მაფიის შვილობილი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28-46(725)
შეხვედრა კონსპირაციულ ბინაში შედგა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურად ჰქონდა შეძენილი სპეციალურად ამ ოპერაციისთვის და მის შესახებ ადგილობრივმა მილიციამ არაფერი უწყოდა. ლამის პირველ საათს გადაცილებული იყო, როდესაც გივი ჯაფარიძე შეხვედრაზე მოვიდა. მეგობარს გადაეხვია და ჰკითხა:
– როგორ ხარ, ვაჟა-ჯან, ძალიან დავაგვიანე?
– ისევ ბლატნოი ვალნაზე ხარ? – გაეცინა ზვიადაურს.
– მა რა, დაგავიწყდა, ვინ ვარ? თანაც ათწლიანი სროკიდან გავთავისუფლდი და რეჩებს ვურტყამ, – გაეცინა ჯაფარიძეს.
– ციხიდან რომ გამოხვედი, თვალყურს გადევნებდი. პრეზიდენტივით დაგხვდნენ, – მიუგო ზვიადაურმა.
– აბა, როგორ? დიდი ავტორიტეტი ვარ. ლიჩნად შილბანმა წამიყვანმა რესტორანში და მაგრად მაგულავა. კაროჩე, სასტავში ვარ. შენ რა, ეჭვი გეპარებოდა?!
– ესე იგი, ყველაფერი კარგადაა. ძალიან კარგი.
– კარგზე კარგად. ოპერაციის გეგმას გადაჭარბებით ვასრულებ.
– რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა ზვიადაური.
გივი ჯაფარიძემ გააბოლა და ზვიადაურს სერიოზული სახით მიუგო:
– შილბანი ხომ „კრესტებში“ გამაცნო კნუტმა.
– კი. მერე რა?
– რა და იქვე გავუიასნე, თუ რას ვაპირებდი. ანუ, ნარკოტიკების ბაზარი. ჰოდა, როგორც ეტყობა, ზორბეგ შილბანი რუზგენ ჩოჩიანს ებაზრა. მასთან შეათანხმა ჩემი ამბავი და ამ დილით მითხრა: თბილისში უნდა გავემგზავროთ და ერთი ადამიანი უნდა გაგაცნოო.
– ვინ?
– ეს არ დაუკონკრეტებია და რა თქმა უნდა, არც მე მიკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუზგენ ჩოჩიანს გულისხმობდა.
– ალბათ, – თქვა ზვიადაურმა და ჯაფარიძეს ჰკითხა, – როდის მიემგზავრებით?
– ასე თქვა, – ორ-სამ დღეშიო.
– ორ-სამ დღეშიო, – გაიმეორა ზვიადაურმა, – მაშინ, მორფინა უნდა გავაფრთხილო. მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენო და საერთოდ, მობილიზებულები უნდა ვიყოთ.
– შენ რა, ნერვიულობ? – გაეცინა ჯაფარიძეს.
– სიმართლე გითხრა, კი, – მიუგო ზვიადაურმა.
– გაგიჟდი? პირველად ხომ არ ვატარებთ ოპერაციას.
– არა, მაგრამ, მაინც ვნერვიულობ. ჩოჩიანს ჩვენი მინისტრი ოც წელიწადზე მეტია, ებრძვის და ასე ამბობს, მაინც ვერაფერი მოვუხერხეო.
– ახლა მოვუხერხებთ. ჩემგან გადაეცი მერაბ გამრეკელს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მალე დავუსვამთ მათ წერტილს, – უთხრა ჯაფარიძემ ზვიადაურს და ჰკითხა, – ჯაბა და თეა როგორ არიან?
– როგორც ყოველთვის, მშვენივრად.
– ძალიან მომენატრნენ. დავხუჭავ თუ არა თვალებს, სულ თვალწინ მიდგანან.
– დავასრულებთ ამ ოპერაციას და ოჯახს დაუბრუნდები.
– ვაჟა, ჩვენი შეთანხმება ხომ გახსოვს?
– რა შეთანხმება? – ვერ მიხვდა ზვიადაური.
– აი, ის, პირველ ოპერაციაზე რომ მივდიოდით და ერთმანეთს პირობა მივეცით, ერთ-ერთი ჩვენგანის დაღუპვის შემთხვევაში, მეორე მის ოჯახს უპატრონებსო. მართალია, მაშინ ორივე „ხალასტოები“ ვიყავით, მაგრამ, მაინც დავდეთ ასეთი შეთანხმება.
მეგობრის სიტყვები ზვიადაურს გულზე ეკალივით დაესო და ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა. მაგრამ არ შეიმჩნია. ჯაფარიძეს გაუღიმა და მიუგო:
– მახსოვს. რატომ მეკითხები?
– თუ რამე მოხდა, მაშინ პირობის შესრულება მოგიწევს.
– კარგი რა, სულ როგორ უნდა მაიმუნობდე. მოდი, საქმეს დავუბრუნდეთ. მე დღესვე გადავფრინდები თბილისში და ჯერ გენერალს მოვახსენებ ყველაფერს, მერე კი სოჩაში, მორფინასთან გავივლი გენერალურ რეპეტიციას და ისევ თბილისში დავბრუნდები. ერთმანეთს შეთანხმებული არხით დავუკავშირდებით. თუ კიდევ რამე არ გაქვს სათქმელი, დროა, წახვიდე. ღამის სამ საათს გადასცდა და ძმაბიჭებმა ძებნა არ დაგიწყონ.
– არ დამიწყებენ. ახლა მე ერთ ნაშასთან ვარ და ვგულაობ, – გაეცინა ჯაფარიძეს.
– მაგარი ნაშა ვარ, ვერაფერს დამიწუნებს კაცი, – გადაიხარხარა ზვიადაურმა. შემდეგ ხმას დაუწია და მეგობარს უთხრა:
– მოკლედ, ნახვამდის... აბა, შენ იცი, თბილისში შევხვდებით.
ჯაფარიძე რომ წავიდა, ზვიადაური საწოლზე ტანსაცმლიანად წამოწვა და მეგობრის ნათქვამზე ფიქრობდა – მისი დაღუპვის შემთხვევაში, ცოლ-შვილის პატრონობის შესახებ... „პირი შეკრეს თუ რაშია საქმე,” – გაიფიქრა ზვიადაურმა, – „ჯერ იყო და მერაბ გამრეკელმა აიჩემა – ხომ შეიძლება, რამე მოხდესო. ახლა კი გივიმ დამიხეთქა, თუ დავიღუპე, ჩემს ცოლ-შვილს უპატრონეო. რა სისულელეა! არაფერიც არ მოხდება. გეგმაც კარგია და შემსრულებლებიც. ინფორმაცია არ გაჟონავს და გივის ფეხებსაც არავინ მოსჭამოს ძირში“.
ვაჟა ზვიადაურს ფიქრებში ჩაეძინა და რომ გაიღვიძა, დილის რვა საათი სრულდებოდა. მან სწრაფად მოიწესრიგა თავი და აეროპორტისკენ გაემგზავრა. სპეცჯავშნიდან თბილისის რეისის ბილეთი მოხსნა და საქართველოს დედაქალაქში გამოფრინდა. დღის ორ საათზე პოდპოლკოვნიკი ვაჟა ზვიადაური უკვე მერაბ გამრეკელის პირისპირ იჯდა და პატაკს აბარებდა.
– ესე იგი, ჩვენი ოპერაცია ფორსირებულად მიმდინარეობს, – თქვა გენერალმა, როდესაც პოდპოლკოვნიკმა პატაკი დაასრულა.
– დიახ, ბატონო მერაბ.
– ახლა, რას აპირებ?
– სოჭში გავემგზავრები და მორფინასთან გენერალურ რეპეტიციას გავივლი. თან, ფულსაც ჩავუტან.
– რამდენი გჭირდება?
– ვფიქრობ, ორმოცდაათი ათასი მანეთი ამ ჯერზე საკმარისია.
გამრეკელმა ზვიადაურს სეიფიდან გამოღებული ფულის დასტები გადასცა და უთხრა:
– ორმოცდაათი ათასია. აბა შენ იცი, წარმატებას გისურვებ.
ღამის ათი საათისთვის, ზვიადაური უკვე მორფინას კაბინეტში იჯდა და ძველ „ბარიგას“ უკანასკნელ ინსტრუქტაჟს უტარებდა. ბოლოს ორმოცდაათმანეთიანების ათი დასტა წინ დაუდო და უთხრა:
– ეს ჰეროინის საყიდელი ფულია. ჩაიბარე.
მორფინას ფულის დანახვაზე თვალები აენთო. დასტები სეიფში შეინახა და ზვიადაურს უთხრა:
– უფროსო, შეიძლება, გკითხო?
– გისმენ.
– რამდენია ჩემი ბიუჯეტი?
– რამდენიც საჭირო იქნება.
– მილიონი რომ დამჭირდეს, მომცემთ?
– მოგცემ, თორემ გჩუქნი, ბებია გიცხონდა. კაპიკიც რომ დააკლო, ტყავს გაგაძრობ. ფულზე ნუ ფიქრობ. საქმეზე იფიქრე, იაღლიში არ მოგივიდეს. ფული ხელის ჭუჭყია, არ გაგიგონია?
– ეგ ჭუჭყია, ადამიანებს რომ ერთმანეთს ახოცინებს. თქვენ რა, ფული არ გჭირდებათ?
– მე ცოტაც მყოფნის. თანაც პატიოსანი შრომით ვშოულობ, – შეუღრინა პოდპოლკოვნიკმა მორფინას, – გეყო ლაყბობა, სტუმრების მისაღებად მოემზადე და ჩვენი გაცურება არც კი იფიქრო. ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ხარ და იცოდე, ვერსად წაგვიხვალ. გასაგებია?
– გასაგებია.
– წავედი. აბა, შენ იცი, – ზვიადაურმა მორფინას გაუღიმა. ცხოვრებაში პირველად ხელი ჩამოართვა და უთხრა, – ოფიცრის პატიოსან სიტყვას გაძლევ, რომ თუკი ყველაფერს კარგად შეასრულებ და ძველ საქმიანობას აღარ დაუბრუნდები, ასეთ საქმეზე აღარასოდეს შეგაწუხებ. წარმატებას გისურვებ და იცოდე, იმედები არ გამიცრუო.
– არ გაგიცრუებ, უფროსო, ნახვამდის.
***
ზვიადაური თბილისში დაბრუნდა და გივი ჯაფარიძისა და ზორბეგ შილბანის ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდა. ამ დღეების განმავლობაში პოდპოლკოვნიკმა ყველა საქმე გადადო და მთლიანად ამ ოპერაციაზე გადაერთო. ის სახლში იჯდა და ჯაფარიძის სატელეფონო ზარს ელოდა. შეთანხმებისამებრ, როგორც კი ჯაფარიძე ჩოჩიანთან შეხვედრას დაასრულებდა, მას ზვიადაურისთვის უნდა დაერეკა, კონსპირაციულ ბინაში შეხვედროდა და ყველაფერი მოეყოლა მისთვის.
შილბანი და ჯაფარიძე მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ ჩამოვიდნენ თბილისში. ზორბეგმა თავისი ახალი პაძელნიკი ნახალოვკის ერთ-ერთ კერძო სახლში მიიყვანა, სადაც რუზგენ ჩოჩიანი ცხოვრობდა და წარუდგინა:
– გაიცანი, რუზგენ, ეს ის კაცია, მე რომ გითხარი.
– გივი ჯაფარიძე, – წარუდგა ჩოჩიანს გივი ჯაფარიძე და ხელი გაუწოდა. რეციდივისტმა ხელი ჩამოართვა და მიუგო:
– რუზგენ ჩოჩიანი, დაჯექი, ძმაო, – ჩოჩიანმა რბილ სავარძელზე მიუთითა გივი ჯაფარიძეს, თავად კი მის პირისპირ მოკალათდა, – შორიდან გიცნობდი და ბევრი კარგი რამ მსმენია შენზე.
– მეც იგივეს გეტყვით, – მიუგო გივი ჯაფარიძემ.
– მოდი, მეგობრულად ვილაპარაკოთ, შენობით.
– თანახმა ვარ, – გაუღიმა გივიმ ჩოჩიანს და ჰკითხა, – შეიძლება, მოვწიო?
– რაზეა ბაზარი, მოვწიოთ, – ჩოჩიანმა სტუმარს „მარლბორო“ მიაწოდა, თავადვე მოუკიდა და უთხრა, – ისე იგრძენი აქ თავი, როგორც საკუთარ სახლში.
– უკვე ვგრძნობ.
– ჰო და, ძალიან კარგი. ზორბეგმა ძირითადად უკვე შემიყვანა საქმის კურსში, მაგრამ შენგან მინდა გავიგო, რა საქმე გაქვს. გისმენ.
– დუშამბეში ერთი სამხედრო პოლკოვნიკია ნიაზ მუხამედოვი. ავღანეთიდან ჰეროინი შემოაქვს და უშვებს. კარგად ვიცნობ. ძალიან სანდოა, ადრეც გვიჩალიჩია ერთად და ხალხი და კრიშა მჭირდება, რომ ტავარი დუშამბედან ბათუმში ჩამომატანინონ.
– ბათუმში რატომ?
– თურქეთში გასაშვებად.
– შენ გაგაქვს?
– არა.
– აბა, ვის?
– მორფინა გაგონილი გექნება.
– მეიდნელი ბარიგა? – გაეცინა ჩოჩიანს.
– კი.
– ვიცნობ, მაგ ბოზს.
– ჰო და ეგ ყიდულობს ჰეროინს და თურქეთში გააქვს. უფრო სწორად, თუ ეს ოპერაცია გამოვიდა, კანალის აწყობას აპირებს.
– გამოვა, რატომაც არა. ჰეროინს ჩემი ხალხი წამოიღებს და კრიშაც ჩემი კოოპერატივი იქნება. რამდენია წამოსაღები?
– მორფინას ჯერ პატარა პარტიების შემოტანა უნდა და თუ კანალს ააწყობს, მაშინ რაოდენობას გაზრდის?
– მაინც, რა მაყუთზეა ბაზარი?
– ამჯერზე ორმოცდაათ ათას მანეთზე.
– ბევრი არაა, მაგრამ თუ კანალს ააწყობს, კარგი მაყუთი წამოვა.
– რუზგენ, ძმაო, ერთი აზრი მაქვს და რას იტყვი.
– აბა, მითხარი.
– მაგის ბარიგა დედაც. თუ წინააღმდეგი არ იქნები, იცი, რას ვფიქრობ? იმ ბოზს სამი-ოთხჯერ შემოვატანინოთ, უფრო სწორად, შემოვუტანოთ ჰეროინი. ხოლო კანალი რომ გაიჭრება, გვერდზე გავწიოთ. თურქეთში გატანაზე ჩვენ ვიჩალიჩოთ და კარგი მაყუთი შემოგვივა. რას იტყვი?
– ცუდი აზრი არაა. შეიძლება, ამაზე დაფიქრება. მაგრამ, ჯერ პირველი პარტია შემოვიტანოთ. სადაა ახლა მორფინა?
– შეხვედრა გინდა?
– არა. რას ამბობ. მე მხოლოდ შენთან ვიქნები კავშირზე. ძაღლები ისედაც კუდზე მაზიან და ზედმეტი საბაბი რატომ მივცე?
– სწორია. მორფინა კი სოჩაში ცხოვრობს და თუ თანახმა ხარ, შემიძლია, ხვალვე დავეკონტაქტო.
– მაშინ მასე ვქნათ. ხვალ შენ და ზორბეგი სოჩაში გაემგზავრეთ და ეგ ბოზი ნახეთ. მოელაპარაკეთ და დავიწყოთ.
– სოჩის მერე, დუშანბეში მოგვიწევს ჩასვლა და მუხამედოვთან შეთანხმება. ზაკაზი თუ წინასწარ არ მიეცი, შეიძლება, იმ მომენტში ჰეროინი არ ჰქონდეს.
– კი ბატონო, ჯერ სოჩა, შემდეგ დუშანბე. რა დრო დასჭირდება მთელი ამ ბაზრის მოყომარებას?
– მაქსიმუმ, ერთი კვირა.
– იყოს ერთი კვირა. ერთ კვირაში შევხვდეთ ერთმანეთს და ვნახოთ, რა გამოვა.
– კარგი, მასე იყოს.
– აბა, ნახვამდის. ხვალ ზორბეგს სადგურზე ველოდები. სოჩის მატარებელი საღამოს რვა საათზე გადის და არ დაიგვიანოს. ორი ბილეთი მექნება და კომფორტულად ვიმგზავრებთ.
– თბილისში ახლობლები გყავს?
– არა.
– აბა, სად გაჩერდები?
– სასტუმროში.
– ჩემთან დარჩი, – ცალყბად უთხრა რუზგენ ჩოჩიანმა.
– მადლობა, ძმაო, სხვა დროს იყოს. ხომ იცი, ციხეში ძალიან დიდხანს ვიჯექი და ცოტა თავისუფალი ცხოვრება მომენატრა. ამ საღამოს ქალების კამპანიაში ვაპირებ დროის გატარებას და ცოტას გავგულავდები.
– სასტუმროს შოვნა საკმაოდ ძნელია.
გივიმ ჯიბეზე დაირტყა ხელი და ჩოჩიანს მიუგო:
– მთავარია, ეს გქონდეს სავსე და ჩიტის რძეს გაგიჩენენ.
– ეგეც მართალია. ერთი სიტყვით, ერთ კვირაში გელოდები. ზორბეგი კი ხვალ საღამოს სადგურზე მოვა, – რუზგენ ჩოჩიანმა ხელი ჩამოართვა გივი ჯაფარიძეს და მხოლოდ კარამდე მიაცილა. თავად კი უფანჯრო, იზოლირებულ ოთახში შევიდა, სადაც უზარმაზარი სარკე ეკიდა, მაგიდა და სავარძლები იდგა. ერთ-ერთ სავარძელში მოკალათებული მამაკაცის პირისპირ დაჯდა და ჰკითხა:
– რას იტყვი „კალმარო“, როგორი როჟაა?
– ერთი შეხედვით, სუფთაა, მაგრამ ერთი შეხედვა საქმეს არ შველის, საფუძვლიანად უნდა გადავამოწმოთ. ვაი და, ნასედკა აღმოჩნდეს?
– შენ არ თქვი, გადავამოწმეო?
– ეგ ოფიციალურად. ჩვენ კი ჩვენებურად უნდა ვჩიჩმოთ.
– მაინც, როგორ?
– უნდა დავაკვირდეთ. მე კი, კიდევ ერთ არხს ავამოქმედებ და თუ ნასედკაა, აუცილებლად ამოვარდება.
– რა არხს?
– ეგ მე ვიცი.
– კალმარო, არ მენდობი? – ჰკითხა რუზგენ ჩოჩიანმა მის წინ მოკალათებულ მამაკაცს, რომელიც სურნელოვან სიგარეტს დინჯად ეწეოდა და ძვირფას ფრანგულ კონიაკს აყოლებდა ყავასთან ერთად.
– საიდან მოიტანე, – გაეცინა კალმარს.
– დამცინი? – წამოწითლდა მასპინძელი და თვალები გადმოეკარკლა.
– რომ გიყურებ, ცხონებული რუბენი მაგონდება. შენი ბიძაშვილიც შენსავით ემოციური იყო და ასე წამონთება იცოდა. მოდუნდი, დამშვიდდი და მომისმინე, – უთხრა კალმარმა ჩოჩიანს და სიგარეტი ჩააქრო. კონიაკი და ყავა ბოლომდე დალია და მერე განაგრძო, – როგორც უკვე გითხარი, ეგ გივი ჯაფარიძე, ჩემი არხებით გადავამოწმე და სუფთაა. რასაც ამბობს, ისიც სიმართლეა. პოლკოვნიკი ნიაზ მუჰამედოვი ჰეროინის მსხვილი შემომტანია და მასთან პრობლემები არ გექნება. აი, ზაურ ხრიკული კი გადასამოწმებელია.
– ეგ ვინღაა? – სიტყვა გააწყვეტინა ჩოჩიანმა კალმარს.
– მორფინა, – მიუგო კალმარმა და დაამატა, – ნუ მაწყვეტინებ. ყველაფერს გაიგებ. გამორიცხული არაა, რომ ეგ ხრიკული დავერბოვკებული იყოს და ძაღლების თამაშს თამაშობდეს. ამიტომ, უნდა გადავამოწმოთ და ეს შენმა ბიჭებმა გააკეთონ. სანამ მასთან შილბანი და ჯაფარიძე არ ჩავლენ, შენებმა კარგად უნდა დაამუშაონ და თუ ნასედკაა, თავიდან მოიშორონ, თან ჯაფარიძეც მიაყოლონ უკან. გაიგე?
– მაშინ ამაღამვე გავგზავნი ბიჭებს სოჩაში და მორფინას დავაკაჩავებინებ. თუ ნაბოზარია, აუცილებლად გამოტყდება.
– მასე ქენი, მაგრამ არ გადაამლაშონ. არ შემოაკვდეთ. თუ სუფთაა, ის ჩვენ ჯერ ცოცხალი გვჭირდება და კანალს რომ ააწყობს, მერე მოვიშორებთ თავიდან.
– დარდი ნუ გაქვს. გამოცდილ ხალხს გავუშვებ.
– მაშინ წავედი. თუ ყველაფერი კარგად იქნა, ერთ კვირაში ჰეროინის პირველ პარტიას შემოიტანთ და ეს საქმეც ადგილიდან დაიძრება. შენებმა, ყველაფერი ხვალის შუადღემდე უნდა მოასწრონ, რომ მოქმედებისთვის დრო დაგვრჩეს. თუ მორფინა ნასედკობაში გამოტყდება, ჯაფარიძეც მოვიშოროთ.
– ერთ საათში უკვე დაიძრებიან. კარგი მანქანები ჰყავთ და სწრაფად ჩავლენ, – მიუგო ჩოჩიანმა კალმარს და ღიმილით დაამატა, – ისე, ძალიან ეჭვიანი ხარ „კალმარო“.
– რას გულისხმობ?
– გივი ჯაფარიძეს, – თქვა ჩოჩიანმა, – ბავშვობიდან პრისტუპნი მირში ტრიალებს და ნავიდუა. ათი წელი სხვადასხვა სტროგაჩებში აქვს გატარებული. თანაც, ისეთი ხალხი უწევს რეკომენდაციას, რომ გამორიცხულია ნასედკა იყოს.
– გამორიცხული არაფერია, – მშრალად მიუგო კალმარმა.
– შენც ხომ შეამოწმე და სუფთა აღმოჩნდა?
– ეგ ოფიციალურად. მაგრამ, იქნებ არალეგალია და პრისტუპნი მირშია ჩანერგილი?
– მაგას როგორ გავარკვევთ?
– მყავს მე ერთი კაცი, ვინც ამას გამარკვევინებს. მოკლედ, წავედი, – თქვა კალმარმა და წამოდგა. შემდეგ კედელზე მიკრულ გამჭვირვალე სარკეს გახედა, საიდანაც გვერდითა ოთახი ჩანდა და სანამ გავიდოდა, რუზგენ ჩოჩიანს უთხრა, – ამის შესახებ შენ გარდა ხომ არავინ იცის?
– არა.
– არც არავის უთხრა. არაა საჭირო იცოდნენ, რომ აკონტროლებ, – თქვა კალმარმა. შემდეგ კედლის კარადაში ჩამონტაჟებული, საიდუმლო კარით უზარმაზარ სარდაფში ჩავიდა და თეთრი ფერის „ჟიგულში“ ჩაჯდა. წვერ-ულვაში მიიწება. სათვალე გაიკეთა და ჯერ ეზოში გაიყვანა მანქანა, შემდეგ ქუჩაში და დაღმართზე დაეშვა.
წვერ-ულვაში და სათვალე კალმარს საგრძნობლად უცვლიდა გარეგნობას და ხუთი-ექვსი მეტრის მანძილიდან, ნაცნობიც კი ვერ ამოიცნობდა, მით უმეტეს მანქანაში. თანაც, კალმარს შესისხლხორცებული ჰქონდა კონსპირაციული ცხოვრების წესები. ყველაფერ ამას კი თან ერთვოდა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. რადგან, უკვე მრავალი წელი, ორმაგ, ზოგჯერ სამმაგ ცხოვრებას ეწეოდა და არაერთი ხიფათისთვის აურიდებია თავი. რამდენჯერმე თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან მოახერხა თავის დაძვრენა.
კალმარი დინჯად მართავდა მანქანას და მოძრაობის წესებს არ არღვევდა. მიუხედავად ამისა, ვარაზისხევის დასაწყისში, ავტოინსპექტორმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა.
– არაფერი დამირღვევია და რატომ გამაჩერეთ? – ზრდილობიანად ჰკითხა კალმარმა გაბრაზებულ „გაიშნიკს“, რომელიც აიძულა, თავად მისულიყო მასთან, რადგან მანქანიდან არ გადმოსულა.
– შენ რა მანქანიდან გადმოსვლა არ გეკადრება? – შეუღრინა ავტოინსპექტორმა, – პრავა მაჩვენე.
– არაფერი დამირღვევია, – გაიმეორა კალმარმა. ავტოინსპექტორს კი მართვის მოწმობის მაგივრად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის წიგნაკი გაუშალა ცხვირწინ.
„გაიშნიკს“ სახე წამოეჭარხლა და ენის ბორძიკით მიუგო:
– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო პოლკოვნიკო. შევცდი და მაპატიეთ.
– კარგი, გაპატიებ, კოლეგები ვართ მაინც. კარგად იყავი, – კალმარმა „ჟიგული“ ადგილიდან დაძრა და ვარაზისხევს აუყვა. უნივერსიტეტს რომ გასცდა, მანქანა „ლეჩკომბინატთან“ გააჩერა. ტელეფონის ჯიხურში შევიდა და დარეკა.
– გისმენთ, – გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა.
– მე ვარ, – მიუგო თუ არა კალმარმა, ბოხხმიანის ტემბრმა სიმკაცრე დაკარგა და თითქმის ხმის კანკალით უთხრა:
– საღამო მშვიდობისა. როგორ ხარ?
– დამშვიდდი და მომისმინე, – ირონიით უთხრა კალმარმა ხმააკანკალებულს, – ნახევარ საათში ფუნიკულიორზე გელოდები. მანქანების სტაიანკაზე ვიდგები. უბრალოდ ჩაიცვი. თვალში ნურავის შეეფეთები და ტაქსით წამოდი.
კალმარი ტელეფონის ჯიხურიდან გამოვიდა და „ჟიგულში“ ჩაჯდა. შემდეგ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა, უხეშად დაარღვია მოძრაობის წესები. საპირისპირო ზოლზე გადავიდა და რუსთაველის გამზირისკენ აიღო გეზი.
ღამის ათი საათი სრულდებოდა, როდესაც კალმარი ფუნიკულიორის ზემო პლატოზე ავიდა და ავტოსადგომზე გაჩერდა. ბოხხმიანი თხუთმეტ წუთში მოვიდა. „კალმარს“ მანქანაში ჩაუჯდა და ჰკითხა:
– რისთვის დამიძახე?
– საქმე მაქვს.
– რა საქმე?
კალმარმა ბოხხმიანს ჩოჩიანის სახლში „კოდაკით“ გადაღებული გივი ჯაფარიძის ფოტოები უჩვენა და ჰკითხა:
– ამ კაცს იცნობ?
– არა. პირველად ვხედავ. ვინ არის?
– სწორედ ამის დასადგენად გამოგიძახე, – ირონიით მიუგო კალმარმა ბოხხმიანს და ჰკითხა, – ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებას ისევ ნოე ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობს?
– არა. ბუცხრიკიძე იმერეთის სამხარეოს უფროსად გადაიყვანა მინისტრმა. თითქმის ერთი წელია, რაც გამრეკელმა ახალი კაცი დანიშნა.
– რა ჰქვია?
– პოდპოლკოვნიკი ვაჟა ზვიადაური. მოსკოვიდან გადმოიყვანა.
– რა კაცია?
– მაგარი ვინმეა, ნამდვილი პროფესიონალი. არ ახარებს ბანდიტებს.
– კიდევ რა იცი მასზე?
– ბევრი არაფერი. ვიცი, რომ ცენტრალურ აპარატში მუშაობდა მოსკოვში. გადმოვიდა მაიორის ჩინით და მინისტრმა რიგგარეშე წოდება მიანიჭა. მე მგონი, სადღაც კახეთშია დაბადებული. აქ სად ცხოვრობს, ოჯახური მდგომარეობა და სხვა ანკეტური მონაცემები არ ვიცი.
– რატომ? აბა, როგორი კადრების უფროსი ხარ?
ამ სამმართველოს მთელი სასტავი პირადად გამრეკელის დაქვემდებარებაშია და მათი პირადი საქმეებიც გამრეკელს უდევს სეიფში. ზვიადაური ოპერატიულ და საგანგებო თათბირებსაც კი არ ესწრება. თუ ესწრება და ჩუმად ზის, არ ლაპარაკობს, მხოლოდ ისმენს. გამრეკელი მას ცალკე იბარებს და პირადად ესაუბრება. ერთი სიტყვით, ძალიან გასაიდუმლოებული განყოფილებაა.
– მდაა... იცის გამრეკელმა მუშაობა. შეცდომას თითქმის არ უშვებს და ზედმეტ სიტყვას ვერ წამოაცდენინებ. მაგრამ, ჩვენ მასზე „ხიტრები“ უნდა აღმოვჩნდეთ და გამრეკელს ყველაფერი დავაფქვევინოთ.
– გაგიჟდი? – გაეცინა ბოხხმიანს, – გამორიცხულია.
– გამორიცხული არაფერია, – ჩვეულ სტილში, მშრალად თქვა კალმარმა.
– რას გულისხმობ, არ ვიცი, მაგრამ თავს დავდებ, რომ გენერალ მერაბ გამრეკელს გილიოტინაზეც ვერ გაათქმევინებ საიდუმლოს.
– გილიოტინა – ბოლოს. მანამდე კი, მინისტრი საღ-სალამათი გვჭირდება და მისგან საჭირო ინფორმაციები უნდა გავიგოთ.
– მაინც, როგორ აპირებ ამის გაკეთებას?
– როცა დრო მოვა, შეიტყობ. ახლა კი ახალი დავალება მაქვს შენთან. როგორმე უნდა გამიგო ვაჟა ზვიადაურზე რაც შეიძლება მეტი. მისი ოჯახური მდგომარეობა, ბინის მისამართი, ტელეფონის ნომერი, რა მანქანით მოძრაობს და მანქანის ნომერი. ერთი სიტყვით, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მაინტერესებს მის შესახებ.
– მანქანის ნომერს ახლავე გეტყვი. ზვიადაური ნოე ბუცხრიკიძის „გაზ-24 ვოლგით“ დადის და თავად უზის საჭეს, – მიუგო ბოხხმიანმა კალმარს და ზვიადაურის „ვოლგის“ ნომერი უთხრა.
– აი, ეს შენ, – კალმარმა ბოხხმიანს ორი ათასი ამერიკული დოლარი მისცა და უთხრა, – შენი გასამრჯელოა. პატარიძეები ოქროსა და ვალუტის გარდა, სხვას არაფერს კადრულობთ.
– კარგი, გეყოფა. აღარ გამიმეორო, – ხმას აუწია ბოხხმიანმა.
– რა, ვიგონებ რამეს? შენი ცოლ-შვილი არ სპეკულიანტობს ვალუტითა და ოქროთი, თუ მეშლება ან ცილს გწამებ? – ირონიით უთხრა ვახტანგ პატარიძეს კალმარმა, – ან იქნებ არც სერგი შამბასა და სხვათა მკვლელობებში ხარ გარეული?
– მე არავინ მომიკლავს, – თქვა ვახტანგ პატარიძემ.
– ხელი ხომ შეუწყვე მკვლელებს და დანაშაული დაფარე?
– შენ რა, არა?
– მერე ვინ ამბობს, რომ მამა აბრამის ბატკანი ვარ? ერთ სვიაზკაში ვართ და ნუ გავიწყდება ეს. თუმცა, შენგან განსხვავებით, ჩემზე კომპრომატი არ არსებობს და რომც „ჩამიშვა“, ბევრს ვერაფერს დამაკლებ. აი, შენზე და შენს ცოლ-შვილზე კი, ისეთი დოკუმენტალური კომპრომატი მაქვს, წყალი არ გაუვა. თუნდაც ერთ-ერთ მათგანს რომ მსვლელობა მივცე, სამივეს დაგხვრეტენ. ასე რომ, პოლკოვნიკო ვახტანგ პატარიძევ, ნუ დაგავიწყდება ეს და რასაც გიბრძანებ, ის გააკეთე.
უცებ პოლკოვნიკმა „პეესემის“ სისტემის პისტოლეტი ამოაცურა პიჯაკის ჯიბიდან. კალმარს მარჯვენა საფეთქელზე მიაჭირა და კბილებში გამოსცხრა:
– ტვინს გაგასხმევინებ და ყველას შვებას მოვგვრი ამით. კიდევ ბევრი ჩემნაირი გეყოლება გამწარებული.
– გამასხმევინებ და შენი ცოლ-შვილიანად მალევე მომყვები უკან. შენ რა სულელი გგონივარ? რამე რომ დამემართოს, ჩემი კაცი უმალვე მისცემს მსვლელობას მაგ საბუთებს, – საკმაოდ მშვიდად მიუგო კალმარმა ვახტანგ პატარიძეს და თან დაამატა, – შეინახე ეგ სათამაშო. არ გაგივარდეს და კარგად დაიმახსოვრე – ოდესმე კიდევ რომ გაბედო ასეთი გამოხდომა, მთელ თქვენს ოჯახს მოვსპობ.
პოლკოვნიკმა პატარიძემ „პეესემი“ ჯიბეში ჩაიდო და ამოილუღლუღა:
– გავცხარდი. მეტი აღარ განმეორდება ეს.
– მორჩილება. მხოლოდ უსიტყვო მორჩილება. აი, რას მოითხოვს თქვენგან კალმარი. ყველანი საცეცებში მყავხართ მოქცეული და ნუ მაიძულებთ, მოგახრჩოთ. ახლა კი წადი და შეასრულე ბრძანება, – თქვა კალმარმა ირონიით, – და, კიდევ, იცი, რა, „ტრაწა“? როცა გირეკავ, ნუ იჯვამ და ხმა ნუ გიკანკალებს. არ „დაიწვა” და თავი არ დაიღუპო. დროა, დავაჟკაცდე და სოხუმში რომ ჩაიტრაწე შიშისგან, აღარ გაიმეორო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი, მილიციის პოლკოვნიკი ვახტანგ პატარიძე გაფითრებული გადმოვიდა კალმარის მანქანიდან. ავტოსადგომზე გაჩერებულ, კერძო ტაქსიში უკანა სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა და სახლში წავიდა.
კალმარმა თვალი გააყოლა მიმავალ პოლკოვნიკს. შემდეგ ხელები აუკანკალდა და სიგარეტს ძლივს მოუკიდა. გააბოლა და ჩაილაპარაკა: „ტრუპი ხარ, ტრაწა. არ გაპატიებ ამას, მაგრამ ჯერ მჭირდები და მოგვიანებით მოგივლი“.
***
ვაჟა ზვიადაური ჩაცმული იწვა საწოლზე და თვლემდა. ლამის პირველ საათზე ტელეფონმა დარეკა. პოდპოლკოვნიკი წამოხტა და დაელოდა. შემდეგ ყურმილი აიღო და უპასუხა:
– გისმენთ.
– უკაცრავად. თუ შეიძლება, გერმან იაკოვლევიჩს სთხოვეთ, – მოესმა ზვიადაურს გივი ჯაფარიძის ხმა, რომელიც რუსულად ლაპარაკობდა. ვაჟამ რუსულადვე მიუგო:
– გერმანი სასწრაფო ოპერაციაზე გამოიძახეს და ნახევარი საათის წინ წავიდა. თქვენ ვინ ბრძანდებით?
– პაციენტი ვარ. ბოდიშს გიხდით, ასე გვიან რომ გირეკავთ. ნახვამდის.
– მეც ექიმი ვარ. იქნებ დაგეხმაროთ?
– გერმან იაკოვლევიჩმა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთა და მითხრა, მალე შეგიხორცდებაო ჭრილობა. მე კი დამიჩირქდა და მინდოდა, მეკითხა, რა ვქნა...
– ნაოპერაციევი გტიკვათ?
– ნაოპერაციევი – არა. მუცელზე სიწითლე მაქვს და ნაკერები მეფხანება. ლამის ჭკუიდან შევიშალო. ვერ ვიძინებ.
– ჯობია, თავად გერმანმა გაგსინჯოთ. დილის ათი საათისთვის მიაკითხეთ სამსახურში. მანამდე კი ბრილიანტის მწვანე წაისვით ნაკერებსა და ირგვლივ. ორი ტაბლეტი დიმედროლი მიიღეთ და ზურგზე დაწექით.
– გმადლობთ, ექიმო. ნახვამდის.
– ნახვამდის, – მიუგო ზვიადაურმა. ყურმილი დაკიდა. შემდეგ სააბაზანოში ხელ-პირი დაიბანა და სახლიდან გავიდა.
ორი მეგობრის დაშიფრული ლაპარაკი იმას ნიშნავდა, რომ ჯაფარიძე ზვიადაურს ნახევარ საათში კონსპირაციულ ბინაში ელოდებოდა.
ზვიადაური შეხვედრაზე ტაქსით წავიდა. მანქანა კონსპირაციული ბინიდან სამასი მეტრის მოშორებით გააჩერა და უკაცრიელ ქუჩას ფეხით გაუყვა. ნაცადი მანევრი გააკეთა და როცა დარწმუნდა, რომ მას არავინ „აძოვებდა“, კონსპირაციულ ბინაში შევიდა და ტახტზე ჩამოჯდა.
– სუფთა ხარ? – ხუმრობით იკითხა ჯაფარიძემ.
– სუფთა და უცოდველი ახალშობილივით, – ხუმრობითვე მიუგო ზვიადაურმა, – აბა, გისმენ.
– მოკლედ, ასე. ხვალ მე და შილბანი, უფრო სწორად უკვე დღეს, სოჩაში მივემგზავრებით მატარებლით და მორფინას უნდა შევხვდეთ. შემდეგ კი დუშამბეში წავალთ და ჰეროინს შემოვიტანთ.
– ძალიან კარგი. ესე იგი, საქმე დაიძრა.
– თითქოს კი, მაგრამ ერთი ეჭვი მაქვს.
– რა ეჭვი?
– მორფინა კარგად გყავს დამუშავებული?
– ხუთიანზე.
– დავუშვათ და პრავერკა მოუწყონ, არაფერს იტყვის?
– არა. რატომ მეკითხები?
– ეჭვი მაქვს, რომ სანამ მე და შილბანი მივალთ მასთან, მას სხვები დაამუშავებენ და თუ დაიწვა, ოპერაციასაც ჩაშლის და თავსაც დაიღუპავს.
– არ დაიწვება. ეს ვარიანტიც გავიარეთ და ყველაფრისთვის მზადაა.
– დარწმუნებული ხარ?
– კი.
– მაშინ, ყველაფერი კარგად ყოფილა.
– რატომ ფიქრობ, რომ შეიძლება მორფინა დააკაჩაონ?
– რატომ და, რუზგენ ჩოჩიანს რომ ველაპარაკებოდი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ვიღაც მესამე, უხილავი, ძალიან ბოროტი თვალი მიყურებდა. ინტუიცია მკარნახობდა, რომ ის მესამე მაინცდამაინც არ იყო დარწმუნებული ჩემში და გადამოწმება რომ დააპიროს, მე, სუფთა ვარ თუ არა და „კუდი“ არ მაზის. ოთხჯერ გადავამოწმე ეს. ამიტომ ვფიქრობ, შეიძლება, მორფინას მეშვეობით სცადონ ჩემი გაშიფვრა და თუ ასე მოხდა, მაშინ ყველაფერი ჩაიშლება.
– მორფინას ვერ აალაპარაკებენ. არ მგონია, რომ ტყავის გაძრობა დაუწყონ. ცემა-ტყეპასა და გაუთოებას კი გაუძლებს და ვერც სიტყვით წამოაცდენინებენ რამეს. მაგრამ, მაინც დავურეკავ და წინასწარ შევამზადებ. ესეც დამუშავებული გვაქვს და იმასაც ვეტყვი, რომ ზეგ შენ და შილბანი ესტუმრებით.
– მიდი.
ზვიადაურმა სოჭში კონსპირაციული ბინის ტელეფონიდან კოდით დარეკა. ნახევარიოდე წუთს ელოდა და მორფინას ნამძინარევი ხმა მოესმა:
– გისმენთ.
– გეძინა, საშა? – ჰკითხა ზვიადაურმა. ხრიკული ყველაფერს მიხვდა და დაშიფრულად მიუგო:
– თავს არ დამანებებ, კოსტია? რომელი საათია? დილით ვერ დამირეკავდი?
– ჟიმაობ, არა, შე გათახსირებულო?
– მერე, შენ რა?
– ხვალ დილით ლუდა მოფრინავს და დახვდი. ზეგ კი მე და იურკა ჩამოვალთ.
– დაგხვდეთ?
– არა. ჩვენ თვითონ მოვალთ.
– კარგი. შეხვედრამდე, – თქვა მორფინამ და ყურმილი დაკიდა.
ზვიადაურმაც დაკიდა ყურმილი და ჯაფარიძეს ჰკითხა:
– შენ და ჩოჩიანი პირისპირ საუბრობდით?
– კი. მარტო ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. მე უზარმაზარი სარკის წინ ვიჯექი, ჩოჩიანი კი – ჩემს მოპირდაპირე მხარეს. რატომღაც მგონია, რომ ის მესამე სარკის უკნიდან მჩიჩმავდა.
– არაა გამორიცხული. ისეთი დრო მოვიდა, ბოროტმოქმედები ჩვენზე უკეთ არიან აღჭურვილები. რასაც გინდა, გაიტან და რასაც გინდა, შემოიტან. ეგ სპეცსარკეები თავისუფლად იშოვება უცხოეთში. შეიძლება, ჩოჩიანმა იქიდან ჩამოიტანა და სახლში დაამონტაჟა.
– თავს დავდებ, თუ მასე არ იყოს. ინტუიციას ჩემთვის ჯერ არასდროს უღალატია.
– იყოს მერე. ფეხები არავინ მოგჭამოს. შენი სახელით მოქმედებ და ნამდვილად გივი ჯაფარიძე ხარ. ამიტომ, ამ კუთხით ვერავინ გაგშიფრავს. შენს შესახებ კი ისეთმა ხალხმა ვიცით, რომ ინფორმაცია არ გაჟონავს. ამიტომ, სულ არ ვნერვიულობ, – უთხრა ზვიადაურმა მეგობარს და იცრუა, რადგან ძალიან ნერვიულობდა. თუმცა, თავი მოთოკა და გრძნობებს არ ამჟღავნებდა.
– წავედი, წავედი. ოთხი დაწყებულა, – უთხრა ჯაფარიძემ ზვიადაურს და საათს დახედა, – ცოტა მაინც უნდა წავუძინო, რომ „ხოდზე“ ვიყო.
– ნახვამდის.
– ნახვამდის, – მიუგო გივიმ ვაჟას და კარისკენ გაემართა. შემდეგ შეჩერდა და მოტრიალდა, – შენი იმედი მაქვს. ჯაბას და თეას მიხედე.
– დარდი ნუ გაქვს, – მიუგო ზვიადაურმა და მეგობარი გაისტუმრა. თავისთვის კი გაიფიქრა, – „ნერვიულობს გივი.”
გაგრძელება შემდეგ ნომერში