რატომ არ ვარგა პარასკევ დღეს სახლის სველი წესით დალაგება და რომელი ნივთის დაკიდებით იხანგრძლივებთ სიცოცხლეს
ყველას სურს სახლში ისეთი გარემო შეიქმნას, რომ მასთან სხვებმაც დაცულად, ჰარმონიულად და მშვიდად იგრძნონ თავი. მომრავლებულ ჩინურ მაღაზიებში ბევრი ისეთი ნივთი იყიდება, რომელიც ასეთი სიმშვიდის მოპოვებაში გვეხმარება და სახლს სასიკეთო ენერგიებით ავსებს. პირადად მე, ბევრი ახლობლის ბინის შესასვლელში შემიმჩნევია ფერად-ფერადი მინით, მონეტებითა და ათასგვარი ფიგურით გაფორმებული, ეგრეთ წოდებული „ქარის მუსიკა”, რომლის იდუმალ ხმებს ადამიანის ყური სასიამოვნოდ აღიქვამს. როგორც ეზოთერიკოსი, ბატონი გიგი ამბობს, უამრავი ატრიბუტი არსებობს, რომელიც ბინაში უნდა გვქონდეს.
– ჩინურ მაღაზიებში იყიდება „ქარის მუსიკა”, რომელიც ბევრი ახლობლის ბინაში მინახავს კარზე ჩამოკიდებული. ბევრს ეს ატრიბუტი უბრალო სათამაშო ჰგონია, გაუცნობიერებლად ყიდულობს და შესასვლელ კარზე კიდებს. იქნებ გვითხრათ, კერძოდ, რისი დამცველია ეს ნივთი და რატომ უნდა დავკიდოთ ის სახლში?
– „ქარის მუსიკა“, რომელიც ყველა ჩინურ მაღაზიაში იყიდება და არც ისე ძვირი ღირს, მართლაც სასურველია, სახლში დაკიდოთ, მაგრამ, გააზრებულად და სწორად. ის საკმაოდ სასიამოვნო ხმას გამოსცემს და ნეგატიური ენერგიებისგან გვიცავს, ანუ, თავისი ხმით ბოროტ სულებს აფრთხობს და პოზიტიური ენერგიების მოზიდვას უწყობს ხელს საცხოვრებელში.
– მისი დაკიდების წესებიც განსხვავებულია?
– თუ გინდათ, მან სიკეთე მოგიტანოთ, სახლის ჩრდილო-დასავლეთის ან ჩრდილოეთის მხარეს უნდა დაკიდოთ. რაც შეიძლება ხშირად შეეხეთ, რომ აჟღარუნდეს, ხმა გამოსცეს და ნეგატიური ენერგია გაანეიტრალოს სახლსა თუ ოფისში. „ქარის მუსიკა”, ძირითადად, რკინის, მინის, ძაფისა და ბუმბულისგანაა დამზადებული. რკინა ადამიანში სიძლიერეს ავითარებს; მინა – სულიერი გამჭვირვალობის სიმბოლოა; ძაფი – სიცოცხლის ხანგრძლივობის, ხოლო ბუმბული – სიმშვიდისა და ჰარმონიის. ამიტომაც აქვს „ქარის მუსიკას” ასეთი დიდი მაგიური დატვირთვა და ის მხოლოდ ლამაზი ნივთი არ არის.
– მისი ჩუქება თუ არის სიკეთის მომტანი თუ ის თავად უნდა შევიძინოთ?
– მისი ჩუქება არ ვარგა. თუ იყიდით და საკუთარი ხელით დაკიდებთ კარზე, მეტი მაგიური დატვირთვა აქვს, ვიდრე ნაჩუქარს. თუ გსურთ, თქვენს მეგობარს ბედნიერება მიანიჭოთ, აჩუქეთ ბაყაყის სტატუეტი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს – ის სიმდიდრისა და წარმატების მომტანია და მასაც ადვილად შეიძენთ ჩინურ მაღაზიებში. თუ გინდათ, მან წარმატება და სიმდიდრის ხაზი გაგიაქტიუროთ, ბაყაყის გამოსახულების ფიგურა სახლის ან ოფისის შესასვლელში, კუთხეში, კარისკენ ზურგით, იატაკზე უნდა დადოთ. სპილოს სტატუეტსაც მსგავსი მაგიური თვისებები აქვს – თუ ის სახლში გაქვთ, სიმდიდრეს დაიგროვებთ. მას ბიზნესის დამცველად მიიჩნევენ და საქმიან ადამიანს ის სამუშაო მაგიდაზე უნდა ედოს.
– ისიც გამიგია, რომ მისი ხორთუმის მიმართულებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მართალია?
– დიახ, მართალია. დააკვირდით, სპილოს ხორთუმი მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული და სახით პატრონისკენ იყოს შემობრუნებული. საერთოდ, ეზოთერიკაში ადამიანის ყველა ქმედებას თავისი შედეგი მოაქვს. მაგალითად, არსებობს ისეთი წესები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, გაითვალისწინოს და ამით თავიდან აიცილოს უარყოფითი მოვლენები ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ყველა იმას ვიმკით, რასაც ვიმსახურებთ და, თუ შეგიძლიათ, რომ უკეთესი დათესოთ უკეთესის მოსამკელად, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მაგალითად, პარასკევობით არ უნდა მორეცხოთ იატაკი სველი ტილოთი – შესაძლოა, ეს უფულობის მიზეზი გახდეს; სარკე, ცხვირსახოცი და საპონი არ აჩუქოთ საყვარელ ადამიანს, თუ არ გსურთ, მასთან კამათი მოგივიდეთ და ერთმანეთს დაშორდეთ; თუ სახლიდან გასულს უკან შებრუნება მოგიწიათ, სახლში შესვლისთანავე სარკეში ჩაიხედეთ – წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დღეს წარუმატებლობა გარდაუვალია; სახლში ცოცხი ყოველთვის ამობრუნებული შეინახეთ, ანუ, ტარით ქვევით და უფულობა არასდროს შეგაწუხებთ; ხელჩანთასა და ქუდს ნუ დატოვებთ მაგიდაზე, რომ ბედში არ შეგექმნათ პრობლემა და მეტად გაგიმართლოთ, – ეს უმარტივესი და უძველესი წესებია და მას გაუცნობიერებლადაც ასრულებს ბევრი. გირჩევთ, თუ ჯერ კიდევ არ იცოდით იმის შესახებ, რაზეც ვისაუბრეთ, სასწრაფოდ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების სტილი.
– ბევრი ადამიანი ფიქრობს, როგორ გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა; როგორ იპოვოს სასურველი მეორე ნახევარი ან მოაგვაროს კონფლიქტური ურთიერთობები ახლობლებსა თუ მეგობრებთან; როგორ დაიკავოს სანუკვარი თანამდებობა ან განახორციელოს მასშტაბური პროექტები და ასე შემდეგ. მათ რა რეკომენდაციებს მისცემთ?
– ამაში თქვენივე საცხოვრებელი სახლი შეგიწყობთ ხელს და, საკუთარი თავის გარდა, ვერც ვერავინ დაგეხმარებათ. თუ რამის შეცვლა გნებავთ პირად ცხოვრებაში, ან, არასასურველი სიტუაციის გამოსწორებას გეგმავთ, თქვენს ბინაში ნებისმიერ ნივთს ფრთხილად მოეპყარით და გაითვალისწინეთ ის, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს მომავალზე. ბინის აურა ადამიანის პირად თუ კარიერულ ცხოვრებაზე აგებს პასუხს. თუ რაიმე სიახლეს გეგმავთ, მაშინ ბინაში ნებისმიერ ნიუანსსა თუ წვრილმანს უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება, სწორად განალაგოთ ნივთები, გადაანაწილოთ ავეჯი, ჭურჭელი და ისე დაელოდოთ სანუკვარი ოცნებების ახდენას. დამიჯერეთ, ბინის აურა სამსახურსა და პირად ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დასანანია, რომ ბევრი ამას არ ითვალისწინებს. მაგალითად, თუ სამსახურის შეცვლა გინდათ, დაწინაურებაზე ოცნებობთ და გსურთ ფინანსებისა და შემოსავლების გაორმაგება, მაშინ, თქვენი ბინა უნდა მოამზადოთ ამისთვის: ეცადეთ, ოთახის კედლები ღია ფერის ტონალობაში შეღებოთ და უფრო კაშკაშა განათება გააკეთოთ; თუ კარიერაში წინსვლა გსურთ, ჭაღის ნათურები იატაკს კი არ უნდა უყურებდეს, ჭერისკენ უნდა იყოს მიმართული; თუ მასშტაბური გეგმების განხორციელებაზე ოცნებობთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბინის შესასვლელს: ის გემოვნებით და სადად უნდა მოაწყოთ, აუცილებლად კარგად გაანათოთ და მუდამ მოწესრიგებული უნდა გქონდეთ. ვინც ჯერჯერობით ვერ შეხვდით პიროვნებას, რომელთანაც იდეალურ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობას ააწყობთ, მარტოობის ენერგეტიკასთან ბრძოლა საკუთარი ბინის მოწყობით უნდა დაიწყოთ, კერძოდ, ხშირად დაპატიჟეთ ბინაში ის მეგობრები და ახლობლები, რომლებსაც ჰყავთ შეყვარებულები, რათა მათი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოვიდეს, ფანჯრებზე ჩამოკიდეთ ღია ტონალობის, გამჭვირვალე ფარდები და ოთახი წითელი ფერის, სასიყვარულო ენერგეტიკის მქონე შუქით გაანათეთ – წითელი ფერი ცეცხლის ენერგიით აგავსებთ და სიყვარულს მოიზიდავს. ასე რომ, თუ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა გსურთ, ბინა სინათლითა და სიახლით აავსეთ; ასევე, გაითვალისწინეთ, რომ გასათხოვარი გოგონას სახლში არ უნდა ინახებოდეს გაბზარული, გატეხილი და შელახული ჭურჭელი და ავეჯი.