რატომ უგროვებდნენ ქართველი ფეხბურთელები ყოველთვე 100-100 ლარს მიტუშას
... ის პერიოდია, საშა ჩივაძე რომ გვავარჯიშებს...
გარდა იმისა, რომ ის ამ უკვდავი სპორტის გენიალური სპეციალისტია, ადამიანურადაც დიდი ჰუმანისტია. არ არსებობს, მან ფეხბურთელების ჭირი და ლხინი არ გაიზიაროს. არ ყოფილა მომენტი, საშას ვინმე გასაჭირში მიეტოვებინა. ასეა დღესაც და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ქართული ფეხბურთის სასახელოდ.
ახლა კი მორიგ ამბავს მოგახსენებთ, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის და საჭიროდ ჩავთვალე – უნდა იცოდეს...
ერთი ტექნიკური თანამშრომელი გვყავდა – მიტუშა (პირობითად).
ბებია გარდაეცვალა რაიონში.
ძალიან კარგი და ყურადღებიანი თანამშრომელი იყო ბატონი მიტუშა და მისი გამზრდელი ბებიის გარდაცვალების ამბავი, რა თქმა უნდა, ყველამ გულთან მიიტანა.
100-100 ლარი უყოყმანოდ ჩავრიცხეთ მიტუშას ბებიის გასვენების ფონდში.
ჩივაძემ, როგორც უფროსმა – 200 ლარი შეაწია.
შეუდგა საქმეს გასვენების შემდეგ ჩვენი მიტუშა. ყველას დიდი მადლობა ჩამოგვირიგა და წავიდა ყველაფერი თავისი გზით.
რუსების ნათქვამია: „ბედა ადინ ნე პრიხოდიტ!“
ორ თვეში დედა არ გარდაეცვალა ამ უბედურებით გაჩენილ და ღვთისგან დაწყევლილ მიტუშას?
რა თქმა უნდა, ჩვენმა კოლექტივმა მიიტანა გასაჭირი გულთან. გასვენებაშიც ჩავაკითხეთ რაიონში და ფულიც შევუგროვეთ: ჩვენ – 100-100 და საშა ჩივაძემ, როგორც უფროსმა და „მამა-მარჩენალმა“, ისევ 200 ლარი შეაწია დამწუხრებულ ოჯახს.
– თქვენს ოჯახში არასდროს მენახოს მსგავსი ამბავი, – იცრემლებოდა საწყალი მიტუშა და მადლიერების ნიშნად გულამოსკვნილი გვეხვეოდა.
მორჩა ეს ამბავიც...
ერთი ანეკდოტის არ იყოს... არ დაიჯერებთ ახლა და ზუსტად ორ თვეში, მამაც არ მოუკვდა იმ უბედურ დღეზე გაჩენილ მიტუშას?!
ისევ დამგლოვიარდა ძლივს გამხიარულებული ჩვენი საფეხბურთო სამყარო.
– უი, უი, რა უბედური ბედის კაცი ყოფილა ეს საწყალი! – თქვა ერთმა.
– აბა, კაცო, აბა! – რავა მაგიზა მეიცალა ყველა სიკვდილმა!
სხვა რა გზა იყო და ისევ დავდეთ 100-100 ლარი. საშა ჩივაძემ, როგორც უფროსმა და როგორც ყოველთვის, თვალის დაუხამხამებლად შეაწია ისევ – 200 ლარი.
ძვირფასო მკითხველო, ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ, არასდროს არავისი დანაკლისი განგეცადოთ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, რასაც ახლა წაიკითხავთ...
ერთ თვეში მიტუშას შინაბერა უმცროსი დაც გამოეცალა ხელიდან.
– რას იზამ... სიკვდილი არავის უნდა... ხდება... ხდება! – თქვა საშამ და კიდევ შევაქუჩეთ 100-100 ლარი, საშამ – 200...
თვალზე ცრემლშეუშრობელ მიტუშას თვითონ გადასცა საშამ კონვერტში ჩადებული, აკრეფილი ფული და არცთუ ისე არასერიოზულად უთხრა:
– აი, შენ, ჩემო მიტუშა, ეს ფული, მაგრამ ერთი რამ უნდა გთხოვო და დაიმახსოვრე კარგად...
– მთხოვეთ, ბატონო საშა, მთხოვეთ, რაც გნებავთ! – წყლად წავიდა მიტუშა.
– რამდენი დედმამიშვილი დარჩით ახლა თქვენ?
– ექვსი, ექვსი... ბატონო საშა, – ამოისლუკუნა მიტუშამ.
– ჰო და, ჩემო მიტუშა... ძალიან გთხოვთ, მთელი ჩვენი კოლექტივი... გაუფრთხილდით ერთმანეთს, რა!
აჩი არველაძის ნაამბობის მიხედვით