რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე თამთა შედანიამ და რატომ დაშორდა ის მეუღლეს, ერეკლე მანგოშვილს
„მის საქართველოს“ და ერთ-ერთ წარმატებულ მოდელს, თამთა შედენიას, ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი სირთულის გადატანა მოუწია, თუმცა, ამჟამად მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. ის ულამაზეს და უსაყვარლეს მიას ზრდის, რომელიც მის ცხოვრებას კიდევ უფრო ბედნიერსა და ლამაზს ხდის და მშვენიერ დედას კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს. პატარა პრინცესა მია მთელი ინტერვიუს განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლამაზი ღიმილით ორივეს გვახალისებდა.
თამთა შედანია: ბოლო პერიოდში ცოტა საფრთხე შეექმნა ჩემს ჯანმრთელობას: დამჭირდა მცირე ოპერაციის გაკეთება – შუა კისრის კისტა ამომაჭრეს. აქედან გამომდინარე, მერე მომიწია პოლიპების ოპერაციის გაკეთება და ძგიდის გასწორებაც, რადგან, სუნთქვის პრობლემები მქონდა. წინასწარ არაფერი მქონია დაგეგმილი. ხალხს ჰგონია, რომ რინოპლასტიკა მაქვს გაკეთებული, მაგრამ, არ არის ასე. როგორც აღვნიშნე, ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით გავიკეთე მცირე ოპერაცია. ძგიდის გასწორება, გარკვეულწილად, მცირე პლასტიკაში შედის, ადამიანის ვიზუალს ცოტათი ცვლის და, შესაბამისად, მეც ცოტათი შევიცვალე. ვინც კარგად მიცნობს, ისინი ამჩნევენ, თუმცა, რა გავიკეთე, იმას ვერ ხვდებიან. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანის ბუნებრიობას. რომ არ დამჭირვებოდა და ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეჰქმნოდა, არ გავიკეთებდი, რადგან, ძალიან მომწონდა ჩემი თავი ისეთი, როგორიც მანამდე ვიყავი. თავდაჯერებულიც ვიყავი. ახლა, როცა ცოტათი შევიცვალე, უფრო მეტად მომწონს საკუთარი თავი; გავხალისდი, რადგან ამან სიახლე შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, პირველი ოპერაციის წინ საკმაოდ ვნერვიულობდი, განსაკუთრებით – ნარკოზზე. არ ვიცოდი, როგორი რეაქცია მექნებოდა, როგორ ვიქნებოდი. შიში მქონდა – უნდა დამაძინონ, ოპერაცია გამიკეთონ... მოკლედ, მეშინოდა. მაგრამ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამ ეტაპზე ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, კარგად ვარ.
– მას შემდეგ, რაც შვილი გყავს, ალბათ, ყველაფერს სხვანაირად, მეტი პასუხისმგებლობით უყურებ და, შენი ცხოვრების სტილიც, ალბათ, შეიცვალა.
– ჩემი მიზნები და აზრები სრულიად შეიცვალა, რადიკალურად განსხვავებული აზრები და მიზნები მაქვს. ყველაფერს ჩემი შვილისთვის ვაკეთებ, მასზე ვფიქრობ და, მინდა, ჩემი პრინცესა კარგად მყავდეს. როდესაც ჩემი ცუდად ყოფნის ამბავი გავიგე, ძალიან ვინერვიულე – როგორია ბავშვისთვის, დედა რომ ავად ჰყავს. თან, მია ჩემი გაზრდილია, მთელ დროს მასთან ერთად ვატარებ. მიასთან ურთიერთობაზე მეტ სიამოვნებას დღეს არაფერი მანიჭებს. როდესაც სახლიდან გავდივარ, დედას ვუტოვებ, იქიდან გამომდინარე, რომ სხვას არავის ვანდობ ჩემს შვილს. თავიდან მეგონა, რომ ბავშვის მოვლა რთული იქნებოდა, მაგრამ არ ყოფილა რთული. უფრო საპასუხისმგებლოა დედისთვის, ვიდრე რთული. თან, ძალიან მშვიდი ბავშვია, კარგად გასაზრდელი, სულ იცინის, იღიმის და ეს უფრო მეტად მიადვილებს მის გაზრდას.
– შენ და ერეკლე დაშორდით ერთმანეთს და ახლა უკვე მარტო გიწევს მიას გაზრდა.
– მე და ერეკლე დავშორდით. ერეკლეს დედას და მის ნათესავებს არ გამოუხატავთ დიდი სურვილი, მიას აღზრდაში რაიმე წვლილი შეეტანათ. აქედან გამომდინარე, მეც არ მაქვს იმის სურვილი, რომ ვინმეს რამე შევეხვეწო. ჩემს შვილს არაფერს მოვაკლებ. ადამიანი ყოველთვის იქ უნდა იყოს, სადაც სიმშვიდეს პოულობს, ცხოვრებისეული სიმშვიდე კი ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნებაში. მე კი იქ მირჩევნია, სადაც კარგად და მშვიდად ვარ. ასე ჯობდა ყველასთვის, განსაკუთრებით – ბავშვისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, როდესაც მე და ერეკლემ დავიწყეთ ურთიერთობა, არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩვენი ოჯახი მალე დაინგრეოდა. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც მამა მუდმივად მეჩიჩინებოდა: თამთა, დაფიქრდი, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამ, ათასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. მის დარიგებას მეტ-ნაკლებად ვითვალისწინებ, თუმცა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ შეცდომებზე უფრო ვსწავლობთ, ვიდრე სხვის შეცდომებზე. მამა მეუბნებოდა: ცხოვრება ადვილი არ არის, გაითვალისწინე ეს, თორემ, დიდ ლოდს შეეჯახები თავითო. მე დიდ ლოდს კი არა, დიდ აისბერგს შევეჯახე. აქედან გამომდინარე, ჩემს შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლე. არაფერს ვნანობ ცხოვრებაში, ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა. არავის არ ვადანაშაულებ. იცი რატომ? ცუდმა ადამიანებმა მასწავლეს, როგორ ვიყო ძლიერი; მათ მასწავლეს, როგორ ვიყო დაუმარცხებელი. იყო ჩემს ცხოვრებაში ბარიერებიც და სევდიანი ამბებიც, მაგრამ, ეს მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში კი არა, ბევრის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. ალბათ, ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო. არაფერს ვნანობ, პირიქით, მადლობელი ვარ იმ გრძნობის, რომელიც იმ დროს განვიცადე. იმ სიყვარულის შედეგად მყავს მია და, ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასეთი შვილი მეყოლა.
– ორი ადამიანის ურთიერთობა ერთ დღეს არ მთავრდება. მას ყოველთვის წინ უძღვის მიზეზები. ალბათ, ასე იყო თქვენს შემთხვევაშიც.
– დროთა განმავლობაში მოხდა ყველაფერი. ერთ დღეს არ გადაგვიწყვეტია დაშორება. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს ერთ შანსს არ აძლევს. პირიქით, ძალიან დიდი შანსი მივეცი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ შორის გაუგებრობა მოხდა და გაჩნდა ისეთი ბზარი, რამაც ჩვენი ურთიერთობა დაშორებამდე მიიყვანა.
– საკმაოდ შეცვლილი ხარ – უფრო მეტად გაზრდილი, მიზანდასახული.
– ახლა ბევრ რამეზე სხვაგვარად დავიწყე ფიქრი. კიდევ ერთი სირთულე გადავლახე ცხოვრებაში. საკუთარ თავს წინა წლებთან რომ ვადარებ, ვხვდები პირად „მეში“ ძალიან ვარ გაზრდილი. ადამიანი დაბრკოლებების, სირთულეების გადალახვით უფრო მეტად იზრდება, ძლიერდება, აანალიზებს, იმ სიტუაციიდან როგორ გამოვიდეს, რა გააკეთოს. უკვე იცი, რა როგორ გააკეთო, როგორ ააწყო შენი მომავალი. ასე რომ, მეც ძალიან შევიცვალე და ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობ, როგორ გავიტანო საკუთარი თავი და ჩემი შვილი – ჩემთვის მთავარი ეს არის, ალბათ, ისევე, როგორც ყველა მარტოხელა დედისთვის, რომელიც შვილთან ერთად სრულიად მარტო რჩება. პირველ ეტაპზე ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია. ყველაზე რთული დაშორებიდან პირველი ეტაპია. მაგრამ, გადავლახე უკვე.
– მია ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია, თან, დედასავით მაღალია, გრძელფეხება.
– სიმაღლით, სიგრძით, სითხელით, ფერებით მე მგავს. პირის მოყვანილობა მამის აქვს, თვალების ჭრილი და ნიკაპი – ჩემი. თუმცა, მამაჩემის ბავშვობის ფოტოებს რომ ვუყურებ, მასაც ძალიან ჰგავს. ხასიათით ძალიან კარგია, მშვიდი, დინჯი, „დასტოინი“, უპრეტენზიო – პრინცესა როგორიც უნდა იყოს, ისეთია. გონიერი ბავშვია, უცხო გარემოშიც თავიდან ყველას აკვირდება, მერე აანალიზებს და, ვინც მოეწონება, იმასთან მიდის.
– ის, რომ მეუღლეს დაშორდი, ალბათ, არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში არ გათხოვდები, თუმცა, ბევრ რამეს გაითვალისწინებ და, ეცდები დაშვებული შეცდომები არ გაიმეორო.
– ახლა არაფერი ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ, დიდხანს არაფერი მოხდება. პირველი ურთიერთობიდან ჯერ ვერ გამოვსულვარ, საგონებელში ვარ და ახლა მეორე ურთიერთობა რომ დავიწყო – ეს სულ სხვა განზომილებაა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემთვის მამაკაცი აღარ არის სიყვარულის წყარო. კაცზე მეტად სიყვარულის წყარო შეიძლება იყოს ბავშვი, ჩემი შვილი. მასთან ურთიერთობა იმდენად მსიამოვნებს, რომ არსად აღარ მინდა წასვლა, მინდა სულ მასთან ვიყო. ისე ვერთობი, მის ჭკუაზე ვარ გადასული. ვინმე რომც გამოჩნდეს, ძალიან ბევრს ვიფიქრებ, ათასჯერ კი არა, არ ვიცი, რამდენჯერ გავზომავ. არ მინდა, არასწორი ნაბიჯი გადავდგა ნაჩქარევად, ემოციებს ავყვე. ჩემთვის ბევრ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა, ადამიანებს სხვა თვალით ვუყურებ და ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას.
– რა ხდება შენს კარიერაში?
– მაქვს შემოთავაზებები უცხოეთიდან, მაგრამ, თავს ვიკავებ – ვერ შევძლებ მიას დატოვებას თუნდაც ერთი თვით, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრად მეტ თანახას გამოვიმუშავებ. მაგრამ, ეს არ მიღირს იმად, რომ გამოვაკლდე იმ მომენტს, როგორ იზრდება ჩემი მია – ეს ეტაპი ხომ აღარ განმეორდება!