რუსეთში მცხოვრები ქალი და მისი ოჯახი საქართველოში ნათესავებს ეძებენ
ანა ნიკოლოზის ასული ვოლკოვა (მეუღლის გვარზეა) ეძებს თამარ გურგენიძეს (ასაკი უცნობია)
ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემის – გურგენ ალავიძის ნათესავებს, კერძოდ კი, მის შვილს – თამარს. ბაბუა დაბადებული იყო 1919 წელს. ამჟამად ის ცოცხალი აღარაა. მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვინდა თამარის მოძებნა. ვიცით, რომ საქართველოში გურგენ ალავიძეს ნათესავები ჰყავს და მათ თქვენ გარეშე ვერ ვიპოვით, რამეთუ მათ შესახებ არაფერი ვიცით. გიგზავნით ბაბუას ფოტოს. სურათი ომის დროინდელია, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ჩვენი ნათესავები გამოგვეხმაურებიან.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია გადმომეცა როგორც საქართველოში დაკარგული ადამიანების ძებნით დაკავებულ პირს და რუბრიკა „დაკარგულების“ ხელმძღვანელს. დიდი იმედი მაქვს, რომ გარდაცვლილი გურგენ ალავიძის ნათესავები ამ სტატიას გამოეხმაურებიან.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია.
– ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ომის დროს დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე ჩემმა ბებიამ, ანა კოვროვსკაიამ, შემთხვევით გაიცნო ბაბუა – გურგენ ალავიძე. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი. ეს იყო დიდი სიყვარული, რომელიც ბაბუას თანამებრძოლებს დიდხანს ჰქონდათ სალაპარაკოდ. ეს მოხდა 1943 წელს, 1944 წლის თებერვალში კი სოფელ კოვროვოში (ნიჟეგოროდის მხარე) დაიბადა დედაჩემი, მარია კოვროვსკაია. დედა, რა თქმა უნდა, დედამისის გვარზე იყო, რადგან გურგენი და ანა ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. დედაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ არასდროს უნახავს მამა. ბაბუას თანამებრძოლებისგან შევიტყვეთ, რომ გურგენს საქართველოში ჰყავს შვილი, კიდევ ერთი გოგო, სახელად თამარი. ბაბუა გარდაიცვალა დაახლოებით 1979 წელს. ჩვენ ძალიან გვინდა მისი ნათესავების პოვნა. მთელ ჩვენს დიდ ოჯახს ამის სურვილი გვაქვს. მივმართეთ არაერთ სამძებრო სამსახურს, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც თქვენთან გადმოგვამისამართეს. გვაქვს ბაბუას – გურგენ ალავიძის ომის დროინდელი ფოტო და, ასევე, ბებიას (ანა კოვროვსკაიას) ფოტოები. ბაბუას ნათესავებისა და მისი შვილის პოვნის იმედს სწორედ ამ ფოტოებზე ვამყარებთ. ყოველთვის მინდოდა, გამეცნო ჩემი ქართველი ნათესავები, განსაკუთრებით კი, თამარი – გურგენ ალავიძის შვილი, რომელმაც, ალბათ, არც კი იცის ჩემი არსებობის შესახებ. იმედია, როდესაც ის ამ ამბავს გაიგებს, მასაც ენდომება ჩემი გაცნობა და ჩემთან შეხვედრა.
– როგორც გავიგე, მას შემდეგ, რაც დედათქვენი დაიბადა, გურგენი და ანა ერთმანეთს აღარ შეხვედრიან, ანუ, ბაბუამ არ იცოდა, რომ მას შვილი ჰყავს?
– არა, ბაბუამ დედაჩემის შესახებ არაფერი იცოდა და დედასაც არასდროს უნახავს მამამისი. იმ დროს, მოგეხსენებათ, ტელეფონებით შეუძლებელი იყო დაკავშირება და, რა თქმა უნდა, არც ინტერნეტი არსებობდა; ამიტომაც მოხდა ისე, რომ, ომის დასრულებისთანავე, მათი კავშირიც დამთავრდა.
– როგორ ფიქრობთ, თქვენი ნათესავების პოვნის შემთხვევაში, ისინი თუ მოინდომებენ თქვენთან დაკავშირებას?
– მეც და მთელი ჩემი ოჯახიც ამის იმედად ვართ. პირადად მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს იყო დიდი ხნის წინანდელი სიყვარულის ისტორია და, მინდა, რომ ის კარგად და კეთილად დასრულდეს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ მათ პოვნაში.
– თავად გურგენი სად ცხოვრობდა, თუ არის თქვენთვის ცნობილი?
– მხოლოდ ის ვიცით, რომ ის თბილისში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, არც მისი მეუღლის სახელი ვიცი და არც თამარის ასაკი. ჩემი აზრით, თამარი ამჟამად დაახლოებით 68-74 წლის უნდა იყოს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.