კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბენდერელთა მოძრაობის გადამრჩენი ქართველი საბჭოთა სუკისა და გერმანელთა „აბვერის“ ორმაგი აგენტი იყო

ქართველები,  როგორც ცნობილია,  საიდუმლო ფრონტზეც აქტიურად იღვწოდნენ.  ერთ-ერთ ასეთ  შემთხვევაზე გვესაუბრება  ისტიორიის  მეცნიერებათა დოქტორი,  საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ნიკა  თევზაძე.

– ლვოვში  უკრაინის აჯანყებულთა არმიის (უპა) უკანასკნელი სარდალი ვასილ კუკი (პოლკოვნიკი კოვალი) გავიცანი.  მან მითხრა, რომ უპა-ს რიგებში ქართველთა სამი ბატალიონი იბრძოდა და მიამბო ქართველი მზვერავის შესახებ,  რომლის ფსევდონიმიც კარლო იყო. ახსოვდა მხოლოდ ის,  რომ კარლო  ყოფილი მესაზღვრე ოფიცერი იყო. ომის დაწყებისთანავე ალყაში მოხვდა.  გერმანელთა ტყვეობას სასწაულით გადაურჩა და როვენშჩინაზე ერთ-ერთი გლეხის ოჯახს შეეკედლა.  

1942  წელს როვენშჩინაზე  პოლკოვნიკ ვასილი მედვედევის სპეცრაზმი გამოჩნდა. მედვედევს მთელს როვენშჩინაზე და უშუალოდ როვნოში დივერსიულ-სადაზვერვო  საქმიანობა უნდა გაეშალა. კარლოც ჩეკისტების ყურადღების ქვეშ მოექცა. მესაზღვრეები, მოგეხსენებათ, უშიშროების ჯარებს  განეკუთვნებიან.  კარლოთიც უშუალოდ მედვედევი დაინტერესდა. მან ის გულდასმით დაკითხა, შემდეგ საკონტროლო დავალება მისცა., რასაც კარლომ თავი წარმატებით გაართვა. ამის შემდეგ მედვედევისგან ახალი დავალება  მიიღო, დაუკავშირდეს სდ-ს (გერმანელთა უშიშროების სამსახური) და ჰიტლერელთა ნდობა  მოიპოვოს. მედვედევმა პირდაპირ უთხრა:  ფაშისტების ნდობა მოიპოვე, რასაც დაგავალებენ, ყველაფერი უდრტვინველად შეასრულე, მოვა დრო  და ჩვენები შენთან კონტაქტზე გამოვლენ!

– მედვედევი ენდო კაცს,  რომელიც მტრის ზურგში   ოფიციალურად  არ დაუტოვებიათ?

– უკვე  ომის  შემდეგ,  მისი  მოადგილე პოდპოლკოვნიკი  ლუკინი მწერალ თეოდორ გლადკოვს მოუთხრობდა: ჩვენს  რაზმში ერთი ქართველი  მოვიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ  ყოფილი მესაზღვრე ოფიცერია.  მედვედევმაც რაციით მის შესახებ მოსკოვში შეკითხვა გაგზავნაო.  შემდეგ ლუკინი ამბობს, რომ შემოწმებით დადასტურდა, რომ ქართველი სიმართლეს ამბობდა.  ამას  გარდა თბილისში მას დარჩა და,  რომელიც  ერთგვარ მძევლად იქცა.  თუკი კარლო ჩეკისტებს უღალატებდა,  ამისთვის პასუხს  აგებდა მისი და, რომელიც კარლოს  ერთადერთი ახლობელი იყო. „მას  მშობლები  არ ჰყავდა, დასთან  ერთად ბავშთა სახლში  გაიზარდა,“ – უთხრა ლუკინმა გლადკოვს.  ამან  მედვედევის არჩევანი  განაპირობა.  

– კარლომ მედვედევის დავალება შეასრულა?

– დიახ, ის გერმანელებზე გავიდა და მათი ნდობა მოიპოვა. მალე სდ-მ ის ზდოლბუნოვოში გაგზავნა. კარლოს  უბრძანეს ქართველ  ემიგრანტ, ვინმე  კაკაბაძეს დაახლოებოდა, რომელიც ზდოლბუნოვოში დისლოცირებული ქართული ლეგიონის ბატალიონს მეთაურობდა. კარლო და კაკაბაძე დამეგობრდნენ. სდ  თავის მხრივ ყველაფერს აკეთებდა, რათა  კარლოს კაკაბაძის ნდობა მოეპოვებინა.  ასეც მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს კაკაბაძემ განუცხადა:  „ვიცნობ  ხალხს,  რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.  გინდა, მათ შეუერთდე?“ კარლომ დადებითად უპასუხა. ამის შემდეგ  კაკაბაძემ მას  როვნოში გადაყვანა გაუხერხა. ერთხანს  კარლო მფრინავთა სასადილოში  ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს, შემდეგ ცნობილ რესტორან „დოიჩერგოფში” აგრეთვე ჭურჭლის მრეცხავად  მოაწყვეს. შტურბანფიურერი ვაინერი,  რომელიც კარლოს  უშუალოდ მეურვეობდა, ავალებს მას ქართული ლეგიონების ოფიცერ, ვინმე კახიანს დაუახლოედეს. კარლომ დავალება შეასრულა. მალე ის და კახიანი ძმაკაცები გახდნენ. კახიანი სწორედ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღმოჩნდა, რომლის თაობაზეც კაკაბაძე  ეუბნებოდა. ორგანიზაციას კავშირი ჰქონდა  უპა-სთან (უკრაინის აჯანყებულთა არმია) და ბანდერელებს ინფორმაციასაც აწვდიდა. კარლომ  არ იცოდა,  რომ „დოიჩერგოფის“ ოფიციანტი ლიდია ლისოვსკაია  საბჭოთა აგენტი იყო და მას ფხიზლად უთვალთვალებდა.  პარალელურად, ქალი  სდ-სთანაც იყო დაკავშირებული.  იქ მისი აგენტურული  მეტსახელი  „კუკლა“ გახლდათ. ასევე, ორმაგი აგენტი ბრძანდებოდა  ლისოვსკაიას დეიდაშვილი მარია მიკოტაც. სუკში მისი აგენტურული მეტსახელი „მაია“ იყო, სდ-ში კი – „ჩვიდმეტი“. მედვედევის სპეცაგენტი კუზნეცოვი (მეტსახელები „კოლონისტი“,  „პუხი“) ლისოვსკაიას უშუალო უფროსი გახლდათ.  ქალის ბინა მისი ერთ-ერთი  საიმედო თავშესაფარი  იყო. პარალელურად, ლისოვსკაია  კუზნეცოვის  საყვარელიც გახლდათ.

– კუზნეცოვის პიროვნებისადმი  უამრავი კითხვის ნიშანია.

– ნიკოლოზ ივანეს  ძე კუზნეცოვი ურალზე, სოფელ ზირუანკაში დაიბადა.  გერმანული ბავშვობაშივე შეისწავლა,  რადგანაც მეზობლად გერმანელი კოლონისტები ცხოვრობდნენ. აქ შეხვდა კიდეც  თავის პორველ სიყვარულს,  რომელზედაც შემდგომში დაქორწინდა.  კუზნეცოვის ცოლი  ყველა საბჭოთა ნორმებით კულაკი იყო. კოლექტივიზაცია დაიწყო თუ არა,  კუზნეცოვი,  როგორც „კულაკების სიძე,“ კომკავშირიდან გარიცხეს.  ამას ავტომატურად  ტექნიკუმიდან გარიცხვაც მოჰყვა. კუზნეცოვმაც ახალგაზრდა ცოლთან ერთად მშობლიური სოფელი დატოვა,  თუმცა,  ქალაქში მას არანაკლები ფათერაკი ელოდა.  ოჯახს რჩენა სჭირდებოდა, კუზნეცოვს კი, რომელიც სამშენებლო ტრესტში მოეწყო, პატარა ჯამაგირი ჰქონდა,  ამიტომ  კომბინატორებს  დაუახლოვდა.  ამის გამო დააპატიმრეს და გაასამართლეს. ცოლმა  ეს შეიტყო თუ არა, უმალ გაეყარა.  ციხეში კუზნეცოვმა  ერთი წელი დაჰყო, შემდეგ კი „კარგი ყოფაქცევისთვის“ ვადაზე  ადრე გაათავისუფლეს.  ასე  მხოლოდ მათ ექცევიან, ვინც  ენატანიობს. როგორც  ჩანს, უშიშროების აგენტიც სწორედ ამ დროს გახდა.  გათავისუფლების  შემდეგ კუზნეცოვი  სუკის ინფორმატორია.  მას  არ ჰქონია უმაღლესი განათლება,  არც ოფიცრის ჩინი. 1937  წელს  კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს.  1939 წელს კი მოსკოვში გადაჰყავთ. კუზნეცოვი, რომელიც თავს ვოლგისპირელ გერმანელად ასაღებს, მოსკოვური ბოჰემის წრეში ტრიალებს.  მალე ის უცხოელ დიპლომატებთან კონტაქტზე გადის. ის დაუკავშირდა სლოვაკეთის საელჩოში მდუვან კრნოს,  რომელიც ხაფანგში გააბა  და აიძულა, საბჭოთა აგენტი გამხდარიყო. სლოვაკეთი იმხანად  გერმანიის სატელიტი იყო. კრნომ ჩეკისტებს განუცხადა,  რომ  აბვერზეც მუშაობს.  მალე  მისი რეკომენდაციით კუზნეცოვი გერმანიის  სამხედრო ატაშეს წარუდგინეს.  კუზნეცოვმა ატაშეს ნდობა მოიპოვა,  მის დავალებებს ასრულებდა და  თავის უფროსებს სუკში ყოველივეზე  ამომწურავ პატაკებს აბარებდა.  ყველა სახის იარაღს  ზედმიწევნით ფლობდა,  იყო ბრწყინვალე სამბისტი. გერმანული, ფაქტობრივად, მისი მეორე მშობლიური ენა იყო.  კუზნეცოვიც რაზმში ჩარიცხეს.  თანახმად ლეგენდისა, მას როვნოში უნდა ემოქმედა როგორც გერმანული არმიის ობერ-ლეიტენანტ პაულ ზიბერტს.  მისი ფუნქცია  არა დაზვერვა, არამედ ტერორი და პროვოკაციები  იყო.

– მოდი, კუზნეცოვისა და კარლოს ურთიერთობებს დავუბრუნდეთ.  მაშ ასე,  კარლო  როვნოში გაემგზავრა  და რესტორან „დოიჩერგოფში“ ჭურჭლის მრეცხავად  მოეწყო. ამავე რესტორნის ოფიციანტი ლიდია ლისოვსკაია  კი მას გულდასმით  უთვალთვალებდა.

– ასე კარგა ხანს გრძელდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ქალმა კარლოს უთხრა,  თბილისიდან მოკითხვა შემოგითვალესო. კარლოს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მალე ახალი სიურპრიზი ელოდა. ლისოვსკაიას ბინაზე  გერმანული არმიის ობერ-ლეიტეტანტს შეხვდა, რომელმაც სუფთა რუსულ ენაზე განუცხადა: მოკითხვა თბილისიდან. 

– ეს  კაცი კუზნეცოვი იყო?

– დიახ.  კარლოს დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრა.  ამ  საუბრის  შემდეგ კარლო დარწმუნდა,  რომ   ქართველ პატრიოტებზე დარტყმა მზადდებოდა  და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.  კარლო კახიანსა  და  მის  ხალხს  საკმაოდ დაუმეგობრდა  და მიხვდა,  რომ  ესენი პატიოსანი და პირუთვნელი  ხალხია,  თავიანთი სამშობლო უანგაროდ უყვართ.  რა  ქნას,  როგორ მოიქცეს?  კარლო ამ ფიქრებში იყო,  რომ როვნოში ტერაქტი მოხდა. ქალაქის ცენტრში მოკლეს გენერალი გეელი და მაიორი ვინტერი. დანაშაულის ადგილას სდ-მ უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის საწევრო ბლანკი იპოვა.  ამის შემდეგ როვნოს ციხეში მყოფი ყველა  ბანდერელი დახვრიტეს. დაიწყო უკრაინული ინტელიგენციის მასობრივი დაპატიმრება.  დააპატიმრეს ავტოკეფალური ეკლესიის  ეპისკოპოსი – სკრიპნიკი (შემდგომში უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი მსტისლავი),  ცნობილი მწერალი  ულას სამჩუკი და სხვები. მალე  როვნოში  მეორე ტერაქტი ხდება. ამჯერად თავს დაესხნენ გაულაიტერ კოხის მოადგილე დარგელს.  დარგელი  უვნებლად გადარჩა, თუმცა  თავდამსხმელის გარეგნობა დაიმახსოვრა: მაღალი,  ქერა  მამაკაცი, რომელსაც გერმანული არმიის ობერ-ლეიტენანტის ფორმა ეცვა.  კარლოს ამის თაობაზე კახიანმა მოუთხრო. კარლოს თავზარი დაეცა,  მიხვდა, რომ იდუმალი ტერორისტი  სწორედ ის ობერ-ლეიტენანტი იყო, ვისაც ლისოვსკაიას ბინაში ესაუბრა.

– მაშ  მოუხელთებელი ტერორისტი კუზნეცოვი იყო?

– დიახ, ის გერმანელ მაღალჩინოსნებს ხოცავდა,  შემთხვევის ადგილას კი უკრაინელ ნაციონალისტთა  ბლანკებს  აგდებდა.  სდ-ში ჩათვალეს, რომ ტერაქტები ბანდერელთა ნახელავია.  შედეგად უკრაინული ინტელიგენციის დაპატიმრებები დაიწყო.  ამას  უკრაინულ სოფლებში მასობრივი სადამსჯელო ოპერაციები მოჰყვა.  როვენშჩინაზე  გერმანელ დამსჯელთა  მთელი არმია შეიყვანეს,  რომელთაც სისასტიკით ცნობილი პოლკოვნიკი, პიპერი მეთაურობდა.  თვით ნაცისტებიც კი მას „სიკვდილის ოსტატს“ ეძახდნენ.  პიპერის  მეომრებმა მთელი სოფლები მიწასთან გაასწორეს, არ ინდობდნენ  არც მოხუცს, არც ქალს, არც ბავშვს. კარლოს ამან თავზარი დასცა. საკმაო ყოყმანის შემდეგ, ის კახიანთან მივიდა და ყველაფერი გაუმხილა.  მან უთხრა, რომ საბჭოთა აგენტი იყო  და მედვედევის დავალებით სდ-ს დაუკავშირდა. თქვენთან კონტაქტი სდ-მ დამავალაო, – უთხრა კარლომ. თან დაუმატა,  რომ  რუსები საქმის კურსში  არიან.

– მზადდება პროვოკაცია.  როგორც ჩანს,  რუსები ლამობენ, გერმანელთა ხელით გაგისწორდნენ, – კარლომ  ეს კახიანს  პირდაპირ უთხრა.

– კახიანს როგორი რეაქცია ჰქონდა?

– ბუნებრივია,  მას თავზარი დაეცა.  თავდაპირველად ფიქრობდა, რომ კარლოს  აღიარება მორიგი ტრიუკია და  ეს რუსების დავალებით მოხდა. ასე ფიქრობდა უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის  როვნოს ფილიალის უშიშროების სამსახურის უფროსი კრავჩენკოც. შეშფოთებას  ზრდიდა ისიც,  რომ კახიანთან  კონტაქტების შედეგად, კარლომ მართლაც უნიკალური ინფორმაციები მოიპოვა. კერძოდ, მან დაადგინა როვნოში ბანდერელთა რეზიდენტის, მეტსახელად   „ბირის“ ვინაობა. კარლო იფიცებოდა, ამის თაობაზე არავისთვის არაფერი მითქვამსო,  მაგრამ  კრავჩენკო ყოყმანობდა. მართლა ასეა კი? იმსახურებს ნდობას ადამიანი, რომელიც სუკისთვის და გერმანელებისთვის მუშაობს? კრავჩენკო აპირებდა კარლო როვნოდან გაეყვანა,  ბანდერელთა  ბანაკში მიეყვანა, სადაც გულდასმით დაკითხავდნენ, მაგრამ  კახიანი  ამას წინ აღუდგა. კრავჩენკოს მან მტკიცედ განუცხადა, რომ კარლოსი სჯეროდა.   

ამასობაში  როვნოში ახალი ბობოქარი მოვლენები დატრიალდა. კუზნეცოვმა  და  მისმა  მეგობრებმა მოიტაცეს გერმანელი გენერალი მაქს ილგენი, რომელიც  ეგრეთ წოდებულ „განსაკუთრებულ ჯარებს“ მეთაურობდა. ამ ჯარის შემადგენლობაში იყვნენ ვლასოველები, კაზაკები, ქართველი და შუააზიელი  ლეგიონერები. გერმანელებმა  დაადგინეს,  რომ  „განსაკუთრებული ჯარების“ შემადგენლობაში რუსების აგენტურა მუშაობდა. ილგენიც   კარგად  ორგანიზებული შეთქმულების მსხვერპლი გახდა. აბვერის კონტრდაზვერვამ  ზოგიერთი რუსი ჯაშუში დააპატიმრა.  მას არც სდ ჩამორჩა,  რომელსაც  სულაც არ სურდა, აბვერელი კონკურენტების წინაშე  დამარცხებულად წარმოჩენილიყო. რუსები ყოველმხრივ ცდილობდნენ, შექმნილი სიტუაცია კახიანის ჯგუფის განადგურებისთვის გამოეყენებინათ. კარლომაც კახიანი გააფრთხილა,  რომ  სდ მის აყვანას აპირებდა. იმავე დღეს კახიანმა,  მისმა რამდენიმე თანამებრძოლმა და კარლომ  როვნო დატოვეს.  ქალაქიდან გაღწევა „ბირმაც“ შეძლო.  მას ვერც გერმანელები, ვერც რუსები ვერ მისწვდნენ.

– ანუ, ისინი კარლომ  გადაარჩინა?

– დიახ. ამის შემდეგ ისიც და კახიანიც უპა-ს წევრები გახდნენ.  უკრაინულ წყაროებში საკმაოდაა ცნობები „ქართველი კარლოს“ შესახებ.  ბანდერელებმა მისი დახმარებით აიყვანეს ცნობილი რუსი ჯაშუში „ჩაპაი“.  

– კარლოს და კახიანს  რა ბედი ეწიათ?

– კახიანი  უპა-ს რიგებში არსებულ ქართული ნაწილების შემადგელობაში იბრძოდა და 1945 წელს რუსებთან შეტაკებისას დაიღუპა, ხოლო რა ბედი ეწია კარლოს, უცნობია.

скачать dle 11.3