ვის ასესხა დავით ბეჟუაშვილმა ზეპირი შეთანხმებით მილიონ-ნახევარი ევრო და როგორ მოუტანა გასულ წელს დეპოზიტებზე დარიცხულმა პროცენტმა 108 862-ევროიანი შემოსავალი
თეთრი წყაროს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ბეჟუაშვილი 1969 წელსაა დაბადებული დაბა მანგლისში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, პროფესიით ეკონომისტია, სპეციალობით – მაკროეკონომისტი. მისი სამუშაო გამოცდილება 1998 წელს იწყება „საქტრანსგაზმრეწვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობით (ჩვენთვის უცნობია, რატომ ვერ მოხვდა ბ-ნი ბეჟუაშვილის მიერ მანამდე დაკავებული შრომითი ადგილები, რადგან რთული დასაჯერებელია, 29 წლამდე უმუშევარი ყოფილიყო); იმავე პერიოდში (1998-1999 წლებში) იყო, ასევე, „საქგაზის“ გენერალური დირექტორიც. 1999 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, იგივე გაიმეორა 2004 წლის მოწვევის პარლამენტშიც, აგრეთვე, 2008 წლისა და 2012 წლის მოწვევის პარლამენტებშიც.
შესაბამისად, ბ-ნი ბეჟუაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა. იმხანად ის მარტო ცხოვრობდა და ჰქონდა შემდეგი ქონება: საცხოვრებელი სახლი და მიწა დაბა მანგლისში (30 000 ლარად ღირებული); საცხოვრებელი სახლი თბილისში (55 000 ლარად ღირებული); საცხოვრებელი ბინა კიევში – 25 000 აშშ დოლარად ღირებული; საცხოვრებელი ბინა მოსკოვში – 180 000 აშშ დოლარად ღირებული და 47 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა.
ამას გარდა, დავით ბეჟუაშვილი ფლობდა შემდეგ მოძრავ ქონებას: 15 000-დოლარიან საძინებელს, 12 000-დოლარიან სასადილოს, 8 000-დოლარიან სამზარეულოს, 27 000-დოლარიან რბილ ავეჯს, 4 000-დოლარიან ტელევიზორს და 12 000-დოლარიან კაბინეტის ავეჯს.
ბ-ნი ბეჟუაშვილს სოლიდური თანხა ერიცხებოდა საბანკო ანგარიშებზე, კერძოდ: ამსტერდამის ერთი ბანკის ანგარიშზე – 27 000 აშშ დოლარი და 15 000 გულდენი; მეორე ბანკის ანგარიშზე – 50 000 აშშ დოლარი და 37 000 გულდენი; ლიმასოლის ბანკში – 18 000 აშშ დოლარი; ლონდონის ბანკში – 32 000 აშშ დოლარი და 24 000 გირვანქა სტერგლინგი. ხოლო, დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდ ფულად ჰქონდა – 250 000 აშშ დოლარი და 80 000 ლარი. 1999 წლის განმავლობაში, როგორც პარლამენტის წევრმა, ხელფასის სახით, 2 000 ლარი აიღო.
ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა ბეჟუაშვილმა 2014 წელს შეავსო კვლავ, როგორც პარლმენტის წევრმა (როგორც მოგახსენეთ, ის აგერ უკვე 16 წელია, პარლამენტის წევრია) და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, თეა ჭეიშვილი და ორი შვილი – 2002 წელს დაბადებული ირაკლი და 2004 წელს დაბადებული ნიკა. რაც შეეხება ქონებას: დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა ბინა კიევში (70 კვ. მ.), ბინა მოსკოვში (180 კვ. მ.) და მიწის ფართობი მანგლისში (629 კვ. მ.). თეა ჭეიშვილს კი ეკუთვნის მიწის ნაკვეთი საგურამოში (1 000 კვ.მ.), მასვე ჰყავს 2004 წლის „ლენდ როვერი“.
დავით ბეჟუაშვილს ბანკებში, როგორც ქართულში, ისე უცხოურში, გახსნილი აქვს მიმდინარე ანგარიშები, რომლებზეც სხვადასხვა ოდენობის თანხა ერიცხება – 60 ლარით დაწყებული და 203 000-ით დამთავრებული. თეა ჭეიშვილს კი „რესპუბლიკა ბანკის“ შემნახველ ანგარიშებზე ერიცხება: 15 080, 503 046 და 124 441 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ნაღდი ფულის სახით ჰქონდათ: დავით ბეჟუაშვილს 200 000 აშშ დოლარი და 90 000 ევრო, მის მეუღლეს – 5 000 აშშ დოლარი, შვილებს – 5 000-5 000 ლარი.
დეკლარაციის თანახმად, დავით ბეჟუაშვილი არის 1994 წელს მარშალის კუნძულებზე, ანუ ოფშორში რეგისტრირებული CHEMEXIM INTERNATIONAL LTD-ისა და, ასევე, ოფშორში, ოღონდ კვიპროსზე რეგისტრირებული KEMBLE TRADING LTD-ის პარტნიორი. თუმცა, როგორც თავად მიუთითებს, ამ საქმიანობას მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია. როგორც პარლამენტის წევრმა კი, 2013 წლის განმავლობაში 55 593 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც ევროპული სკოლის დირექტორის კონსულტანტმა, 45 600 ლარი.
დეკლარაციის თანახმად, დავით ბეჟუაშვილს გასესხებული აქვს თანხა. სახელდობრ, 2011 წელს ზეპირი შეთანხმებით მან გაასესხა 335 090 ევრო (საიდანაც 2013 წელს შემოსავლის სახით მიიღო 436 252 ლარი) და 326 712 ევრო (საიდანაც 2013 წელს შემოსავლის სახით მიიღო 9 056 ლარი), ხოლო 2013-ში გაასესხა 828 103 ევრო, რამაც 2014 წელს შემოსავლის სახით 1 523 ლარი მოუტანა.
2013 წელს დავის ბეჟუაშვილს შემოსავალი ჰქონდა დეპოზიტებიდანაც – 108 862 ევრო. ჰქონდა გასავალიც – ქუთაისში ბინის ქირაობა 10 000 ლარი დაუჯდა, ფართის იჯარა – 18 720 ლარი.