რას არ ერიდებიან ყურადღების მისაქცევად ისტერიით შეპყრობილი ადამიანები და როდის უსვამს პიროვნება ხაზს საკუთარი ტანჯვის ზედმეტ გამომსახველობას
სტრესი, დაღლილობა, უძილობა, უთანხმოება და სხვა მრავალი ფაქტორი პირდაპირ აისახება ჩვენს ნერვულ სისტემაზე. ისტერია ერთ-ერთი ნერვული დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ამ დროს პიროვნება სხვადასხვა ხრიკის მეშვეობით ცდილობს საზოგადოების მართვას და ყურადღების მაქსიმალურად მიპყრობას. რა ხდება სინამდვილეში, რა იწვევს ისტერიას და რატომ ემართებათ ის განსაკუთრებით ქალებს? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ფსიქოლოგი თინათინ აფხაიძე ისაუბრებს.
– რა არის ისტერია და რატომ ემართებათ ის ძირითადად ქალებს?
– თავად ტერმინი – „ისტერია” ძველი ბერძნულიდან მომდინარეობს და, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, „საშვილოსნოს” ნიშნავს. მას მიიჩნევდნენ მხოლოდ ქალის დაავადებად, ვინაიდან ქალის ორგანოს უკავშირდებოდა. თუმცა, დღეს ამ ტერმინისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და მისი გამოყენება მრავალი მნიშვნელობით შეიძლება. ის ასოცირდება ნერვულ დაავადებებთან, რომელთა ერთ-ერთი სახე პიროვნების ისტერიული აშლილობაა. ამ დროს ადამიანს სჭირს პიროვნების დარღვევა. ზოგადად, ისტერიის ნიშნები ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს, თუმცა, გააჩნია, რა კუთხით და რა დოზით გამოვლინდება ის პიროვნებაში. ეს დაავადება უპირატესად ახალგაზრდა ქალებს ემართებათ. ამ დროს დამახასიათებელია სიტუაციური მოვლენების დამძიმება, ფაქტების არაადეკვატური აღქმა, თვითკრიტიკის უქონლობა. ცნობილია ისტერიული გულყრა, რომელიც ცნობიერების დაბინდვას იწვევს, თუმცა, ამ დროს ისტერიით შეპყრობილ ადამიანს მოვლენების აღქმა შენარჩუნებული აქვს, დაცემა კი სხეულის დაზიანების გარეშე ხდება. რაც უფრო ძლიერია გარშემო მყოფთა შფოთვა და აჟიოტაჟი, მით უფრო დიდხანს გრძელდება გულყრა. მთავარი მიზეზი ისტერიული გულყრისა სწორედ ყურადღების ცენტრში ყოფნაა.
– როდესაც ადამიანი საკუთარი თავის კონტროლს ვერ ახდენს, შეიძლება, ამ ფაქტს ისტერია ეწოდოს?
– წყობიდან, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი გამოვიდეს, მაგრამ, ყველაფერს ისტერია არ ჰქვია. ისტერიული აშლილობის, როგორც დაავადების გამოვლენასა და დიაგნოზირებას თავისი კრიტერიუმები აქვს. ისტერიული ტიპის ქმედებაა, მაგალითად: ყვირილი, ტირილი, მკვეთრი ემოციების გამოვლენა; მას ყოველთვის სჭირდება მაყურებელი, გულშემატკივარი, ვინაიდან ისტერიული ადამიანის მიზანი სწორედ ყურადღების ცენტრში ყოფნაა. ამისათვის ის არ ერიდება არაფერს და მაქსიმალურად ცდილობს ყურადღების მიპყრობას. ისტერიულ შეტევებს უფრო სერიოზული სახეც აქვს, მაგალითად: გულის წასვლა, კიდურების გაშეშება. ოთახში ჩაკეტილი ადამიანი ვერ იქნება ისტერიული, მან უნდა დადგას სცენები, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს. ეს დაავადება არის ემოციების სიჭარბე. ისტერიით დაავადებული ადამიანები ხაზს უსვამენ თავიანთი ტანჯვის ზედმეტ გამომსახველობას.
– კონკრეტულად რა თვისებები ახასიათებს ისტერიით შებყრობილ ადამიანს?
– მომეტებული მგრძნობიარობა. ისტერიით დაავადებულ ადამიანს უქრება გემოს შეგრძნება – ვერ არჩევს ტკბილსა და მწარეს; ვერ გრძნობს სიცხესა და სიცივეს. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ ტემპერატურას ნორმაზე მეტად გრძნობენ. ისტერიას ახლავს: თვალის ქუთუთოს დამბლა, სიმუნჯე, დაყრუება, სიბრმავე. ისტერიას „დიდი სიმულანტი” უწოდეს. ეს არის ნერვული დაავადება. ისტერიული ტიპის ადამიანისთვის დამახასიათებელია მუდმივი სწრაფვა ყურადღების მისაღებად, ამიტომ, ხშირად იცვამენ გამომწვევად; უმიზეზოდ ეცვლებათ გუნება-განწყობა, არიან ჭირვეულები, აქვთ ძლიერი ფანტაზია, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების განცვიფრებას ცდილობენ.
– ასაკობრივი ბარიერი თუ აქვს ამ დაავადებას?
– ისტერიული აშლილობა ყალიბდება პიროვნების ხასიათის, მიდრეკილებებისა და სტრესული სიტუაციების მიხედვით. ასეთი ადამიანები სხვადასხვაგვარად ზემოქმედებენ საზოგადოებაზე: აწყობენ თეატრალურ წარმოდგენებს, იბრალებენ დანაშაულს და ასე შემდეგ. არის შემთხვევები, როდესაც მაჯის ისტერიული გაშეშება ემართებათ შედარებით მცირე ასაკის – 8-9 წლის ბავშვებს. ამიტომ, ისტერიული აშლილობის გამოვლინების ასაკი მკაცრად შეზღუდული არ არის. ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა მგრძნობელობა. კონკრეტულად ვერ ვიტყვით ასაკს, ვინაიდან, შესაძლოა, ისტერია ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. უფრო გასაგებად რომ გითხრათ, ისტერიული ნიშნები უფრო ბავშვებში და მოზარდებში ჩნდება – ჩამოყალიბებულ პიროვნებას აღარ უნდა ყურადღების მიპყრობა სხვადასხვა სიგიჟეებით.
– თუ შეიძლება, რომ ისტერია გამოიწვიოს კამათმა?
– ისტერიას იწვევს ნებისმიერი სტრესული სიტუაცია – ტრაგედია, კამათი, ფიზიკური გადაღლა, ოჯახში უთანხმოება, პროფესიონალური დაუკმაყოფილებლობა და ასე შემდეგ. ისტერიული აშლილობა რთული ნევროზია, რომელსაც გააჩნია წინაპირობები, ანუ, ადამიანში არსებული ბუნებრივი მიდრეკილებები, სუსტი მხარეები და სტიმულის მიმცემი სიტუაციები. ფსიქოლოგის პრაქტიკიდან მოგიყვებით ერთ შემთხვევას: 8-9 წლის ბიჭი დედას დაჰყავდა სამუსიკო სკოლაში, ვიოლინოს დაკვრას ასწავლიდა. ბავშვს არ უნდოდა, იძულებით სწავლობდა და ამ განცდაზე ბიჭს ისტერია დაემართა – მარჯვენა კიდური გაუშეშდა.
– ისტერიით დაავადებულმა ადამიანმა ვის უნდა მიმართოს?
– ნებისმიერ სიმპტომს აქვს თავისი გამოვლინების სიმძაფრე. თუ დანაშაულს იბრალებ და საშინელებებს აკეთებ, მაშინ, ფსიქიატრი უნდა ჩაერიოს საქმეში – ისტერიული აშლილობის მიზეზის დადგენა ფსიქიატრების შესწავლის საგანს წარმოადგენს. მკვეთრი ისტერიის დროს აუცილებელია მკურნალობა, რომ დაავადების უფრო რთული სახე არ მივიღოთ. იმ შემთხვევაში, თუ დაავადებული არ მიაკითხავს კომპეტენტურ პირს დახმარების მისაღებად, შესაძლებელია, გაჩნდეს ხასიათის მუდმივი ცვალებადობა, ადვილად გაღიზიანება, ეგოისტური თვისებები და ასე შემდეგ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, გარშემო მყოფების არასერიოზულმა მიდგომამ და ისეთმა კომენტარებმა, როგორებიცაა: „თავი ხელში აიყვანე“, „ეს მხოლოდ ნერვების ბრალია“ და სხვა, შესაძლებელია, მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. ავადმყოფის თანდასწრებით არ შეიძლება ზედმეტი შფოთვისა და მოუსვენრობის გამოვლენა. ისტერიის პირველი სიმპტომების გამოვლენისას, ფსიქოლოგთან გასაუბრებაც საკმარისია. ამ დროს კარგია საკუთარი საქმით დაკავება, სპორტი, სეირნობა და ისეთი გარემო, სადაც დაავადებული ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს.