კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძლება თუ არა მიცვალებულის დასაფლავება კვირის ნებისმიერ დღეს და რატომ ხდება დღეს გარდაცვლილების ეკლესიაში დასვენება

დღეს საქართველოში მიცვალებულის დაკრძალვასთან და გლოვასთან დაკავშირებით გარკვეული ტრადიციები არსებობს, რომლებსაც ხშირად ეკლესიას მიაწერენ, თუმცა, სინამდვილეში მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ეკლესიასთან. გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):    

– ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და ის ყოველთვის ფუნქციონირებს. არის, ასევე, ტრადიციები, რომლებიც ეკლესიის წიაღში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ კვირა დღეს არ შეიძლება საფლავზე გასვლა ან მიცვალებულის დაკრძალვა, ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ სახარება კრძალავს ან ეს სადმე წერია და ამაზე კონკრეტული მკაცრი კანონები არსებობს. ანუ, ასეთ დროს კარგია, თუ ვიტყვით, რომ, უმჯობესი იქნება, ამ დღეს თუ არ მოხდება მიცვალებულის დასაფლავება ან საფლავზე გასვლა, რადგან, როგორც  ეკლესიური სწავლებით ვიცით, კვირა ყოველთვის არის დღესასწაული, აღდგომის ტოლფასი დღე და ეს დღე ჩვენში უნდა ატარებდეს აღდგომის სიხარულს, რომელიც თავისი საკრალური მნიშვნელობით ეხება როგორც ცოცხლებს, რომლებიც დედამიწაზე ცოცხლობენ, ასევე, იმ გარდაცვლილებს, რომლებიც უფლისთვის მაინც ცოცხლები არიან. ისეთი მიდგომაც არასწორია, რომ, თუ წესიერი, მოსიყვარულე, გამრჯე ადამიანი საფლავზე გავიდა, ამის გამო მას დასჯის ღმერთი. ასე მშრალად არ უნდა მივუდგეთ საკითხს, არავინ არ ისჯება ამის გამო. უბრალოდ, თუ ამ ყველაფერს ადამიანი სწორად და მართებულად გააკეთებს,  უფრო მეტად დასაფასებელი იქნება. ზოგადად, შაბათი ითვლება მიცვალებულების დღედ, მაგრამ, ვისაც როდის უნდა, მაშინ გავა საფლავზე – ამაზე რაიმე აკრძალვა არ არსებობს. 

– მამაო, საქართველოში მიცვალებულის დასაფლავებისთვის კვირაში რამდენიმე დღეა გამოყოფილი: სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი. თუმცა, როგორც ცნობილია, მიცვალებულის დასაფლავება შეიძლება, ნებისმიერ დღეს მოხდეს და ამის შესახებ არანაირი აკრძალვა არ არსებობს.

– იმას, თუ რომელ დღეს უნდა დასაფლავდეს ადამიანი, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მაინც ხალხური ტრადიციაა. როდესაც ადამიანი გარდაიცვლებოდა, მისთვის, მისი სულის საოხად, ჭირისუფალი ყველაფერს აკეთებდა. ამ დროს მნიშვნელოვანი იყო  სუფრის საკითხი, ანუ ტრაპეზი. ამიტომაც, ცდილობდნენ სუფრა არასამარხვო ყოფილიყო და, შესაბამისად, ირჩევდნენ კვირის ისეთ დღეებს, როდესაც არ იყო მარხვა. თუმცა, ეს არსად წერია, ტრადიციაა მხოლოდ.  რა თქმა უნდა, ძალიან კარგია მიცვალებულისთვის პანაშვიდის გადახდა; ასევე, კარგია, რომ  გარდაცვალებიდან ორმოცამდე და მერე ჭირისუფლებმა წაუკითხონ ფსალმუნები. თუ შეუძლიათ, ეკლესიაში გადაუხადონ პანაშვიდები; გავიდნენ საფლავზე მესამე, მეცხრე, 21-ე დღეს; გადაუხადონ მიცვალებულს შეკვეთილი წირვა ორმოცი დღის განმავლობაში ან მეორმოცე დღეს. მაგრამ, ეს მაშინ არის მიცვალებულის სულისთვის ქმედითი, თუ ამას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ, უბრალოდ, უნდა გავაკეთოთ ან ვინმემ გვირჩია; ეს კარგია გარდაცვლილის სულისთვის. როცა მივდივართ ეკლესიაში, მოძღვარს ვუტოვებთ ჩამოწერილ სახელებს და მერე გავრბივართ – ასეთი მოქცევა არასწორია, ეს არ არის ქრისტიანობა. შეიძლება, ეს ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულოთ, მაგრამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გაცნობიერებულად, ანუ, რატომ ვაკეთებთ და რისთვის; სჭირდება თუ არა ეს ჩვენს მიცვალებულს და გვჯერა თუ არა იმის, რასაც ვაკეთებთ. მთავარია: თუ გვინდა, რომ ჩვენს მიცვალებულს დავეხმაროთ, უპირველეს ყოვლისა, უკეთესობისკენ, სიკეთისკენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ჩემი სულიერი ცხოვრება თუ არ არის ღირებული და არ ვზრუნავ ამაზე, თუნდაც ისეთი მღვდელი შემხვდეს, რომელიც მართლა კარგად ილოცებს ჩემი მიცვალებულისთვის, მაინც გამოდის ისე, რომ მე მიცვალებულისთვის არაფერი გამიკეთებია. კი, შეიძლება,  რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ, ეს საკმარისი არ იქნება, რადგან, ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ თავად ვერ გავიგე მისი არსი, ან, უბრალოდ, მოვალეობა მოვიხადე. ამქვეყნად,  ჩვენი სწორად ცხოვრება პირდაპირპროპორციულია ჩვენი მიცვალებულების ხვედრისა. 

– ბევრი ამბობს, რომ თითქოს ეკლესია კრძალავს მიცვალებულის ბალზამირებას და ამის გამო ხშირად ამაზე უარსაც ამბობენ. 

– ეკლესია ყოველთვის ასწავლიდა იმას, რაც სახარებამ განუცხადა ეკლესიასა და კაცობრიობას. როგორც ვიცით, ქრისტეს სახარებაში ასეთი რამ არ წერია. ძველი ერების ტრადიციებს თუ გავიხსენებთ, გარდაცვლილს ბალზამირებას უკეთებდნენ; რა თქმა უნდა, არა იმ სახით, როგორც თანამედროვეობაში ხდება, არამედ, გარეგნულად ხდებოდა ბალზამირება. არსად არცერთ რელიგიას, მათ შორის მართლმადიდებლობას, არ აუკრძლავს მიცვალებულის ბალზამირება. თუ დღეს ვინმე გამოდის და ამას აცხადებს და ამბობს, რომ ეკლესიური სწავლებაა, მე ვეტყვი, რომ ეს არის ბოდვა. ბალზამირების გაკეთებით ან არგაკეთებით არ წყდება ადამიანის საიქიო ბედი; მას არც მინუსები და არც პლუსები  არ ეწერება იმის გამო, გაუკეთეს თუ არა გარდაცვალების შემდეგ ბალზამირება; რომ სამოთხეში ბალზამგაუკეთებლები შედიან, ხოლო ჯოჯოხეთში – ბალზამირებულები. ადამიანი თავისი ცხოვრებით იმსახურებს სამოთხეს ან ჯოჯოხეთს, ბალზამირება აქ რა შუაშია. ეკლესიაში არც არსებობს წესი, რომ მიცვალებული აუცილებლად სამ დღეში ან ერთ კვირაში უნდა დაიკრძალოს;  შეიძლება, ის ერთ დღეშივე დაასაფლავონ, მაგრამ, რადგან ჩვენთან არსებობს დასფლავების ტრადიცია 3 ან 4 დღეში, ამიტომ, პრაქტიკული გამოცდილებიდან ჩანს, რომ მიცვალებულს სჭირდება ბალზამის გაკეთება და ამას არანაირი რელიგიური დატვირთვა არ აქვს. 

– ბოლო პერიოდში ტრადიციად იქცა მიცვალებულის ეკლესიაში დასვენება და იქიდან გამოსვენება. ეს რამდენად მართებულია? 

– ეს ტრადიცია იყო ადრეც, ოღონდ, შემდეგ დაიკარგა და ახლა იწყებს დაბრუნებას, თუმცა, გარკვეული ტრანფორმაცია განიცადა და ზოგ შემთხვევაში გარკვეული პერფორმანსივით არის. ძველად, სოფლებში და თემებში ადამიანებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან და სოფლის მღვდელიც ყველას იცნობდა. რომ გარდაიცვლებოდა ვინმე, მას ტაძარში ასვენებდნენ და სამი დღის განმავლობაში, ყოველ ღამე, განსაკუთრებული ლოცვები ეკითხებოდა, რასაც სასულიერო პირი აღასრულებდა. დღეს კი ხშირად იმიტომ კი არ ასვენებენ ეკლესიიდან, რომ დიდი მორწმუნე იყო ან მისი ოჯახის წევრები არიან მორწმუნეები, უბრალოდ, ასეა მიღებული, ასეა კარგი. ჩვენს ცნობიერებაში, სამწუხაროდ, ღმერთი ეკლესიაში ზის. ღმერთი ადამიანში უნდა იყოს და, თუ ის მასში არ არის, მაშინ, რა აზრი აქვს, გასვენდება თუ არა  ეკლესიიდან?! კარგია, თუ გარდაცვლილი მორწმუნე იყო და მისი ჭირისუფლებიც მორწმუნეები არიან, მაგრამ, თუ არც მიცვალებულს სწამდა ღმერთი და არც მის ჭირისუფლებს სწამთ, ასეთ დროს საქმე გვაქვს ქრისტიანულ მინიმალიზმთან, რაც წარმართობაა და მეტი არაფერი.  თუ არ იცნობს მიცვალებულს ან მის ჭირისუფალს, ასეთ დროს მოძღვარს აქვს ვალდებულება, გამოიკითხოს, იყო თუ არა გარდაცვლილი მორწმუნე. ხომ შეიძლება, ის ცხოვრებაში ეკლესიას კი არა, ღმერთსაც არ აღიარებდა? – ასეთ დროს, შეიძლება, არც მოხდეს მისი ეკლესიაში დასვენება; მაგრამ, თუ არ ცხოვრობდა ეკლესიურად, მაგრამ, არც ღვთისმგმობი იყო, მაშინ, არა მგონია, რომელიმე მღვდელმა უარი თქვას ეკლესიაში მის დასვენებაზე. ქრისტემ ეკლესიას ძალაუფლება კი არ მისცა, მისცა სულიწმიდა, სიყვარულის ხელმწიფება და ჩვენც ვალდებულები ვართ, ადამიანებს მადლმოსილება გადავცეთ და ძალაუფლების სტატუსით არ გამოვიდეთ. 

– ეკლესიაში დასვენებისთვის თუ არის გარკვეული თანხა დაწესებული? 

– სამწუხაროდ, ხალხი ეკლესიის მსახურებთან მიმართებაში ვერ აცნობიერებს თავის ვალდებულებას. მღვდელს მრევლი ინახავს თავისი შემოწირულობით, რადგან მას სხვა სამსახური არ უნდა გააჩნდეს – წესით, ასე უნდა იყოს. მოძღვრის შრომა ხშირად დაუფასებელია. ამიტომაც, არიან სასულიერო პირები, რომლებიც გარკვეულ მსახურებაზე პრეისკურანტებს აწესებენ, რადგან, იციან, რომ, შეიძლება, აღასრულოს მსახურება, საიდუმლო, ადამიანი კი ისე წავიდეს, კაპიკი არ გაიღოს. მე ამას არ ვამართლებ, მაგრამ, ვერც მივცემ იმის უფლებას თავს, რომ სასულიერო პირები განვიკითხო, რადგან, ყველას თავისი ოჯახი ჰყავს სარჩენი და, ჩვენ არ ვიცით, ვის რა პრობლემა აქვს, მის შვილებს იმ მომენტში რა სჭირდებათ. როცა მიცვალებულს ასვენებენ ტაძარში, ზოგიერთ ეკლესიაში ხდება გასამრჯელოს მოთხოვნა. ცუდი ის არის, რომ ითხოვენ, მაგრამ, თუ მრევლსაც გაცნობირებული ექნება რელიგიური სწავლება და ცხოვრება, ეს მოთხოვნა აღარ დაგვჭირდება, და თუ საკუთარ თავს დავავალდებულებთ, რომ მოძღვარს შრომის საზღაური გადავუხადოთ, ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება და ჩვენი მიცვალებულისთვისაც.

скачать dle 11.3