როგორ აწამეს შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მეგობრის ოჯახი და ვის ემუქრებოდნენ ისინი ორსული ქალის გაუპატიურებით
ოპერატიული ინფორმაცია ცოლ-ქმრის – 61 წლის მანანა და 63 წლის რეზო ჭ-შვილებისა და მათი რძლის, ლილე დ-იანის დაყაჩაღებისა და წამების შესახებ, პოლიციის განყოფილებაში დაზარალებული ოჯახის მეზობლებისგან შევიდა. მოქალაქემ, რომელმაც სამართლადამცველებს დახმარება სთხოვა, შემთხვევის ადგილზე გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, რომელთაც შოკურ მდგომარეობაში მყოფ ორსულ ახალგაზრდა ქალსა და მის მამამთილს, რეზო ჭ-შვილს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დაზარალებულ მამაკაცს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, რაც, როგორც მოგვიანებით დადგინდა, თავში ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგად იყო მიყენებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. პირველი ჩვენება გამოძიებას მისცა ინციდენტის თვითმხილველმა, მარინა ბ-შვილმა, რომელმაც ოჯახში ნაცემი და ნაწამები სამი ადამიანი აღმოაჩინა.
ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „გვიანი ღამე იყო. კლუბის მენეჯერი ვარ და სახლში გვიან მომიწია დაბრუნება. სადარბაზოში რომ შევედი, ფეხით დავიწყე ასვლა (ჩვენს სადარბაზოში ლიფტი არაა). მანანა და რეზო ჩემს თავზე ცხოვრობენ. მეოთხე სართულს რომ მივუახლოვდი, მათი კარის ხმა გავიგე – სპეციფიკური ხმა აქვს, ყოველთვის ვხვდები, რომ მათი ბინის კარი გაიღო. გვიანი იყო და გამიკვირდა. უცებ, ორი მამაკაცის ლანდი შევნიშნე, ორივე უცხო და უცნაური ლანდი იყო. მერე გავაცნობიერე, რომ მათი ნიღბებით დაფარული სახეები მომეჩვენა კიბის ნახევრად განათებულ ბაქანზე უცნაურად. შევშინდი, ჩემი სახლის კარი გავაღე და უცებ შევვარდი სახლში, თუმცა, კარს არ მოვშორებივარ. ჩემი კარის სათვალთვალოში უფრო ახლოდან დავინახე ორი მამაკაცი: ერთს ნიღაბი ეკეთა, მეორეს – არა. მისი სახე კარგად შევათვალიერე, რადგან, ჩემს კართან რამდენიმე წამით შეყოვნდა. დავინახე, როგორ გავიდნენ სადარბაზოდან. ღამის 2 საათი იქნებოდა. მე მამაჩემი გავაღვიძე და ორივე ერთად ავედით მეზობლებთან. მათი კარი ღია იყო. რეზო და მანანა ლოჯიაში იყვნენ ხელებშეკრულები და ერთმანეთზე მიბმულები. მე მაშინვე ლილეს ძებნა დავიწყე, რომელსაც მის საძინებელში მივაგენი. ლილე გარდერობზე იყო სკოჩით მიბმული და პირიც სკოჩით ჰქონდა აკრული. რეზო ცუდად იყო – ჰაერი არ ჰყოფნიდა და გონებას კარგავდა. ცუდად იყო ლილეც, რომელსაც სასწრაფოს მოსვლამდე პირველი დახმარება მეზობლებმა აღმოვუჩინეთ”.
როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, იმ ღამეს, როდესაც ოჯახს თავს დაესხნენ შეაიაღებული ყაჩაღები, ოჯახის ერთი წევრი, 40 წლის ნუკრი ჭ-შვილი, ქალაქიდან იყო წასული საქმეებზე. ის ავტომობილების ზეთების ბიზნესით იყო დაკავებული და ბიზნესპარტნიორთან ერთად ფოთში მოუწია წასვლა. ნუკრი ჭ-შვილის დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის ცნობილი გახდა მისი სანაცნობო წრეც და ისიც, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენს მტრები არ ჰყავდა. დაზარალებული ოჯახის წევრები, რომლებიც ყაჩაღთა აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ, აცხადებდნენ, რომ დანაშაული შურისძიების მოტივით უნდა ყოფილიყო ჩადენილი, რადგან, ერთ-ერთი თავდამსხმელი ხშირად ახსენებდა ნუკრის სახელს და ამბობდა, ვაჩვენებთ მაგ კრიჟანს, როგორ უნდა ფულის გაცემაო. ისინი ცოლ-ქმრისა და მათი რძლისგან თანხას მოითხოვდნენ. როდესაც რეზო ჭ-შვილმა მათ განუცხადა, რომ სახლში ფული არ ჰქონდათ და, ოღონდ ორსული გოგოსთვის არაფერი დაეშავებინათ და ნებისმიერი ნივთის წაღება შეეძლოთ, მას დაცინვით პასუხობდნენ.
ამონაწერი რეზო ჭ-შვილის ჩვენებიდან: „თავდამსხმელები სახლში მოტყუებით შემოვიდნენ – მეგონა მეზობელი იყო და კარი მე გავუღე. ღამის 11 საათი იქნებოდა. ორივე ნიღბიანი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა, ჩემს ცოლსაც დაარტყეს. ერთ-ერთმა ნიღბიანმა მეც ორჯერ ჩამარტყა თავში იარაღის ტარი. ფულს მოითხოვდნენ ჩვენგან. როცა ვუთხარი, სახლში ფული არ გვაქვს და, რაც გინდათ, ის წაიღეთ, ოღონდ ამ გოგოს არაფერი დაუშავოთ-მეთქი, დამცინა,: შვილმა ფული არ დაგიტოვა, ბაბუ? ვაჭრები კი არ ვართ, შენი ლუსტრები ვყიდოთო. ჯერ მე და ჩემი ცოლი მიგვაბეს თოკებით ერთმანეთზე, ერთ-ერთს იარაღი ეჭირა და წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია. ჩემმა რძალმა სამკაულები თავისი ხელით მისცა, მაგრამ, მაინც ფულს გვთხოვდნენ. მივხვდი, ვერ წარმოიდგინეს, რომ ფული არ გვქონდა. სანამ ლილესაც მიაბამდნენ კარადაზე, ორჯერ დამემუქრა: ფული მოგვეცი, თორემ, ამ ორსულს შენ თვალწინ გავაუპატიურებთო. ჩემმა ცოლმა ტირილით უთხრა: შვილო, წნევიანი ქალი ვარ, გული გამისკდება, რაც გინდათ, წაიღეთ და ჩვენ თავი დაგვანებეთო. მათ კი ჩვენი დაცინვა და ცემა ერთი საათი მაინც გააგრძელეს. ოქროს სამკაულები უკვე მიცემული გვქონდა, მაგრამ, მე მაინც არ მანებებდნენ თავს – ფულს ნუ მალავო. მართლა არ გვქონდა ფული, თორემ, მაშინვე მივცემდი. სამჯერ მაინც მიხსენეს ნუკრი და, მივხვდი, რომ მის ბიზნესსაქმიანობაზე ჰქონდათ ინფორმაცია. უცებ სადარბაზოში ხმაური ატყდა – ერთი ქეიფის მოყვარული მეზობელი გვყავს და ის დაბრუნდა სახლში ხმაურით. მისი მოსვლა და სამ წუთში ამ ბიჭების წასვლა ერთი იყო. თავი მისკდებოდა, მაგრამ, მაინც ვცადე ჩემი მეუღლის გათავისუფლება, თუმცა, ვერ შევძელი. ვიცოდი, ნუკრი დილით ადრე უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ, იმის შიში მქონდა, ყაჩაღები უკან არ მობრუნებულიყვნენ, ალბათ, ოცი წუთი იქნებოდა გასული, როცა კარი გაიღო და ჩემი მეზობელი მამა-შვილი შემოვიდა სახლში. ჩვენდა ბედად აღმოგვაჩინეს, თორემ, იმ ღამის გადატანა ჩვენც და ორსულ რძალსაც ძალიან გაგვიჭირდებოდა. ის ერთ-ერთმა გარეწარმა თავდამსხმელმა ძირს დავარდნილი გაათრია მეორე ოთახში, სადაც, როგორც მერე გავიგე, კარადაზე მიაბა და პირი სკოჩით აუკრა.”
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცევლებმა დაადგინეს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა – ის 26 წლის კობა კ-ია აღმოჩნდა. ოპერატიული სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ ის დაზარალებული ოჯახიდან გატაცებული ნივთების რეალიზაციით იყო დაკავებული. კობა კ-იას დაკავებას მისი თანამზრახველის, მანუჩარ გ-შვილის დაკავებაც მოჰყვა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზება მანუჩარ გ-შვილის დეიდაშვილის, ლადო დ-ძის მიერ მოხდა. ლადო დ-ძე წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის იყო ნასამართლევი. დაკავებულმა კობა კ-იამ და მანუჩარ გ-შვილმა გამოძიებასთან აღიარეს მათი კავშირი ლადო დ-ძესთან, რომელიც ნუკრი ჭ-შვილის ბავშვობის მეგობარი და მისი ყოფილი უბნელი იყო. როგორც ნუკრი ჭ-შვილმა გამოძიებას განუცხადა, ლადო დ-ძემ დაყაჩაღებამდე ორი კვირით ადრე მას 2 000 ლარი სთხოვა. „ბავშვობის მეგობრები ვართ, ადრეც რამდენჯერმე მქონდა ფული მიცემული, მაგრამ, უკან არ დაუბრუნებია. როცა 2 000 ლარი მთხოვა, ვუთხარი: ფული არ მაქვს, მაგრამ, რომც მქონდეს, შენ ლარს აღარ მოგცემ-მეთქი. ამ თემაზე წავკამათდით და საერთო მეგობარმა გაგვაშველა.” როგორც დაკავებულმა ლადო დ-ძემ აღიარებით ჩვენებაში განაცხადა, მეგობრის ოჯახის დაყაჩაღება შურისძიების გამო გადაწყვიტა. მეგობრისგან გავიგე, რომ ნუკრი რამდენიმე დღე ფოთში მიდიოდა. გადასამოწმებლად დავურეკე და მითხრა, ფოთში ვარო. მე ბიჭებთან წინასწარ მქონდა დაგეგმილი, თუ როგორ უნდა შესულიყვენენ ბინაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ნუკრის სახლში ფული ექნებოდა. მე ვალი მქონდა ჩასაბარებელი, ბიჭებსაც პრობლემები ჰქონდათ და ამიტომ გადავწყვიტეთ ოჯახის დაყაჩაღება.”
სასამართლომ ლადო დ-ძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 7-7 წლით პატიმრობა შეეფარდათ კობა კ-იასა და მანუჩარ გ-შვილს, რომლებმაც, ჩადენილი დანაშაულის აღიარების შემდეგ, ლადო დ-ძე ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.