კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწარე წამალი

ნორა მერიკმა პატარა ბოთლიდან სამი ჩაის კოვზი მუქი ყავისფერი სითხე ჩაასხა ჭიქაში, ცოტა ლიმონის წვენი ჩაუმატა და წყლით შეავსო. მერე კოვზით აურია. შედეგი თვალით შეაფასა და კმაყოფილებით გაიღიმა... საძინებელ ოთახში რომ შევიდა, მისი ქმარი საწოლში იწვა და ჟურნალს კითხულობდა.

– წამალი მოგიტაგნე.

– წამალი? ექიმს რომ არანაირი წამალი არ დაუნიშნავს ჩემთვის? – წარბი შეიკრა ჰაროლდმა და ცოლს ეჭვით შეხედა, – მე სიმშვიდე და სითბო მჭირდება. შენ რატომ ხარ ასეთი გაწითლებული, გრიპი ხომ არ გადაგედო?

– არა. ნუ მეკამათები! – მკაცრად უთხრა ნორამ, – ეს წამალი არ გაწყენს.

– რა იცი, რომ არ მაწყენს, რა არის ეგ?

– ლიმონის წვენი და ბალახების ნაყენი. დალიე.

– არ მინდა.

– გინდა! ახლავე დალიე! – ნორამ ჭიქა საწოლთან მიდგმულ პატარა კომოდზე დადგა, – გელოდები.

– ახლა ვერ დავლევ.

– კარგი. მე წავალ, სამზარეულოში ჭურჭელს გავრეცხავ და, როცა დავბრუნდები, ჭიქა ცარიელი უნდა დამხვდეს.

ნორა სამზარეულოში დაბრუნდა. ჭურჭელს რეცხავდა და თან ფიქრობდა: „პირველი ქმარი – ბეილი პნევმონიით მოკვდა; მეორეს – სტივს, კუჭის რაღაც უჩვეულო დაავადება დაემართა, ექიმებმა ვერაფერი გაუგეს და ისიც ტკივილებით გარდაიცვალა. ერთისგან ნორას ჩვიდმეტი ათასი დოლარი ერგო – დაზღვევის თანხა, მეორემ კი თერთმეტი ათასით შეავსო მისი კაპიტალი”... – ქალმა ამოიოხრა, ბოლო თეფშსაც გადაავლო წყალი და საძინებლისკენ გაემართა. ოთახში მაშინვე არ შესულა. ოდნავ შეაღო კარი და დაინახა, ჰაროლდმა როგორ ჩაასხა ჭიქიდან სითხე ფანჯრის რაფაზე მდგარ ქოთანში, მერე კი ისევ ლოგინში ჩაწვა.

– რა გააკეთე? ჰაროლდ, პატარა ბავშვივით იქცევი! გინდა, ჩემი საყვარელი ყვავილი გაახმო?

– თუ ყვავილს ახმობს, მეც არ დამაყრის ხეირს, – აბუზღუნდა კაცი.

– ბევრს ნუ ლაპარაკობ! მცენარე ადამიანი არ არის. მას რაც უხდება, პირიქით, სწყენს ადამიანს. რა საჭიროა ამდენი განხილვა? ახლა ჩავალ, თავიდან მოვამზადებ მიქსტურას და, სანამ არ დალევ, აქედან ფეხს არ მოვიცვლი...

***

სერჟანტი ბლენჩარდი ნერვიულად ცქმუტავდა სკამზე, ფრჩხილებს იკვნეტდა და  თან მოუთმენლად შესცქეროდა დეტექტივ პეილს, რომელიც მშვიდად მიირთმევდა სენდვიჩს.

– პეილ, ხომ არ ვაგვიანებთ?

დეტექტივმა თავი გააქნია.

– დარწმუნებული ხართ? იმდენი ვიწვალეთ, სანამ მათ სააშკარაოზე გამოვიყვანდით! ცინცინატიდან მოვდივართ... კიდევ რომ გაგვისხლტნენ ხელიდან, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ!

პეილმა ბოლო ლუკმა გადაყლაპა და სიგარეტს მოუკიდა.

– ნუ გეშინია, დავაპატიმრებთ, ვერსად წავლენ. დრო კიდევ გვაქვს, სადაზღვევო დოკუმენტებს მხოლოდ სამი კვირის წინ მოაწერეს ხელი. ძალაში სანამ არ შევა, არაფერი მოხდება... თქვენ გგონიათ, ახლავე თავპირსმტვრევით უნდა გავიქცეთ, რომ იმ ქალს ჭიქა ხელიდან გამოვტაცოთ? რა საჭიროა ასეთი სიჩქარე? გეუბნებით, ყველაფერს მოვასწრებთ... კაპიტანი მოვა და დავიძრებით...

***

ნორა გულხელდაკრეფილი იდგა და ქმარს თვალმოუშორებლად შესცქეროდა. კარზე დარეკეს. ქალი არ განძრეულა.

– არ გააღებ? ვიღაც მოვიდა.

– ფოსტალიონი იქნება. ალბათ, სადაზღვევო კომპანიიდან ის წერილი მოიტანეს, რომლის შესახებაც დილით ტელეფონით მესაუბრნენ. ჩვენი ხელშეკრულება ძალაში შევიდა. საფოსტო ყუთში ჩაუშვებს და მერე ავიღებ.

ჰაროლდმა თვალები მოჭუტა:

– იმის თქმა გინდა, რომ მე ახლა, მკვდარი, ოცი ათასი დოლარი ვღირვარ? თუ რამე დამემართა, მშვენიერი ნუგეში იქნება შენთვის.

– დიდი ვერაფერი ნუგეში იქნება. გირჩევ, ამაზე არ იფიქრო და წამალი დალიო, გელოდები...

ჰაროლდმა უხალისოდ მოჰკიდა ხელი ჭიქას.

– ნუ ინაზები, ერთბაშად დალიე... – წარბი ასწია ნორამ.

– ხომ არ ჩავისხამ, მაცადე! – კაცმა რამდენიმე ყლუპი მოსვა და დაიჭღანა... – საზიზღარი გემო აქვს, უსაშინლესი. საწამლავი ჩაყარე შიგ?

– გეყოფა. წამალია, კოქტეილი ხომ არა, გემრიელი რატომ უნდა იყოს? 

ქალი მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული ელოდებოდა, სანამ კაცმა ჭიქა ბოლომდე არ გამოცალა, შემდეგ კმაყოფილი ღიმილით აიღო ჭიქა.

– კმაყოფილი ხარ? – საყვედურის ტონით ჰკითხა ჰაროლდმა.

– დიახ, კმაყოფილი ვარ. ახლა შეგიძლია, დაისვენო... 

ნორა სამზარეულოში გავიდა.

საათ-ნახევრის შემდეგ კარზე დარეკეს. ქალმა გააღო და ზღურბლზე ორი მამაკაცი დაინახა, მკაცრი გამომეტყველებით და სოლიდური ჩაცმულობით.

– მისის მერიკ?

– დიახ, მე ვარ.

– თქვენთან დალაპარაკება გვინდა. სად არის თქვენი მეუღლე?

– ჰაროლდი? გრიპი აქვს და სძინავს... წუხელ სიცხეც ჰქონდა.

– თუ შეიძლება, მიგვიყვანეთ მასთან...

***

ქალმა შუბლზე მიიდო ხელი. „მგონი, მართლაც გადამედო ჰაროლდისგან გრიპი“... ჭიქა აიღო, ბოთლიდან სამი კოვზი ყავისფერი სითხე გადმოასხა, წყლით შეავსო და ლიმონის წვენით შეაზავა. კოვზით მოურია და დალია...

„მართლაც მწარეა... ცოტა შაქარი უნდა დამემატებინა... ნეტავ, რატომ არ მიმართლებს ცხოვრებაში? ჯერ ბეილი... მერე სტივი... ახლა კი ჰაროლდი წაიყვანა პოლიციამ... რაო, რა თქვეს? სამი ცოლი მოწამლაო... რა სისულელეა? – ნორამ ამოიოხრა...  – სამი ცოლი... როგორ უნდა დაიჯერო? ეჰ, ასეა... თუ ერთხელ არ გაგიმართლა, ვერასოდეს გაგიმართლებს“...

скачать dle 11.3