სამყაროს ცენტრი
რუბლებით შეიარაღებულები
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი ჩირიკბა ევროკავშირის დისკრიმინაციულმა სავიზო პოლიტიკამ აღგვიშფოთა (რას მიქვიან, აფხაზეთის მოქალაქეებმა ნეიტრალური პასპორტებით ვიაროთ, მხოლოდ აფხაზური პასპორტებით უნდა შემოვუაროთ ევროპასო). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ აფხაზი საზოგადოება ამრეზით უჭვრეტს დასავლეთს – გარყვნილების ბუდეაო, წესითა და რიგით, კმაყოფილები უნდა იყვნენ, რაკი ხელს ვუწყობთ მათ უმწიკვლობას. –
ასე თუ ისე, გასულ კვირას ჩირიკბას, ასევე დე-ფაქტო ზემდგომმა საქართველოში UNICEF-ისა და UNDP-ის წარმომადგენლებთან (საშა გრაუმანთან და ნილს სკოტთან) 2015 წელს აფხაზეთში UNDP-ის საქმიანობის საკითხი განიხილა.
„პრ.“ რაულმა განაცხადა, რომ, მართალია, ომისშემდგომ პერიოდში გაერო ქვეყანას გადარჩენაში ეხმარებოდა, მაგრამ ამჟამად აფხაზეთში გაეროს საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არის გადასაჭრელი (მაშ!!!).
საპასუხოდ გაეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთის „პრ.-ს“ აგროსაწარმოო პროექტი შესთავაზეს, რაზეც „პრ.“ ხაჯიმბამ მიუგო, რომ „სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (ანუ დიდსულოვნად დათანხმდა), მაგრამ, აი, საშა გრაუმანის შეთავაზებაზე სკოლამდელი განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში პროექტების განხორციელებას ცოტა იჭვნეულად შეხვდა.
გალის რაიონში ქართულის სწავლება დასაშვებად მიიჩნია (დასაშვებად!), ოღონდ, მხოლოდ აფხაზური სახელმძღვანელოებით. რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, „პრ.“ რაული მზადაა, მაგრამ: „პირობები აქ ჩვენ მიერ უნდა იყოს მიღებული, ჩვენი ინტერესების ფარგლებში. სხვა შემთხვევაში თანამშრომლობა აფხაზეთისთვის არ იქნება კარგი,“ რაც გვაფიქრებინებს, რომ (იმას გარდა, ვირო მადლიო) ენგურს გაღმა სამყაროს ცენტრი აფხაზეთი ჰგონიათ, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ამგვარი გამამაცების მიზეზი 2015 წელს რფ-დან მისაღები 5 მილიარდი რუბლიც იყოს?! –