, მე კი უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ფარმაცევტის განათლებაც მაქვს და იმ დროს პრაქტიკაზე ¹24 აფთიაქში მოვხვდი. იმ აფთიაქში მუშაობდა მადლენას მამიდა, მარგალიტა ცისკაძე. მარგალიტა პროვიზორი იყო და პრაქტიკას მასთან გავდიოდი. სწორედ მამიდასთან მოსვლის დროს გავიცანი მადლენა. ის მამიდასთან ცხოვრობდა – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მათი სახლი. მე და მადლენა დავმეგობრდით და თავისუფალ დროს სულ ერთად ვატარებდით. მასთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. მადლენას მამიდას ჰყავდა გოგონა, სახელად მადონა, რომელიც მაშინ 4-5 წლის იქნებოდა.
– კიდევ რა იცით მადლენას შესახებ, და ან ძმა თუ ჰყავს?
– სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, თან, დიდი დროც არის მას შემდეგ გასული, რაც ჩვენ ერთმანეთი ბოლოს ვნახეთ; მაგრამ, დაზუსტებით მახსოვს, რომ მადლენას ინვალიდი მამა ჰყავდა – ის ხშირად ახსენებდა ხოლმე, მამა ინვალიდი მყავსო; ასევე, ვიცი, რომ მადლენა ხარაგაულის რაიონიდან იყო (შეიძლება, თვითონ ხარაგაულიდანაც).
– აქამდე თუ ეძებდით მას და როგორ?
– თუკი ვინმეზე გავიგებდი, რომ ხარაგაულიდანაა, ყველას ვაბარებდი მის პოვნას, მაგრამ, ამდენი ხნის განმავლობაში მე ის ვერ ვიპოვე. სრულიად შემთხვევით წავიკითხე თქვენი რუბრიკა და გამიხარდა, რომ მადლენას პოვნის შანსი გამიჩნდა. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის მოძებნაში, ძალიან მინდა მასთან შეხვედრა და მეგობრობის აღდგენა.
– თქვენ, რა თქმა უნდა, უკვე ოჯახიც გაქვთ.
– დიახ, მყავს ერთი ქალიშვილი და შვილიშვილი. დარწმუნებული ვარ, მადლენასაც აქვს ოჯახი და, ალბათ, ისიც, ჩემსავით, უკვე ბებიაა. მე ქიმიის პედაგოგად ვმუშაობ ჯვარში. მაინტერესებს, მადლენა რას აკეთებს, რას საქმიანობს, როგორ აეწყო მისი ცხოვრება. ძალიან მინდა მისი ოჯახის გაცნობა. დარწმუნებული ვარ, მისთვისაც, ისევე, როგორც ჩემთვის, ეს დიდი სიხარული იქნება.
– მაინც, რას ფიქრობთ, სად უნდა ცხოვრობდეს ის ამჟამად?
– დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, თუკი ის ხარაგაულში არაა, მაშინ, შეიძლება, თბილისშიც კი ცხოვრობდეს. შეიძლება, გათხოვდა და გვარიც შეიცვალა. მე მისი პოვნის იმედს არასდროს დავკარგავ. ისეთი პიროვნება, როგორიც მადლენაა, არ უნდა დაკარგო. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და ნამდვილი მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთი ბოლოს ვნახეთ, მე ის არასდროს დამვიწყებია.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.