კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო იღებდა გამუდმებით ვალს აკაკი წერეთელი და რაზე იყო დამყარებული მისი ქორწინება

ალექსი წერეთელს, საქართველოს დიდი მგოსნის, აკაკის ერთადერთ შვილად ყოფნა არგუნა ბედმა. თუმცა, მას მხოლოდ საკუთარი ცხოვრება ჰქონდა – იცხოვრა ისე, რომ რუსეთის თეატრალურ სამყაროს ალექსი აკაკის ძე წერეთელი არ დაევიწყებინა. თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას მამასთან, საქართველოსთან და რა ტექსტის დეპეშებს უგზავნიდა აკაკის, ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ ჩვენს რუბრიკაში. 

აკაკის პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ბევრი ჭორი არსებობს, რაც საერთოდ, თანმხლებია საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრებისთვის. ერთ-ერთი აქტუალური თემა, რომელსაც პოეტის სიცოცხლეშიც ხშირად განიხილავდნენ, იყო მისი და ნატალია ბაზილევსკაიას ქორწინება. 

ნატალია ბაზილევსკაია იყო ოქროს მადნების რუსი მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის,  ქალიშვილი. 1869 წელს სხვიტორში დაიბადა მათი ვაჟი – ალექსი. სამწუხაროდ, აკაკის არც ცოლმა და არც შვილმა არ იცოდნენ ქართული ენა და ერთი სტრიქონიც არ ჰქონდათ წაკითხული პოეტის შემოქმედებიდან, რომელსაც ერმა „საქართველოს ბულბული” უწოდა. 

 ალექსი საოპერო დასის ანტრეპრენიორი იყო და ერთ ხანს წარმატებითაც მოღვაწეობდა. თუმცა, სულ მუდამ კრედიტორების ვალი ჰქონდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამ ვალების გადახდა აკაკის უწევდა. ალექსი მაღალი, კარგი გარეგნობის, წარმოსადეგი ახალგაზრდა ყოფილა. მამას ამსგავსებდნენ. აკაკის სიცოცხლის ბოლოს ქუთუთოს დამბლა დაემართა და კარგად რომ დაენახა, თავს მაღლა სწევდა თურმე. მისთვის უთქვამთ: ალექსი თავაწეულ სიარულსა და გამოხედვაშიც შენ გგავსო, რაზეც პოეტს  უხუმრია: რაღა თავის აწევაში დამემსგავსა ეს დალოცვილიო. რაც შეეხება ნატალიას, ის მეტად მომთხოვნი, პრეტენზიული და ფუფუნების მოყვარული ქალი იყო და აკაკი მას აქ, შესაფერის პირობებს ვერ შეუქმნიდა. ისინი სხვადასხვა ინტერესით ცხოვრობდნენ, ერთმანეთისაგან შორს, სხვადასხვა ქვეყანაში. ნატალია საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა. არც აკაკი რჩებოდა მასთან წლობით. თუმცა, სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდათ ურთიერთობა. ბოლოს, როდესაც აკაკი ავად გახდა, ნატალიამ მოისურვა, რომ ჩამოსულიყო და მოევლო ქმრისთვის.

ქართველები ალექსი წერეთელს ძირითადად პეტერბურგში, მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში ეცნობოდნენ ხოლმე და მაშინვე დიდი სიყვარულით უწყებდნენ მამაზე და მის პოეზიაზე საუბარს. რას წარმოიდგენდნენ, რომ აკაკი წერეთლის ვაჟმა ქართული ენა არ იცოდა. ალექსი მისთვის გაუგებარ ენაზე დასმულ შეკითხვებს დელიკატურად პასუხობდა. შედეგად, ყველასთვის გასაგები ხდებოდა, რომ არც ქართულის და არც მამის პოეზიისა, მას არაფერი გაეგებოდა.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ  ინტერესი არ ჰქონდა. ის დაინტერესებული იყო ქართული კულტურითაც და მამითაც. 

ერთხელ ალექსის უცდია მამისთვის წერილი ქართულად მოეწერა, რა თქმა უნდა, სხვების დახმარებით. ამით გახარებულ აკაკის მიუწერია: „შენმა წერილმა ძალიან გამახარა. არასოდეს საეჭვოდ არ მიმაჩნდა შენი ნიჭიერება და ენერგია. შეგეძლო, ჩემს ახლოს ასჯერ მეტი სარგებლობა მოგეტანა და მეც არ გავმწარდებოდი”. დასანანია, რომ მოგვიანებით, ქართული ინტელიგენციის მცდელობას აკაკი წერეთლის ერთადერთი შვილი მამის სამშობლოში, ქართულ გარემოცვაში შემოეყვანათ, უშედეგო გამოდგა. 

აკაკის ცხოვრების თავისუფალი რეჟიმი ჰქონდა,  შეიძლება ითქვას, მოუწესრიგებელიც. თუმცა, ამის მიუხედავად, ის ძალიან ბევრს მუშაობდა და თითქმის არც ერთ ღონისძიებას არ აკლდებოდა.  წარმოიდგინეთ, მას სახლი არ ჰქონია არც თბილისში და არც ქუთაისში. ის მუდამ სტუმარი იყო სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის ოჯახში და ეს სტუმრობა ხშირად თვეობით გრძელდებოდა.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ აკაკი არ მუშაობდა და სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებით თავისი შეხედულება ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ პოეტი, არ უნდა მუშაობდეს, რადგან ბიუროკრატიული სამსახური კლავს შემოქმედის ნიჭს. ეს პრინციპი მან ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა. 

აკაკის ვალების აღება უყვარდა, რომლებსაც შემდეგ აღარ აბრუნებდაო, – თავის დროზე ამასაც ამბობდნენ... ალბათ, ის ფაქტი, რომ აკაკი ხშირად სესხულობდა თანხას და ამით ხელს ინაცვლებდა, ასეთი ჭორების საბაბი ხდებოდა. მაგრამ, აკაკი ძალიან ბევრს მუშაობდა და ძალიან ხშირად ბეჭდავდა თავის ნაწერებს. გარდა ამისა, მას ჰქონდა მამული სხვიტორში. ასე რომ, მისი შემოსავალი სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო მარტოხელა კაცისათვის, მაგრამ ვალებს იღებდა იმიტომ, რომ მას ხშირად სთხოვდა ცოლ-შვილი დახმარებას. არსებობს არაერთი მოგონება, რომელთა ავტორების ცნობით, აკაკის მოსდიოდა წერილები ალექსისგან, რომელიც მას ფულის გაგზავნას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის მოკვლით იმუქრებოდა. აკაკის  მუდმივი შემოსავალი არ ჰქონდა, ამიტომ, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, იძულებული იყო, ვალი აეღო. თუმცა, მისი თანამედროვეების ცნობით, ის, უმრავლეს შემთხვევაში, ამ ვალებს აუცილებლად უბრუნებდა პატრონს.

ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, ივანე ელიაშვილი, რომელიც ბაქოში მუშაობდა და აკაკისთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა,  იხსენებს: „ერთხელ აკაკი ჩამოვიდა ძალიან შეწუხებული და მითხრა, ალექსისგან დეპეშა მივიღე: თუ სასწრაფოდ არ გამომიგზავნი 2 500 მანეთს, თავს მოვიკლავო. როგორც ჩანს, ალექსი ბანქოს თამაშობდა. დავტრიალდი, მაგრამ ამხელა თანხა, სად უნდა გვეშოვნა. მერე თვითონ აკაკის უთქვამს, როგორც  თბილისში მითხრეს, ცნობილი სომეხი მეწარმე ალ. მანთაშოვი ახლა ბაქოშია და იქნებ მას მივმართოთო. ასეც მოქცეულან. მანთაშოვს უთქვამს: ნეტავი, ბატონო აკაკი, ან თქვენ იყოთ სომეხი პოეტი, ან მე ვიყო ქართველი. ისე, ამდენი თანხა როგორ მოგცეთო. მერე მაინც დახმარებია, ოღონდ ვექსილი მოუთხოვია, რომელიც ინჟინერ ბრაილოვს მიუცია. ფული სამ თვეში უნდა დაებრუნებინა აკაკის. ელიაშვილი ძალიან შეწუხებულა, თუმცა, 2 თვის თავზე აკაკის 1500 მანეთი გაუგზავნია მანთაშოვისთვის. ამის შემდეგ, ბრაილოვს აღარ უკისრია ამ ვექსილის განაღდება. მეგობრებს კი აკაკისთვის შეუთვლიათ: შენი ვალი გადახდილიაო. მიუხედავად ამისა, აკაკის ანდერძში ყველას ვალი ჰქონია შეტანილი, მათ შორის ეს 1 000 მანეთიც.   

 ივანე ელიაშვილი იმოწმებს გადმოცემას იმდროინდელი ცნობილი პიროვნების, ივანე ერისთავისას,  რომელსაც გარუსებული ქართველი მილიონერის ქალიშვილზე უქორწინია და მთელი ქონება გაუნიავებია. ერთხელ ის  ერთ-ერთი თავყრილობის დროს აკაკის ვალებზე საუბარს შესწრებია და  გაუხსენებია ასეთი რამ: ახალგაზრდა იყო აკაკი, როცა მოვიდა ჩემთან და 6 000 მანეთი ისესხა ორი კვირით.  გავიდა ორი, სამი, შვიდი კვირა და თანხის დაბრუნების იმედიც თანდათან გამიქრა, მაგრამ ორი თვის შემდეგ გამომეცხადა აკაკი და ფულიც უკლებლივ მომიტანა. თქვენ კარგად იცით, სად და როგორ გაქრა ჩემი ქონება, მაგრამ გთხოვთ, იცოდეთ, აკაკი იყო ის ერთადერთი კაცი, რომელიც სრული სინდისით მომეპყრაო. 

მისმა ცხოვრების წესმა ჯანმრთელობაც გაუფუჭა. ხან სხვიტორში იყო, ხან ქუთაისში, ხან თბილისში, ხან მოსკოვში. 1914 წლის შემოდგომაზე მორიგი შეტყობინება მიუღია ალექსისგან: სასწრაფოდ გამომიგზავნე ფული, თორემ თავს მოვიკლავო. ვერსად რომ ვერ უშოვია ფული, სასწრაფოდ პოემის წერა დაუწყია პოეტს. მძიმე პირობებში წერდა. ქუთაისის ერთ-ერთ სასტუმროში, გაყინულ ოთახში. ნახევრად მშიერი. როცა მოურავმა სხვიტორში გადაიყვანა, პოეტი უკვე ლოგინად ჩავარდა. ეს იყო დეკემბერი,  1915 წლის 31 იანვარს აკაკი გარდაიცვალა. ანდერძში ყველა ვალი აღნუსხული ჰქონდა, თავისი ქონება და ადგილ-მამული საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას უანდერძა. ასე რომ, აკაკი ყველანაირად ვალმოხდილი წავიდა საქართველოდან როგორც მოღვაწე, როგორც მამულიშვილი, როგორც მამა, როგორც პიროვნება და როგორც „მევალე”.

რაც შეეხება ალექსის, რუსული მუსიკის ისტორიაში ხაზგასმულია, რომ რიმსკი-კორსაკოვის ოპერა „მეფის საცოლისა” და „პან ვოევოდას” დადგმა მთელ რუსეთში პირველად განახორციელა ალექსი წერეთელმა. ასევე, ცნობილია, რომ 1908-1910 წლებში ალექსი წერეთელმა ამერიკელებს გააცნო ფიოდორ შალიაპინი, რის შემდეგაც, მათი შემოქმედებითი კავშირი არც შეწყვეტილა. 1917 წლის ოქტობრის მოვლენების შემდეგ, ალექსი თავისი დასით ევროპაში მართავდა საოპერო სპექტაკლებს. 

ალექსი წერეთელი 1943 წელს გარდაიცვალა პარიზში, მაშინ, როცა ამ ქალაქში ფაშისტური რეჟიმი მძვინვარებდა. ამის მიუხედავად, ალექსის დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო. მას მემკვიდრე არ დარჩენია. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, ალექსი წერეთელმა მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა პარიზის  ქართველობას უანდერძა. 

скачать dle 11.3