რატომ ვერ გახდა დონჟუანი იური მეჩითოვი
ჩვენს რუბრიკაში ერთი და იმავე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მდგომ ცნობილ ადამიანებს.
– ვინ ხართ? გაგვეცანით.
– ერთი გიჟი ადამიანი – იური ვარ მეჩითოვი. მეჩიტოვი ვარ პასპორტოთ – „ტ” და „თ” – მეჩითოვი ვარ არსით. იმიტომ რომ, ჩვენი გვარი მოდის მეჩითიშვილებიდან. გორის რაიონი სოფელი ზერტია ჩვენი საბუდარი, იქიდან მოვდივართ.
– ყველაზე მძაფრი შეგრძნება ბავშვობიდან...
– წლისა და 3 თვის ვიყავი, არ მახსოვს, რა თქმა უნდა ეს, მაგრამ დამრჩა, თუ გამყვა ამის შემდეგ დიდხანს შიშის გრძნობა, რადგან ვკვდებოდი. ჩემმა „გამოუცდელმა” მშობლებმა გამიყვანეს ქობულეთში პლაჟზე, აგვისტოში და 3 საათი დამაგდეს სანაპიროზე, წყალში. ვთამაშობდი, იმათაც უხაროდათ, რომ მე არ ვაწუხებდი. დავიწვი, დამეწვა ყველაფერი. სისხლის გადასხმა დამჭირდა ძლივს გადამარჩინეს. ეს შიში ისე ჩამენერგა გაუცნობიერებლად, ლამის მთელი ცხოვრება დამჭირდა მისგან გასათავისუფლებლად.
– დაახასიათეთ საკუთარი თავი.
– სევდიანი მოხალისე ვარ... ხალისიანი სევდიანი... ტრაგიკული, თუ როგორ გითხრათ... უფრო ტრაგიკომედიური ვარ.
– ყველაზე სასაცილო და არარეალური, რაც საკუთარ თავზე გსმენიათ.
– სასაცილო და არარეალური იყო ის, რომ სადღაც სოციალურ ქსელში „ქართველი ერის მოძულე იური მეჩითოვი” – მიწოდეს.
– სწორი არჩევანი გააკეთეთ ცხოვრებაში?
– მე მგონი, ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე. ახლა ვფიქრობ კიდეც, ფოტოგრაფია, რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, რა ჩემ ფეხებს გავაკეთებდი?!
– როგორიც სხვებს ჰგონიხართ, სინამდვილეშიც ისეთივე ხართ?
– ყველას ვგონივარ უდარდელი, ფეხებზემკიდია ადამიანი. სინამდვილეში, ძალიან დარდიანიც ვარ. მაგრამ, ვდარდობ მთელ უგუნურ კაცობრიობაზე. ერთი ანეკდოტია ამაზე: კაცი პიჯაკს იკერავს და ბევრჯერ მიიყვანა მკერავმა – ხან ზომის აღება დაავიწყდა, ხან რა, ხანაც რა... გაბრაზდა ეს კაცი და უსაყვედურა: რა არის, კაცო, ღმერთმა ერთ კვირაში სამყარო შექმნა და შენ ერთი პიჯაკი ვერ შეგიკერიაო?! მკერავი არ დაიბნა და კითხვა შეუბრუნა: მერე, მოგწონს შენ ეს სამყაროო? (იცინის)...
– ვინ გინდოდათ ყოფილიყავით და ვინ ხართ რეალურად დღეს?
– უკეთესი იქნებოდა, დონჟუანი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამოვიდა ჩემგან დონ-ჟუანი... მგონი, დაბალი წნევის გამო (იცინის).
– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– მომწონს, რომ ხალისიანი ვარ ცხოვრებისადმი და ბავშვური აღქმა მაქვს. ხელოვნებისთვის ეს მთავარია. არ მომწონს, რომ ზოგჯერ უიმედობა მიპყრობს, მაგრამ ეს გლობალური უიმედობაა და არა ყოველდღიური.
– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ?
– არ ჩამიდენია დიდი სისულელეები. ეს შეიძლება, ცუდად მეტყველებს ჩემზეც, იმიტომ რომ, მასშტაბი ადამიანის ასეთია: როცა დიდი ადამიანი ხარ – დიდ სისულელეებს ჩადიხარ. მე – არა... თუმცა, ჩემს ცოლს რომ ჰკითხოთ, ის სხვაგვარად ფიქრობს (იცინის).
– ყველაზე მეტად მიყვარს...
– რაღაცის შექმნა, შეიძლება იყოს ეს ტექსტსი, ფოტოგრაფია, შეიძლება – სიყვარულის აქტიც.
– როდის გრძნობთ თავს უხერხულად და როგორი ხართ ამ დროს?
– ზოგჯერ, როცა არ დავიჭრი დროზე ფრჩხილებს, უხერხულად ვარ, მეშინია, არ დამინახონ. მაგრამ მაინც, ყველაზე მეტად უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ჯიბეში ფული არ მაქვს.
– საერთოდ ფიცხი ხართ?
– ფიცხი ვარ, როცა რაღაც მრწამსს ეხებიან, იმიტომ რომ, მე გამაჩნია რაღაც პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე, ჩემი შვილიშვილებიც კაცობრიობის ნაწილია, მოგეხსენებათ. როცა ხალხი ლახავს ამ ჩემს პასუხისმგებლობას და ამბობს: შენზე დამოკიდებული არაფერი არ არის, შენ ნუ ხიპიშობ და დაეტიე შენს კოლოფშიო, ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებს. ამაზე შეიძლება, გავაფრინო ძალიან სერიოზულად.
– როგორი ხართ გაბრაზებული?
– გაბრაზებული როცა ვარ, ვწივივარ და ვკივივარ. საერთოდ, არ უნდა დაიგროვო ბოღმა და ყველაფერი უნდა ამოაფრქვიო. ოჰ თქვენი... საგინებელი უნდა შეაგინო!
– მეშინია...
– რომ შემეშინდეს.
– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგათ და რა იყო მისი შინაარსი?
– ყველაზე მეტად, რომელიც გამომადგა და რომელმაც გამირთულა ცხოვრება, რადგან მე ხელოვნებაში შემტენა, არის ჩემი დიდი მეგობრის, მარკ პოლიაკოვის სიტყვები: „შენ იურა, კი იღებ ფოტოებს, მაგრამ არ აკეთებ ამ საქმიდან ხელოვნების აქტს. ხელოვნება არის გზავნილი, შენ კი წინასწარ არ ფიქრობ იმ გზავნილზე, რომელსაც შენი ნამუშევრით იტყვი.”
ერთხელ ფარაჯანოვთან მივიტანე ჩემი გადაღებული სურათი, რომელიც მომეწონა. მან კი გადამიგდო – ასეთი ასობით უნდა მომიტანოო. მერე დამარიგა. თუ რამეს არ აკეთებ ვნებით, ის არ გამოგივაო. ვნება უნდა იყოს ჩადებული ნებისმიერ საქმეში, რომელსაც მოეკიდები.
თუ გინდა, იცოდე ბედნიერი კაცი ვინ არის, იცოდე, ბედნიერი კაცი ვარ მე. იმიტომ რომ, უამრავი ადამიანი დამხვდა გზაზე ზუსტად იმ დროს, როცა მჭირდებოდა. მათ დამარიგეს, მიმართულება შემიცვალეს. ყველაფერი გამიკეთეს. მე მათი ძალიან მადლიერი ვარ. ამ მადლიერების გადახდა შემიძლია მხოლოდ ერთით – ვინც ცოცხალია, ხომ ახლაც პატივს ვცემ და ვეთაყვანები, ვინც წავიდა, იმათაც ვეთაყვანები.
– ცხოვრებამ მასწავლა, რომ...
– უნდა იყო ბედნიერი, მიუხედავად ყველაფრისა.
– რისთვის ღირდა ცხოვრება?
– ცხოვრება ღირს მაშინ, როცა შენ ერთხელ გეძლევა შანსი, რაღაცით დაამტკიცო შენი მეობა. ყველა გრძნობს ღვთის წინაშე, რომ განუმეორებელია. ბევრი დაჩაგრულია იმით, რომ ამ განუმეორებლობას ვერ ამჟღავნებს. ადამიანის ყველაზე დიდი ჩაგვრა ხდება მაშინ, როცა ის რაღაც კალაპოტში ჯდება და ვერ გამოდის იქიდან, ვერ ავლენს თავის პოტენციალს, რომელიც ჩადებულია. ანუ, უკეთესია, რომ ის კმაყოფილი იყოს თავის ცხოვრებით. იმიტომ რომ, უკმაყოფილო ხალხი ბოროტებისკენაა მიდრეკილი.
– რას არ გააკეთებთ არასდროს, რამდენი ნულით დაბოლოებული თანხაც არ უნდა შემოგაძლიონ?
– ბევრ რამეს არ გავაკეთებ. ჩემთვის ფული ბევრს არ ნიშნავს. არის რაღაცეები, რომლისთვისაც არ გავიყიდები არასდროს. მაგალითად: ბოროტებას არ ჩავიდენ არასდროს გაცნობიერებულად.
– რაზე არ ამბობთ არასდროს უარს?
– ღვინოზე. ნებისმიერ დროს, საჭესთანაც რომ ვიყო, თუმცა, მაშინ მხოლოდ ერთი ჭიქით შემოვიფარგლები.
– ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიგიღიათ...
– ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რის გამოც მამაჩემი არ მელაპარაკებოდა ერთი თვე, როცა ინჟინრობას დავანებე თავი. მე ვიყავი ინჟინერი და მამაჩემს ეს ძალიან უხაროდა. სამნახევარი წელი ერთ უწყებაში ვიმუშავე, მერე ნახევარი წელი მეორეში. 95-100-მანეთიანი ინჟინერი ვიყავი. ანუ, მამაჩემს ძალიან ეწყინა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება.
– როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი სიბერეში?
– ვერ წარმომიდგენია. ახლაც, 64 წლის კაცი ვარ და ზოგჯერ რაღაც მიხრა-მოხრას რომ ვერ გავაკეთებ, ეს უკვე მაღელვებს.
– რელიგიური ხართ?
– არც ერთი აღმსარებლობის არ ვარ, მაგრამ მოწიწება მაქვს რაღაც დიდი, გაუცნობიერებული ძალების მიმართ.