ყველაზე შედეგიანი მცველები ფეხბურთის ისტორიაში
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არსებობენ მცველები, რომლებსაც თავდამსხმელებზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. მათ შორის ყველაზე ცნობილები, შედეგიანობასთან ერთად, საიმედოობითაც გამოირჩეოდნენ და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზეც ზრუნავდნენ.
რონალდ კუმანი – 253 გოლი
„აიაქსის”, „პსჟ-ს”, „ბარსელონისა” და „ფეიენოორდის” ლეგენდარული მცველი რონალდ კუმანი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია. მის ანგარიშზე 253 გოლია, რაც ბევრი ფორვარდისთვის დღემდე მიუღწეველი შედეგია. 17-წლიანი კარიერის განმავლობაში კუმანმა ესპანეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატებში ჯამში 239 გოლი გაიტანა, ხოლო ჰოლანდიის ნაკრების რიგებში 14-ჯერ გამოიჩინა თავი. კუმანის საფირმო ნიშანი იყო ყუმბარისებური საჯარიმო დარტყმა, ხოლო მისი ყველაზე ცნობილი გოლით „ბარსელონამ” 1992 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში „სამპდორია” დაამარცხა.
ფერნანდო იერო – 162 გოლი
ლეგენდარული ესპანელი ცენტრალური მცველი, რომელსაც სეზონში ათ ბურთზე ნაკლები არ გაჰქონდა. იეროს ფენომენალური შედეგიანობა უკავშირდებოდა მის მუდმივ ჩართულობას შეტევაში, რა დროსაც ის თანაგუნდელ რაულზე ან ივან სამორანოზე არანაკლებ სახიფათო იყო. 1991-1992 წლების სეზონში იერომ „რეალის” რიგებში 26 გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის თითქმის ფანტასტიკური შედეგია.
ლორან ბლანი – 146 გოლი
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ცენტრალური მცველი, რომელმაც კარიერის განმავლობაში არაერთ კლუბში ითამაშა, მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და, ასევე, სახელი გაითქვა როგორც ბომბარდირული თვისებების მქონე მცველმა. სტანდარტული მდგომარეობების დროს ლორან ბლანი განსაკუთრებით საშიში იყო მეტოქისთვის, რაც არაერთხელ დაგვირგვინებულა შედეგიანი დარტყმით. ბლანის ანგარიშზეა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი „ოქროს გოლი”, რომელიც მან პარაგვაის ნაკრებს ბოლო წუთებში გაუტანა.
რობერტო კარლოსი – 115 გოლი
მაღალი სიჩქარე და ყუმბარისებური დარტყმა – ამ ორი ფაქტორით დაამახსოვრა თავი ფეხბურთის მოყვარულებს ლეგენდარულმა რობერტო კარლოსმა, რომლის ვარსკვლავური კარიერის საუკეთესო წლებმა მადრიდის „რეალში” ჩაიარა. ბრაზილიის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 125 მატჩში რობერტო კარლოსმა 11-ჯერ აიღო მეტოქის კარი, თავისი ყველაზე ცნობილი გოლი კი 1997 წელს საფრანგეთის ნაკრების კარებში გაიტანა, როდესაც ეგრეთ წოდებული „მშრალი ფოთლის” დარტყმა შეასრულა და ბურთი წარმოუდგენელი ტრაექტორიით გაუშვა ფაბიენ ბარტეზის კარში.
სინიშა მიხაილოვიჩი – 104 გოლი
იუგოსლავიური და მოგვიანებით სერბული ფეხბურთის ვარსკვლავი. სინიშა მიხაილოვიჩის კარიერის საუკეთესო წლებმა იტალიაში გაიარა („რომა”, „ლაციო”, „სამპდორია”, „ინტერი”). მისი საფირმო ნიშანი საჯარიმო დარტყმა იყო, რომლის უბადლო შემსრულებლად დაამახსოვრდათ ფეხბურთის ქომაგებს. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სინიშას სულ 10 გოლი დაუგროვდა, ხოლო საკლუბო დონეზე – 94 გოლი.
ნეიმარის გოგო მარტო ისვენებს
სერბი ლამაზმანი, მოდელი სორაია ვუჩელიჩი, რომელსაც ევროპული „ყვითელი” პრესა „ბარსელონისა” და ბრაზილიის ნაკრების ლიდერთან, ნეიმართან რომანს „აბრალებს”, ამჟამად სრულიად მარტო ისვენებს ჩერნოგორიაში. ჟურნალისტების ვერსიით, ფეხბურთელისა და მოდელის ხანმოკლე რომანი დასრულდა და ამჟამად სორაია ცდილობს, დაივიწყოს ბრაზილიელი, რომელსაც, როგორც ჩანს, ბარსელონაში გადასვლის შემდეგ მექალთანის იმიჯი ჩამოუყალიბდა. ცნობისთვის: ნეიმარმა და სორაიამ ერთმანეთი იბიცაზე გაიცნეს, რის შემდეგაც სერბი მოდელი ხშირად აკითხავდა ნეიმარს კატალონიაში.
სერენა საუკეთესოა
მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ქალი, ამერიკელი სერენა უილიამსი, 2014 წლის საუკეთესო ჩოგბურთელ ქალად დასახელდა. ნომინაციაში სერენამ აჯობა რუს მარია შარაპოვას, რუმინელ სიმონა ჰალეპს, ჩეხ პეტრა კვიტოვას და ჩინელ ნა ლის. უილიამსების ცნობილი საჩოგბურთო კლანის წარმომადგენელი სერენა მეექვსედ დასახელდა საუკეთესოდ – ჯილდოს მფლობელი იგი 2002, 2008, 2009, 2012 და 2013 წლებში იყო.
ჯერმეინ პენანტის მომხიბლავი გერლფრენდი
„ლივერპულისა” და „არსენალის” ექსფეხბურთელის, ჯერმეინ პენანტის მეგობარმა ქალმა, მოდელმა ელის გუდვინმა, სოციალურ ქსელში პიკანტური ფოტოები განათავსა და ამ გზით ბრიტანეთის და დანარჩენი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ერთ დროს ინგლისში იმედისმომცემ ფეხბურთელად წოდებული ჯერმეინ პენანტი ამჟამად ინდოეთში, „პუნ სიტიში” ასპარეზობს, მისი გერლფრენდი კი ინგლისში ცხოვრობს და, როგორც ჩანს, მარტოდ დარჩენილმა ლამაზმანმა გადაწყვიტა, გაერთოს და თავისი ახალნაოპერაციები და სილიკონით გაბერილი მკერდი საზოგადოებას „გააცნოს”.