რამდენი ავტომანქანა ჰყავთ კობა ნაყოფიას, მის მეუღლესა და ვაჟს და რამდენი ბინა აქვთ მათ მოსკოვსა და კანარის კუნძულებზე
აწ უკვე ორი მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-სა და 2012-სა) კობა ნაყოფია, დაბადებული 1969 წელს, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობიდან“. მას აქვს ორი დიპლომი: თსუ-სი (ეკონომისტისა და ბიზნესსამართალმცოდნის) და ერთიც მსმენელისა, რაკი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მსმენელი იყო (სპეციალობა – საერთაშორისო ურთიერთობები). მისი სამუშაო ბიოგრაფია 1993 წელს დაწყო ფირმა „ოქროს საწმისის“ გენდირექტორობით. 1996-ში კი დსთ-ის ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი გახდა. 1999 წელს შპს „შტორმის“ გენდირექტორად დაინიშნა (2004 წლამდე), ხოლო 2000 წელს – შპს „ინვესტმენტ მენეჯმენტის“ გენერალურ დირექტორადაც (ასევე, 2004 წლამდე), იმავე წლებში სს „ორლოვის სამრეწველო კომპანიის” დირექტორთა საბჭოს წევრიც იყო და „პრომიშლენნიე ინვესტორის“ ვიცე-პრეზიდენტიც. 2003-2005 წლებში „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლდათ, 2004-2006-ში –„მადნეულის“ გენდირექტორი, 2004-2008 წლებში – „რმგ კოპპერი მადნეულის” გენდირექტორი, 2004-2006 წლებში – „კვარციტის“ გენდირექტორი და 2008 წლამდე „კვარციტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც. 2008-2012 წლებში – პარლამენტის წევრად მოგვევლინა, რაც 2012 წელსაც გაიმეორა.
კობა ნაყოფიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელშიც ოჯახის წევრებად მიუთითებს მეუღლეს, ელგა სოფიას, დაბადებულს გალში, ორ შვილს: 1989 წელს გალში დაბადებულ ნიკოლოზს და 1996 წელს მოსკოვში დაბადებულ ნატალიას, დედას, ქალბატონ ლიანა ქარდავას და ვენაში დაბადებულ შვილიშვილს – ნიკოლოზს.
ნაყოფიების უძრავი ქონება შემდეგნაირია: კობა ნაყოფიას საკუთრებაა ბინა მოსკოვში, კაშერსკოე შოსეზე (55 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გალში (360 და 1 200 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში (11 301 კვ.მ.) და იმავე მისამართზე მშენებარე საცხოვრებელი სახლი; ბინა თბილისში, ჭავჭავაძეზე (198 კვ.მ.), კიდევ ერთი ბინა ჭავჭავაძეზე (223 კვ.მ.) და აგარაკი კანარის კუნძულებზე (300 კვ.მ.).
ელგა სოფიას საკუთრებაა: ბინა მოსკოვში, მალაია ორდინკაზე (167 კვ.მ.), ორი ბინა თბილისში, ამბროლაურის ქუჩაზე (31 და 83 კვ.მ.), ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (231 კვ.მ.) და იმავე მისამართზე მდებარე მეორე ბინა (173 კვ. მ.).
ნიკოლოზ ნაყოფიას კი ეკუთვნის ბინა ჭავჭავაძეზე, – 204 კვ. მ. ფართობის და ასევე, 14 კვ. მ. ფართობის ავტოფარეხი. ელგა სოფიას ორი ავტოფარეხი აქვს, კობა ნაყოფიას – მხოლოდ ერთი.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას: კობა ნაყოფიას ჰყავს 2 ავტომანქანა – 2010 წლის „მერსედესი“ და 2011 წლის „როლს როისი“; ელგა სოფიას – 3 ავტომანქანა: 2008 წლის „მერსედესი“, ასევე, 2011 წლის „მერსედესი“ და 2008 წლის „ლენდ როვერი“; ნიკოლოზ ნაყოფიასაც ორი ავტომანქანა ჰყავს: 2008 წლის „მერსედესი“ და კიდევ ერით „მერსედესი“ რუსულნომრიანი. ასევე, კობა ნაყოფიას აქვს ლადო გუდიაშვილის 10 000 ლარზე მეტი ღირებულების ფერწერული ტილო.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული ჰქონდა მხოლოდ კობა ნაყოფიას – 30 000 ლარი.
სამეწარმეო საქმიანობას კი ოჯახში მხოლოდ ნიკოლოზ ნაყოფია ეწევა: ის არის 2008 წელს ოფშორში, კერძოდ, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული საწარმოს პარტნიორი (მინდობილობით), ასევე, ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს რეგისტრირებული „აი ელ ეს ფიდუციარი ლიმიტედის“ პარტნიორი; 2009 წელს აშშ-ში, ლოს-ანჯელესში რეგისტრირებული Georgia International Films LLC0-ის პარტნიორი; 2008 წელს თბილისში რეგისტრირებული შპს „მუვინგ პიქჩერსის“ პარტნიორი და, ამას გარდა, თბილისში 2006 წელს რეგისტრირებული შპს „გოლდინვესტის“ პატრნიორი, ოღონდ ამჯერადაც მინდობილობით.
დეკლარაციის თანახმად, არც ერთი ზემოჩამოთვლილი საწარმოს საქმიანობიდან ნიკოლოზ ნაყოფიას არანაირი შემოსავალი არ მიუღია. შესაბამისად, ოჯახში 2013 წელს შემოსავალი ჰქონია მხოლოდ კობა ნაყოფიას: პარლამენტის წევრობამ 2013 წლის განმავლობაში მას 55 593 ლარი მოუტანა.
ნაყოფიების ოჯახის საბანკო ვალები შემდეგნაირია: კობა ნაყოფიამ 2008 წელს სამი ათწლიანი იპოთეკური სესხი აიღო: 481 000, 453 000 და 90 000 აშშ დოლარის ოდენობით (რომელთა მომსახურებაც 2013-ში 88 066, 82 928 და 16 157 აშშ დოლარი დაუჯდა), 2007 წელს 7-წლიანი იპოთეკური სესხი აიღო 247 000 აშშ დოლარის ოდენობის (გასულ წელს მისი მომსახურება 57 320 აშშ დოლარი დაუჯდა); ასევე, 10-წლიანი 150 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი (რომლის მომსახურებაც 2013-ში 17 506 აშშ დოლარი დაუჯდა); 2011 წელს მამა-შვილმა, ორივემ, აიღო ავტოსესხი, 57 404 და 60 960 აშშ დოლარის ოდენობით, რომელთა მომსახურებაც გასულ წელს 34 000 აშშ დოლარი დაუჯდათ. 2012 წელს კობა ნაყოფიამ სამომხმარებლო სესხიც აიღო – 63 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უკვე გაისტუმრა 2013-ში. 2012 წელსვე აიღო მან 30 000 და 100 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხები (ოვერდრაფტი) და მილიონ 420 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტიც; 2013-ში აიღო 500 000 (სამომხმარებლო სესხი) და 1 895 000 აშშ დოლარი; ამას გარდა, კომერციული სესხი – მილიონი აშშ დოლარის ოდენობის და კიდევ ნახევარმილიონიანი კრედიტიც. გარდა ამისა, ერთი-ორი მცირე სესხიც აქვს – 20 000-25 000 აშშ დოლარის ოდენობით.
გასულ წელს ნიკოლოზ ნაყოფიამ ავტომანქანა 77 000 აშშ დოლარად გაყიდა.
2013 წელს კობა ნაყოფიას გასავალიც ჰქონდა: ვაჟისა და რძლის სწავლის საფასური 8 500-8 500 ევრო დაუჯდა, ხოლო ქალიშვილის სწავლაში 23 500 აშშ დოლარი გადაიხადა.