როგორ დავიცვათ თავი სამყაროში არსებული ნეგატიური ენერგიების შემოტევებისგან
ჩვენ ირგვლივ ყოველთვის არსებობს გარკვეული დადებითი და უარყოფითი ენერგიების ველი და ყოველ ჩვენგანს შესწევს უნარი, ეს ენერგიები მოიკრიბოს და შექმნას აურა. ამ ენერგეტიკული ველის შეგროვება ხდება მენტალური (ანუ, აზრის), ფიზიკური და ემოციური ენერგიების მეშვეობით. ეს სამი სახის ენერგია ჩვენ გარშემო ქმნის ენერგეტიკულ ველს. ამის ფონზე შეგვიძლია, დავაგროვოთ გარკვეული კონცენტრირებული ენერგია, რომელიც დამცავი ფარი იქნება სხვა ნეგატიური ენერგიების შემოტევისგან; ასევე, შეგვიძლია, ეს ენერგია მივმართოთ რომელიმე სხვა ადამიანისკენ, იმისდა მიხედვით, თუ რა ზრახვები გვამოძრავებს, როცა ასეთი ენერგიის სხვისკენ გატყორცნას ვაპირებთ.
შურით, ბოღმით, ამპარტავანებით, ქედმაღლობითა და ამბიციურობით ადამიანში ხდება ნეგატიური ენერგიის დაგროვება და შემდეგ ამ ენერგიის წყევლის მუხტით გაგზავნა კონკრეტული ადამიანის მიმართ. თუ წყევლა მსგავსი კონცენტრირებული საშუალებით იგზავნება, მას დამანგრეველი ძალა აქვს. კერძოდ, ამით ხდება ბიოველის დარღვევა, მასში შეღწევა და ბინძური ენერგიის შეტანა. ამ დროს წყევლის ობიექტს ეწყება პრობლემები, ხდება წარუმატებელი, უიღბლო, პრობლემური; ხვდება წინაღობები და უსიამოვნებები. ადამიანს შიდა ენერგოველში აქვს თორმეტი არხი, ეგრეთ წოდებული „მერიდიანების სისტემა.” ამ მერიდიანებში აუცილებლად უნდა გადიოდეს ნათელი კოსმიური ენერგია, რომლითაც ხდება ადამიანის საზრდოობა. თორმეტივე არხი მართავს სხვადასხვა სფეროს, კერძოდ, ზოგი მერიდიანი მართავს კარიერულ ხაზს, ზოგი – პირად სასიყვარულო სფეროს, ზოგი – ჯანმრთელობის, ზოგიც – საოჯახო საკითხებს და ასე შემდეგ. ანუ, ყველა მერიდიანი უნდა იყოს სუფთა. მაგრამ, როცა ხდება ნეგატიური ენერგიის შესვლა და მათი დაზიანება, თუნდაც გამიზნული წყევლით, მაშინ ის, თავის მხრივ, აზიანებს საერთო ბიოველს და ადამიანს ანგრევს. ის ნეგატიური ენერგია, რომელიც წყევლით გამოიხატება, არის ზიზღითა და უარყოფითი ემოციებით სავსე ენერგია, რომელიც შედის სხვა ადამიანის ბიოველში, მის მერიდიანებში ჭედავს ბინძურ ენერგიას და აფერხებს ნათელი კოსმიური ენერგიის შესვლას. ამის ფონზე იწყება ჯანმრთელობის პრობლემები, ფსიქიკური აშლილობები, უსიამოვნებები ოჯახსა და სამსახურში და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის შავი მაგიის ძალის ზეგავლენა, რომლის ერთ-ერთი შტო – წყევლაა.
ასტროლოგია გვასწავლის, რომ ყველაზე დიდ ზეგავლენას ადამიანებზე მთვარე ახდენს. მთვარე ადამიანის ემოციური ცენტრია – ის აყალიბებს ჩვენს ემოციებსა და ქვეცნობიერ სამყაროს. როგორც ვიცით, არსებობს მთვარის დადებითი და უარყოფითი დღეები. მთვარის უარყოფით დღეებს ჩვენ „სატანურს” ვუწოდებთ და ისინი დგება ახალმთვარეობიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე, ოცდამეცხრე დღეებში. განსაკუთრებით საშიშია ახალმთვარეობა, რომელიც ამ ოცდამეცხრე დღეს მოჰყვება. ეს დღეები ითვლება ძალიან მძიმე ნეგატიურ დღეებად, როდესაც კოსმოსიდან დედამიწაზე ძალიან უარყოფითი ენერგია მოდის. ამიტომ, ამ დღეებში ძალიან ძლიერ ძალას იძენს წყევლა. ადამიანებში დაგროვილი უარყოფითი ენერგია იგზავნება კოსმოსში, მას ემატება მთვარისგან წამოსული ნეგატიური ენერგია და ეს საშიში ენერგია ორმაგდება სწორედ მთვარის სატანურ დღეებში. ამიტომ, ასეთ დღეებში გააქტიურებას იწყებენ ისინი, ვისაც სხვა ადამიანების მიმართ არაკეთილმოსურნეობა არ ასვენებს და, ცხადია, წყევლით აორმაგებენ ამ ნეგატიურ, უარყოფით ენერგიას. ამიტომ, ამ დღეებში არ გირჩევთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რადგან, შეიძლება, საქმეში სიყვარული ჩააქსოვო, მაგრამ ეს ნეგატიური ენერგია ანეიტრალებს სიყვარულის ენერგიას. ასტროლოგიურად, მსგავსი საქმიანობით უმჯობესია, მთვარის დადებით დღეებში დაკავდეთ. სხვათა შორის, მთვარის დადებითი და უარყოფითი დღეების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ ჩვენი წინაპრები და შესაბამისადაც მოქმედებდნენ. სატანურ დღეებში, ჯობია, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და არაფერი განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და ახალი არ დაგეგმოთ, რადგან, ყოველთვის გამოჩნდება ხელისშემშლელი ფაქტორები.
შეგახსენებთ, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი კანონზომიერია.