ამღერებულები
ანუ თბილისი და გუანჯოუ დაძმობილდნენ
გასულ კვირას დედაქალაქის მესვეურებმა ჩინეთი მოიარეს (მთლად მთელი ჩინეთიც ვერა – ჯერჯერობით ოდენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში გაემგზავრნენ) იმ მიზნით, რომ თბილისი და გუანჯოუ დაამეგობრონო.
გავრცელებული ინფორმაციით, ორ ქალაქს შორის ურთიერთანამშომლობის ხელშეკრულება გაფორმდება, რისი მიზანიც ჩვენ ორს შუა საინვესტიციო და ურბანული განვითარების, ასევე, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობაა. –
ეს ვიზიტი საპასუხოა, ვინაიდან ორიოდე თვის წინათ თბილისს გუანჯოუს მერი სწვევია, ღირშესანიშნაობებიც დაუთვალიერებია და თბილისის მოსახლეობის ეკონომიკურ საჭიროებებსაც გასცნობია.
თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პროფესიით ფილოლოგი, ბ-ნი ალიბეგაშვილი, ჩინური ენის სწავლების ინიციატივითაც გამოსულა. თუმცა ეს ინიციატივა არახალია ამჯერად ინგლისურის ათვისებაზე გამეცადინებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ჩინური ენის შესწავლის აუცილებლობაზე თვით მიხეილ სააკაშვილიც საუბრობდა (ვაი რომ, ვერ მოასწრო), ხოლო, უფრო ადრე, თვითმხილველთა თქმით, ეს საკითხი, სახელდობრ, მთავრობის სხდომაზე თვით ედუარდ შევარდნაძესაც წამოუწევია: მომავალში სახელმწიფომ მანდარინის სწავლაც (ჩინურის ოფიციალური დიალექტის) უნდა დააფინანსოსო.
ჩვენ, ბუნებრივია, არ ვაყენებთ ეჭვქვეშ არც ჩინური ენის სიდიადეს, არც მის მნიშვნელობას და არც იმას, რომ, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ, თუმცა, თუ ჩინურისადმი სამივე ხელისუფლების წარმომადგენლების დაუოკებელ სწრაფვას გავიხსენებთ, იბადება რიტორიკული კითხვა – ნეტავ, ვის და რატომ მისცა ასეთი პირობა ჩვენმა სახელმწიფომ?!
P. S. „– დღეს ანგელოზია რომელიმე, დღეობაა თუ რაა, ნეტავი, ეს ხალხი რომ მღერის და მხიარულობს? – იკითხა დათამ.
– არაფერი დღეობა და ანგელოზი არ არის დღეს.
– აბა, რა დაემართათ?
– რომ დამართიათ და არ აწუხებთ არაფერი, იმიტომ მღერიან სწორედ (ჩვენს შემთხვევაში, იმიტომ აპირებენ ჩინურის შესწავლას).“ –