იმუნოდეფიციტის დროს მიირთვით ყველი და მაწონი
სტრესებისა და ეკოლოგიური კატასტროფების საუკუნეში სრულფასოვანი და ჯანსაღი საკვების პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენა, კვების ხასიათი ბევრად განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას. ამავე დროს, მთავარია, საკვების არა რაოდენობა და გემო, არამედ მისი ბიოლოგიური ღირებულება. რაციონში ამ მაჩვენებლის გაზრდა, ეგრეთ წოდებული, ფუნქციური კვების პროდუქტების ჩართვით შეიძლება. მთავარია, ორგანიზმში მოხდეს ენერგიის ბალანსი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ხარჯვა მოხმარებული საკვების შეჯამებულ კალორიებს უნდა შეესაბამებოდეს. აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, რასაც ფუნქციური კვება უზრუნველყოფს.
ადამიანის ორგანიზმისთვის საკვები ითვლება არა მხოლოდ პლასტიკური და ენერგეტიკული მასალის წყაროდ, არამედ მას შეუძლია, მისი ფიზიოლოგიური ფუნქციებისა და ბიოქიმიური რეაქციების რეგულირებაც. ფუნქციური კვების კონცეფციის თანახმად, საკვები ორგანიზმზე თავის მარეგულირებელ ზემოქმედებას ნაწლავების მიკრობული ეკოლოგიის ნორმალიზაციის გზით ახდენს.
დაავადებებისგან თავის არიდება და მათგან განკურნება შეიძლება განსაზღვრული სახის ბაქტერიების შემცველი პროდუქტების მეშვეობით, ან ბაქტერიების ზრდის ხელშეწყობით.
ადამიანის ნორმალური მიკროფლორის მრავალრიცხოვან წარმომადგენელს შორის, დაახლოებით 80 პროცენტი ბიფიდობაქტერიებია. სწორედ ისინი ასრულებენ ძირითად როლს ნაწლავების მიკრობიოლოგიური სისტემების შენარჩუნებაში.
ნაწლავების აშლილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიფიდობაქტერიების დეფიციტი ითვლება. ეს კი მინერალების, ცხიმებისა და ცილების ცვლის დარღვევას იწვევს. დადგენილია, რომ ბიფიდობაქტერიები მონაწილეობენ შეუცვლელი ამინომჟავების სინთეზში, დაბლა სწევენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და ავლენენ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ადამიანის ორგანიზმში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლექტობაცილები. ისინი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ათვისებას აუმჯობესებენ, ფერმენტულ აქტივობას ავლენენ, ნაწლავებში მჟავე-ტუტის თანაფარდობას არეგულირებენ და პათოგენურ მიკრობებს ანეიტრალებენ. ადამიანის ნაწლავებში დაახლოებით ხუთასამდე სახის სასარგებლო მიკროორგანიზმი ბინადრობს.
ბიფიდობაქტერიებს შეიცავს ყველი, ნაყინი, წვენები, რძე, საკონდიტრო ნაწარმი. მათი მოხვედრა ნაწლავებში სტიმულს აძლევს ბიფიდობაქტერიების ზრდას ორგანიზმში და მეტად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ასევე, კარგია მაწონი, კეფირი, იოგურტი და სხვა. ფუნქციური კვების პროდუქტები სასარგებლოა ყველასთვის. ის აუცილებელია იმუნოდეფიციტისა და სტრესის დროსაც.
ვაშლი კარგია კუჭში შეკრულობის დროს, ქაცვის ზეთი კი კუჭ-ნაწლავის წამალია
ვაშლი დაბალკალორიული ხილია, შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და შედარებით ნაკლებ C ვიტამინს; აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თავიდან აგაცილებთ შეკრულობას, კლავს შიმშილის გრძნობას. ასევე, ის მდიდარია პექტინებით, რომლებიც სკლეროზის, კორონარული დაავადების, გულის ინფარქტის საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს და სისხლში შაქრის ოდენობას ამცირებს.
გახეხილი ვაშლის საფენები აჩქარებს ღია და ჩირქოვანი ჭრილობების შეხორცებას.
ქაცვი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების საბადოა. ის შეიცავს ასკორბინის მჟავას, ფოლიუმის მჟავას, ორგანულ მჟავებს, ზეთს, შაქარს, A, B1 და B2 ვიტამინებს.
ქაცვის ზეთს კუჭის წყლულის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ ოდითგანვე იყენებდნენ. ის ასევე, კარგია გინეკოლოგიური დაავადებების დროს.
როდის ჩნდება კანზე ალერგიული გამონაყარი
კანზე ჭინჭრით დასუსხულ გამონაყართან მსგავსების გამო, ამ დაავადებას „ჭინჭრის ციებას“ უწოდებენ. ამ დროს კანი წითლდება, იწყება ქავილი. ჭინჭრის ციების მიზეზის დიაგნოსტირებაც და მკურნალობაც ძალიან რთულია. მას იწვევს ორგანიზმში ესა თუ ის დარღვევა, ხშირად კი ალერგიული რეაქცია ამა თუ იმ საჭმელზე, საგნებზე და ასე შემდეგ.
ალერგიას იწვევს საკვებ პროდუქტებზე დამატებული საღებავები, კონსერვანტები და არომატიზატორები; წამლებიდან – ძირითადად, ანტიბიოტიკები; საკვები პროდუქტები; ქრონიკული ინფექციები; სტრესები; კოსმეტიკური საშუალებები.
ჭინჭრის ციების პირველივე ნიშნების დროს რეკომენდებულია:
* უარი თქვათ იმ პროდუქტებზე, რომელთა მიღების შემდეგ ტანზე გამონაყარი გიჩნდებათ;
* არ მიიღოთ ცხელი აბაზანა და შხაპი, რადგან ამ დროს ძლიერდება ქავილი;
* ჭინჭრის ციებისა და ქავილის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა ანტიჰისტამინური წამლები. არ მიიღოთ ეს წამლები ავტომანქანის მართვის დროს, რადგან ყურადღების მოდუნებას იწვევს;
* ქავილის შესამსუბუქებლად კანზე წაისვით გულყვითელას ან მენთოლის ერთპროცენტიანი ხსნარი;
* ყურადღება მიაქციეთ: შესაძლოა, გამონაყარის მიზეზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებაა.
* სტრესის დროს მიიღეთ დამამშვიდებელი ჩაი: ერთმანეთს შეურიეთ თითო წილი კატაბალახა, პიტნა, გვირილა, კვლიავი და კამის თესლი. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი ნაყენი, დღეში 3-ჯერ.
რომელ დაავადებებს იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელება
სინუსიტების განვითარების მთავარი მიზეზი ცხვირით სუნთქვის გაძნელებაა. ცხვირის დანამატი ღრუები ლორწოვანი გარსით ამოფენილი ჰაერის შემცველი წიაღებია. ლორწოვანა ლორწოს გამოიმუშავებს, რომელიც ცხვირის საშუალებით ხახაში გადადის. ამ პროცესში კი ცხვირიდან შესული ჰაერი ეხმარება. თუ რამე მიზეზით ჰაერის შესვლა შეფერხებულია, ლორწო გუბდება. ამას ერთვის ინფექციაც, რაც საბოლოო ჯამში, მწვავე სინუსიტის ჩამოყალიბებას განაპირობებს. სუნთქვის გაძნელებას იწვევს ცხვირ-ხახის ადენოიდების ზრდა. ხშირად სინუსიტი სურდოშიც კი ეშლებათ და მას ყურადღებას არ აქცევენ. ამის გამო, ანთებითი პროცესი მოგვიანებით სხვა წიაღებზეც გადადის და ვითარდება ფრონტიტი ან ჰაიმორიტი. გარდა იმისა, რომ ცხვირით სუნთქვის გაძნელება სინუსიტებს იწვევს, ის ხშირად შუა ყურის ანთებით მთავრდება.
მწვავე სინუსიტების დროს, ადამიანს თავის ტკივილი სტანჯავს. ფრონტიტის დროს კი, ტკივილი შუბლის არეში შეინიშნება. ჰაიმორიტის დროს ტკივილი გადაეცემა, ასევე, შუბლის, ყვრიმალის, საფეთქლის არეს და კბილების ტკივილიც კი აღინიშნება. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი, ტემპერატურის მატება, სისუსტე.
ქრონიკული ანთების დროს ტკივილი ყრუდ მიმდინარეობს, ჩირქოვანი გამონადენი კი დიდხანს გრძელდება. მკურნალობის დროს აუცილებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენა, დაგროვილი ლორწოს გამოდევნა. ცხვირში უნდა ჩაიწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ, მარილიანი ხსნარიც გამოიყენოთ. კერძოდ, ერთ ჩაის ჭიქა გადადუღებულ თბილ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი მარილი, გაწურეთ და ორ-ორი წვეთი ჩაიწვეთეთ თითო ნესტოში.
მწვავე ჰაიმორიტის დროს, გარდა ცხვირის წვეთებისა, შესაძლოა, საჭირო გახდეს ანტიბიოტიკებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.
ქრონიკული სინუსიტის დროს ადამიანს ხშირად აწუხებს ტკივილი და ცხვირიდან გამონადენი. დანამატი ღრუების ანთებას შესაძლოა, სერიოზული გართულებაც მოჰყვეს. ცხვირის დანამატი ღრუები მჭიდრო კავშირშია თვალთან. ამიტომ, ჩირქოვანი პროცესი ადვილად აღწევს თვალის ბუდეში და იწვევს აბსცესს. ამას თან ხშირად ქალასშიდა გართულებებიც მოჰყვება. ეს კი ადამიანის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
სინუსიტების გამწვავება, ძირითადად, სიცივეში ხდება.
მწვანე ჩაი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე
ასაკის მატებასთან ერთად, სისხლძარღვების სიმყიფეც მატულობს. იზრდება მათი გამტარუნარიანობა და სისხლჩაქცევების მეტი საფრთხე ჩნდება. სისხლძარღვების კედლების გამაგრება, გამტარუნარიანობისა და შიდა სისხლჩაქცევების შემცირება მწვანე ჩაით შეიძლება. ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ მას რეგულარულად სვამთ.
მწვანე ჩაი, ასევე, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის. პირველი და მეორე ხარისხის ჰიპერტონიით დაავადებულებში, რომლებიც ხშირად სვამდნენ ჩაის, არტერიული წნევა ოცი ერთეულით ქვემოთ იწევდა. ეს გამოკვლევებმა ცხადყო. ჰიპერტონიის სამკურნალოდ, სანამ მწვანე ჩაის დააყენებთ, მას ჯერ თბილი წყალი უნდა გადაავლოთ, რათა მასში კოფეინის რაოდენობა შემცირდეს. კოფეინი, როგორც მოგეხსენებათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე აღმგზნებად მოქმედებს. შემდეგ ჩაის ადუღებული წყალი დაასხით და დაახლოებით 15-20 წუთი დადგით ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ დღეში სამჯერ, თითო ჩაის ჭიქა, ჭამის შემდეგ. მთელი დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობა ლიტრ-ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა ზედმეტად არ გადაიტვირთოს.
ჩაის რეგულარული სმით თქვენ შეძლებთ, ტვინის ქსოვილების რღვევის შემცირებას ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ინსულტი.
ჩაი, ასევე, დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.
საჭმლის მონელების სისტემის მოშლას კომში შველის
კომში შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, C ვიტამინს, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს. მდიდარია პექტინით, რომელიც დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
საჭმლის მონელების სისტემის მოშლის დროს მიირთვით კომში. ის ანტისეპტიკური, შარდმდენი და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებაა. კალიუმის დიდი რაოდენობის გამო, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისა და ჰიპერტონიის დროს. მისი მიღება კარგია ასევე, ასთმის დროს. ამაგრებს გულის კუნთს, დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და კუჭის მუშაობაზე.
ვაშლის ან მისი წვენის რეგულარული მიღება იცავს თავის ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან. მოხუცებულობის დროს კარგია დაქვეითებული მეხსიერების აღსადგენად, რადგან ის დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე.
მოცხარი მდიდარია ჯანმრთელობისთვის საჭირო B, C, D, E, K და PP ვიტამინებით. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ 600-მდე ნივთიერებას. ამის გამო ის ააქტიურებს სისხლის წარმოქმნას, გამოდევნის ორგანიზმიდან მარილებს, კარგია ავიტამინოზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შავი მოცხარი არეგულირებს წნევას, ხელს უშლის სახსრების ანთებასა და ალერგიას. წითელი მოცხარი კი კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს.