ობლები
„შენ რომ ჩემთვის „მისტრალი“ არ მოგიყიდიაო?!“
გასული კვირის პარასკევს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ პარიზმა, შესაძლოა, სულაც არასდროს მიაწოდოს რფ-ს ავიამზიდი „მისტრალები“, რამეთუ, პრ. პუტინი მთლად ჯეროვნადაც ვერ იქცევაო.
ჯეროვნად კი იმიტომ ვერ იქცევა, რომ პატივს არ სცემს უკრაინის საზღვრების ურღვევობას და არ ასრულებს მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რაკი საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ „მიტსრალების“ გადაცემის პროცესი შეჩერებულია, თუმცა მანამდე, სახელდობრ, სექტემბერში, ბრძანა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები აფერხებს პირველი „მისტრალის“ გადაცემას, ხოლო ოქტომბერში დაამატა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ერთ-ერთი პირობაა გადაცემის პროცესის გამოსაცოცხლებლადო.
ამის საპასუხოდ, მოსკოვი სასამართლოში ჩივილისთვის ემზადება (საფრანგეთი ხელშეკრულებას არღვევსო). ხელშეკრულება 1,2-მილიარდევროიანია და ის რფ-მ ფრანგულ კომპანიასთან 2011 წლის ზაფხულში გააფორმა. პირველი „მისტრალი“ ამ წლის ოქტომბერში უნდა მიეღო პრ. პუტინს, მეორე – ნოემბერში. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, საფრანგეთს რფ-სთვის 3 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მასში შემავალი ქვეყნებისთვის 3 მილიარდი ევრო თითქმის მზესუმზირის ფულია, სავსებით რეალურია, რომ პრ. პუტინი „მისტრალების“ გარეშე დარჩეს, თუმცა, 3 მილიარდი ევროთი გამდიდრებული.
მაგრამ, თუ ამ ისტორიის მთავარ ლაიტმოტივს გავიხსენებთ (რფ.პატივს არ სცემს უკრაინის საზღვრების ურყევობასო) და დავამატებთ, რომ ხელშეკრულება 2011 წელს გაფორმდა (როდესაც რფ-ს საქართველოს საზღვრების ურყევობა სამი წლის დარღვეული ჰქონდა), თუმცა სულითა და გულით ვუერთდები საფრანგეთის ამჟამინდელ გადაწყვტილებას, იბადება ობოლი კითხვა: ანუ, საქართველოს საზღვრები არ ითვლება?! –