ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის მეწარმე სუბიექტებს ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის საქმიანობა ითვლება სამეწარმეო საქმიანობად?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ქონების რა ნაწილით არის პასუხისმგებელი კრედიტორების წინაშე ინდივიდუალური მეწარმე?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აგებენ თუ არა კრედიტორების წინაშე პირადი ქონებით პასუხს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ეგრეთ წოდებული შპს-ის პარტნიორები შპს-ის ვალდებულებებისთვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ. თუმცა პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად იმ შემთხვევაში თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
კითხვა: მაქვს საზღვარგარეთ დაფუძნებული საწარმო, მსურს იგივე საწარმო უცვლელად გადმოვიტანო საქართველოში. გთხოვთ განმიმარტოთ მაქვს თუ არა უფლება ჩემს საკუთრებაში არსებული უცხოური საწარმო გადმოვიტანო უცვლელად საქართველოში?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ შესაძლებელია უცხო ქვეყნის საწარმოს რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად, რასაც სამართლებრივად რედომიცილება ეწოდება. ამასთან საქართველოში რედომიცილებული საწარმო შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით.
კითხვა: მსურს საწარმოს დაფუძნება, გთხოვთ მაცნობოთ, სად შეიძლება განვახორციელო საწარმოს რეგისტრაცია?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.