ვინ გადაიხდის მეტს
ისე მოხდა, რომ ენგურს გაღმა მყოფმა ჩვენებურმა სეპარატისტებმა საკუთარი სუვერენიტეტი, სულ რაღაც, 5 მილიარდ რუბლად გაასხვისეს, თუმცა „განტევების ვაცი“ მაინც გამონახეს – რა თქმა უნდა, თბილისის სახით, მოტივით – რომ გეღიარებინეთ, ამ შეფასების გაფორმებაც არ დაგვჭირდებოდაო.
ჩვენ არ ვიცით, რამდენზე ჩამოქვეითდება, რუსული ვალუტის ინფლაციის ტემპის გათვალისწინებით, 5 მილიარდი რუბლი, თუმცა, უკვე ვიცით, რომ სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა, ოღონდ, როგორც სოხუმელი „პრემიერ-მინისტრი“ ბუთბა ირწმუნება, ასაფრენი ბილიკი და სადისპეტჩერო აფხაზურ „სახელმწიფოს“ დარჩება, მხოლოდ დანარჩენი გასხვისდება.
უფრო მეტიც, არც იმას მალავს, რომ მომავალში აფხაზეთის სატრანზიტო ქვეყნად ქცევაა განზრახული, ზედაც – რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის წყალობით (ნეტავ, რა მანქანებით?!).
თუმცა, თუ რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ფინალურ ხელშეკრულებას გავიხსენებთ და იმასაც, რომ პრ. პუტინი მიწების შეროვებითაა დაკავებული, ტრანზიტული ქვეყნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აი, რფ-ის სამხრეთის ფედერალურ ოლქთან შერწყმის პერსპექტივა აშკარაა… –