რომელ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის აღმოჩნდება მომავალი წელი რთული გადასატანი და მოსალოდნელია თუ არა 2015 წელს ტერორისტული აქტები საქართველოში
მომავალი 2015 წელი, ლურჯი-მწვანე, ხის თხის წელიწადია. როგორც ასტროლოგი, ბატონი დავით ბუტიკაშვილი ამბობს, ის ერთგვარად ძალაუფლების გამოცდისა და წარსულ ქმედებათა შედეგების მომკის წელიწადია. ეს, ყოველივე, როგორც ჩანს, ამ წლის მთავარი ტენდენციაა.
– ბატონო დავით, 2014 წელი მშვიდი ნამდვილად არ იყო როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. რას გვპირდებიან ვარსკვლავები? რას უნდა ველოდოთ ამ მხრივ მომავალ, 2015 წელს?
– დიახ, გეთანხმებით, 2014 წელი მშვიდი ნამდვილად არ იყო პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ის, ერთგვარად, ძალაუფლების გამოცდის წელიწადი გახლდათ, როცა, პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრი რამ გამოიკვეთა. 2015 წელი, თხის წელიწადია. მოსალოდნელია, მთელი რიგი ცვლილებები, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მოხდება პოლიტიკოსთა შორის ხელმძღვანელ პირთა გადარჩევა.
– და ეს, რამდენ ხანს გასტანს და რა შედეგები მოჰყვება?
– ეს პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები საკმაოდ კარგი შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის. პროცესი კი გაგრძელდება მანამ, სანამ რეალურად არ დავდგებით პოლიტიკოსთა მოქმედების შედეგთა წინაშე. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ეს პროცესი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, კოსმიური ბიორიტმების გავლენით მოხდება და არა თავად, ადამიანების ნებით. ეს გარდაუვალი პროცესია და დედამიწაზე არაფერი ხდება, უბრალოდ, კანონზომიერების გვერდის ავლით. წელი დაიწყება საკმაოდ აქტიურად და თხის წელიწადში საქართველოში ძალიან დიდი სოციალური მღელვარებაა მოსალოდნელი. ვგულისხმობ, საზოგადოებისგან, სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას. ანუ, მოსახლეობა, რასაც ადრე უძლებდა და ითმენდა, ამაზე თვალს აღარ დახუჭავს და მწვავე რეაქციის ფონზე, ეცდება, საკუთარი სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას. შესაბამისად, 12 აგვისტომდე პერიოდში, ამ სოციალური და ეკონომიკური მღელვარების ფონზე, მოსალოდნელია, საქართველოში აქტიური ნაბიჯები გადაიდგას – გატარდეს პოზიტიური რეფორმები ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში. ეს კი მოსახლეობაზე ფინანსურად დადებითად აისახება. ამის ყველა წინაპირობა შეიქმნება 12 აგვისტომდე, რომ შემდგომ, თვალნათლივ დავინახოთ ამ მოვლენების სასიკეთო ძვრები. მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილი დარჩება. მოსალოდნელია საშუალო ბიზნესის განვითარება, რაც, ასევე ხელს შეუწყობს ხალხის დასაქმებას. ასე რომ, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური რეფორმები გარდაუვალია. ზოგადად, თხის წელიწადი, საკმაოდ მოუსვენარია და დატვირთული იქნება მთელი რიგი მოვლენებით. მთავარი ტენდენცია კი იქნება, ყველამ იპოვოს სამუშაო, რომლიდანაც შემოსავალს მიიღებს, რაც მის ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობას წაადგება. საკმაოდ კრიტიკულ ფაზაში შევა დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობები. მოსალოდნელია, პოლიტიკურ პარტიათა ერთმანეთთან ურთიერთობისას კულმინაციური დაძაბულობა.
– ეს საზოგადოებისთვის რა შედეგს გამოიღებს?
– საზოგადოება მოგებული დარჩება, რადგან დაკვირვების ფონზე გაუადვილდება მათ შორის არჩევნის გაკეთება. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების დაკომპლექტება მოხდება ისე, რომ მათი ძალისხმევა საქართველოში ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ამის შედეგებს კი, მოსახლეობა, წლის ბოლოს ნამდვილად დაინახავს.
– სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივა როგორია 2015 წელს? უმუშევრობის დონე კიდევ ხომ არ აიწევს? რას გვპირდებიან ამ კუთხით ვარსკვლავები?
– 2015 წელს, მოსალოდნელია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამით, სოციალური მღელვარება მეტ-ნაკლებად ჩაცხრება. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ, წლის პირველ ნახევარში, სოციალური მდგომარეობით განრისხებული ადამიანების მღელვარებაა მოსალოდნელი, რაც ევროპის ქვეყნებში კულმინაციას მიაღწევს. თუმცა, წლის მეორე ნახევარში, სიტუაცია გამოსწორებას დაიწყებს. ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ ექნება და დაიწყებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვას. შედარებით რთული წელიწადი იქნება ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, რადგან პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ყურადღება უფრო მეტად გადატანილი იქნება სოციალურ და მატერიალურ საკითხებზე.
– რაც შეეხება საომარ და ტერორისტულ აქტებს, თუ არის მოსალოდნელი?
– მოსალოდნელია, სხვადასხვა რადიკალური რელიგიური ორგანიზაციის გააქტიურება, მათ შორის, ისლამურისაც და არ გამოვრიცხავ, ტერორისტულ აქტებს მარტსა და თებერვალში, ანუ წლის პირველ ნახევარში, ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთში. 20 იანვრიდან 18 თებერვლამდე, დედამიწა, ეგრეთ წოდებულ, რევოლუციურ ეტაპს გადის. არ არის გამორიცხული, ამ პერიოდში, მთელ რიგ ქვეყნებში, ხელისუფლების შეცვლა მოხდეს. ამ მხრივ, არ გამოვრიცხავ, უკრაინაში, სიტუაცია დაიძაბოს და გასული წლის კადრები კვლავ განმეორდეს. ასეთი პოლიტიკური დაპირისპირებების წინაშე აღმოჩნდება რუსეთიც 20 იანვრიდან 20 მაისამდე პერიოდში. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთისთვის 2015 წელი რთული გასავლელია – მოსალოდნელია ფინანსური კრიზისი, მასობრივი პრობლემები და ინვესტიციების შეჩერება. აგვისტოს შემდგომი პერიოდი, კი შედარებით პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება ამ ქვეყნისთვისაც, როგორც მთლიად მსოფლიოსთვის. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წლის პირველი ნახევარი საშუალოა, მაგრამ 12 აგვისტოს შემდგომ იწყება რთული პერიოდი. მოსალოდნელია, ბევრი ადამიანი დარჩეს უბინაოდ და ამან სტატისტიკურად, კატასტროფულ ზღვარს მიაღწიოს ასევე, იპოთეკით დაზარალებული ადამიანების მასობრივი გამოსვლები დაიწყოს და ამაზე ხელისუფლება თვალს ვეღარ დახუჭავს. მთელი რიგი ეკონომიკური კრიზისი იჩენს თავს ევროპაშიც ამ პერიოდში.
– 2015 წელს, შედარებით პოზიტიური პერიოდი როდის დგება?
– 2015 წელს საკმაოდ კარგი პერიოდი იქნება 23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, როცა მოსალოდნელია პოზიტიური სიახლეები, ახალი საქმის დაწყება, სასიამოვნო შემოთავაზებები. ანუ, ამ პერიოდში ადამიანების უმრავლესობის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. მთავარია, არ თქვათ უარი შემოთავაზებებზე და მიიღოთ თამამი გადაწყვეტილებები სწორედ ამ პერიოდში. რაც მთავარია, საზოგადოება ორიენტირებული უნდა იყოს მთელი წლის განმავლობაში, ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და აქედან გამომდინარე მიღებულ ინფორმაციაზე.
– სერიოზული ეკოლოგიური კატაკლიზმების ალბათობა არ არის მოსალოდნელი მომავალი წლისთვის საქართველოში?
– დეკემბერში მოსალოდნელია მთელი რიგი კატაკლიზმები მაგალითად ჩინეთში, აღმოსავლეთში, მაგრამ არა საქართველოში. ამ მხრივ დაცული ვიქნებით, მთელი წლის განმავლობაში. რასაკვირველია, პატარ-პატარა ეკოლოგიური სირთულეები იქნება საქართველოშიც, მაგრამ მასშტაბური ნგრევა მიწისძვრის ფონზე, ან საშიში წყალდიდობები, ნამდვილად არ გვემუქრება. სხვათა შორის, კარგი წელიწადია ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რადგან ჯანდაცვის სფეროში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოსალოდნელია სასიკეთო გარღვევები. არ არის გამორიცხული, ადვილად დაამარცხონ ვირუსები და მათ შორის, ებოლაც, რომელიც დღეს ასე საშიში დაავადებაა და მრავალთა სიკვდილიანობას იწვევს. წლის მეორე ნახევარში, ჯანმრთელობის მხრივ ადამიანები ამოისუნთქავენ და დაიკლებს სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ბევრი განიკურნება 2015 წელს, რადგან ჯანმრთელობის ენერგეტიკა ამ დროს დედამიწაზე მოიმატებს. ზოგადად, საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის, პოლიტიკურად დაძაბული წელიწადი გველის წინ – 2015, მშვიდი ნამდვილად არ იქნება. ამიერკავკასიაში ეკოლოგიური კატასტროფები მოსალოდნელი არ არის, რასაც ევროპაზე ვერ ვიტყვით. ეკონომიკა ამიერკავკასიის ქვეყნებში განვითარებას დაიწყებს, ევროპაში კი, ცოტა კრიზისის გამწვავებაა ამ მხრივ მოსალოდნელი. ასევე, წელს გატარდება რეფორმები და ხელისუფლებას სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ მოსახლეობა უზრუნველყოს ახალი სამუშაო ადგილებით და ამით ხელი შეუწყოს მათ მატერიალურ უზრუნველყოფას. კიდევ ვიმეორებ, ზოგადად, საქართველოსთვის რთული წელი არ არის, თუმცა რთულია ის იმ ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსებისთვის, ვინც ქვეყნის ფინანსურ მხარეს განაგებენ. მათ მოუწევთ ბევრი კრიტიკის მოსმენა და, შესაბამისად, აქტიური მუშაობა. ეს კი, ხალხისთვის, ანუ საქართველოს მოსახლეობის საშუალო ფენისთვის, დადებითი შედეგების მომტანი აღმოჩნდება.