ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო სედუმი?
პასუხი: ეს მცენარე საკმაოდ იოლი მოსავლელია. თუ გსურთ, რომ მან კომპაქტურობა შეინარჩუნოს, დადგით მზის გულზე. ზამთარში კარგი განათება სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა მთელი წლის განამავლობაში. იტანს გრილ ზამთარს, ოღონდ, არანაკლებ 10 გრადუსისა.
კითხვა: რა სიხშირით სჭირდება პტერისს მორწყვა?
პასუხი: ცხელ ზაფხულში მცენარეს მაღალი ტენიანობა სჭირდება და ზრდის პერიოდშიც არ უნდა მოაკლოთ ტენი. დაბალ ტემპერატურაზე მორწყვა ოდნავ შეამცირეთ, ოღონდ, ნიადაგს ძალიან ნუ გამოაშრობთ. მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. სითბოში მცენარე ქოთნით დადგით სველკენჭებიან ლანგარზე, რათა მაღალი ტენიანობა შეუნარჩუნოთ. დანამეთ რეგულარულად და ტენისთვის სააბაზანოში გაიტანეთ.
კითხვა: როგორ მოვუარო კალას ზრდის პერიოდში?
პასუხი: აქტიური ზრდის დროს კალას მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ხოლო დაყვავილების შემდეგ – მშრალი. ზრდის პერიოდში, როცა მცენარე გაფოთლილია, კაშკაშა სინათლეში ამყოფეთ და ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დაყვავილების შემდეგ თანდათან გააშრეთ და დამჭკნარი ფოთლები მოაშორეთ, ხოლო მიძინებული ბოლქვი მშრალად შეინახეთ. გადარგეთ ზამთარში ან ადრიან გაზაფხულზე და ფოთლების ზრდასთან ერთად მორწყვასაც უმატეთ.
კითხვა: სად შეიძლება ბროწეულის გახარება?
პასუხი: თუ თქვენ საჭმელად ვარგის ბროწეულს გულისხმობთ, აუცილებლად ბაღში უნდა გაახაროთ, რადგან, ოთახში გაზრდილი დეკორატიული ბროწეული პატარა ნაყოფს ისხამს, რომელიც არ იჭმევა. შეგიძლიათ, დეკორატიული ბროწეული ზამთრის ბაღშიც გაახაროთ.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყა ადიანტუმი?
პასუხი: ადიანტუმის ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში ტენიანი უნდა იყოს. თუ ფესვები გამოშრა, ფოთლები მოეჭმუჭნება. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, ადიანტუმს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ტენს არ მოაკლებთ, ადიანტუმი მალე გაიზრდება. თუ მისი ფორმა აღარ მოგწონთ, შეგიძლიათ, გაკრიჭოთ ან ყველა რტო ძირში მოაჭრათ – ახალი ყლორტები მალე ამოუვა. ეს პროცედურა გაზაფხულზე უნდა ჩაატაროთ. ტენისათვის კარგია, თუ მცენარეს სააბაზანოში დადგამთ.
კითხვა: იქნებ მირჩიოთ, ასპლენიუმი როგორ გავახარო?
პასუხი: ეს მცენარე პრეტენზიული არ არის, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა. ასპლენიუმის ახალი ფოთლები ძალიან ნაზია და მზეზე ადვილად იწვება. ამიტომ, მზის გულზე ნუ დადგამთ, ნახევრად ჩრდილში ამყოფეთ. ზრდის პერიოდში სამ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ, ოღონდ, ფრთხილად, რადგან, იოლად ზიანდება. აქტიური ზრდის დროს უხვად მორწყეთ. ზამთარში, როცა მცენარე ისვენებს, მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი, თუმცა, უმჯობესია, მთელი წლის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, 18-24 გრადუსზე ამყოფოთ.