რით ჰგავს ხატია ბრაჭული საკუთარ გმირს – თამუნას და რა ხდება მის ცხოვრებაში რეალურად
მსახიობი ხატია ბრაჭული სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე გამოჩნდა და მსუბუქი ყოფაქცევის გოგოს როლის შესრულებით, უცებ შეძლო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. თუმცა, ყველა შეფასება სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა. რეალურ ცხოვრებაში, ხატია ძალიან პოზიტიური, გულახდილი და გულწრფელი ადამიანია, რითაც გარკვეულწილად, ჰგავს კიდეც თავის პერსონაჟს. შეუქმნა თუ არა თამუნას განსახიერებამ მსახიობს უსიამოვნება, რა საერთო აქვს მასთან და რა ხდება მის რეალურ ცხოვრებაში, ამას მისგან შეიტყობთ.
– ხატია, მსუბუქი ყოფაქცევის გოგო რომ უნდა განგესახიერებინა, არ დაგაფიქრა?
– მე ვარ მსახიობი და მსახიობმა ყველანაირი როლი უნდა ითამაშოს. თუმცა, ვიფიქრე, რომ ამას ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვებოდა და ასეც მოხდა. მაგრამ, ჩემი პროფესია ასეთია, როგორც პიროვნება კი, აბსოლუტურად სხვა ვარ. შესაბამისად, ეს შეფასებები პირადად მე არ მეკუთვნის.
– კონკრეტულად, რა უარყოფით გამოხმაურებას გულისხმობ?
– ჩემი გმირი ძალიან სწრაფად გახდა რეიტინგული. ქუჩაში რომ გამოვედი, ყველა მხრიდან ცუდი კომენტარი მოდიოდა: „ას ლარად მომცემ?“, „ბოზი თამუნა“ და ასე შემდეგ. ბევრი არასასიამოვნო რამ მესმოდა. მართალია, ეს ჩემს პიროვნებას არ ეხებოდა და აქ პერსონაჟი იგულისხმებოდა, თუმცა, ბუნებრივია, არ მსიამოვნებდა, მაგრამ ჩემთვის ვაგრძელებდი გზას. ვისთვის რა უნდა მეთქვა. ყველას თუ მოუსმინე, გარეკავ. თუმცა, მერე, როგორც კი შეიცვალა გმირის ცხოვრება, ასეთი დამოკიდებულება აღარ ყოფილა. თუმცა, ჩემს დანახვაზე, მაინც მესმის ხოლმე: „ბოზი თამუნა“. ადამიანები გაიგივებენ შენს გმირთან. ხშირია არასასიამოვნო შეძახილები, ჩურჩული, ჭორაობა. მაღაზიაში ერთმა კონსულტანტმა მითხრა: ცხოვრებაშიც მართლა ასეთი ხარო?
გამიკვირდა, გავვოცდი და ალბათ, არასასიამოვნო სახეც მქონდა. ვუთხარი: ვგავარ ასეთს-მეთქი და მერე შეასწორა: „არა, მე და ჩემს შვილს განსაკუთრებულად გვიყვარხარ და მაინც, ცხოვრებაში არ გადმოგაქვთ გმირის ხასიათებიო,“ – უპასუხოდ დავტოვე. ასეთ ადამიანს რა პასუხი უნდა გასცე. ეს თავიდან არასასიამოვნო იყო, თუმცა, მერე მივეჩვიე. ზოგი პირიქითაც არის, მაგალითად, ტაქსიში ჩავმჯდარვარ და უთქვამთ: „თქვენ ის მსახიობი არ ხართ,“ „გოგონა გარეუბნიდან“? „ვაიმე, ძალიან მომწონხართ, ახლაც“. ერიდებათ და ვერ ასახელებენ ამ გმირის სახელს. რამდენიმე დღის წინ, მე და ჩემი მეგობრები ვისხედით კაფეში, შემოვიდა რამდენიმე კალათბურთელი ბიჭი. ცოტა ხანში მოვიდნენ, შოკოლადი ხომ გიყვართო და მაწვდიან შოკოლადს. გიცანით და არ ვიცოდით, რა გზით გაგვეცანითო. ეს ჟესტი ძალიან სასიამოვნო იყო. სახალისო მომენტებიც ხშირია და რა თქმა უნდა, სასიამოვნო. თუმცა, ისიც კი, როცა ხედავ, რომ ვიღაც შენ მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, სტიმულს გაძლევს.
– ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ამან გარკვეული უხერხულობა შეგიქმნა?
– ჩემი ოჯახის წევრები შეგნებული ადამიანები არიან და ამიტომ, ამას პრობლემა არ შეუქმნია. ნერვები მეშლება, როცა მეზობლები ან ნათესავები მეკითხებიან: „ვაიმე, დედაშენი და მამაშენი ამას როგორ იტანენ?“, „ვაიმე, ხატია, როგორ დათანხმდა ამას?“, „ვაიმე, ხატიას სულ ასეთ როლებს რატომ სთავაზობენ?“
– სხვაგან სად გქონდა ესეთი როლი?
– სპექტაკლში ვითამაშე საყვარლის როლი. თუმცა, არ მესმის ასეთი დამოკიდებულება, რა გავაკეთე ისეთი? მით უმეტეს, თამუნა უფრო ტრაგიკული გმირია. ჩვენს რეალობაშიც ცხოვრობენ ასეთი ადამიანები და პირადად მე, მათ მიმართ სიბრალულის გრძნობა მაქვს და არა ის, რომ დავცინო და მათკენ ხელი გავიშვირო.
– ჰგავხარ რაიმეთი შენს პერსონაჟს?
– თამუნას პირველივე დანახვისას უჩნდება ადამიანების მიმართ სიმპათია. მეც ასეთი ვარ. ადვილად შემიძლია ადამიანის მოწონება და შეყვარება, მაგრამ მარტივადვე შემიძლია დავიწყება. მეც მასავით გულღია და მიამიტი ვარ. თამუნას მსგავსად, მეც თბილი ვარ. ეს დადებითი თვისებები გვაერთიანებს. განსხვავებას რაც შეეხება, მე არასდროს მივმართავ ამ გზას. თუმცა, თამუნას სიძლიერე მომწონს, სიყვარულის გამო უარი თქვა არასწორ გზაზე. რაც შემეხება მე, არ მაქვს ნიღაბი, არ ვარ ორპირი – სხვანაირი ვარ: ძალიან თბილი, მხიარული, მეგობრული და მეოცნებე. მხოლოდ რეალურ რამეებზე ვოცნებობ და ვცდილობ, ეს მიზნად ვაქციო. გულში წყენის ჩადება არ ვიცი და შემიძლია, ადამიანს ადვილად ვაპატიო. ძალიან მიყვარს გართობა. არ ვარ ბოროტი და სულ მინდა, რომ ყველას ვუყვარდე. როცა ვიგებ, რომ ვინმე ჩემზე ცუდს ამბობს, სულ მაინტერესებს, რატომ, როცა მე მისთვის არაფერი დამიშავებია.
– მიუხედავად დრამატიზმისა, თამუნას ხაზი ძალიან სასაცილოა, როგორია გადაღების პროცესი?
– გადაღების დროს, ბევრი სახალისო მომენტია. თავიდან ბაქარი ცოტა მორიდებულად იყო. მასზე უფროსი ვარ, თან გამომწვევად მეცვა და დამფრთხალი იყო. მკერდთან უნდა ჩამოესვა ხელი და მხარზე მირტყამდა (იცინის). ლიფონავა ეუბნება, – ბიჭო, ჩამოუსვი ხელი, მერე მე ვასწავლე – აი, ასე გააკეთე-მეთქი და ბოლოს, გამოვიდა. კოცნის სცენა რომ იყო, თავი უკან გასწია ერთ-ორ დუბლზე და ამაზეც ძალიან ბევრი ვიხალისეთ. ბუბა ძალიან საყვარელია. კიდევ, დედამთილი რომ მჩეჩავს, მაგ მომენტში, ფრჩხილი მომხვდა და სისხლი მომდიოდა, ძლივს შევიხორცე. მსხვერპლი ვარ (იცინის). ისე ვიცინოდით, რომ ძლივს ვიღებდით. სასაცილო მომენტი ქუჩაშიც ხშირია. მეკითხებიან ხოლმე სერიალის ფრაზებით: „შოკოლადი გიყვარს?“, „გევიხადო?“, „როის მუშაობ?“, „შვილო, მართლა ბოზი ხარ?“. ეს ფრაზები ხალხმა უცებ აიტაცა.
– დარჩება შენი პერსონაჟი სერიალში?
– ამას ბევრი მეკითხება, თუმცა, მეც არ ვიცი. ისე, როგორ ფიქრობთ, ასე ადვილად დამთმობს ბაქარი ან მე დავკარგავ ბაქარს?
– სხვა თემებასაც შევეხოთ. შენი ფოტოები, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან გაქვს გადაღებული, მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა.
– ამ თემაზე აღარ ვლაპარაკობ. ყელში ამომივიდა, ამას რომ მოჰყვება ხოლმე უარყოფითი რეაქციები. მასთან მართლა ვიყავი ლანჩზე და ამის შემდეგ აგორდა უამრავი ჭორი. ხან რომელი პოლიტიკოსის საყვარელი ვარ, ხან რომლის. თან, საინტერესო ის არის, რომ იმ მთავრობისაც ვიყავი და ამ მთავრობისაც ვარ. მსახიობი ვარ, პოპულარული, ბევრი ლაპარაკობს და უკვე ჩვეულებრივად ვიღებ ამ ამბავს. უბრალოდ, ისეთი სიახლეები რომ მესმის ჩემს შესახებ, მეც რომ არ ვიცი, მეცინება. თურმე, შვილი მყავს მიტოვებული და ასე შემდეგ.
– რეალურად რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– შეყვარებული არ მყავს. ერთი ადამიანი მომწონს. თუმცა, მან ეს არ იცის.
– საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია?
– კი (იცინის).
– მისი მხრიდან თუ გრძნობ საპასუხოდ რამეს?
– მე ბევრი მამაკაცისგან ვგრძნობ სიმპათიას. რაც შეეხება იმ კონკრეტულს, ვერ გეტყვი, რომ დიდად, თუმცა, ცოტა რაღაცას ვგრძნობ. მაგრამ, ეს სერიოზული არ არის. უბრალოდ, დაინტერესებული ვარ. თუმცა, შესაძლოა, სხვა გამოჩნდეს და ის მომეწონოს, ამიტომ არ ვჩქარობ.
– ზოგადად, შენი მოხიბვლა რთულია? რთული ხარ ურთიერთობებში?
– რთული არ ვარ. არ ვარ ეჭვიანი, პრეტენზიული, მაგრამ, მაქვს ჩემი მოთხოვნები, რაც უნდა შესრულდეს. როგორი ტიპი ვარ იცი, ურთიერთობაში? – „როგორც მე მინდა“. ნამდვილ მამაკაცთან კი რთულია, როგორც შენ გინდა, ყოველთვის ისე მოიქცე. ჩემი მოხიბვლა და დაინტერესება მარტივია, თუმცა მერე უკვე ამ ყველაფრის შენარჩუნებას და ურთიერთობის გაგრძელებას, ბიჭები ვეღარ ქაჩავენ. არ ვიცი, ეს ჩემი თუ მათი სისუსტეა, მაგრამ ასეა. ძალიან ბევრ წვრილმანს ვაქცევ ყურადღებას. ჩემ მიმართ ნაკლები ყურადღება და უკვე მავიწყდება ის ადამიანი. თუ ვატყობ, რომ ჩემთან არ არის გულწრფელი და სერიოზული, მაშინვე ვასრულებ მასთან ურთიერთობას. ჯერ ასაკი მიწყობს ხელს და ყველაფერი წინ მაქვს. ამიტომ არ ვჩქარობ. თუმცა, ჩემი გული ახლა გახსნილია და ვნახოთ, ვინ დაიპყრობს (იცინის).