ეძიე კაცი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N31-47(726)
გოგოების გაოცებასა და აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. ისე გააგიჟა ლექსოს არაკაცობამ, რომ მთავარს აღარ მიაქციეს ყურადღება, სანამ სოფომ ხელმეორედ არ აუხსნა, რას მოითხოვდა მიასგან მისი მეორე ქმარი.
– მართლა? თვითონ გითხრა, ბავშვი თავის გვარზე გადაიყვანოსო? – ყურებს არ უჯერებდა მია.
– ჰო, თანაც სასწრაფოდო; ალიმენტის იმედიც ნუ ექნება, სხვის შვილს მე რატომ უნდა ვუხადო ფულებიო.
– წარმოგიდგენიათ, რა დონის ნაძირალაა? კიდევ კარგი, იქ არ ვიყავი, თორემ, ალბათ, რამეს ჩავარტყამდი თავში, – აღშფოთდა სალომე.
– ჰო, ეგ სურვილი მეც გამიჩნდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს ძალიან კარგია. ლექსოს უნდა დააწერინო ხელწერილი, განცხადება თუ რაც ჰქვია, რომელშიც ეწერება, რომ უარს ამბობს მამობაზე; შენ შვილს შენს გვარზე გადაიყვან. შესაბამისად, ლექსო ვეღარასოდეს ვერანაირ პრეტენზიას ვეღარ განაცხადებს ბავშვზე და აღარც მისი თანხმობა დაგჭირდება საქართველოდან გაყვანისას. ოღონდ, შენმა ყოფილმა ქმარმა ამის შესახებ არაფერი არ უნდა იცოდეს, თორემ, აღარ იტყვის უარს მამობაზე და ამის ორი მიზეზი ექნება: ერთი – რომ გაგამწაროს და ჩაგიშალოს გათხოვება და, მეორე – ფული გამოგძალოს. ეს რომ არ მოხდეს, პირველი: ახლავე დაურეკე და სასწრაფოდ გააფრთხილე ტომასი, რომ არავის არაფერი უთხრას, არც რეზოს და არც სხვა ვინმეს, თორემ, ხომ იცი, თბილისში ქარზე სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია და, მეორე: ლექსოს არ უნდა „გაუცივო“ განწყობა, როგორმე დღესვე დაუკავშირდი. თუ გინდა, ისევ მე მივალ და გამოვართმევ იმ რაღაც ხელწერილს, თან იქით მივაყვედრებ – შენ თვითონ გინდოდა ასე-მეთქი. მოკლედ, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა მოაგვარო, – გამოცდილი ადვოკატივით ჩამოარაკრაკა სოფომ.
გოგოებმა ერთხმად აიტაცეს სოფოს საქმიანი რჩევა, დანარჩენი სალაპარაკო მეორე დღისთვის გადადეს და იმავე საღამოს ისე ოპერატიულად მოაგვარეს ყველაფერი, რომ მეორე დღეს შუადღისთვის ლექსოს ხელწერილი მაგიდაზე ედოთ.
– ხვალვე გადაიყვანე ბავშვი შენს გვარზე, თორემ, არ არის გამორიცხული, იმ ვაჟბატონმა რაღაც იყნოსოს და რამე ნომერი ჩაგიტაროს, – გააფრთხილა მია რუსამ.
– ხვალ არაფერი გამოვა. ბევრი ვივიქრე და გადავწყვიტე, ორივე შვილს ჩემი გვარი მივცე, მაგრამ, არ ვიცი, ბესოს როგორ მივუდგე. ნახევარჯერ გონზე არ არის, ისეთ კაიფშია და, აზრზე არა ვარ, როგორ გამოვიჭირო ფხიზელ მდგომარეობაში.
– ფული რომ შესთავაზო, არ დათანხმდება?
– თვითონ როგორ არ დათანხმდება, მაგრამ, მაგისმა ძვირფასმა მშობლებმა და დამ თუ გაიგეს, მაშინვე მიხვდებიან, რომ რაღაც ხდება და აუცილებლად ჩაერევიან. არადა, უფულოდ, ზუსტად ვიცი, ბესოც უარს მეტყვის. მე კი ისე არსად არ წავალ, თუ ორივე შვილს არ წავიყვან.
– ივიკო იცნობს ბესოს კარგად, გამოგვადგება რამეში? – იკითხა მირანდამ.
– ალბათ, კი, მაგრამ, ჩაერევა ასეთ საქმეში? – ეჭვი გამოთქვა ლიკამ.
– ჰო... არა მგონია... – დაეთანხმა ქეთა.
– ისევ ის აჯობებს, მე თვითონ დავურეკო, შეხვედრა ვთხოვო და თან „ნამიოკით“ ფულითაც დავაინტერესო. მე მგონი, წამოეგება... მაგრამ, თან სინდისი მქენჯნის – ეს ხომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, თანაც, მოტყუებით ვცდილობ, ისედაც გაუბედურებულ კაცს უარი ვათქმევინო ერთადერთი შვილის მამობაზე, მიუხედავად იმისა, რომ, წლებია, არც თვალით უნახავს და არც დაინტერესებულა მისით. არა, ამას ვერ ვიზამ. ჯობია, პირდაპირ ვუთხრა და, რაც მოხდება, მოხდეს, – ჩუმად თქვა მიამ და მერე უცბად აფეთქდა: – ღმერთო! რა დაგიშავე, რატომ მაქვს ცხოვრებაში ყოველი ნაბიჯი საბრძოლველი? რატომ ვარ ასეთი უიღბლო, ასეთი რა ცოდვა მაქვს ჩადენილი? რომ იცოდეთ, როგორ დავიღალე ამ ყველაფერით, როგორ ამომივიდა ყელში ამ იდიოტ კაცებთან მუდმივად რაღაც საქმეების მოგვარება! მეტი აღარ შემიძლია, გესმით? აღარ შემიძლია! – და ხმამაღლა ატირდა.
გოგოები გაოცებით შესცქეროდნენ თავიანთ ყველაზე მხნე, ყველაზე ოპტიმისტ, ყველაზე ენერგიულ და აქტიურ დაქალს და თვალებს და ყურებს არ უჯერებდნენ – რატომღაც, ვერც კი წარმოედგინათ, რომ მიას ტირილი შეეძლო.
ტირილით გული რომ მოიოხა, მიამ ისევ გაიმხნევა თავი, მეგობრებს გაუღიმა და წამოდგა:
– ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ეს წუთიერი სისუსტე იყო – უბრალოდ, ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და, ეტყობა, გადავიწვი... კარგი, რაც იყო, იყო. მე ახლა დავურეკავ ბესოს, შევხვდები და, ვნახავ, როგორ წარიმართება ჩვენი მოლაპარაკება.
მიამ ბესოს მობილურზე დაურეკა. მისდა გასაოცრად, ყოფილი ქმარი შედარებით ფხიზელი იყო და შეხვედრაზეც დათანხმდა.
– წავედი, – მაშინვე წამოხტა მია, – თქვენ, თუ გინდათ, ნუ დაიშლებით, მაგრამ მე დღეს უკან მობრუნებას ვეღარ მოვასწრებ.
– აკი რაღაც გქონდა მოსაყოლი შენს სამსახურთან დაკავშირებით? დღეს ვერ გავიგებთ, რა ხდება? თანაც, ისიც ხომ უნდა გავიგოთ, ბესო რას გეტყვის? – გული დასწყდათ გოგოებს.
– მეც ბევრი რამე მქონდა კიდევ მოსაყოლი, ძალიან საინტერესო და, თანაც საოცრად დამაინტრიგებელი, – ეშმაკური ღიმილით გამოაცხადა სოფომ, – ისეთი რამ გადამხდა, ნებისმიერ მელოდრამას დაამშვენებდა ეს ეპიზოდი. მართალია, არ ვიცი, როგორ დასრულდება, მაგრამ, რაც მოხდა, ეს უკვე ძალიან მაგარია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
– ვინმე საინტერესო გამოჩნდა? – შემობრუნდა კართან მისული მია, – ისე გიბრწყინავს თვალები, მგონი, მართლა რაღაც ხდება... – მერე უცბად შუაზე გაწყვიტა წინადადება და გულგახეთქილმა იყვირა: – ახლა, არ მითხრა, რომ ეგ შენი საინტერესო და დამაინტრიგებელი ისტორია იმ ნაძირალა ლექსოს უკავშირდება, თორემ, საბოლოოდ გავრეკავ, იცოდე!
– არა, ნუ გეშინია, – გაეცინა სოფოს, – ასეთი იდიოტი და უსინდისო გგონივარ?
– კარგი, – თქვა მიამ და კარი გააღო, – არ დაიშალოთ და, თუ ძალიან გვიან არ მოვრჩი საქმეს, შემოგიერთდებით; ყოველ შემთხვევაში, დაგირეკავთ და გაგაგებინებთ, რას ვიზამ.
* * *
მია ვერც კი წარმოიდგენდა, ასე ადვილად და გართულების გარეშე თუ ასრულდებოდა პირველ ქმართან მოლაპარაკება, თუმცა, თავიდან კარგა მაგრად დაიძაბა, ბესოსთან ერთად მამამისიც რომ დაინახა.
„ეტყობა, ბესომ ჩაუკაკლა მამამისს, მე რომ დავურეკე; იმანაც, ფულის სუნი იყნოსა და, არ უნდა, ხელიდან გაუშვას, – გაიფიქრა მიამ, – თუმცა, ალბათ, ასე აჯობებს კიდეც – ეს საცოდავი მთლიანად ვენებში ვეღარ გაუშვებს იმ ფულს, რასაც მე მივცემ“. მერე თამამად მიუახლოვდა სკვერში სკამზე ჩამომსხდარ მამა-შვილს, ცივად მიესალმა და მაშინვე საქმეზე გადავიდა:
– პირდაპირ გეტყვით, რატომაც დაგიბარეთ. ჩემი საქმეები ისე აეწყო, რომ წელიწადში რამდენჯერმე მომიწევს ხოლმე ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში გამგზავრება შვილებიანად და ყოველ წასვლაზე მამის ოფიციალური თანხმობა იქნება საჭირო. მოგეხსენებათ, თქვენთვის ცნობილი მიზეზების გამო, ამის გაკეთება ჩემთვის საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ, ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად, მინდა, რომ ბავშვი ჩემს გვარზე გადავიყვანო.
– ანუ, გინდა, რომ ბესომ შვილზე თქვას უარი? – მაშინვე მიხვდა ყოფილი მამამთილი.
– დიახ, – მაშინვე დაეთანხმა მია, – წესით, ამის გაკეთება არცერთი თქვენგანისთვის არ უნდა იყოს მორალურად მძიმე, რადგან...
– გეყო მიდებ-მოდება! – უხეშად შეაწყვეტინა კაცმა, – რამდენს გადამიხდი?
მია მაინც არ ელოდა, ასე ღიად თუ გაუმართავდნენ ვაჭრობას და უცბად ისე შეებრალა თავისი უფროსი შვილი, რომ ამ ორი საცოდავი და ნაძირალა არსების გენების გამგრძელებელი იყო, რომ, მთელ სხეულზე აეწვა კანი და კინაღამ ტირილი დაიწყო. რაღაც მომენტში საკუთარ თავს იმაშიც კი გამოუტყდა, რომ, ერჩივნა, ახლა ამათ ჩხუბი დაეწყოთ, გაელანძღათ, გაეთათხათ, ოღონდ კი ასე თხასავით არ გაეყიდათ ერთადერთი შვილი და ერთადერთი შვილიშვილი. ამ ემოციამ რომ გაუარა, მხოლოდ მერე მიხვდა, რომ, რაც უფრო შორს იქნებოდა ეს ორი არარაობა მისი შვილისგან, თუნდაც საბუთების დონეზე, მით უკეთესი იქნებოდა ბავშვისთვის. ეს რომ გაიაზრა, უკვე აბსოლუტურად მშვიდად უპასუხა:
– ორი ათასს.
– ლარს? – ირონიულად ჰკითხა ყოფილმა მამამთილმა.
– არა, დოლარს. ლარს როგორ შემოგკადრებთ, – ვეღარ მოითმინა მიამ და ხმაში გესლიანი ირონია გაურია.
– ხუთი ათასი და ახლავე დაგიწერთ, რაც გინდა, – ვაჭრობა განაგრძო კაცმა.
– კარგი, თანახმა ვარ, – რამდენიმე წამის შემდეგ უპასუხა მიამ, – ოღონდ, მერე ფოკუსები არ იყოს.
– არ იქნება. მოგვეცი ფული! – ხმა ამოიღო ბესომაც.
– ჯერ წავალთ ნოტარიუსთან, ყველაფერს ისე გავაფორმებთ, როგორც საჭიროა და ფულს მერე მიიღებთ.
– არა, ჯერ ფული მოგვეცი, – გაჭირვეულდა ბესო.
– ამხელა ფულით ქუჩაში არ გამოვდივარ. დავასრულოთ საქმე და მაშინვე სრულად მიიღებთ თანხას.
... ეს აღებ-მიცემობა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. მიამ მიიღო ის, რაც უნდოდა, მაგრამ, განადგურებული დაბრუნდა სახლში. ცოტა რომ დაისვენა, გოგოებს დაურეკა, ხომ არ დაშლილხართო. ისინი მოუთმენლად ელოდნენ. მიამ დედას დაურეკა, ბიჭები ხომ არ გაბრაზებენო. როცა გაიგო, რომ ყველაფერი რიგზე იყო, უთხრა, ცოტა გვიან მოვალო და ისევ გოგოებთან წავიდა. მისვლისთანავე უამბო, რა და როგორ მოხდა და მერე სოფოს სთხოვა, მაგარი ყავა და ცოტა კონიაკი მომიტანე, რომ გონზე მოვიდეო. ყავაც და კონიაკიც ყველას მოუნდა. ალკოჰოლმა უცბად მოუხსნა გოგოებს დაძაბულობა, მცირეოდენი მსჯელობის შემდეგ, დაასკვნეს, რომ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და გადაწყვიტეს, ხვალ ყველანი გაჰყვებოდნენ, სადაც საჭირო იქნებოდა. მიას აღარ უნდოდა ამ თემაზე ლაპარაკი; როგორც სჩვეოდა ხოლმე, უცებ გადაიყარა გულიდან და სახიდან დაღლილობაც, ნერვიულობაც, დაძაბულობაც და ღიმილით მიმართა სოფოს:
– აი, ახლა კი შენი გამოსვლის ჯერია, ქალბატონო. აბა, გვიამბე, სად და რა თავგადასავალში გაეხვიე, ოღონდ, არაფერი გამოტოვო, იცოდე. ისე უჩვეულოდ გიბრწყინავს თვალები, აშკარად კმაყოფილი ხარ იმით, რაც მოხდა.
– მარტო კმაყოფილი კი, არა, ბედნიერიც, – ისე სწრაფად დაეთანხმა სოფო, აშკარად ერთი სული ჰქონდა, როდის მოუყვებოდა დაქალებს თავის პირველ, მაგრამ ყველასგან განსხვავებულ და მართლაც ორიგინალურ შეხვედრას საოცნებო მამაკაცთან, – არ გეწყინოთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, შეიძლება, არც დამიჯეროთ და, თან, გულის სიღრმეში ყველას შეგშურდეთ ჩემი, იმიტომ რომ, ასეთი რამ შეიძლება მხოლოდ რომანებში ან ფილმებში გადახდეს თავს ქალს.
– ნუ გაგვითეთრე სისხლი, დაიწყე, თუ ყვები! – შეუძახეს აქეთ-იქიდან და სოფომაც დაიწყო...
გოგოები სულგანაბულები, გაფართოებული თვალებით უსმენდნენ და მართლა არ სჯეროდათ, რასაც სოფო ყვებოდა.
– შენ კარგი მწერალი გამოხვიდოდი, – თქვა ლიკამ, როცა სოფომ მოყოლა დაასრულა.
– ფანტასტიკის ჟანრში, – დაუმატა მირანდამ.
– რა, არ გჯერათ? – ეწყინა სოფოს, – თქვენ თავს გეფიცებით, ერთი სიტყვა მაინც თუ დამემატებინოს.
– ესე იგი, კიანუ რივზი, არა? – დაეჭვებით იკითხა ნათიამ, – სინამდვილეში რა ჰქვია?
– არ ვიცი... – თავი ჩაღუნა სოფომ. მერე უცებ გაახსენდა: – მგონი, მითხრა, ალეკო მქვიაო.
– თუ, რა თქმა უნდა, არ მოგატყუა. რა გვარია?
– არ ვიცი...
– სად ცხოვრობს?
– არ ვიცი...
– ვინ არის, რას წარმოადგენს? – იკითხა ბოლს ქეთამ, მაგრამ, ყველა უხერხულად რომ გაჩუმდა, მიხვდა, რომ სულელური კითხვა დასვა.
– ჰო, ქურდია, მაგრამ, ჩვეულებრივი ქურდი კი არა... – დაიწყო სოფომ და, გოგოების გაოცებული სახეები რომ დაინახა, უცებ გაჩუმდა.
– თავისი მისამართი ან ტელეფონის ნომერი არ დაუტოვებია? – ჰკითხა კატომ.
– შენი სახელი და გვარი მაინც თუ იცის? – ახლა ელისო დაინტერესდა.
– არა, – თქვა სოფომ და უცბად გაბრაზდა: – რა შუაშია ანკეტური მონაცემები? მთავარი ის არის, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, თანაც, ორივეს მხრიდან.
– სოფო, ჩამოფრინდი ღრუბლებიდან! – მეგობრის გამოფხიზლება სცადა ქეთამ, – ასეც რომ იყოს, შეეგუები შენ ვიღაც ქურდის ცხოვრების წესს, მისაღები იქნება შენთვის მისი წრე, მენტალიტეტი? რა გარანტია გაქვს, რომ, ერთ დღესაც, სახლში რომ დაბრუნდები, მთელი ბინა გატანილი არ დაგხვდება?
– ბინის გატანა რომ სდომებოდა, გააკეთებდა კიდეც, ვინ შეუშლიდა ხელს? მე გულწასული ვიწექი, იმან კი მომიარა, სამკაულებიც მაგიდაზე დატოვა და ყავაც კი მომიდუღა წასვლის წინ.
– ჰო, ამ ყველაფრით რაღაც დასკვნების გამოტანა ნამდვილად შეიძლება, მაგრამ, მაინც საშიშია ასეთ ტიპთან ურთიერთობა. ხომ შეიძლება, უბრალოდ, იმ მომენტში მოერია ემოციები და აუჩუყდა გული? რა იცი, რა ტიპია, ეგებ, სადისტია? – გაცხარდა ლიკა, – ან, სულაც, იქნებ, ცოლ-შვილი ჰყავს?
– რატომ გინდათ, რომ ისევ გული მატკინოთ? – ცრემლი მოერია სოფოს, – სადისტი კი არა, მაშინვე მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია, თანაც, მამაკაცურად მომხიბლავი. ზუსტად ასეთ კაცზე ვოცნებობდი. გაგეცინებათ, მაგრამ, კიანუ რივზს სჯობია კიდეც, უფრო დაკუნთული და ძლიერი სხეული აქვს.
გოგოებს სიცილი აუტყდათ.
– ერთი ეს გამაგებინე, რივზს როდის მოუსინჯე სხეულზე კუნთები, – ლამის ჩაბჟირდა რუსა.
ამაზე სოფოსაც გაეცინა, მაგრამ, მერე ისევ განაგრძო:
– არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, როგორ გაგაგებინოთ, რომ, როცა პირველად შევხედე...
– ლიფტში? – შეაწყვეტინა ელისომ.
– ჰო, ლიფტში. როცა პირველად შევხედე, მაშინვე ის ვიფიქრე, აი, ჩემი ოცნების მამაკაცი-მეთქი.
– მერე, სად გაქრა შენი ოცნების მამაკაცი, როგორ უნდა იპოვო? – ჰკითხა მიამ თანაგრძნობით.
– თვითონ მიპოვის, – კარგა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა სოფომ, – გული მიგრძნობს. უფრო სწორად, მჯერა, რომ ასე მოხდება – ბინა ხომ იცის, ჰოდა...
– როცა გჯერა, ესე იგი, აუცილებლად აგიხდება, ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, – გაამხნევა მიამ და გაუღიმა.
– მართლა? – გაუხარდა სოფოს და უხერხულად გაჩუმებულ დაქალებს გადახედა, – თქვენც ასე ფიქრობთ?
მაგრამ, სანამ გოგოები პასუხს გასცემდნენ, კარზე ორი მოკლე ზარი გაისმა.
– ვინმეს ელოდები? – შეიჭმუხნა ქეთა.
– არავის. მეზობელი იქნება, იმან იცის ხოლმე ზარის ორჯერ დარეკვა, – თქვა სოფომ და კარისკენ წავიდა.
– გეხვეწები, მალე გაუშვი, რა, არავის თავი არ მაქვს! – დაადევნა მიამ.
– კარგი, – გამოსძახა სოფომ, კარი გააღო და გაშეშდა: მის წინ კიანუ რივზის ორეული იდგა მინდვრის ყვავილებით ხელში და თვალებში დაჟინებით შესცქეროდა.
– ვინ მოვიდა? – გასძახეს გოგოებმა, სოფოს ოთახში შემოსვლა რომ დააგვიანდა.
– სტუმრები გყავს? – ჩუმად ჰკითხა კაცმა.
– არა, ჩემი მეგობრები არიან, – სოფო ისეთი დაბნეული იყო, ხმა ძლივს ამოუშვა ყელიდან.
– სხვა დროს მოვალ, – იუხერხულა სტუმარმა, – ისედაც ორი წუთით შემოვირბინე, ბოდიშის მოსახდელად.
– არა, არ წახვიდე, – ისეთი სასოწარკვეთილი ხმით სთხოვა სოფომ, კაცი მიხვდა, რომ მას ამ სახლში ელოდნენ და ძალიან გაუხარდა. ისე გაუხარდა, რომ სიხარულისგან კინაღამ პატარა ბიჭივით იყვირა, მაგრამ, ემოცია მოთოკა, ქალს თმაზე ხელი გადაუსვა, ძალიან ახლოდან ჩახედა თვალებში და ჩუმად ჰკითხა:
– მართლა გინდა, რომ დავრჩე?
– ჰო... – ამოიჩურჩულა სოფომ და თავი მკერდზე მიაყრდნო, – რომ იცოდე, როგორ გელოდი...
– ყველაფრის მიუხედავად?
– ყველაფრის მიუხედავად... – ისევ ჩუმად უპასუხა მის მკერდში სახეჩარგულმა სოფომ, – არ ვიცოდი, სად უნდა მეძებნე...
– ღმერთო ჩემო... – ეს ორი სიტყვა სუნთქვას ამოაყოლა კაცმა, ქალს ხელები შემოაჭდო მხრებზე და თვალებში აკოცა.
სოფო კატასავით იყო გატრუნული და ისეთი ბედნიერება დაეუფლა, განძრევის ან ხმის ამოღების კი არა, სუნთქვისაც კი ეშინოდა – ეს ყველაფერი სიზმარი არ იყოს და არ გამეღვიძოსო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში