როცა ქალს უყვარს...
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N27-47(726)
ლენუკა მარტო დარჩა. ქმარი არ ურეკავდა, არც შვილი იკლავდა მისი მოკითხვით თავს და თიკოც ძალიან უცნაურად იქცეოდა ბოლო დროს. იმის მაგივრად, ის გაეკეთებინა, რაც ლენუკამ სთხოვა, პირადი ცხოვრების მოწყობით იყო დაკავებული და ამას არც მალავდა. ლენუკა გაამწარა ახლობელი ადამიანების ეგოიზმმა. საქმე არაფერი ჰქონდა. სახლში ყოფნამ და ოთახებში უაზროდ ბორიალმა დაღალა. ამაოდ ურეკავდა ხან ქმარს, ხან თიკოს, მაგრამ, ერთი საერთოდ არ პასუხობდა მის ზარებს, მეორე კი დაბნეულ და გაურკვეველ პასუხებს იძლეოდა. ისიც კი იფიქრა, ბილეთი ხომ არ ავიღო და სანდროსთან გავფრინდე – ვნახავ მაინც, რითაა ეს ჩემი ქმარ-შვილი დაკავებული, ტელეფონზე სალაპარაკოდაც რომ ვერ მოიცალესო. მაგრამ, ამაშიც არ გაუმართლა – უახლოეს რეისზე ბილეთი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იყო... გაბრაზებულმა მობილური დივანზე ისროლა და მარიკას სთხოვა, მაგარი ყავა და ტოსტი მოემზადებინა მისთვის. თვითონ ფანჯარასთან, სარწეველა სავაძელში მოკალათდა და სიგარეტი გააბოლა... პირველად ჩაფიქრდა სერიოზულად თავის მდგომარეობაზე. შეიძლება, ყოველთვის აცნობიერებდა იმას, რომ ისეთი ცხოვრება არ ჰქონდა, როგორსაც ისურვებდა ან როგორზეც უოცნებია, მაგრამ, საკუთარ თავს არ უტყდებოდა ამაში. ერთბაშად ინანა, სანდროს მეტი შვილი რომ არ გააჩინა...
– რა მოხდა, მარიკა? – თავი ასწია და ქალს დაბნეული მზერა მიაპყრო.
მარიკამ ყურმილი გაუწოდა:
– თქვენ გირეკავენ...
– დარწმუნებული ხარ? ბინის ტელეფონზე ვინ უნდა მირეკავდეს?
– არ ვიცი, არ უთქვამს, პირდაპირ თქვენ გიკითხათ.
ლენუკამ უკმაყოფილო გამომეტყველებით გამოართვა ყურმილი:
– გისმენთ... ვინ? თამრიკო? აა, ჰო... ახლა გიცანი... რა მოხდა, თამრიკო? ჩემთან გინდა მოსვლა? ასეთი რა უნდა მითხრა, რომ ტელეფონით ვერ მეუბნები?.. რა გაეწყობა, მოდი... ტაქსი აიყვანე და სწრაფად გამოდი, ფულს მე მოგცემ... მაინტერესებს, რა საქმე გაქვს და იმიტომაც ვჩქარობ, არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი...
ლენუკამ მარიკას შეხედა.
– კოტეს მდივანი იყო. რა დაეტაკა ნეტავი? კოტეც არ პასუხობს ორი დღეა... რამე ხომ არ მოხდა? – შეშფოთებულმა წარმოთქვა და მობილურისკენ გაიწოდა ხელი.
– მომაწოდე, ჩქარა, სანდროს უნდა დავურეკო! სასწრაფოდ თუ არ გავარკვიე, რა ხდება, გავგიჟდები!
მარიკამ საათს შეხედა.
– დარწმუნებული ხართ, რომ სანდროსთან დარეკვა აუცილებელია? – ფრთხილად ჰკითხა და თანაგრძნობით გაუღიმა, – თან, მგონი, იქ ძალიან გვიანაა ახლა. მოვიდეს ეს ქალი, იქნებ რა საქმე აქვს, დარეკვას მერეც მოასწრებთ.
ლენუკმა ამოიოხრა:
– შენ ასე ფიქრობ?
მარიკა უხერხულად შეიშმუშნა:
– თქვენი საქმის უკეთ იცით, მაგრამ, მგონი, აჩქარება არ ივარგებს.
– კარგი, დაველოდები. კიდევ ერთი ყავა მოადუღე... ტოსტიც... კიდევ რა გვაქვს?
– მხოლოდ ბოსტნეულის სალათა. თუ მეტყვით, ჩავალ და ნამცხვრებს ამოვიტან ან პიცას შევუკვეთავ.
– ასეც ნუ მოიკლავ თავს, ყავა და ტოსტი საკმარისი იქნება. კიდევ, ჩემი საფულიდან ათლარიანი ამოიღე და მომიტანე. მობილურიც მომაწოდე...
მარიკამ თანაგრძნობით შეხედა:
– არაფერი იქნება სერიოზული, აი, ნახავთ...
– კარგი, წადი...
***
თიკომ მობილურს დახედა.
– შეიძლება გავიგო, ვინ გირეკავს? – დაინტერესდა ბეჟანი და თითებიდან სიგარეტი უცერემონიოდ გამოაცალა, – ბევრს ეწევი.
გოგომ საყვადურით შეხედა.
– გაბრაზდი? – დამნაშავის ტონით ჰკითხა კაცმა და ხელზე მოეფერა, – რა ვქნა, უკვე ძალიან ვნერვიულობ შენზე.
– კარგია და მიხარია. მომწონს კიდეც, მზრუნველი ადამიანი რომ გამომიჩნდა შენი სახით, მაგრამ, უკვე დიდი გოგო ვარ და თავად გადავწყვეტ, რა არის ჩემთვის კარგი და რა – არა!
მობილური ისევ რეკავდა.
– ლენუკაა... აღარ ვიცი, ვუპასუხო თუ არა...
– ეს სულ ასე რეკავს, როცა მოეპრიანება? – გაღიზიანდა ბეჟანი, – ვერ ხვდება, რადგან არ პასუხობ, ესე იგი, არ გცალია?!
– როცა ჩემთან დალაპარაკება უნდა, ვერაფერს ხვდება და ჯიუტად რეკავს... საშინლად არ მინდა ახლა მასთან ლაპარაკი.
– ჰოდა, ნუ უპასუხებ... აბა, რას იტყვი, წავიდეთ კინოში თუ ისევ ჩემთან ავიდეთ?
თიკომ წარბი შეიკრა:
– ყოველდღე შენთან არ ვივლი. იმ დღესაც ხომ გითხარი... რაც მოხდა, ჩვეულებრივი ამბავი არ არის ჩემთვის და უნდა ვიფიქრო...
– მესმის... გპირდები, სიტყვას აღარ დავძრავ ამ თემაზე და მორჩილად დაგელოდები, როდის მიიღებ გადაწყვეტილებას. მაგრამ, უარს არ მივიღებ.
– ეს რას ნიშნავს? არჩევნის საშუალებას მართმევ?
– ჰო, – კაცმა სახე ახლოს მიუტანა და ტუჩებზე ტუჩებით შეეხო, – მაგიჟებ... – მერე უცებ შეიჭმუხნა, – ეს მობილური უკვე ნერვებს მიშლის... გამორთე!
– არა. მეცოდება ლენუკა – ქმარმაც მიატოვა და შვილმაც, – ერთბაშად შეებრალა დაქალი თიკოს.
– ქმარმა მიატოვა? ეგ არ ვიცოდი...
– არა, კი არ გაშორდა, უბრალოდ, შვილთან გაემგზავრა ევროპაში.
– მერე, ადგეს და თვითონაც გაემგზავროს, თუ, ფული არა აქვს?
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა თიკომ, – მეც ვურჩიე. რატომ არ მიდის, წარმოდგენა არ მაქვს. ზის სახლში და ნერვიულობს.
– ეგრეა, როცა ერთი შვილის მეტს არ გააჩენ... მე მინიმუმ სამი შვილი მინდა.
თიკომ გაიცინა:
– მე ჯერ არ მითქვამს, რომ თანახმა ვარ, ცოლად გამოგყვე.
– ჰო, მაგრამ, არც ის გითქვამს, რომ უარზე ხარ.
– წავიდეთ კინოში, აშკარად აჯობებს... – თავი გადააქნია თიკომ და კაცს ლოყაზე ალერსით მოუსვა ხელი.
***
თამრიკომ ლაბადა სავარძლის სახელურზე გადაკიდა და თვითონაც იქვე ჩამოჯდა.
– გისმენ! – მოუთმენლად თქვა ლენუკამ, – ყავას ხომ დალევ? ახლა მოგვიტანს მარიკა. იმედია, გული არ უნდა გამიხეთქო.
– არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... ისიც არ ვიცი, ამ ამბავზე როგორი რეაქცია გექნებათ. შეიძლება, გაგეცინოთ კიდეც.
– რაც მალე დაიწყებ და იტყვი სათქმელს, მით უკეთესი იქნება, მოვკვდი ინტერესით.
– საქმე ისაა, რომ დღეს ჩემთან ერთი კაცი იყო მოსული...
– შენთან მოსული კაცები მე რატომ უნდა მაინტერესებდეს? – იხუმრა ლენუკამ.
თამრიკო გაწითლდა და ცოტათი განაწყენდა კიდეც.
– რომ არ ვფიქრობდე, რომ ეს მნიშვნელოვანია თქვენთვის, არ მოვიდოდი და საერთოდ არც დაგირეკავდით, – ჩაილაპარაკა შეწუხებულმა.
– კარგი, კარგი, ყურადღებას ნუ მომაქცევ. თუ ცუდი ამბავი უნდა მითხრა, ცოტა გამხიარულება არ მაწყენდა.
– ჰოდა, მეც მაგას გეუბნებოდით, არ ვიცი, ცუდი ამბავია თუ არა. თუმცა, გული მიგრძნობს, მთლად კარგიც არ უნდა იყოს.
– დავიღალე, ნუღარ აყოვნებ.
– მოკლედ, ოფისში იყო მოსული მამაკაცი და მითხრა, რომ თქვენი მეუღლე, ანუ, ბატონი კოტე, სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს და ვალი გადაუხადოს.
ლენუკამ გაიცინა და გულზე მოეშვა:
– რა სისულელეა! გიჟი იქნება ვიღაცა. უჰ, შენ რა გითხარი, როგორ დამაფეთე. მე ვიფიქრე, კოტეს ან სანდროს დაემართათ რაღაც და პირდაპირ ვერ მეუბნებიან-მეთქი.
თამრიკომ თავი გააქნია:
– მინდა გითხრათ, რომ ეს კაცი ადრეც იყო ჩვენთან და მაშინ ბატონმა კოტემ თავის კაბინეტში მიიღო. რომ წავიდა, მერე გავიხსენე... თანაც... არც კი ვიცი, როგორ გითხრათ... მომეჩვენა, რომ ბატონი კოტე დააფრთხო მისმა დანახვამ. დალია კიდეც.
– რა?! – წარბი ასწია ლენუკამ. რაღაც ენიშნა.
– შეიძლება, ეს უბრალო დამთხვევა იყო, მაგრამ...
– შეგიძლია, ამიწერო ის კაცი?
– დიახ... უწესრიგოდ ჩაცმული, პირგაუპარსავი და ძალიან უტიფარი გამოხედვით... საშუალო სიმაღლის, არც მსუქანი, არც გამხდარი...
– ესე იგი, ადრეც იყო... – ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა.
– დიახ. თქვენთან იმიტომაც მოვედი... რა ვქნა, დავურეკო ბატონ კოტეს?
– ანუ, სასწრაფოდ ჩამოვიდესო?
– დიახ. ვალი აქვს დასაბრუნებელიო, – გაიმეორა თამრიკომ და ყავა მოსვა, – დავურეკო?
– არა, მე თვითონ დავურეკავ. გმადლობ, რომ მოხვედი და მომიყევი ეს ამბავი. ჰო, მართლა, ტაქსის ფული გამომართვი.
თამირიკომ მაშინვე არ გამოართვა ფული. ლენუკამ ჯიბეში ჩაუტენა და გაუღიმა:
– მართლა მადლობელი ვარ შენი. თუ კიდევ მოვა ან დარეკავს, მაშინვე შემატყობინე. შევთანხმდით?
ქალმა თავი დაუქნია...
***
სანდრომ ოთახში ბოლთის ცემას თავი ანება და აბაზანიდან გამოსული ტომასის წინ გაჩერდა.
– მითხარი, რა ვქნა? ლამის არის გავგიჟდე.
– მოიცადე, ლინას დავურეკავ.
– რა აზრი აქვს? ისევ იმავეს გეტყვის, რომ დიანას არავის ნახვა არ უნდა და სახლიდან არ გამოდის. ძალიან არ მომწონს ეს ამბავი. რამე ხომ არ ხდება?
– კარგი, დამშვიდდი, რა უნდა ხდებოდეს? ძალიან ემოციურად აღიქვამ ყველაფერს, ასე არ შეიძლება. რად გინდა ისეთი სიყვარული, გულს რომ გაგიხეთქავს?
– შენთვის ადვილია – ლინას აშკარად მოსწონხარ და არც შეხვედრებზე გეუბნება უარს.
– იმის თქმა გინდა, რომ შენ საერთოდ არ მადარდებ? ხომ იცი, რომ ასე არ არის? – ეწყინა ტომასს, – გინდა, პირდაპირ სახლში მივადგები?
– ლინასთან?
– ჰო, სადაც არის.
– არა, არ ღირს. შეიძლება, უფრო გაბრაზდეს. მაგრამ მეც რომ აღარ შემიძლია ასეთ გაურკვევლობაში ყოფნა? მალე, საერთოდაც, მშობლებთან დაბრუნდება.
– ეგ ისედაც გარდაუვალი იყო... აბა, აქ დარჩებოდა სამუდამოდ? ამისი იმედი გქონდა?
– არა, მაგრამ, დრო ცოტაა. ამ დღეების განმავლობაში კიდევ დაველაპარაკებოდი, ვეცდებოდი რაღაცას...
– თავს შეაყვარებდი? ამის თქმა გინდა? – ტომასმა თანაგრძნობით შეხედა მეგობარს, – ლონდონში რომ გადახვალ, იქაც გექნება ამისი დრო, თუ, რა თქმა უნდა, წასვლა არ გადაიფიქრე. რაო მამაშენმა?
– მამაჩემმა... – ბრაზით გაიმეორა სანდრომ, – მაგას სულ არ ადარდებს ჩემი ამბავი, დაჰკრა ფეხი და გავარდა.
– სახლში დაბრუნდა?
– არ ვიცი, არც უთქვამს. სასწრაფო საქმე გამომიჩნდაო და გავარდა – მოხვეტა თავისი ნივთები და გაფრინდა. შეიძლება, რომელიმე ნაშას მოენატრა და ამანაც ხათრი ვერ გაუტეხა.
ტომასმა ხელი ხელს შემოჰკრა და ხმამაღლა გაიცინა:
– ხომ ვთქვი, მაგარი ტიპია-მეთქი! მართლა ნაშასთან წავიდოდა?
– არ გამიკვირდება. დედაჩემიც რაღაც საეჭვოდ მირეკავს.
– ისე, ერთხელაც არ გიპასუხია.
– არ მაქვს მისი წუწუნისა და საყვედურების მოსმენის თავი... გადავირევი, კიდევ რამდენიმე დღე რომ არ ვნახო...
***
კოტეს არ სჯეროდა იმ მოულოდნელი ბედნიერების, თოვლის ზვავივით რომ დაატყდა თავზე... დიანას გარდა ვეღარაფერზე ფიქრობდა და არც ცდილობდა. ცალ-ცალკე ნომრებში მოთავსდნენ. გოგო იშვიათი მოთხილამურე გამოდგა – უშიშრად ეშვებოდა ყველაზე ციცაბო ფერდობიდან და ისარივით მიჰქროდა. მარტო მისი ცქერაც კი სიამოვნება იყო.
ბუხართან, დიდ, რბილ სავარძელში მოკალათებულმა დიანამ ცხელ, დარიჩინიან ღვინოს სული შეუბერა და გაიცინა... საოცრად ლამაზი იყო მწვანე, ფუმფულა ჯემპრსა და სათხილამურო შარვალში... რამდენიმე ახალგაზრდა, სახეგარუჯული კაცი აღფრთოვანებით შესცქეროდა და კოტეს ეს სიამაყეს ჰგვრიდა – უხაროდა, რომ ასეთი გოგო მის გვერდით იყო... მას ელაპარაკებოდა და მას უღიმოდა. კოტეს გული სავსე იყო სიხარულით და ისე გამალებით უცემდა, გაიფიქრა კიდეც, ამ სიკეთის დროს არაფერი დამემართოსო... მის ტვინში უკვე მომწიფდა გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც დიანას ერთ სიტყვაზე იყო დამოკიდებული.
– ხომ არ ნანობთ, რომ დამთანხმდით? – დეას ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
– არა, რას ამბობ? ამაზე კარგი არაფერი ჩამიდენია ჩემს ცხოვრებაში – ერთბაშად მიღებულ გადაწყვეტილებას ვგულისხმობ. შენ რომ არა... თურმე, რამხელა ბედნიერება ყოფილა თავისუფლება!..
– თუ – თოვლი და თხილამურები? – აკისკისდა გოგო.
– ეგეც. „შენთან ყოფნა კიდევ უფრო დიდი ბედნიერებააო“, – უნდოდა ეთქვა კაცს, მაგრამ სიტყვა ყელში გაეჩხირა. ქალებთან ყოველთვის თამამი იყო, აკეთებდა იმას, რაც თავად სურდა და წინააღმდეგობა სასურველი „ობიექტის“ მხრიდან აზარტში აგდებდა. თიკოც ასე ჩაიწვინა ლოგინში... საკუთარ თავს არ უტყდებოდა, რომ სასიყვარულო ფრონტზე მისი წარმატებები გარკვეულწილად ფინანსურ „ბეგრაუნდზეც“ იყო დამოკიდებული, მაგრამ დეამ მთლიანად ამოაყირავა კოტეს მსოფლმხედველობა ამ მიმართულებით, ნათელი სხივივით შემოიჭრა მის ცხოვრებაში და ყმაწვილობაში დააბრუნა. კოტეს აღარც ახსოვდა, როდის იგრძნო ასეთი სიმსუბუქე და სილაღე უკანასკნელად.
– საღამოს გავისეირნოთ? – ჰკითხა დეამ, – სიცივის ხომ არ გეშინიათ?
– მე მარტო იმის მეშინია, რომ ეს ორი დღე გავა და შენ ჩემთან აღარ იქნები. არ ვიცი, ამას როგორ გადავიტან, – გულწრფელად აღმოხდა კაცს.
დეამ ფართოდ გაახილა თავისი მომწვანო-მონაცრისფერო თვალები, იდუმალ შუქს რომ ასხივებდა და კაცზე მაგიასავით მოქმედებდა, ლაპარაკის უნარს უკარგავდა და აბნევდა.
– ჯერ ხომ არ იცით, რას მოგიტანთ ის დღე, რომელიც იმ ორი დღის შემდეგ დადგება? იმედს ნუ დაკარგავთ. წინასწარ ნერვიულობაც არ ღირს, მით უფრო, როცა გარეთ ასეთი ამინდია და დიდხანს, დიდხანს შეგვიძლია, ვისეირნოთ...
კოტემ ბედნიერებისგან ამოიოხრა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში