ყოფილების ფასი
გარანტირებულად დასაქმებულები
მართალია, ისე ინტენსიურადაც არა, მაგრამ, ჩვენი მონატრების გაქარვებას ჩვენი მშობლიური „რუსთავი 2“ მაინც ახერხებს და, თუ მთლად ძველი ინტენსივობით ვერა (თუ – არა), პრეზიდენტყოფილისთვის თვალს მაინც მოგვაკვრევინებს ხოლმე (რათა უნახაობის კაეშანმა ბოლო არ მოგვიღოს).
ასე და ამგვარად, გასულ კვირასაც მოგვაკვრევინა, პრეზიდენტყოფილმა კი მოგვახსენა, რომ ჩვენი პრემიერყოფილის ბ-ნი გილაურის უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნას საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ შეუშალა ხელი, თან, რკინისებური არგუმენტიც მოიშველია – „ეს იყო ევრობანკის პროექტი“! ჯობს, სრულ ციტატას მოგიტანთ: „თუმცა საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ნოტა და უთხრა, რომ, თუ გილაურს დანიშნავთ უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან!“
თუმცა ბ-ნმა გილაურმა ეს ამბავი სოციალური ქსელით განმარტა და საზოგადოებას აუწყა, რომ ხმები მისი დანიშვნის შესახებ გადაჭარბებული იყო. კერძოდ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნაზე უარის თქმა იმის გამო მომიწია, რომ ეს პოზიცია იურიდიულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს სხვა მოქმედ ხელშეკრულებებთან.“
ჩვენ არ ვიცით, რატომ მოქმედებს ბ-ნი სააკაშვილი ძველებური სტილით, როდესაც მის უკითხავად მედია სიზმარს ვერ ნახულობდა, მაგრამ, ვიცით, რომ ჩვენი შსს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ქ-ნ ზღულაძეს ეპატიჟებიან უკრაინაში ძალოვან სტრუქტურებში რეფორმის ჩასატარებლად, რაც, ლოგიკურად, ნიშნავს, რომ გათავისუფლების შემდეგ ბ-ნ ახალაიასა და არანაკლებ ბ-ნ მერაბიშვილს სამუშაო ადგილები გარანტირებული აქვთ, რაც, მეორე მხრივ, ბადებს რიტორიკულ კითხვას: უსასყიდლოდ რატომ უნდა დავუთმოთ?! –