ექიმის რჩევები
კითხვა: ვიცი, რომ ლამინარია იოდდეფიციტის დროს ინიშნება. ეგ ანოტაციაშიც წერია. ჰიპერფუნქციის დროს უფრო საშიშია ხომ მისი მიღება, ვიდრე ფუნქციის დაქვეითებისას (tsh-0,3-ია).
პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატების დროს, იოდის პრეპარატები არათუ არ მიიღება, არამედ ამძიმებს მდგომაორებას. შესაბამისად, ის არ გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებისას.
კითხვა: ვარ 60 წლის ქალბატონი. ამ ბოლო ხანებში, საკვების მიღების შემდეგ, კუჭის არეში ვგრძნობ სიმძიმეს, შებერილობას იმ დონეზე, რომ ჰაერის შეხუთვას (გულის პრობლემა არ მაქვს) და ასევე, გულძმარვას და წვასაც (თითქოს ცხელი ჰაერი ამოდის კუჭიდან). როგორც დავაკვირდი, ეს ხდება მაშინ, როდესაც ვიღებ შედარებით, ძნელად გადასამუშავებელ საკვებს (მაგალითად, მჟავეს, მწარეს... ზოგჯერ ცომეულზეც მემართება). გთხოვთ ამიხსნათ რა პრობლემა მაქვს კუჭზე?
პასუხი: ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, იყოს გასტროეზოფაგური რეფლექსი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი და ასე შემდეგ.
გირჩევთ, დროულად მიმართოთ გასტროენტეროლოგს. ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიცვათ დიეტა: თავი აარიდეთ მჟავე, ცხარე საკვებს, ცომეულს. იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით. დაავადების დროული გამოვლენა კი, გამოჯანმრთელების უმთავრესი პირობაა.
კითხვა: შეიძლება, კუჭ-ნაწლავის რომელიმე დაავადებამ თმის ცვენა გამოიწვიოს?
პასუხი: თმის ცვენა უფრო ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისა და ანემიის დროს იწყება. თუ კუჭის მჟავიანობა დაქვეითებულია, მაშინ ქვეითდება ნივთიერებების შეწოვაც. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია, რომელიც ხშირად ვლინდება თმის ცვენით.
კითხვა: ეს ბოლო პერიოდი ხშირად მტკივა მარცხენა ქვედა ყბა მთელ სიგრძეზე. გაფუჭებული კბილები არ მაქვს. რისი ბრალია? შეიძლება, რომ რომელიმე კბილი შიგნიდან იყოს დაზიანებული და მან გამოიწვიოს ქვედა ყბის საკმაოდ ძლიერი ტკივილი? გამაყუჩებელი წამლებით ვიყუჩებ. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: შესაძლოა, ტკივილი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ან სამწვერა ნერვის პათოლოგიას უკავშირდებოდეს. უნდა მიმართოთ ყბა-სახის ქირურგს; თუ ის სახსრის პრობლემას გამორიცხავს – ნევროპათოლოგს.
კითხვა: მაინტერესებს, ორსულობის 9-10 კვირაზე თუ არის შესაძლებელი, სანაყოფე წყლების გამოჟონვა, როცა ექოსკოპიის სურათი და ზომები იდეალურად შეესაბამება ვადას, და საერთოდ, თუ დგება ასეთი საშიშროება პრაქტიკაში, ყველაზე ადრე რომელი კვირიდან შეიძლება, მოხდეს?
პასუხი: ორსულობის ადრეული მოშლა ნებისმიერ ვადაზე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ დროს ექოსკოპიურად უნდა დაფიქსირდეს საშვილოსნოს ტონუსის მატება, ორსულს კი უნდა ჰქონდეს შესაბამისი კლინიკური გამოვლინებები (სისხლიანი გამონადენი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, გავის მიდამოში).