ლაზანია „ოჯახური“
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ქათმის ფილე, 1 შეკვრა გაყინული ცომის ფირფიტები, 50 გრამი კარაქი, 50 გრამი ფქვილი, 600 მილილიტრი რძე, 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 200 გრამი ტომატ-პასტა, 250 გრამი რბილი ან ჰოლანდიური ყველი; მარილი, შავი პილპილი, სუნელები, 3 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი: დაიწყეთ ფარშით. ჯერ დააქუცმაცეთ და დააბლენდერეთ ფილე, წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი, ძალიან წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკა. სტაფილო და ყველი გახეხეთ. ტაფაზე ცოტა ზეთში მოშუშეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ სტაფილო, ამოურიეთ და კიდევ მოშუშეთ. ჩაუმატეთ ფარში, მარილი, შავი პილპილი, სუნელები და შუშეთ თავდახურულ ტაფაში 20 წუთის განმავლობაში.
ვამზადებთ სოუსს – ბუშამელს. გაადნეთ კარაქი, ნელ-ნელა ჩაუმატეთ ფქვილი და ერთგვაროვან მასად აქციეთ. ძალიან ნელა ჩაასხით რძე და მუდმივად ურიეთ. ცეცხლს ძალიან დაუკელით, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მიიყვანეთ არაჟნის სისქის მასამდე.
მზა ფარშს ჩაუმატეთ ბულგარული წიწაკა, ტომატ-პასტა და შუშეთ კიდევ 5 წუთი.
ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა და მოათავსეთ მასში ცომის პირველი ფენა, წაუსვით ფარშის მთლიანი მასის ნახევარი, ზემოდან მოუსვით სოუსის ერთი მესამედი და მოაყარეთ ყველის მთლიანი მასის მესამედი; ზემოდან დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა, ისევ წაუსვით ფარში, სოუსი და ბოლოს ყველი; დააფინეთ ცომის ფირფიტა, წაუსვით დარჩენილი სოუსი და მოათავსეთ ფორმა 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. 40 წუთის შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ ყველი და კიდევ 5-10 წუთით შეაბრუნეთ აირღუმელში. ცოტა გააცივეთ და დაჭერით.