როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ერაძე
ერაძე დამოუკიდებლად ნაწარმოები გვარია.
ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ წერს: „ერაძე – ფარახეთი, ონის რაიონი; საკუთარი სახელი – ერა“.
ამავე ძირისაა გვარი ერიაშვილი.
„ერაძენი ბობოთას მცხოვრებნი. ბაგრატ მეფემ მათი შეწირულება განუახლა მთის წმიდა გიორგის ეკლესიას იმ პირობით, რომ ღაღანიძესა და ძაგანიშვილს მათზე უფლება არ ჰქონოდათ (1463-1478 წლები)“.
საქართველოში 1 455 ერაძე ცხოვრობს: თბილისში – 584, ქუთაისში – 245, ტყიბულში – 170. არიან სხვაგანაც.
83 ერაშვილი: თბილისში – 38, ლაგოდეხში – 12, რუსთავში – 8. არიან სხვაგანაც.
ჭიღვარია
გვარის ფუძეა სიტყვა ჭიღვა, რაც ჭიგოზე ვაზის მისაბმელ წნელს ნიშნავს.
ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, სამ ძმას ბატონი მოუკლავს და ლეჩხუმში გადახვეწილან.
ჭიღვარიები ლეჩხუმში, სოფელ ჭყვიშში და დარიდასანაში ცხოვრობენ.
ეს გვარი მოხსენიებულია 1766 წელს ერთ-ერთ საბუთში. „მოჯალაბე დაუსახლებიათ მაღლუდა ჭიღვარია და უდაბნოსთვის შეუწირავთ მოსამსახურედ.”
ჭიღვარიას გვარის ფუძეს, ასევე, მეტსახელადაც მიიჩნევენ. ვარაუდობენ, რომ ჭიღვა ძველად ტოპონიმი უნდა ყოფილიყო. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ჭიღვარია ჭიღველს ნიშნავს.
საქართველოში 319 ჭიღვარია ცხოვრობს: ქუთაისში – 82, ამბროლაურში – 72, ცაგერში – 52. არიან სხვაგანაც.
რევაზიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – რევაზი, რომელიც არაბულ-სპარსული წარმოშობისაა და ქართულად „კმაყოფილს” ნიშნავს.
თავადი რევაზიშვილები ბარათაშვილების გვარისანი არიან.
გვარი რევაზიშვილი ძირითადად ქართლში გვხვდება. ქვემოქართლელი რევაზიშვილები ისტორიულად ამილახვართა შთამომავლები არიან, კერძოდ, ამილახვარი რამდენიმე გვარად გაიყო: რევაზიშვილებად, ქაიხოსროშვილებად, ბეჟანიშვილებად, ერასტიშვილებად და გივიშვილებად – „ამათგან პირველი თავადობისა ადგილია და ამილახვრობა სპასპეტობა იყო რევაზიშვილთა, რომელნი უფრო იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვათა აქვნდათ მეორისა და მესამისა თავადის ხარისხი და პატივი“.
ისტორიულ წყაროებში ასევე გვხვდება ცნობები, რომ ქვემოქართლელი გურჯირევაზიშვილები ბარათაშვილთა შტო-გვარია.
„თავადი გურჯირევაზიშვილები ბარათიაანთ გვარისანი არიან. გაუგვარდათ სახელი სიმხნევის გამო, რომელ გურჯ რევაზად სახელდეს თათართაშოდეს ბრძოდნენ მათ და რომელიც ითარგმნების „გურჯი რევაზ – ქართველი რევაზ” და ესე გვარი მიიღო რევაზმან დროსა მეფისა ვახტანგისა, წელსა 1703-სა და მუნითგან იწოდებიან გურჯირევაზიშვილებად მისნი შთამომავალნი და არიან რაოდენსამე სახელად სომხითსა შინა“.
1721 წლის ისტორიული აღწერით, ავთანდილ რევაზიშვილი იყო მემამულე, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში.
ზემო ქართლში რევაზიშვილები ციციშვილების აზნაურებიც იყვნენ. საციციანოში, ტრაქტატის სიით, 34 სააზნაურო სახლია. ციციშვილთა ზოგიერთი სააზნაურო სახლი რამდენიმე კომლად იყოფა. მეთვრამეტე საუკუნეში ორ ან რამდენიმე კომლად იყოფიან: კლიმიაშვილები, ალექსიძეები, ბუნიათიშვილები, მუჩაიძეები, რევაზიშვილები და სხვები.
შიდა ქართლში მცხოვრები რევაზიშვილების ერთი შტო მაჩაბლებისგან არის წამოსული.
ასე რომ, რევაზიშვილების გვარი მომდინარეობს ამილახვარ-ბარათაშვილ-ციციშვილებისა და მაჩაბლების გვარებიდან.
საქართველოში 2 155 რევაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 819, გორში – 194, მცხეთაში – 154. არიან სხვაგანაც.
ყვიჩია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყვინჩა. ეს სახელი გადატანითი მნიშვნელობით მამლაყინწას ნიშნავს.
არსებობს ვარაუდი, რომ ყვიჩიების ერთი ნაწილი მოგვიანებით ხვიჩიად ჩაეწერა და ამ გვარის წარმომადგენელი გახდა.
საქართველოში 27 ყვიჩია ცხოვრობს: სამტრედიაში – 16, თბილისში – 7, ქუთაისში – 4.
ადოლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ადოლა.
ვარციხელმა სახელმწიფო ყმამ, სოლომონ ადოლაშვილმა, ცოლად ითხოვა სახელმწიფო ყმის, ვარდისუბნელი ნიკოლოზ თეგაძის ასული ეკატერინე. ეს მოხდა 1871 წელს.
საქართველოში 27 ადოლაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 17, თბილისში – 8, გარდაბანში – 2.
ასამბიანი
გვარი აკობიძე ლეჩხუმში 1556 წლის ისტორიულ საბუთებში გვხვდება. იქ აღნიშნულია, რომ „ერთი გლეხი, გიორგი აკობაძე, იოვაკამ ნემსაძისგან ვიყიდეო.”
დეხვირელი ასამბიანები ამბობენ, რომ მათი ძირი გვარი სწორედ აკობიძეა.
აკობაძეები და აკობიძეები იაკობიძეს ენათესავებიან.
ასამბიანი საკმაოდ მცირერიცხოვანი გვარია.
საქართველოში 35 ასამბიანი ცხოვრობს: ქუთაისში – 24, ცაგერში – 8, თბილისში – 3.
ფირიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფირია.
1721 წელს მოიხსენიება მანგლისელის ყმა ივანა ფირიაშვილი.
საქართველოში 192 ფირიაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 107, თბილისში – 72, ახალგორში – 6. არიან სხვაგანაც.
ძამაშვილი
ძამაშვილი უძველესი გვარ-სახელია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ძამა, ძამია.
1713 წლის გაყრილობის წიგნში, რომელიც კათალიკოს დომენტის ამილბარ და სხვა მაღალაძეებისთვის მიუცია, მოხსენიებულია ბიძინა ძამაშვილი.
მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მორიგეთა ნუსხაში მოიხსენიება ლაზარე ძამაშვილი.
ძამაშვილი მენთეშაშვილთა შტო-გვარია.
ასევე, გვხვდება გვარი ძამანაშვილი.
საქართველოში 817 ძამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 380, გარდაბანში – 248, რუსთავში – 52. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით