როგორ აქვს დაცდილი პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს მილიარდერებთან შეხვედრა და როდის რჩება ის ბორტს მიღმა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, მას შემდეგ, რაც ფრაქციიდან გარიცხეს, საკანონმდებლო ორგანოში მარტოხელა დეპუტატად დარჩა. გარიცხვის „ფასი” კარგად იცოდა – უფრო ადრე „რესპუბლიკური პარტიის” რიგები დაატოვებინეს, თუმცა, ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ძირძველი რესპუბლიკელი ქართული პოლიტიკის კულისებს ვერ ფლობს; მურმან დუმბაძე სხვა მხრივაც არის „რეკორდსმენი” – ოთხ მილიარდერს ბევრი არ შეხვედრია, მათგან სამს კი ხელიც ჩამოართვა. მარჯვენა თუ მარცხენა? – ეს ხომ მისი ყველაზე ცნობილი „ოინია”, რომელიც, როგორც ახლა ამბობს, საარჩევნოდ გამოიგონა და მის ყველაზე ფრთიან ფრაზად იქცა.
– ბატონო მურმან, როგორ ხართ, როგორ გრძნობთ თავს მარტოხელა, უპარტიო, უფრაქციო ვიცე-სპიკერის როლში?
– ძალიან კარგად, მე მინი-პარლამენტის გამოცდილება მაშინ მივიღე, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი. 2004 წლის 7 მაისს, მეორე დღეს ასლან აბაშიძის ხელისუფლების დასრულებიდან, რომლის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერიც ვიყავი ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიიდან,” მიხეილ სააკაშვილმა ხელვაჩაურის რაიონის გამგებლად დამნიშნა. მხოლოდ 18 დღის განმავლობაში ვიყავი გამგებელი, შემდეგ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება, დავტოვე გამგებლის პოსტი, ვიყარე კენჭი და გავხდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ასე რომ, საკანონმდებლო ტრიბუნა, გამგებლობა, ფრაქციობა და ეს მანიპულაციები ჩემთვის უცხო არ იყო.
– ორჯერ ხართ გარიცხული გუნდიდან – გაგრიცხეს პარტიიდან, ფრაქციიდან. როგორია ბორტს მიღმა დარჩენილი კაცის განცდა?
– მოქმედ პოლიტიკოსებს შორის არ მახსენდება ვინმე, ვისაც ამ მხრივ ასე „მძიმე” ბიოგრაფია აქვს. „რესპუბლიკური პარტიის” წევრი გავხდი 1990 წელს და ჩვენ ოცი წელი ერთად ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით, მაგრამ, მოხდა ისე, რომ 21 წლის შემდეგ გამრიცხეს ამ პარტიიდან. შემდეგ გავხდი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გუნდის წევრი და იქიდანაც გამრიცხეს, თუმცა, ეს უფრო მალე მოხდა. ღმერთი სამობით არის და, 2016 წელს, როცა შევეცდებით, შევცვალოთ ეს ხელისუფლება უკეთესი ხელისუფლებით, ამ საქმეს აუცილებლად დასჭირდება ახალი ძალა. მე გავხდები ამ ძალის წევრი და,, ალბათ, იქიდანაც მალე გამრიცხავენ, თუმცა, ვგეგმავ რომ აქტიურ პოლიტიკაში დავრჩე – უამრავი მომხრე მყავს. მე მაინც უფრო მარტო მოთამაშე ვარ, ჩემში კოლექტიურობა ნაკლებია, თავისუფლება – ბევრად მეტი. როცა ხარ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, გინდა თუ არ გინდა, უნდა დაემორჩილო გუნდის წესებს: იძულებული ხარ, გაჩუმდე იმ საკითხებზე, რაც არ მოგწონს და გაწუხებს და, ამიტომაცაა, რომ ასეთ ხმაურიან ამბებში ხშირად ვეხვევი. პოლიტიკა ისეთი საქმეა, იქ პარტერში ზიხარ თუ ლოჟაში, ყველას და ყველაფერს კარგად უნდა აკვირდებოდე და ხედავდე. თუ შენი პარტერიდან ლოჟა არ ჩანს, ესე იგი, პოლიტიკოსი არ ხარ. მე ყველაფერს ვამჩნევ: ვამჩნევ, რა ხდება კულისებში, ოთახებში, ბიუროს სხდომებზე, დერეფნებში; თვალის შევლებით ვამჩნევ ჩურჩულში, გადალაპარაკებებში, ხმის მიცემის დროს პულტს როგორ აჭერს ხელს ადამიანი, გულწრფელად თუ იძულებით – ამასაც კი ვგრძნობ. ძალიან ხშირად წინასწარმეტყველებასავით გამომდის ხოლმე ნათქვამი: ირაკლი ღარიბაშვილს ხშირად ვეუბნებოდი, კოალიციური ერთობიდან პირველად „თავისუფალი დემოკრატები” გავლენ-მეთქი – ბოლო ნახევარი წელი ეს აკვიატება მქონდა. არა, კოალიცია არ დაიშლებაო – მეუბნებოდა ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ, გავიდა დრო და დადასტურდა ჩემი ნათქვამი.
– ამდენს თუ „ხედავთ” ქართულ პოლიტიკაში, საკუთარი გარიცხვა რატომ ვერ იწინასწარმეტყველეთ?
– და ვინ გითხრათ, რომ არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?! მე გასარიცხი ვიყავი პარტიიდან, იმიტომ რომ, შეგნებულად დავარღვიე პარტიის წესდება, როცა მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ წავედი. ამაზე მარტო, ეულად წასვლა შედეგს ვერ მომიტანდა და დავიწყე მიტინგების გამართვა. პარტია ამის წინააღმდეგი იყო – რელიგიური ფაქტორის შეეშინდათ, თუმცა, სულ ტყუილად შეშინდნენ – რაღაცეები ვერ გათვალეს.
– თქვენზე ამბობენ, ახალგაზრდობაშიც ანარქისტი და ეპატაჟური იყოო.
– ზღვარს გადასული ონავარი არასდროს ვყოფილვარ. ფეხბურთს ვთამაშობდი კარგად, მოედანზე ვხარჯავდი მოჭარბებულ ენერგიას. სასკოლო ასაკიდან დავიწყე დისიდენტური ამბები – მე და დავით ბერძენიშვილი ბავშვობიდან ვმეგობრობდით და სხვანაირად ვერ გამოვიდოდა. სკოლაში ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, კლასში გამორჩეულად ვსწავლობდი. მეცხრე კლასში რომ ვიყავი, სკოლის ეზოში შესვლისთანავე, ბავშვები ჩანთას წამართმევდნენ ხოლმე და, სანამ მეოთხე სართულამდე ავიდოდი, სადაც ჩემი კლასი იყო, მათემატიკა გადაწერილი ჰქონდათ ჩემგან. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, შემდეგ კი წავედი მოსკოვში, სადაც დავამთავრე ცნობილი კიბერნეტიკის ინსტიტუტი, რომელსაც ივერი ფრანგიშვილი ხელმძღვანელობდა. ლომონოსოვის უნივერსიტეტი იყო სათავო ორგანიზაცია, რომელიც წერდა რეცენზიას დისერტაციის წინა დაცვაზე, რაც ურთულესი პროცესი იყო. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი – სამი წლის განმავლობაში მის კაბინეტში ვიჯექი და ვიყავი მისი ასპირანტი. ის უნიჭიერესი ადამიანი იყო, 35 წლის ასაკში ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა. საოცრად თავმდაბალი კაცი იყო, ინსტიტუტში ველოსიპედით დადიოდა. მახსოვს, ჩემი დისერტაციის დაცვის დღეს, მან სამეცნიერო საბჭოს წინაშე ჩემზე თქვა – ვწუხვარ, რომ ასეთი კარგი ასპირანტი მიდის ჩვენგანო. 1991 წელს დავბრუნდი ბათუმში, 1995 წლიდან ვიყავი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი და ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ სამი მილიარდერისთვის მაქვს ხელი ჩამორთმეული.
– როგორ გყავთ დაცდილი მილიარდერები? მარჯვენა ხელს ართმევდით მილიარდერებს თუ მარცხენას?
– კარგად, კარგად მაქვს დაცდილი, მათ მარჯვენა ხელს ვართმევდი (იცინის). პირველი მილიარდერი იყო ბორის ბერეზოვსკი; 90-იან წლებში ბათუმში შევხვდი ბადრი პატარკაციშვილს, ხოლო მესამე მილიარდერი იყო ბიძინა ივანიშვილი. ერთ ისტორიას კიდევ გავიხსენებ: 1989 წელს დავესწარი ბილ გეიტსის ლექციას, რომელიც მოსკოვში იყო ჩამოსული, თუმცა ხელის ჩამორთმევა ამ შემთხვევაში არ გამოვიდა.
– თქვენი გამოთქმები ხელის გახმობასა და სიმსივნეზე დიდხანს იყო ხალისიანი ხუმრობების თემა.
– გეტყვით, როგორ გაჩნდა ეს თემა. მოგეხსენებათ, ძალიან დაძაბულ რეჟიმში გვიწევდა საარჩევნო კამპანია და ჩემი კონკურენტი იყო გია ბარამიძე, გამოცდილი პოლიტიკოსი. იცით, როგორ ვატყუებდი მას საარჩევნო კამპანიის დროს? შეხვედრებზე 70-100 კაცი თუ მიდიოდა მასთან, იქიდან ნახევარზე მეტი ჩემი ხალხი იყო. გიას შეხვედრების გრაფიკი საკუთარ გრაფიკზე მაგრად ვიცოდი – „მტრის” ბანაკში ჩემები მყავდა (იცინის). ერთ დღესაც, აღმოვაჩინე, რომ ცენტრალური ტელევიზიების კარი გიასთვის ღია იყო, ჩემთვის – არა. სულ ვფიქრობდი, რამე ისეთი შტერული მეთქვა, რომელსაც „რუსთავი 2” აუცილებლად დაატრიალებდა. ჯერ დავიწყე მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი და „რუსთავი 2-მა ეგრევე გაუშვა. აუ, მივხვდი, რომ მიზანში გავარტყი. მერე „გავართულე” და სიმსივნეზე გადავედი. მოსახლეობას რომ ვხვდებოდი, ისინიც მთხოვდნენ ხოლმე – თქვი, რა, ხელის გახმობის ამბავიო. ეს იყო ჩემი ხრიკი, რომლითაც რეიტინგულ ტელევიზიაში მოვხვდი – ასე გამომივიდა, ფაქტობრივად, უფასო რეკლამა, ბიძინა ივანიშვილისთვის კი ეს იყო დაზოგილი და გადარჩენილი ფული (იცინის).
– დუმბაძეებს დიდი გვარი გაქვთ, მაგრამ ამხელა რა სანათესაო გყავთ, ნეპოტიზმში რომ გადანაშაულებენ?
– ყველა თვალსაზრისით ძალიან დიდი გვარი გვაქვს, ჩვენი გვარი ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების პირველ ორმოცეულში შედის. ჩემი ნეპოტიზმი არის აბსოლუტური ტყუილი და, არც ვარ ვალდებული, ჩემი უდანაშაულობა ვამტკიცო. ამხელა გვარში ორი-სამი ადამიანი რომ კონკურენციას უძლებდეს და კარგი კადრი იყოს, გასაკვირია?! როგორ ფიქრობთ, ნეპოტიზმის ამბავი რომ მქონდეს ჩემი მეუღლის დასაქმებაზე არ ვიფიქრებდი?! ჩემი ვაჟი, მუხრანი, რომელსაც ჰყავს მეუღლე და შვილი, შორეული ნაოსნობის ოფიცერია. ჩემი ძმაც მეზღვაური იყო, დღეს კი ძალიან სერიოზული და წარმატებული ბიზნესმენია. აჭარაში ეროვნული მოძრაობის პატრიარქია ჩემი უფროსი ძმა – გურამ დუმბაძე, რომელიც დღეს ცნობილი სტომატოლოგია. ის წლების განმავლობაში აფინანსებდა „რესპუბლიკურ პარტაის.” ჩემი ბიზნესი არის ჩემი შვილები – მუხრანი თვეებს ატარებს ზღვებსა და ოკეანეებში და უყვარს თავისი საქმე; კარგი ანაზღაურებაც აქვს – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასზე ორჯერ მეტი და, შეიძლება ითქვას, რომ მეც კი მინახავს. უმუშევარია ჩემი რძალი (შვილის ცოლი). ჩემი ქალიშვილი საქართველოში არ ცხოვრობს და მის ნეპოტიზმში ვერ მომედავენ, რუსიკო ამერიკაშია გათხოვილი და ამერიკის მოქალაქეა, ჰყავს ქართველი მეუღლე – ამირან ფანცულაია. ჩემი რძალი, ძმის ცოლი, რომელზეც ააგორეს ამბები, აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობს 2004 წლიდან და, ახლა, მე რომ მივედი და „დიდი კაცი” გავხდი, სამსახურიდან ხომ ვერ გავაგდებდი?!
– თქვენი ცხოვრება კადრს მიღმა როგორია?
– კადრში და კადრს მიღმა ჩემი ცხოვრება თითქმის ერთნაირია, ჩემში თეატრალურობა ძალიან ნაკლებია. ვფიქრობ, იმ წესით ვცხოვრობ დღესაც, როგორც გავიზარდე. დედაჩემი შერვაშიძის ქალი იყო და მკაცრი გადაწყვეტილებებით მას ვგავარ. ერთხელ ტელევიზიით უყურა ჩემს გამოსვლას და, სახლში დაბრუნებულს მითხრა: შენ ასეთი არ ხარ, დღეს შენ ითამაშე; თუ აწვები კაცს, ბოლომდე უნდა მიაწვეო. ჩემში არის კონსერვატიზმი და ამითაც დედას ვგავარ. იოლად ვერ ვიცვლი აზრს – რაც არ მომწონდა ექვსი თვის წინ, რატომ უნდა მომწონდეს დღეს, იმიტომ რომ, ბიძინა ივანიშვილს მოსწონს?! მიყვარს ტრადიციები, სახლში სადილი რძალმა რომ უნდა მოამზადოს, ეს ფეოდალური გადმონაშთია, მაგრამ, ასეა. ძალიან კომუნიკაბელური კაცი ვარ, ღამის 12 საათზე ვეძახი ხოლმე მეგობრებს ჩემთან. სოფელში დიდი სახლი მაქვს და მიყვარს ჩემს სახლში ფუსფუსი, ღვინის გადაღება; ასე მგონია, სახლს ქალზე უკეთესადაც კი დავალაგებ. როცა მოსკოვში ვცხოვრობდით, ბავშვებს მე თვითონ ვაბანავებდი ხოლმე. მიყვარს სტუმრები. ადრე კარგად ვუკრავდი გიტარაზე, მაგრამ, ახლა დრო არ მაქვს და „კლასიც” დაეცა. თუ შფოთი და ქაოსი არ არის, თვითონ ვეძებ – მგონია, რომ ისე ცხოვრება ინტერესს კარგავს.