რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ბეემვე 300.“ პირველ სიჩქარეში ჩაგდებისას ძალიან უჭირს სიჩქარის აკრეფა, თუმცა, ჩავარდნით ნორმალურად ვარდება. სხვა სიჩქარეებზე მსგავსი არაფერი ემართება, თორემ, მოდების პედალს დავაბრალებდი.
პასუხი: სავარაუდოდ, თქვენი ავტომობილი მაღალ ბრუნს ვერ იღებს, რადგან, პირველი სიჩქარე ძალიან მოკლე სიჩქარით მიიღწევა, ანუ, ამ სიჩქარის დროს ძრავას ძალიან ბევრი ბრუნის გაკეთება სჭირდება, რომ გარკვეული სიჩქარე განავითაროს. მიზეზი შეიძლება იყოს ორი რამ: ერთი – დაზიანებულია ან დასვრილია ეგრეთ წოდებული „ვოზდუხამერი“, ანუ ძრავისთვის ჰაერის მოწოდების გამზომი; მეორე – ძრავს არ ჰყოფნის ბენზინის პომპის მიერ მიწოდებული წნევა. იმ შემთხვევაში, თუ ჰაერმზომია დაზიანებული, მის შესაცვლელად დაახლოებით 100-120 ლარის დახარჯვა მოგიწევთ, ხოლო, თუ ბენზინის პომპა, მაშინ, საშუალოდ 150 ლარის. ყველაზე იოლად და ნაკლები ხარჯით გამოხვალთ, თუ ჰაერმზომი უბრალოდ, დასვრილია.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელი“. საკმაოდ ნელა მივდიოდი რუსთაველის გამზირზე, რადგან მოძრაობა გადატვირთული იყო (დაახლოებით 35-40 კილომეტრით საათში). ღერძულა ხაზზე, ჩემკენ ზურგით, იდგა ქუჩაზე გადასული მოქალაქე. როდესაც მივუახლოვდი, ის ოდნავ უკან დარჩა, და ჩემი სარკე საკმაოდ უხეშად გაედო, რის გამოც წაიქცა და ფეხი დაიზიანა. ვინ არის ასეთ შემთხვევაში დამნაშავე?
პასუხი: ზოგადად, ევროპული კანონების მიხედვით, გზატკეცილის იმ მონაკვეთში ქუჩაზე გადასვლისას, სადაც ეს კანონით აკრძალულია, ისჯება მოქალაქე. ფეხით მოსიარულე ისეთივე მონაწილეა საგზაო მოძრაობის, როგორც მძღოლი, რადგან, მას იმგვარადვე შეუძლია საფრთხის შექმნა, როგორც საჭესთან მჯდომს. ამიტომ, მან მოძრაობის ელემენტარული წესები მაინც უნდა დაიცვას. რაც შეეხება საქართველოს, იმავე სიტუაციაში, მძღოლი, რა თქმა უნდა, არ გამტყუნდება, თუ ის არ მოძრაობდა დარღვევით, გადაჭარბებული სიჩქარით ან ნასვამ მდგომარეობაში; მაგრამ, საგზაო შემთხვევაში მონაწილეობის გამო, თქვენ გადაიხდიდით 200 ლარს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით, რასაც, შეიძლება, დამატებოდა გარკვეული თანხა დაზარალებულის დაზიანების სიმძიმის მიხედვით, როგორც სახელმწიფოს, ასევე დაზარალებულის სასარგებლოდ.
კითხვა: მას შემდეგ, რაც თბილისში საკმაოდ აცივდა, ძრავა ძალიან გვიან თბება. შესაბამისად, მაღალ ბრუნებზე ბრუნავს და საკმაოდ ბევრ საწვავს წვავს. რა არის მიზეზი, რა ვუშველო (დილით, დაძვრამდე, ცოტა ხნით კი ვახურებ ხოლმე).
პასუხი: მანქანის გახურება გამოსავალი არ არის. გერმანიაში დილაუთენია, უაზროდ დაქოქილი მანქანა რომ გააჩეროთ რამდენიმე წუთით, ალბათ, გიჩივლებენ, რომ ჰაერს აბინძურებთ და ხმაურობთ. რაც შეეხება კითხვას, ზამთარია თუ ზაფხული, ძრავა თითქმის ერთნაირი სისწრაფით უნდება გათბობას – ამინდის გამო განსხვავება ძალიან მცირეა. ამას უზრუნველყოფს თერმოსტატი, ანუ, თუ ძრავა ზაფხულში იოლად თბებოდა, ზამთარში კი – ნაკლებად, ეს არა ამინდის, არამედ, თერმოსტატის ბრალია, რომელიც მწყობრიდანაა გამოსული; ან, შესაძლოა საერთოდ არ დგას თქვენს ავტომობილზე. ამ დროს საჭიროა სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერს ძრავის ტემპერატურის მონაცემებს აწვდის, შემდეგ კი შეტყობინებას გადასცემს, რომ ძრავა ჯერ ისევ ცივია და, შესაბამისად, მაღალ ბრუნზე მუშაობს, რაც იწვევს დიდი რაოდენობით საწვავის ხარჯვას. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეცვალოთ თერმოსტატი, თუ გსურთ, რომ ეკონომიურად იაროთ, თუ არა და, მისი არარსებობა სხვას არაფერს დააზიანებს – სულ ეს არის თქვენი პრობლემა.