რა გავლენას ახდენს ადამიანზე სამკაულის ენერგია და შეუძლია თუ არა მას ჩვენი ცხოვრების შეცვლა
სამკაულებს რომ უდიდესი ენერგია აქვს, ეს უკვე ცნობილია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ შესაძლოა, სწორედ სამკაულის ენერგიამ მოახდინოს ისეთი ზემოქმედება ადამიანის, კერძოდ კი, მისი მფლობელის აურაზე, რომ მთლიანად შეცვალოს მისი ცხოვრება.
სამკაულების ტარებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე, იმ ადამიანის განწყობას, რომელიც ფოლადს ან ძვირფას ქვას ფორმას აძლევს. მუშაობის პროცესში მას შეუძლია ქვაზე ზემოქმედების მოხდენა. ამიტომ, უმჯობესია, უპირატესობა ქარხნული წესით დამუშავებულ ძვირფას ქვებს მიანიჭოთ. ის გაცილებით უსაფრთხოა. მცირეკრისტალიან ანუ გამჭვირვალე ქვებს თუ თვლებს, გაცილებით სუსტი აურა აქვთ. სწორედ ამიტომ, ორგანიზმზე მათი ენერგეტიკული ზემოქმედება უმნიშვნელოა. გაუმჭვირვალე ქვა კი, იოლად ემორჩილება მის მფლობელს.
მოერიდეთ ისეთი ქვების ტარებას, რომელსაც შავი ლაქები აქვს, რადგან მას ასტრომინეროლოგები ბოროტ ქვებს უწოდებენ.
ოქროში ან პლატინაში ჩასმული გაუმჭვირვალე ქვა შედარებით საშიშია. ის ასეთ ბუდეში ხშირად „კვდება“. თუმცა, გააჩნია, რამდენად მგრძნობიარეა ადამიანი კონკრეტული ქვის მიმართ. ლითონის ძლიერი ენერგია ქვას არ აძლევს საშუალებას, საკუთარი თვისებები გამოამჟღავნოს და ნელ-ნელა კვდება.
ალმასი ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი ქვაა. ის თავის მფლობელს უბედურებისა და წარუმატებლობისგან იცავს. მისი ტარება კარგია ფეხმძიმე ქალებისთვის. ალმასი ადამიანს ანიჭებს ძლიერ ენერგიას, უძლიერებს აურას და სასიცოცხლო ძალას ჰმატებს. ასევე, ვინც ალმასის ქვას ატარებს, ის დაზღვეულია ფიზიკური ტრავმებისგან. ამ ქვის სამკაულები ძლიერი ხასიათისა და მებრძოლი სულის ადამიანებმა უნდა ატარონ.
არ არის სასურველი ისეთი ქვის ტარება, რომელიც უბედურ ადამიანს ეკუთვნოდა. ალმასის აურა უარყოფით ემოციას და ინფორმაციას მფლობელისგან იღებს, მას ინახავს და შემდეგ უბედურებისა და ავადმყოფობის მიზეზი ხდება. ასეთ ალმასს დაწყევლილს უწოდებენ.
ზურმუხტის ქვას ალმასივით ძლიერი აურა აქვს, მაგრამ მასთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა. ის კეთილი ადამიანის მფარველია. ზურმუხტის ქვას სუფთა ველი აქვს და შეუძლია, სხვა ადამიანების მავნე ზემოქმედებაც ადვილად მიიღოს. ამიტომ, ნურავის ათხოვებთ ამ ქვის სამკაულს.
ფირუზიც ძალიან ძლიერი ქვაა, თანაც მგრძნობიარე აურა აქვს. ამიტომ, მას ხშირად მაგები ჯადოს გასაკეთებლად იყენებენ. ის, ვინც ფირუზის სამკაულს ატარებს, ენერგიულია, კონტაქტური, მაგრამ ხშირად არასასურველ ზეგავლენას ახდენს რომანტიკულ ადამიანებზე.
ლალის ქვა სასიცოცხლო ენერგიის წყაროა. ვინც მას ატარებს, მეტად შრომისუნარიანია. ასევე, ეს ქვა აღვივებს ადამიანებში ეროტიკულ, სასიყვარულო და რომანტიკულ გრძნობებს. ლალი, აძლიერებს პატივმოყვარეობისა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრების უნარს, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა და გულის დაავადებებზე. ამიტომ, თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, უმჯობესია, ლალის ქვა ატაროთ.
თუ უგუნებოდ ხართ და სტრესულ სიტუაციაში, მაშინ მარგალიტს მოერიდეთ. მარგალიტი უნდა ატარონ სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელმა ადამიანებმა. უმჯობესია, ვარდისფერი, წყვილი მარგალიტი, მაგრამ, თუ მელანქოლიური ბუნება გაქვთ, მაშინ თეთრი მარგალიტის სამკაული უნდა ატაროთ.
მთვარის ქვაზე მთვარე დადებით ზეგავლენას ახდენს. მისი აურა ნერვულ სისტემას კვებავს და დამღლელი ემოციებისგან გვიცავს. მისი ზემოქმედების ძალა პირდაპირ კავშირშია მთვარის ფაზებთან. ამ ქვას ოქრო არ უყვარს და მასთან ვერ „მეგობრობს“.
ნეფრიტს სიცოცხლის ქვას უწოდებენ. ის სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ამაგრებს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს და ტონუსს, იცავს ადამიანს ავადმყოფობებისგან. ამ ქვას აზარტული ადამიანებისთვის წარმატება მოაქვს. ამიტომ, მათ უნდა ატარონ. თუ ნეფრიტმა ფერი შეიცვალა ან გატყდა, სასწრაფოდ შეცვალეთ, რადგან მან თვალი აიღო და მისი მავნე ზემოქმედება თქვენ აგარიდათ.