კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ მილიარდ რუბლად გაიყიდა აფხაზეთი და როგორ დაევალათ აფხაზებს აფხაზეთში ცხოვრების სურვილის მქონე რუსი სამხედროების საცხოვრებლით უზრუნველყოფა

ჩვენი საზოგადოება ფრიად შეაშფოთა სულ ახლახან რფ-ასა და რფ-ის მიერვე მხოლოდაღიარებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ. განსაკუთრებულად აღშფოთებულები კი ყოფილი ხელისუფლების, აწ კი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, რომლებიც მთავრობას უკიჟინებენ, რომ არაჯეროვნად გამოეხმაურნენ აფხაზეთის ანექსიას. შესაძლოა, კრიტიკა საფუძვლიანია, თუმცა საინტერესოა, რომ რუსეთის ფედერაციისა და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ მთავრობებს შორის 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარების შემდეგ რამდენიმე ათეული შეთანხმებაა გაფორმებული და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების რუსეთის ფედერაციისთვის საკუთრებაში გადაცემას ეხება.

ეს შეთანხმება 2010 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა (49 წლის ვადით), თუმცა ამის გამო, თავის დროზე, არათუ აჟიოტაჟი არ ამტყდარა, არამედ საზოგადოებამ ვერც კი გაიგო მისი არსებობის შესახებ.

ამ ვაკუუმის ამოვსების მიზნით, გადავხედოთ ამ კონკრეტული ხელშეკრულების დეტალებს, რომელიც 2008 წლის 17 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და მათ აფხაზ კოლეგებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეფუძნება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.

აფხაზური საჩუქარი – რფ-ის შეიარაღებულ ძალებს

2010 წლის 24 სექტემბრის შეთანხმების მესამე მუხლში ვკითხულობთ, რომ აფხაზური მხარე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე ობიექტს რუსეთის ფედერაციას კერძო საკუთრებაში გადასცემს და თავის თავზე იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ამ ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის კერძო საკუთრება.

რაც მთავარია, შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მხარე თავად ახორციელებს მისთვის საკუთრებაში გადაცემული ობიექტების დაცვასა და ფუნქციონირებას. თუმცა იქვეა მითითებული, რომ ობიექტების ექსპლუატაციამ არ უნდა მიაყენოს ზიანი აფხაზეთის სუვერენიტეტს.

თავის მხრივ, აფხაზური მხარე უზრუნველყოფს ობიექტებს ელექტროენერგიით, კავშირგაბმულობით, წყალმომარაგებით, გათბობით და ყველა იმ საშუალებით, რასაც მოიცავს ობიექტების მფლობელების საჭიროებები. თუმცა ამ მომსახურების საფასურს იხდის რუსული მხარე.

მერვე მუხლი გვამცნობს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული  ქვედანაყოფები სარგებლობენ სრული იმუნიტეტით აფხაზეთის ტერიტორიაზე. უძრავი ქონება და ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც დგას ეს ობიექტები ხელშეუხებელია. აფხაზური სტრუქტურების წარმომადგენლებს არ აქვთ ამ ტერიტორიებსა და ობიექტებზე შესვლის უფლება ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე.

ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე დროებით განლაგებული ქვედანაყოფები, საჰაერო ხომალდები ან სხვა სატრანსპორტო საშუალებები, სამხედრო და სხვა ტექნიკა სარგებლობენ იმუნიტეტით და არავის აქვს მათი შემოწმების უფლება.

იმუნიტეტით სარგებლობს ქვედანაყოფების საბანკო ანგარიშები. მათი არქივი, დოკუმენტები და კორესპონდენცია ხელშეუხებელია დროის ნებისმიერ მონაკვეთსა და ადგილას.

აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო დანაყოფები თავისუფლდებიან გადასახადებისგან, რომლებიც დადგენილია აფხაზეთის მთავრობის მიერ. აგრეთვე, სამხედრო მოსამსახურეები, დანაყოფების სამოქალაქო პერსონალი და მათი ოჯახის წევრები. 

ქვედანაყოფების სამსახურებრივი და პირადი სარგებლობის ნივთები შედის და გადის აფხაზეთის ტერიტორიიდან ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე.

ქვედანაყოფები ხელმძღვანელობენ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით. სამხედრო პირები, ობიექტების სამოქალაქო პერსონალი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ და მათი პიროვნებები ხელშეუხებელია. მათი დაპატიმრება ან დაკავება აკრძალულია. მათ ვერ გაასამართლებს აფხაზური სასამართლო. მეტიც, სამხედრო მოსამსახურეები არ არიან ვალდებულები, მისცენ ჩვენება, როგორც მოწმეებმა აფხაზეთის შესაბამის ორგანოებს. სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო პერსონალი თავისუფლდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან, რასაც ითვალისწინებს აფხაზეთის კანონმდებლობა, თუმცა ისინი ემორჩილებიან რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას.

თუკი სამხედრო მოსამსახურეები ან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირები მუდმივ საცხოვრებელ ადგილად აირჩევენ აფხაზეთს, აფხაზურმა მხარემ ისინი უნდა უზრუნველყოს საცხოვრებლით. მათ აქვთ უფლება, მოახდინონ თავიანთი საცხოვრებლის პრივატიზაცია იმ წესებით, რაც გათვალისწინებულია აფხაზეთის მოქალაქეებისთვის.

ეს შეთანხმება, როგორც მოგახსენეთ, 2010 წლის 24 სექტემბერსაა ხელმოწერილი და ის უკვე ფუნქციონირებს და, თუმცა მისი მოქმედების ვადა 49 წელია, შეთანხმების ბოლოს ნათქვამია, რომ, თუ რომელიმე მხარე ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე არ მიმართავს მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის შესახებ, ის ავტომატურად გაგრძელდება კიდევ 49 წლით და ასე შემდეგ. საგულისხმოა, რომ ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც კი რუსეთის ფედერაციას რჩება საკუთრების უფლება იმ ობიექტებზე, რომლებიც მათ ამ ხელშეკრულებით მიენიჭა.

ორი – ყველასთვის

გასულ ორშაბათს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის კიდევ ერთ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელსაც ამჟამად ჰქვია – მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ (თითქოს სახელწოდების შეცვლა ხელშეკრულების არსს არბილებდეს).

თუმცა აფხაზი საზოგადოება ფრიად ორაზროვნად შეხვდა მოსკოვის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს და საპასუხო ვარიანტებიც კი შეიმუშავეს, საბოლოოდ, ყველა ის მთავარი საკითხი, რაც თავდაპირველ დოკუმენტში იყო, საბოლოოშიც აისახა.

ჩვენთვის ყველაზე ყურადსაღები ამ შემთხვევაში რამდენიმე დეტალია. კერძოდ, მეხუთე მუხლში ვკითხულობთ, რომ მხარეები ქმნიან თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სისტემას, რაც გულისხმობს კონსულტაციებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც ეხება ხელშეკრულების მონაწილე მხარეების უსაფრთხოების ინტერესებს. მხარეები ქმნიან კოლექტიურ შეიარაღებულ ძალებს გარე აგრესიის მოსაგერიებლად (ბუნებრივია, აგრესორში, უპირველესად, ვიგულისხმებით ჩვენ); ასევე, ქმნიან ერთობლივ ძალებს საქართველოსთან სახმელეთო და საზღვაო „სახელმწიფო საზღვრის“ გასაკონტროლებლად.

რუსულ-აფხაზური შეთანხმების მეექვსე მუხლი კი თითქმის „ნატოს“ მეხუთე მუხლის იდენტურია: თუ ხელმომწერი ერთ-ერთი მხარე გახდება აგრესიის მსხვერპლი მეორე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფების მიერ, ეს იქნება განხილული, როგორც თავდასხმა ხელმომწერ მეორე სახელმწიფოზეც, რომელიც ვალდებულია, აღმოუჩინოს როგორც სამხედრო, ისე სხვა ტიპის დახმარება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებაში აღწერილი ქმედებების დახასიათებისას მოშველიებულია გაეროს წესდება. გაეროსი, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

გარე სამხედრო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მხარეები ქმნიან კოლექტიურ ძალებს, რომლებიც არც რუსეთის და არც აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში არ ირიცხებიან. მხარეებზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში კოლექტიური ძალების ხელმძღვანელს ნიშნავს რუსეთის ფედერაცია, აფხაზეთის წარმომადგენელი კი მოკავშირის სტატუსს სჯერდება. თუმცა იქვე ნათქვამია, რომ კოლექტიური ძალების სარდალი თავის ქმედებებს თვით აფხაზეთის შეირაღებული ძალების მთავარსარდალთან ათანხმებს. ამასთან, ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზება.

„თავისუფლების“ აფხაზური ფასი

ამ ყველაფრის საფასური კი ხელშეკრულების იმ მუხლშია თავმოყრილი, რომელიც აფხაზეთის სოციალურ პრობლემატიკას ეხება. ცნობილია, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი 75 პროცენტამდე დოტაციურია და ივსება რუსეთის ფედერაციიდან მიღებული, კერძოდ, ნაჩუქარი ტრანსფერების ხარჯზე. სწორედ ამ ტრანსფერების შემცირება (ყოველწლიური 4 მილიარდი რუბლიდან ერთ მილიარდამდე) გახდა ალექსანდრ ანქვაბის ვადამდე გადაყენების მიზეზით. ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ კი აფხაზეთი რუსეთის ფედერაციისგან ყოველწლიურად 5 მილიარდ რუბლს მიიღებს, რაც დღევანდელი კურსით, 110 მილიონი აშშ დოლარია.

ამის პარალელურად კი, რუსეთის ფედერაცია თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რის მიხედვითაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაიზრდება სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლების ხელფასები იმ დონემდე, რაც ამჟამად არის რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში.

ამას გარდა, რუსეთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან უზრუნველყოს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის პენსიის ზრდას, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების პენსია გაუტოლდება პენსიის ოდენობას რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ფედერალურ ოლქში.

პენსიის ზრდის შესახებ შეთანხმება გაფორმდება ცალკე, ამ მთავარი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი თვის ვადაში.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს აქამდეც ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, ისინი ვერ სარგებლობდნენ სამედიცინო დაზღვევით, რაც გათვალისწინებულია რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის. თუმცა ეს ხელშეკრულება ამ ლაფსუსსაც აღმოფხვრის და ამიერიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ისარგებლებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაზღვევით რუსეთის ფედერაციაში.

შესაბამისად, ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას.

სოხუმი – ცხინვალის მიერ გატკეპნილ გზაზე

 რაკი ცხინვალის რეგიონი, არათუ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარების შემდეგ, ლამის 1990-ანი წლებიდან ლამობდა რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გახდომას, გულდაწყვეტილია, რომ მსგავსი შეთანხმება მისთვის არც კი შეუთავაზებია მხოლოდამღიარებელს, თუმცა გულს არ იტეხენ, თავად შეუდგნენ მუშაობას ხელშეკრულებაზე და იმედოვნებენ, რომ 2015 წლის დასაწყისში ხელსაც მოაწერენ და ამთავითვე ირწმუნებიან, რომ შეთანხმების ოსური ვერსია აფხაზურზე მჭიდრო ინტეგრაციას იგულისხმებს რუსეთის ფედერაციასთან.

მეორე მხრივ, თუ ოსური სეპარატისტული საზოგადოებისთვის რუსეთთან შეერთებულის სურვილი ორგანული იყო და არის, რასაც ვერ ვიტყოდით აფხაზ საზოგადოებაზე, რომელიც „დამოუკიდებლობის“ ვერსიას ჯიუტად „აწვებოდა“. აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობა დამოუკიდებლობად, მაგრამ – მხოლოდ სხვის ხარჯზე. შესაბამისად, აფხაზი ოპოზიციის ნაწილის პროტესტის მიუხედავად, ვლადიმირ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ სოჭში შეთანხმებას  ხელი სოხუმის ცენტრში მიმდინარე მხარდამჭერი აქციის ფონზე მოაწერეს. მეტიც, რაულ ხაჯიმბას მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაციამ – „აფხაზეთის დედები მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისთვის“. ეს მხარდაჭერის გამოხატვა კი იმისთვის გახდა აუცილებელი, რომ 2014 წლის 23-24 ნოემბერს ფსოუზე აფხაზმა ქალებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის სომეხმა მოსახლეობამ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსულ-აფხაზურ შეთანხმებას. მეტიც, ისინი სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ და ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ ალექსანდრ ანქვაბის მომხრეების გასანეიტრალებლად, რომლებიც აფხაზ საზოგადოებას მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებენ. კერძოდ: „სანდო წყაროების ცნობით, შეთანხმების საბოლოო ვარიანტი ალექსანდრ ანქვაბს, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, პირადად გააცნო რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვლადისლავ სურკოვმა. ანქვაბს შეთნხმება არ მოეწონა, რადგან ის არათუ აკნინებდა აფხაზურ სახელმწიფოებრიობას, არამედ აქრობდა რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს, რომელიც, ფაქტობრივად, აფხაზურ-ქართულ საზღვრამდე გადაჰქონდა.“

„ანქვაბთან ერთი ერთზე საუბრისას სურკოვმა მას ურჩია, უზრუნველეყო მისადმი უფრო ლოიალური პარლამენტის არჩევა, რომ უფრო მტკიცე ნაბიჯებით ემოძრავათ რუსეთთან ინტეგრაციისკენ. ამასთან, დაინტერესდა, ნუთუ არ აღაფრთოვანებდა მას ყირიმის მაგალითი. სურკოვმა პასუხად მიიღო, რომ არა მხოლოდ ანქვაბი, არამედ მისი მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებიც კი არ აპირებენ, მოაწყონ ყირიმის მსგავსი რეფერენდუმი და აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვა მათ გეგმებში არ შედის.“

იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს რუსეთის გეგმებში შედიოდა, ალექსანდრ ანქვაბი პოსტიდან საპროტესტო აქციების ფონზე წავიდა, მისი ადგილი რაულ ხაჯიმბამ დაიკავა, რომელიც მოსახლეობას რეფორმებსა და სოციალური პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა. ამ დრამატულ ვითარებაშიც კი შეთანხმების მოწინააღმდეგეები ბრალს თბილისს სდებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ თბილისის სიჯიუტის გამო გახდნენ იძულებულები, დასთანხმებოდნენ რუსეთთან ინტეგრაციას.

იმ იზოლაციის გათვალისწინებით, რომელშიც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი მოაქცია, მათ მხოლოდ ერთი – მოსკოვის – მიმართულებით შეუძლიათ მოძრაობა. მით უფრო, რომ აფხაზეთის შესაძენად დიდი ფული საჭირო არ არის, ზოგჯერ ხურდაც საკმარისია: შეპირებული 5 მილიარდი რუბლი, დღევანდელი კურსით, 110 მილიონი დოლარია, ხოლო სანქციების ფონზე ის შესაძლოა, მომავალი წლისთვის, როდესაც მისი გაცემაა ნავარაუდები, სულაც, განახევრდეს...

скачать dle 11.3