როგორ მუშაობს „ფასიან დეპუტატთა ბაზარი“, რა შიდა დინებებია უმრავლესობაში და რა რესურსი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს უმრავლესობისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად
ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური ძალები გადაჯგუფდა: „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია დატოვეს (რითაც კოალიციის შიგნით „რესპუბლიკელების“ პოლიტიკური წონა გაზარდეს) და საპარლამენტო ოპოზიციაში გადაინაცვლეს, თუმცა მთლად სრული შემადგენლობითაც არა. ამის საპირწონედ, თავის დროზე, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით პარლამენტში მოხვედრილმა მაჟორიტარებმა შექმნეს ფრაქცია და თავიანთი სადეპუტატო ხმები „ოცნებას“ შეაწიეს. ეს ხილული პროცესები მიანიშნებს, რომ შიდა პოლიტიკური დინებები გაცილებით დრამატულია. პეტრე მამრაძესთან ერთად მიმოვიხილავთ ქართული პოლიტიკური ვაჭრობის დეტალებს, სავარაუდო მოტივებსა და შედეგებს.
– ეს გადაჯგუფებები პოლიტიკურ იდეათა ჭიდილის შედეგია თუ მაინც პიროვნული შეუთავსებლობის შედეგი?
– ამ ვითარებას კარგად ვიცნობ შიგნიდან და ამიტომ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იდეები, პოლიტიკური იდეალები, პოლიტიკური პლატფორმა და ა.შ. აქ არაფერ შუაშია, მაგრამ ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ კოალიცია „ოცნება“ შეიკრა სხვადასხვა დაჯგუფებისგან. ხაზს ვუსვამ – საქართველოში ჯერ არ არსებობს პოლიტიკური პარტიები. მეტიც, მათი აღმშენებლობის კონტურებიც კი არ გამოკვეთილა, ეს პროცესი არც კი დაწყებულა, მაგრამ არსებობს დაჯგუფებები, მეტ-ნაკლებად ცნობადი ადამიანების გარშემო გაერთიანებულნი და ეს დაჯგუფებები ნებისმიერ საკითხს ეკიდებიან იმ კუთხით, თუ რა შეიძლება, ააგორონ – ეს მიღებული ტერმინია პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და ამ აგორების შედეგად, დემაგოგიისა და პოპულიზმის მეშვეობით, მოიხვეჭონ ქულები და გაზარდონ საკუთარი რეიტინგი.
მაგალითად, ალასანიასთვის, რომელსაც კარგი პირადი ურთიერთობა აქვს შეერთებული შტატების რამდენიმე კონგრესმენსა და სენატორთან, ასევე, აქაურ ელჩებთან, ასაგორებელი თემა იყო „ნატო“ და „ნატოში“ გაწევრიანება. სინანულით მინდა ვთქვა, რომ მისი განცხადებები, რომლებიც, როგორც მას ეგონა, ემსახურებოდა მისი პოპულარობის ზრდას, ჯერ ერთი, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ვინაიდან საქართველოს არ მიიღებენ „ნატოში“ და ეს საჯაროდ არაერთხელ ითქვა, არც „მაპს“ მისცემენ და რომც მოგვცენ, „მაპი“ რისკის გაზრდის გარდა, არაფერს მოგვიტანს. ამას გარდა, „ნატოს“ არანაირი ინფრასტრუქტურა არ იქნება საქართველოში. ეს ყოველივე გადაწყვეტილია და უელსის სამიტზე სექტემბრის დასაწყისში ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მიუხედავად ამისა, ალასანია განუწყვეტლივ აკეთებდა განცხადებებს, ითხოვდა იარაღს; ამტკიცებდა, რომ „ნატოსკენ“ სწრაფად მივდივართ, რომ მალე საქართველოში იქნება „ნატოს“ ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. იმ დონეზე, რომ ხან შეერთებული შტატების წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი, ხან – ჯეიმს აპატურაი, „ნატოს“ წარმომადგენელი, ხან – უილიამ ლაჰიუ, თბილისში „ნატოს“ ოფისის ხელმძღვანელი, იძულებულები იყვნენ, გამოსულიყვნენ და უარეყოთ ალასანიას ეს განცხადებები.
– იმას ამბობთ, რომ ამას მხოლოდ ასაგორებლად აკეთებდა? სხვა მოტივი ირიცხება?
– მრავალი წელიწადია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დომინირებს აზრი, რომ რაღაც საკითხი უნდა მოძებნო, შემდეგ ეცადო ამ საკითხის გაპიარება, ამით დაიწერო ქულები და მაშინ პოლიტიკურ მომავალს გაინაღდებ და წინ წახვალ. იმას კი არ უყურებენ, შეესაბმება თუ არა სინამდვილეს და არის თუ არა სასარგებლო ქვეყნისთვის. ალასანიას თითოეული განცხადება, ერთი მხრივ, აღიზიანებდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ამ განცხადებებს უარყოფდნენ; მეორე მხრივ კი, რუსეთის მთავრობას, პუტინის რეჟიმს ეს მალამოდ ედებოდა, რადგან პუტინის რეჟიმს სჭირდება ნებისმიერი საბაბი, არათუ მიზეზი, რომ გაამართლოს თავისი პოლიტიკა. პუტინსა და მის ჩეკისტურ რეჟიმს სხვა სალაპარაკო თავის მოსახლეობასთან კარგა ხანია, არ აქვს, იმას გარდა, რომ არიან დიდი პატრიოტები, ებრძვიან დასავლეთს და „ნატოსგან“ იცავენ რუსეთს. რაც დიდი აბსურდია, რადგან „ნატო“ რუსეთის არანაირი მეტოქე არ არის და „ნატოს“ ხელძღვანელობა კოშმარულ სიზმარშიც კი არ ფიქრობს იმაზე, რომ დაუპირისპირდეს რუსეთს.
– ეს აშკარად ჩანს.
– დიახ, ეს ბევრჯერ გამოჩნდა კონკრეტული განცხადებებით და შესაბამისი მოქმედებებით. „ნატომ“ თუ შეერთებულმა შტატებმა, თავიანთი გადატვირთვის პოლიტიკით, ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსეთისთვის დაპირისპირების იოტისოდენა საბაბიც არ მიეცათ. ამიტომ ალასანიას თითოეულ განცხადებას რუსეთის მხრიდან მოჰყვებოდა აგრესიული განცხადებები. მეტიც, რუსეთის მთავრობა ყოველთვის მზადაა კონკრეტული მოქმედებისთვის და ამ მოქმედებაში მათ შეუძლიათ, ნებისმიერი დონისა და შინაარსის ხელშეკრულება გააფორმონ აფხაზეთთან თუ ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთთან“. ეს იცის ყველამ, ალასანიამაც, „ნაციონალებმაც“, როგორც ის, რომ არანაირ სიტუაციაში საქართველოს „ნატოში“ არ მიიღებენ.
– აბა, რა ვქნათ? გამოვაცხადოთ კაპიტულაცია და ჩავბარდეთ რუსეთს?
– რატომ არ დაიპყრო პუტინმა თბილისი, თუმცა შესანიშნავად იცოდა, რომ დასავლეთი არ დაიცავდა თბილისს, ისევე, როგორც დღეს იცის, რომ დასავლეთი არ დაიცავს კიევს?! არ უღირდა თბილისის აღება და არც კიევის აღება უღირს, რადგან ეს მას უბრალოდ კარგს არაფერს მოუტანს…
მაგალითად, როდესაც საქართველოზე ეკითხებოდნენ თეთრი სახლის სპიკერს, ის მუდმივად იმეორებდა: ჩვენ რუსეთთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ გვექნება უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით. ეს დიპლომატიური ფორმულა: შეთანხმება უთანხმოებაზე, ევროპაში ცნობილია შუა საუკუნეებიდან. ანუ მხარეები თანხმდებიან, რომ ამა და ამ საკითხში გვაქვს განსხვავებული მიდგომა, მაგრამ ამის გამო ჩვენ ერთმანეთს პრობლემებს არ ვუქმნით. თუმცა ნებისმიერ ფორუმზე ამ საკითხზე მე ჩემს განცხადებას ვაკეთებ, შენ – შენსას.
– რაღაც ამგვარი ხომ არ ხდება ქართულ პოლიტიკაშიც? ჩვენ ვთანხმდებით, რომ ტრიბუნიდან ან ეთერებიდან ვუპირისპირდებით ერთმანეთს, სხვა ადგილებში კი ვჭუკჭუკებთ ერთმანეთთან?
– ეს ყოველთვის იყო. მე ვფიქრობ, მამუკა არეშიძემ ძალიან სწორად თქვა ამ წლის დასაწყისში: კოაბიტაცია კარგა ხანია, სიმბიოზში გადავიდა და „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ. „ნაცები“ კარგა ხანია, „ქოცებისთვის“ პოლიტიკურ სამაშველო რგოლად იქცა. აქვე მინდა, მკითხველს შევახსენო კონფლიქტი ალასანიასთან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერი და ალასანიას ვიცე-პრემიერის ფრიად სიმბოლური წოდება ჩამოართვა. მაშინ გაიმართა პრესკონფერენცია, ალასანია იჯდა ივანიშვილის გვერდით და ივანიშვილმა თქვა ასეთი რამ: კოალიციაში ყველა თავისუფალია და ყველას შეუძლია, რომ გადახტეს, მაგრამ ვინც გადახტება, კისერს მოიტეხსო. არჩევნებამდე გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერებით ვნახეთ, რომ კოალიციის წევრებს ერთმანეთი ეზიზღებოდათ. მართალია, ის ჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა ვანო მერაბიშვილის უწყებამ, მაგრამ ნამდვილად ავთენტური იყო. ბუნებრივია, პარლამენტში შესვლის შემდეგ მათი ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა. მეტსაც გეტყვით: კოალიციაში შემავალ პოლიტიკური სპექტრის მრავალ წარმომადგენელს გაცილებით ახლო ურთიერთობა აქვს „ნაცებთან“, ვიდრე ერთმანეთთან. ერთმანეთს შურით უყურებენ: ვინ უფრო რეიტინგულია, შესაბამისად, ვინ იქნება მათი მეტოქე... ამიტომ უცხოეთში სხვადასხვა რეზოლუციის მიღებისას, „ოცნება“, როგორც მონოლითი, არ გამოდის და ასეთი განწყობაა: მე რატომ უნდა დავიცვა ქვეყნის პოზიცია, რომ სხვამ მიიწეროს ქულები და უცხოელებთან მე ცუდი გამოვიდე?! ამით ისინი რადიკალურად განსხვავდებიან „ნაციონალებისგან“, რომლებიც მერაბიშვილ-ადეიშვილის მიერ გაკონტროლებული მონოლითი იყო და ნაწილი დღესაც ასეთად დარჩა. ამიტომ ეკლექტურ კოალიციაში ყოველთვის იყო ასეთი შეფასება: ჩვენი საერთო რეიტინგი ეცემა, რომ არ გადავხტე, ჩავყვები პოლიტიკურ სამარეში ღარიბაშვილსა და მის გუნდს.
– მაგრამ რომ გადახტეს, სად უნდა ჩახტეს?
– ფიქრობენ: რომ გადავხტე, მაქვს კი იმის რესურსი, რომ კისერი არ მოვიტეხო? აი, ამ დილემის წინაშე არიან მუდმივად: გადავხტე – არ გადავხტე?! არ გადავხტე – ვაი და რომ გადავხტე, ხომ არ იქნება – უი?! და აი, ამ ფონზე გამოჩნდა მარგველაშვილი, ჩვენი ვაი პრეზიდენტი, რომელმაც მოკლე დროში ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ერს და სახელმწიფოს. მარტო ის რად ღირდა, ბელგიასა და ლუქსემბურგს რომ შეატყობინა, რომ ვიზიტით არ ჩადის, იმიტომ რომ, აფხაზეთის ანექსია ხდება. რაც პრეზიდენტი გამოჩნდა, მის გარშემო დაჯგუფდნენ, მათ შორის, „ნაცებთან“ დაახლოებულები ან „ქოცებზე“ ნაწყენი ადამიანები. როგორც ერთმა პოლიტოლოგმა თქვა, ვისაც ტორტის ნაჭერი არ შეხვდა, ყველა, მარგველასკენ მიილტვის. ამის შემდეგ მის გარშემო გარკვეული ცენტრი შეიქმნა. მას შეუძლია ვეტოს დადება, სხვა ქმედებების განხორციელება და, რა თქმა უნდა, „რესპუბლიკელებიც“ და „თავისუფალი დემოკრატებიც“ ამას იყენებენ. მონოლითი, როდესაც ღარიბაშვილის დავალებებს ვოლსკი გადასცემდა უსუფაშვილს და ის ულაპარაკოდ აკეთებდა, დამთავრდა. აგერ უკვე მოსმენებზე გამოჩნდა განსხვავებული აზრი უმრავლესობაში. მანამდე კი პარლამენტმა არც კი მოინდომა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო. ამას აქვს დადებითი მხარე.
– 9 წელი ვუყურეთ მონოლითის სიმახინჯეს. ამდენად, კარგია, თუ აზრთა მრავალფეროვნება იქნება, თუმცა ცუდია, რომ ამ დაუმორჩილებლობის მოტივი არა იდეების ერთგულებაა, არამედ პირადი გამორჩენა.
– მოტივაციას თავი დავანებოთ, ვთქვათ, მოტივაციაა პირადი ანგარება, პოლიტიკური კარიერის კეთების სურვილი, ფულისა და ქონების მოხვეჭა. მაგრამ, როდესაც კონკურენციაა, ერთმანეთის ქმედებებზე თვალს არ ხუჭავენ, იმიტომ რომ, ეს არ არის მათთვის ხელსაყრელი. ახლა ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში გაჩნდა კონკურენციის ელემენტი და მე ამას მივესალმები.
– მონოლითი არ არის, რაც კარგია, მაგრამ კოალიციას გადაწვეტილებების მისაღებად კონსენსუსი დასჭირდებათ, ამას გარდა, პრემიერ-მინისტრისთვის მნიშვნელოვანია უმრავლესობის ყოლა პარლამენტში. როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები შიდა პოლიტდინებების გათვალისწინებით?
– გარკვეულ ეტაპზე განხეთქილებამ პარლამენტში უფრო შეიძლება, იჩინოს თავი, მაგრამ ადმინისტრაციული რესურსი მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ხელშია, ისევე, როგორც ფინანსური რესურსი. რაც შეეხება ალასანიასა და მის გუნდს: მას შემდეგ, რაც მოხდა, თუ საღი აზრი ეყოთ, მალე დაინახავენ, რომ დამოუკიდებლად ბარიერსაც ვერ გადალახავენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
– მანამდე? ან რა „რესპუბლიკელები“ გადალახავენ?
– მანამდე შეიძლება, რაღაც კონფიგურაციები შეიქმნას. წლების წინათ, 1995 წელს, „რესპუბლიკელებისგან“ მომისმენია, რომ 20 პროცენტზე მეტს აიღებდნენ საპარლამენტო არჩევნებში და შექმნიდნენ დიდ ფრაქციას, მაგრამ, როგორც მახსოვს, 4 პროცენტიც ვერ აიღეს. ახლა უკვე რეალისტები არიან და იციან, რომ, თუ ისევ ვინმე არ შეიყვანს, როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა პარლამენტში 2012 წელს, არაფერი გამოუვათ. ამიტომ, ვფიქრობ, უმრავლესობა არ დაიშლება. ამას გარდა, უკვე ვნახეთ, რომ გამზადებულები იყვნენ მაჟორიტარები უმრავლესობის შესავსებად.
– სხვათა შორის, არც ეს იყო ურიგო: როგორც ჩანს, „ოცნება“ მზად იყო მოვლენების ამგვარად განვითარებისთვის და სათადარიგო გეგმაც ჰქონდათ?
– რა თქმა უნდა. რასაც რომან გოცირიძემ „ფასიან დეპუტატთა ბაზარი“ უწოდა. ახლაც აქვს ეს რესურსი უმრავლესობას: პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ღარიბაშვილი აღქმულია, როგორც „ივანიშვილი დღეს“. მას აქვს პირდაპირი წვდომა ივანიშვილთან, ყველამ იცის, რომ მას ივანიშვილი მხარს უჭერს და ასე შემდეგ. ამდენად, დღეს ღარიბაშვილის ხელშია ივანიშვილის რესურსი. ეს დიდი რესურსია; ამასთან, მართალია, ამომრჩევლის ორი მესამედი არ მივიდა არჩევნებზე, მაგრამ ადმინისტრაციული რესურსისა და იმ სქემის გამოც, რომ ბიზნესმა ვერავინ დააფინანსა, გარდა „ოცნებისა“, ძალაუფლების სადავეები მაინც „ქოცების“ ხელშია, თუ რამე კატასტროფა არ მოხდა.